ვისგან ერგო შთამომავლობით კალათბურთელობა ვიქტორ სანიკიძეს და რა წვლილი შეიტანა „სარაგოსას” წარმატებაში ქართველმა სპორტსმენმა
„სარაგოსას” გუნდის ქართველი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე, მაქსიმალისტია და ყოველთვის ცდილობს, გულშემატკივარს კარგი თამაში უჩვენოს. ის სპორტული ოჯახიდანაა და ამ სპორტთან შეხება წლების განმავლობაში ყველას ჰქონდა. მემკვიდრეობით მიღებული ნიჭით თუ შეძენილი ოსტატობით, ჩვენი რესპონდენტი ყოველთვის ინდივიდუალური თამაშის ტექნიკით გამოირჩევა. ამიტომაც მაყურებლის სიყვარულს მოედანზე და მის მიღმაც წლებია ინარჩუნებს.
– კალათბურთის ბევრი მოყვარულისთვის რჩეული სპორტსმენი ხარ, შესაბამისად, ყოველთვის აინტერესებთ, რა ხდება შენს ცხოვრებაში და მოედანზე.
– როგორც ყოველთვის, სპორტული ცხოვრება მაქვს. განსხვავება ის არის, რომ გუნდში მყავს ქართველი მეგობარი, გიორგი შერმადინი, რომელიც აქ ოჯახთან ერთად არის. ვარჯიშის დროს ხომ სულ ერთად ვართ და ვარჯიშის მერეც, ხშირად გვიწევს ერთად ყოფნა. მივდივარ მასთან, სადაც ანი (გიორგის მეუღლე) გემრიელი ქართული კერძებით მიმასპინძლდება. სახლში ორი ბავშვი ჰყავს და მეც მშვენივრად ვერთობი ბავშვებთან ერთად.
– ეს სეზონი როგორია შენთვის?
– ნახევარი სეზონი გავიდა უკვე და „სარაგოსას” იმდენად კარგი მაჩვენებელი აქვს, რომ ისტორიაშიც კი შევიდა. ახლახან იყო ესპანეთის თასი, რომელსაც „მეფის თასს” ეძახიან. ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ესპანეთში. ნახევარფინალში გავედით, რაც გუნდისთვის ძალიან კარგი შედეგია. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. ასე რომ, ძალიან გვიხარია მე და გიორგის, რომ გუნდის წარმატებაში შევიტანეთ წვლილი. აქედან გამომდინარე ძალიან კმაყოფილი ვარ ნაყოფიერი სეზონისთვის. თუმცა, ნახევარი სეზონი ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ჩემპიონატის ფინალი გველოდება. იმედი მაქვს, უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
– კონტრაქტის თანახმად, როდემდე ირიცხები „სარაგოსას” გუნდში?
– „სარაგოსასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, სადღაც მაისის ბოლომდე მაქვს გაფორმებული.
– ანუ, როგორც გიორგი შერმადინი, შენც სეზონის ბოლომდე ხარ „სარაგოსაში?”
– კი, მეც ანალოგიური კონტრაქტი მაქვს გაფორმებული.
– მომდევნო სეზონს სად ითამაშებ ცნობილია?
– მომდევნო სეზონი სად მექნება, ნამდვილად ვერ გეტყვი, რადგან ჯერ არ ვიცი. უნდა განვიხილო თითოეული შემოთავაზება, ავწონ-დავწონო და იმის მიხედვით გადავწყვეტ. ადამიანი ყოველთვის უკეთესის მოლოდინშია. ასე რომ, ვნახოთ, რომელი შემოთავაზებაც უკეთესი იქნება, არჩევანსაც მასზე გავაკეთებ. იმედი მაქვს, ასარჩევად მექნება საქმე.
– საქართველოში, ალბათ, ზაფხულამდე ვერც მოახერხებ ჩამოსვლას.
– ვერანაირად ვერ მოხერხდება ზაფხულამდე ჩამოსვლა, მართლა ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. ახალ წელსაც არ დაგვისვენია. მაგალითად, 31 დეკემბერს დილით ვარჯიში გვქონდა, 1 იანვარს – საღამოს. ვითომ დასვენება გამოგვივიდა პირველში, დილის მაგივრად, საღამოს რომ ვივარჯიშეთ. თბილისში ჩამოსვლას კი არა, ორი დღით დასვენებას ვნატრობთ ხოლმე.
