რატომ არ აჩვენებს შვილიშვილის ფოტოებს საზოგადოებას ეკა კვალიაშვილი და რატომ გადაწყვიტა მან შვილის მშობიარობას დასწრებოდა
მომღერალ ეკა კვალიაშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, ის ბებია გახდა. როგორც თავად ამბობს, ამ მდგომარეობით უკვე „გადარეულია”. 11 თებერვალს, მის ქალიშვილს, ასევე მომღერალ ნუკა კვალიაშვილს ვაჟი შეეძინა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. თუ ვინ დაესწრო მის მშობიარობას, რატომ არ აჩვენებენ საზოგადოებას ბავშვის ფოტოებს და ვინ გაუმზადა „მზითევი” პატარა ლუკას დაბადებამდე, ამაზე თავად ეკა გვესაუბრება.
– ეკა, გილოცავთ პატარა ლუკას დაბადებას! როგორ არის დედა-შვილი და თავად, როგორ გრძნობ თავს ბებიის ამპლუაში?
– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რა უნდა გითხრათ, 11 თებერვალს ჩემმა შვილმა ძალიან მაგარი საჩუქარი გამიკეთა ლუკას სახით. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მთელი ცხრა თვე, კი ვიყავი შეგუებული ბებიობას, მაგრამ ჩემი თვალით რომ დავინახე პატარა, სულ გადავირიე (იცინის). დედა-შვილი თავს გადასარევად გრძნობს. მადლობა ღმერთს, ლუკა ჯანმრთელი დაიბადა და მშობიარობამაც კარგად ჩაიარა. ულამაზესი ბავშვია, ნუკა კი უბედნიერესი დედა. თან, მშობიარობასაც დავესწარი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოევლინა ამქვეყანას ჩემი უსაყვარლესი არსება. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი (იცინის). ნუკას მეუღლე, ნიკუშა, ძალიან განიცდიდა, სულ ცოლის გვერდით იყო და სხვათა შორის, ისიც დაესწრო მშობიარობას.
– რამხელა დაიბადა ლუკა?
– ლუკა კობახიძე, 11 თებერვალს, საღამოს 11 საათზე, 3 კილოგრამი და 500 გრამი დაიბადა. სიმაღლეში 51 სანტიმეტრია. საკმაოდ ჩამოყალიბებული, დიდი, თეთრი და ბუთქუნა ბავშვია, დაწყობილი სახის ნაკვთებით, მაგრამ ჯერ ვერ დავადგინე, ვის ჰგავს. ვფიქრობ, ნუკასაც და ნიკუშასაც ჰგავს. საოცარი, ჩამოყალიბებულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პაწუკაა. ნუკამ დავით გაგუას კლინიკაში იმშობიარა. ბატონი დავითი გახლდათ ნუკას გინეკოლოგი და მშობიარობაც მან მიიღო. მთელი ორსულობის პერიოდში კი ნინო ქანთარიას ჰყავდა ნუკი ჩაბარებული. ახლა ვისარგებლებ თქვენი ჟურნალით და ამისთვის მათ დიდ მადლობას გადავუხდი.
– როგორც ვიცი, ნუკას დედამთილი უცხოეთშია, თუმცა აპირებდა, შვილიშვილის დაბადებას ისიც დასწრებოდა. თუ მოახერხა ჩამოსვლა?
– ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ იმდენი საჩუქარი გამოუგზავნა კანადიდან, თავის სეზონური ტანსაცმლითა და „კალიასკებით”, ვხუმრობ, ჩვენი ლუკა „მზითევით” დაიბადა-მეთქი. წამდაუწუმ რეკავდა, განიცდიდა და ახლა ისიც ბედნიერია. რასაკვირველია, რაც შევძელი, მეც დავახვედრე ახალშობილს – „შმოტკები” და „მაიმუნობები”. ისეთი „ზმანი” ბიჭია და ისეთი გარდერობი დახვდა, ასეთი მე რომ მქონდეს რაღა მიჭირს (იცინის). სხვათა შორის, ყოველთვის ვამბობდი, სანამ დაიბადებოდა და ახლაც ვამბობ, პირველი მე ვიქნები, ვინც ლუკას ასწავლის გემოვნებიან ჩაცმას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, ქალის პატივისცემას. ასევე, იმას, რომ არ უნდა იყოს ეგოისტი და უნდა იყოს კეთილშობილი, განათლებული და თავისუფალი, ჯანსაღი აზროვნების და სპორტული ბიჭი. ისეთ ემოციებში ვართ, თავი ზღაპარში გვგონია.
