შეხვედრამდე – საიქიოში
სად ვიშოვოთ არგონავტები?!
უკვე მივეჩვიეთ, რომ ქართულ ტელესივრცეში, თუ ადგილზეა დამზადებული, ძირითადად, მცირებიუჯეტიანი სარეკლამო რგოლები ტრიალებს (ხარისხიც ბიუჯეტის შესაფერისია), რომლებსაც ვერც თავს გაუგებ, ვერც ბოლოს და კრეატიულობა ხომ, საერთოდაც, ნულს ქვემოთაა.
ამის პარალელურად, ისეთებიც გვხვდება, თვალსაც რომ იტაცებს და ხარისხითაც არა უშავს, თუმცა, როგორც წესი, მოგვიანებით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთები პლაგიატის ნაყოფია და იმავე შინაარსის უცხოური სარეკლამო რგოლებიდანაა გადმოღიღინებული (სავარაუდოდ, ჩვენებური მაყურებლის „სიბნელეზე“ გათვლილიც).
ასეა თუ ისე, მაგალითად, მართალია, ლუდ „არგოს“ რეკლამის ავტორებს პლაგიატობას ვერ დავწამებთ, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი დილემის წინაშე აყენებს მაყურებელს და, შესაბამისად, ამ ლუდის დაგემოვნების მსურველს, რადგან, თუ რეკლამის სიუჟეტით ვიმსჯელებთ, ამ ლუდის დამლევს აწი საიქიოში თუ მივაგნებთ.
სახელდობრ, სარეკლამო რგოლი გვამცნობს, რომ ლუდი „არგო“ ექსკლუზიურად არგონავტების სასმელია. იმის გათვალისწინებით, რომ რეკლამის ტექსტის ავტორებმა იციან სიტყვა „ექსკლუზივის“ მნიშვნელობა, გამოდის, რომ პროდუქცია არგონავტებზე ჰქონიათ გათვლილი, რომელთა ძვლები უკვე კარგა ხანია, მიწას შეერია.
მეორე მხრივ, უფრო უარესი, თუ გვთავაზობენ, რომ ლუდ „არგოს“ შესმა არგონავტებად გვაქცევს, რადგან, გამოდის, რომ საკუთარი ქვეყნის გასაძარცვავად გვაგულიანებენ (არადა, პატივცემულ ავტორებს ვერ დავწამებ არგონავტების მითის უცოდინარობას)?!
ერთი სიტყვით, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, ამ შიშველმა, ამ შუაღამეზე, სად გიშოვოთ, ქალბატონო, კაციო; ამ გაქანებულ ოცდამეერთე საუკუნეში, პროდუქციას დამლევი რომ გამოუჩნდეს, სად ვუშოვოთ კომპანია „კასტელს“ არგონავტები?!