– ფაქტობრივად, ისეთი დაკავებული ხარ, საკუთარი თავისთვისაც არ გრჩება დრო.
– მაქსიმუმ, თამაშის მეორე დღეს დაგვასვენონ.
– როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, გიორგი შერმადინის ოჯახის ხშირი სტუმარი ხარ და ანის გემრიელ კერძებსაც სიამოვნებით აგემოვნებ.
– ანი არამხოლოდ ქართულ კერძებს ამზადებს კარგად, ისედაც ძალიან კარგი მზარეულია. მოკლედ, ყველაფერს ამზადებს. ორი ბავშვის მოვლის პარალელურად, ძალიან ბევრს ახერხებს – ქმრის მოვლაც ხომ არ არის იოლი. თან, ქმრის მეგობარსაც ხომ უნდა მიხედოს. ძალიან კარგი გოგოა.
– საკუთარი ცოლი რომ გივლიდეს, ამაზე არ გიფიქრია?
– რა თქმა უნდა, ხანდახან მიფიქრია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ალბათ, ჩემი დრო ჯერ არ მოსულა. როგორც იქნება, იქნება, ყოველ შემთხვევაში, სულაც არ ვფიქრობ, რომ დაოჯახება მაგვიანდება. ცოლსაც მოვიყვან და ყველაფერიც იქნება.
– როცა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ, რა გენატრება ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა, ოჯახი და მეგობრები მენატრებიან. როცა ჩემი მეგობრები ერთად არიან, ხშირად ვეკონტაქტები მათ, მით უმეტეს, ახალი წლის პერიოდში. ძალიან მინდოდა, ახალ წელს ჩემს მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი. მიყვარს საქართველოში ახალი წლის დღეები, რადგან ბევრს ერთობიან. აქ კი ერთადერთი შობას აღნიშნავენ, პირველ იანვარსაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
– არასდროს გვისაუბრია შენს ოჯახზე. ვინ გყავს თბილისში?
– თბილისში მყავს დედა, მამა, დეიდა, ძმა და რძალი.
– ძმა თუ თამაშობს კალათბურთს?
– თამაშობდა, მაგრამ ტრავმის გამო დაანება თავი. ახლა კი, თუ იცით, შეიქმნა საუნივერსიტეტო ლიგა. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გამოდის ამ საერთაშორისო ლიგაზე. ჩემი ძმა კი გუნდის მენეჯერია.
– ანუ, პირველი კალათბურთელი არ ხარ ოჯახში.
– ჩემმა ძმამ კალათბურთის თამაში ჩემზე ერთი დღით ადრე დაიწყო. როცა ორი ბიჭი გყავს ოჯახში და ერთი მიდის კალათბურთზე, მეორეს რა გააჩერებს სახლში? დედაჩემიც თამაშობდა და მამაჩემიც. მამა (ამირან სანიკიძე) პროფესიონალი კალათბურთელი იყო. ადრე „დინამოშიც” თამაშობდა და მგონი, „ბურევესტნიკშიც.” აქედან გამომდინარე, დიდი შანსი იყო, ჩვენც კალათბურთელები გამოვსულიყავით.
– ასეთი სპორტული ოჯახიდან ყოფილხარ და უხერხულიც იქნებოდა, კალათბურთის მაგივრად, სპორტის სხვა სახეობა რომ აგერჩია. თუმცა, შეიძლება, იქაც ანალოგიურად გამოგეჩინა თავი.
– ნამდვილად არ ვიცი, წარმატებული სპორტსმენი ვიქნებოდი თუ არა სპორტის სხვა სახეობაში, მაგრამ ჩემი არჩევნით ძალიან კმაყოფილი ვარ.
– კალათბურთის გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდებიან ზაფხულს და საქართველოს ნაკრების თამაშებს.
– დიდი ზაფხული გველის წინ. ქართველ გულშემატკივარს ნამდვილად არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ აგვისტოში სპორტის სასახლეში მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ, მაგრამ, მაინც ვეტყვი, მოვიდნენ და ისიამოვნონ ჩვენი კარგი თამაშით, ჩვენ კი გვასიამოვნონ თავიანთი კარგი გულშემატკივრობით. იმის პირობას კი მე ვაძლევ, რომ საქართველოს ნაკრებს წელს წარმატებული ზაფხული ექნება.