– ვიცი, ნუკა ცალკე ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ალბათ, სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ, ახალშობილი და ნუკა შენთან იქნებიან გარკვეული პერიოდი, არა?
– ნუკამ და ნიკუშამ გადაწყვიტეს, თავის სახლში გაიყვანონ ბავშვი. თუმცა, მე არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ჩემთან იყვნენ. მე მივალ, მოვეხმარები. რომ დავფიქრდები ხოლმე, ლამის გადავირიო, ისეთი ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ტვინის „მბურღავი” ბებია ნამდვილად არ ვიქნები. ლუკას ვასწავლი, რა არის კარგი და ცუდი. ვატარებ სპორტზე, წავუკითხავ წიგნებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სულიერადაც და ფიზიკურადაც ჯანმრთელი იყოს. ეს ჩემი მიზანია. თან, მიხარია, ახალგაზრდა ბებია რომ ვარ. მეკითხებიან, ნეტავ, რას დაგიძახებს ბავშვიო. მე კი ვამბობ, ბებია ვარ და ბებია უნდა დამიძახოს, ან შეამოკლოს და „ბე” (იცინის). ჩემი შვილი დედას არ მეძახის, სულ „დეს” მეძახდა და ალბათ, ლუკაც „ბეს” დამიძახებს. მე ისე ვარ მიჩვეული „დეს” დაძახებას, ამ პაწაწუნასაც რომ ვიყვან ხელში „დეს” ვეძახი. პირველად რომ ავიყვანე ხელში, თმა მქონდა გაშლილი და ისეთ ეიფორიაში ვიყავი, ბავშვი ჩემს თმებში „გავხლართე” (იცინის). თავადაც აქვს თმები და ძალიან ღორმუცელაა, კაცურად ჭამა უყვარს. დაიბადა თუ არა, ჭამა დაიწყო. ჭამდა და თან, დედას საოცარი თვალებით აკვირდებოდა. ის მომენტი არასდროს დამავიწყდება, რომ დაიბადა, დედის მუცელზე დააწვინეს ორი საათით. მერე მე ავიყვანე და თავისი მოქმედებით პროტესტი გამოთქვა, ისევ დედასათან მინდაო (იცინის). არ არის ადვილი, როცა შენი შვილი მშობიარობს და მასთან ხარ – იგივე ტკივილს გრძნობ და მასთან ერთად განიცდი იმ წამებს. ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, სამყარო „ამოტრიალდა”. ისეთი სტრესი მივიღე, თითქოს მე ვიმშობიარე და ბავშვი გავაჩინე. ზოგადად, ყოველთვის ვიცი საკუთარ თავს როგორ გავუკეთო მობილიზება, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ადეკვატურად მივუდგე ნებისმიერ მოვლენას, მაგრამ ამ მომენტში, ეს ვერ შევძელი. უბრალოდ, ვიდექი და ვლოცულობდი. დაახლოებით 18 საათი ვლოცულობდი და ღმერთმა ისმინა ჩემი ლოცვა. სასაცილო იცით რა იყო? ნუკამ რომ იმშობიარა და მერე თავის მუცელს დახედა, პირველი რაც თქვა იყო: ვაიმე, მუცელი აღარ მაქვსო (იცინის). ახლა, 40 დღის შემდეგ მოინათლება პატარა ლუკა და გაქრისტიანებულს უფრო მეტად დაიცავს მისი მფარველი ანგელოზი. სხვათა შორის, გადავწყვიტეთ, ბავშვის ნათლობამდე არც ერთი მისი ფოტო არ გამოვაქვეყნოთ. ეს ცრურწმენა არ არის, უბრალოდ, ძალიან თოთოა და უფრო დაცული იქნება.