რატომ სცემენ პატივს ნაციხარ ჩინელ ბიჭს ქართველები
გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. დიდი ხანი გავიდა, რაც არ მომიწერია, მაგრამ უნდა მაპატიო, ციხეში ვიჯექი. არ შეგეშინდეს, დედა. მე დამნაშავე არ ვარ, იმიტომაც გამომიშვეს მალე. ამ წერილში მოგიყვები, რაც მოხდა.
ახალი წლის ღამეს კობასგან ვბრუნდებოდი სახლში, 12 საათზე ოჯახი ერთად უნდა შევხვდეთ ახალ წელსო, მითხრა ლამზირამ და მეც სირბილით შევუყევი ჩვენი სახლის აღმართს. უცებ მოსახვევიდან ვიღაც ბიჭი გამოვარდა, იარაღი მომიშვირა და მითხრა: „დავაი, საფულე ამოიღე თორემ გაგამგზავრე ბრუსლისთან“. დედა, ალბათ, შენ იცი, ამჟამად სადაც არის ბრუსლი, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამიტომ, მაშინვე ამოვიღე ჯიბიდან 15 ლარი და მივაწოდე. აბა, საფულე სად მქონდა, ისეთი ძვირი ღირს, რომ ვიყიდო, შიგნით ჩასადები აღარაფერი დამრჩება და რად მინდა. ჩემი ფულის რაოდენობამ თავდამსხმელი გააცოფა და მითხრა, უცხოელებს დოლარები აქვთ და სად მალავ, თქვი, თორემ გესვრიო. დედა დოლარი ერთადერთხელ მაქვს ნანახი, ისიც ლამზირას საფულეში. ერთდოლარიანი უდევს და იძახის, ავი თვალისგან ეს გვიცავს, თორემ წასული იქნებოდა ჩვენი საქმეო. თვალები დავხუჭე, დედა, დაველოდე, როდის მესროდა. უცებ ამ ბანდიტის ხმა მესმის: არ მომკლა, რა დაგიშავე. რისთვის მკლავ, აჰა, წაიღე ეს 15 ლარი, მეტი არ მაქვსო. თვალები გავახილე, ჩემს წინ ის ბოროტმოქმედი დაჩოქილიყო, ფეხებთან პისტოლეტი მეგდო და ჩვენკენ პოლიციელები მორბოდნენ. რა თქმა უნდა, ვერაფრით დავარწმუნე პოლიციელები, რომ ის კაცი მოკვლას მე მიპირებდა. ყვირილით ჩამტენეს მანქანაში, გვერდებში მუშტებს მიბრახუნებდნენ და შენც რამდენიმეჯერ გახსენეს, დედა.
სასამართლოს ლოდინში თვე-ნახევარი გავატარე ციხეში და ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის დღეები. პატიმრები ძალიან კარგად მექცეოდნენ, „მაო ძედუნი“ დამარქვეს და ხანდახან საწოლზე ძილის უფლებასაც მაძლევდნენ. ქართულ ციხეში ყოველთვის საწოლი უფრო ცოტაა, ვიდრე პატიმარი. აქამდე ციხეზე ისეთი კადრები და სტატიები მქონდა ნანახი, სანამ შიგნით შემიყვანდნენ, კინაღამ გული გამისკდა. თუმცა, როგორც ჩემი თანამოსაკნეები ამბობდნენ, შედარებით გამოსწორებულა მდგომარეობა, ათასნაირ ამბებს ყვებოდნენ ხოლმე და თავს ამით ვირთობდით. პირადად მე, სამასჯერ მაინც მოვყევი „რწყილი და ჭიანჭველა“ ჩინურად და ორასჯერ მაინც ვიმღერე ქართველების საყვარელი სიმღერა „სამი დალიე“ ჩემს მშობლიურ ენაზე.
თვე-ნახევარში ძიებამ დაადგინა, რომ პისტოლეტზე არსებული თითის ანაბეჭდები მე კი არა იმ ბანდიტს ეკუთვნოდა. ბოდიში მომიხადეს და სახლში გამომიშვეს. ლამზირა თვალცრემლიანი დამხვდა ციხის კართან, თურმე როგორ ვყვარებივარ, დედა. მეც გული ამიჩუყდა, დედამისთან უჩხუბია ძალიან. ჩემმა სიდედრმა ჩემზე თქვა, ნაციხარ სიძეს სახლში ვერ შემოვუშვებო და ლამზირამ მე დამიცვა, წარმოგიდგენია? ჰოდა, ძალიანაც კარგი, ცოტა ხანს დავისვენებ, იქნებ არავინ მოვიდეს ჩვენთან.
უბანში დიდი პატივით მიმიღეს ბიჭებმა. აქამდე ბრუსლის რომ მეძახდნენ, ახლა ტობის მეძახიან. თბილისში ნაციხარი ხალხის ძალიან ეშინიათ და პატივს სცემენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა. მეც ძალიან მიხარია, თავს მაინც დამანებებენ. გუშინ კობა მომადგა თავისი ძმაკაცებით და გათავისუფლება მომილოცა, სულ „ზონოვსკის,“ „სტროგაჩას,“ „ვორ ვზაკონეს“ და ამგვარ სიტყვებს მეძახდა და თან, იცინოდა. მისი ძმაკაცებიც კრძალვით იღიმებოდნენ.
უჰ, ხვალ დიდი ამბები მექნება ვაგზალზე გადასატანი, სანამ ჩემი ბიზნესის აღდგენას მოვახერხებ და ჩემს კუთვნილ ადგილს დავიბრუნებ დახლზე, რომელსაც აუცილებლად ვინმე მსუქანი ქართველი დაისაკუთრებდა. მგონია, რომ ჩემი ციხიდან ახლად გამოსვლა იქაც გაჭრის. ეს არის სულ, დედა, რაც თავს გადამხდა. კიდევ მოგწერ მალე, მომიკითხე ყველა.
გკოცნით, თქვენი
ტობი ვონგი