მეტროს ვაგონში სკამზე დაჯდომის ტექნიკა და „სურნელოვანი“ მგზავრი
მეტროს ვაგონში თავისუფალი ადგილი მოსწრებაზეა. ყველაფერს ცოდნა და ტექნიკა სჭირდება დღევანდელ დედაქალაქში.
მაგალითად: მატარებელი რომ გაჩერდება და შენ რომ ბაქანზე ხარ, გამომსვლელებს მკერდით უნდა დაეჯახო და უკანვე შეაგდო, თუ არა, ადგილზე სხვა დაგასწრებს; მერე რა, თუ ის „უკან შეგდებული“ ჩასვლას ვერ მოასწრებს?! მოგცლია ერთი! იყოს და გამოყვეს უკან, ბიჯოს!
მე კი მოვასწარი. ჩემებური ტექნიკა მაქვს. კი არ მინდოდა გამემხილა, მაგრამ, რა ვქნა… მიყვარს ჩემი ერი და „ჟმოტი“ არ ვარ.
ტექნიკა ასეთია:
მატარებელი რომ ჩამოდგება, შენ მკერდით არ უნდა დაეჯახო გამომსვლელს – მე შევბრუნდები ხოლმე და „ზადნით“ შევდივარ ვაგონში. „ზადნით“ შესვლა იმიტომაა მომგებიანი, რომ შემობრუნებაზე დრო აღარ გეხარჯება (კაი და, მობრუნებამდე ვინმემ დაგასწროს და დაიზანიატოს), თრახ! – და ვეხეთქები სკამზე. გასაგებია?
მომენტია და, ასე „შევზადნდი“ მეტროში და ერთადერთ ცარიელ ადგილზე ჩავეკვეხე. ჩავეკვეხე და შვებით ამოვისუნთქე.
ვენაცვალე ზოგიერთ გაზრდილს… ვიღაცა ბიჭი ჩემ გვერდით რომ იპრესებოდა, წამოხტა და ასე 40-50 წლის წვეროსან კაცს დაუთმო ადგილი. ეს კაციც დამისკუპდა და მაშინ დავწყევლე (გულში) ის ახალგაზრდა, რომელმაც ეს ფრიად ჰუმანური მანევრი განახორციელა.
ჩემმა ძაღლივით განვითარებულმა ყნოსვამ საფრთხის (SOS!) სიგნალი მომცა.
ახლად დამეზობლებული წვეროსნის ცხვირის ორივე ნესტოდან (პირი არ გაუღია ჯერ!) საშინელი „აირი“ წამოვიდა, „ნიორი-ხახვი-მჟავე კომბოსტო-იაფფასიანი არაყი“. ამეწვა თვალები.
ეს ჩემს (მეორე მხარეზე) მჯდარმა ქალმაც ვეღარ აიტანა, წამოხტა და მოშორებით, კართან გადაინაცვლა.
მდგომარეობა ელვისებურად შევაფასე და მარჯვნივ გავსრიალდი, რომ იმ კაცს დავშორდე, თან, ვხედავ, რომ ქალისგან გათავისუფლებულ ადგილს მეორე კართან მდგარი „სუმკიანი“ ქალი დაემიზნა და წამოვიდა. ვიფიქრე, ახლა ეს ქალი ჩაჯდება ჩვენ შუაში და ცოტა ბარიერს შექმნის-მეთქი. შევცდი. გავსრიალდი თუ არა ამ კაციდან, ისიც არ გამოსრიალდა ჩემკენ?! – იმ ქალს იქით დაუთმო ვითომ ადგილი.
აღარაა საშველი. ადგომაც უხერხულია, არადა, ეს ზემოაღნიშნული სასმელ-საჭმლის კომბინაცია სუიციდამდე მიმიყვანს შუა ვაგონში.
უბედურება მარტო არ მოდისო, ნათქვამია კაცმა ღრმად ამოიოხრა.
– ეჰხ! აღარაა საშველი ამ ქვეყანაში, ძმაო, – დამადო მუხლზე ხელი და უფრო გულისგულში რომ ჩამიძვრეს, პირდაპირ მომიშვირა „სამეტყველო ღრუ-აპარატი“, – ესაა ბიძინას სს…სამართალი?! არევინ არ იჭირება, არევინ არ სამართლდება… არევინ! გეუბნები მე შენ! ქუჰჰხხ! – გააკრაჭუნა კბილები და დამედო კიდევაც ცარცის ფერი. ვიფიქრე, ახლა გავუქანებ-მეთქი ამ აყროლებულს სიფათში, მაგრამ, რაღაც განგებამ შემაკავა – „გაჩერებაა, იქნებ ჩავიდეს!“
შენც არ მომიკვდე.
– უუხხ! – ამოაფრქვია ისევ, – ესაა ცხოვრება?! – დაასლოკინა გულიანად, – ესაა საქმე?
– მუხლიდან ხელი აიღე! – მეტი ვერაფერი მოვახერხე და ისევ შევცდი.
– აახხ! – შემომაორთქლა, – არც შენ ხარ, ხომ, კაი კაცი! არრა, ხომ!
– დაწყნარდი და გაჩუმდი, რა, თუ შეიძლება, – ვთქვი მოთმინებით.
– რასაა, რომ მაჩუმებ მე შენ? რასაა? – ეეჰ, – ამოაფრქვია ისევ და ამეწვა ცხვირი და თვალები.
– არ ჩადიხარ? – ვეკითხები მორიგ გაჩერებაზე.
– ეს რომელი გაჩერებაა? – შემეკითხა თავის მხრივ.
– „300 არაგველი“.
– არა, მე „ახმეტელზე” ჩავდივარ.
– ოღონდ გაჩუმდი, მეძინება… – მოვიმძინარე თავი.
– უჰჰხხ… დეიძინე, დეიძინე… ასე გძინავყენ და იმიზაა, რო დაგვაჯდა თავზე ევროპა და ამერიკა… ხო, კაი, კაი, დეიძინე.
მატარებელი გაჩერდა და ამ კაცის გვერდზე მჯდარი თმახუჭუჭა ბიჭი ჩავიდა.
– ა, უყურე ახლა შენ, – წამომიმუჯლუგუნა კაცმა, – ხომ შეხედე, ახლა რომ ბიჭი ჩევიდა? ჩემ გვერდით რო იჯდა…
– შევხედე, მერე?
– შეხედავ ახლა… კაი ოჯახიშვილი გეგონება, ლამაზი, მაღალი, თმახუჭუჭა… ხო?
– ხო, მერე?
– რათ გინდა მარტო გარეგნობა, პაპიროსის სუნითაა აყროლებული. ვაი მაგის პატრონს! ზოგი რა არაევროპულია!
… მატარებელი მორიგი სადგურისკენ დაიძრა.