ვისთვის არის მძიმე ნინო გაჩეჩილაძე და რატომ არასდროს კარგავს საკუთარი თავის ინტერესს ზუზუ ბეჟაშვილი
ნინო გაჩეჩილაძე და ზუზუ ბეჟაშვილი მსახიობთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ყოველთვის მაყურებლის დიდ სიყვარულსა და მოწონებას რომ იმსახურებენ. გარდა იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე ერთად უმუშავიათ და ერთმანეთისთვის კარგი პარტნიორობა გაუწევიათ, ისინი მეგობრებიც არიან და როგორც მათივე საუბრიდან გაირკვა ერთმანეთს ბევრი თვისებით ჰგვანან. ჩვენი შეხვედრა მარჯანიშვილის თეატრში შედგა. სწორედ ამ თეატრის მსახიობია ნინო, ხოლო, რაც შეეხება ზუზუს მოღვაწეობას, ის უპირატესობას მაინც კინოს ანიჭებს. თუმცა, თუ საინტერესო რეჟისორთან მოუწევს მუშაობა, სცენაზე დგომის წინააღმდეგი სულაც არ არის.
– მეგობრები ხართ. რამდენი ხანია, ერთმანეთს იცნობთ?
ზუზუ: მგონია, რომ ერთმანეთს ცოტა ხანია, ვიცნობთ, მაგრამ ამასობაში 2 წელიც გასულა. ნამდვილად არ მჭირდება ადამიანის გასაცნობად წლები და ფუთი მარილის ჭამა. ადამიანს რომ შევხედავ, ვხვდები, ის ან ჩემიანია, ან – არა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „გაჩკას” სერიალამდე არ ვიცნობდი. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრის პირველი დღე.
ნინო: ეგ დღე მეც მახსოვს. რომ მითხრეს, ეს უნდა იყოს შენი ყოფილი ქმარიო, გავიფიქრე, ეს რა შუაშია-მეთქი. მერე კი მივხვდი, რომ შუაში კია არა, თავშია. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა პირველივე სერიაში ძალიან კარგად შედგა, რომელიც ბოლომდე გაგრძელდა. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი სერიები ჩვენი მონაწილეობით, სწორედ ისინია, სადაც ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთთან აქვს დიალოგი. მოკლედ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი გადასაღებ მოედანზე ზუზუსთან ერთად თავს.
– სერიალში აღარ ხართ. ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული?
– ვმუშაობ ქართველი ებრაელი დრამატურგის, ალექსანდრე ელიგულაშვილის პიესაზე. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სპექტაკლი გამოდის, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიტყვი. მოქმედება მორგში ხდება. ერთ თვეში პრემიერას ვგეგმავთ, ხოლო მერე გასტროლზე უნდა წავიდეთ თელავივში და იმედი მაქვს, იერუსალიმშიც. იერუსალიმში ჩასვლა დღემდე ჩემი ოცნებაა. შემდეგ თვეში კიდევ ვიწყებ სხვა პიესაზე მუშაობას. ჩემს ძირითად საქმიანობას დავუბრუნდი, რაც ძალიან მიხარია. თუმცა, პარალელურად, თუ გამოჩნდება ტელევიზიიდან რაიმე კონკრეტული შემოთავაზება და ასე შემდეგ, პრობლემა არ არის, მოვასწრებ.
ზუზუ: ჩემს ცხოვრებაში კი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პაუზა. დავლაგდი ტვინში, გადავაფასე რაღაცეები, წავიკითხე ბევრი ლიტერატურა, ბევრი ვნახე, ბევრი ინფორმაციაც მივიღე. პაუზა ყველასთვის კარგია, უბრალოდ, დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს. თუ სადმე ყური ზედმეტად არ მიჩანს, ეს არ ნიშნავს, რომ არ მეძახიან. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. არ ვტიპობ, მაგრამ ყველგან არ უნდა მიხვიდე. სულ ვამბობ, საინტერესო რომ არავისთვის ვიყო, საკუთარი თავის ინტერესს არავითარ შემთხვევაში, არ დავკარგავ. ჩემს პატარა გეგმებს რაც შეეხება, რუსულ-ქართული პროექტია, ფილმს ჰქვია „გოგი ჩამოვიდა,” რეჟისორია გრიგორევი. ინფორმაციას თუ მოიძიებთ, ნახავთ, რომ ის რუსეთში ათეულში შედის. მოლაპარაკებები დავასრულეთ, ხელის მოწერაღა დამრჩა და მოსამზადებელი პერიოდი იწყება თებერვალში. გადაღებები იქნება როგორც საქართველოში, ასევე მოსკოვში.
– ზოგს მოაჩნია, რომ ორივე რთული (მძიმე) ადამიანები ხართ. მართალია?
– თუ ჰქვია იმას მძიმე, როგორც მე ვიქცევი, მირჩევნია, მძიმე ვიყო და არა მჩატე დეგენერატი. რეალურად კი, სულაც არ ვარ მძიმე, უბრალოდ, როცა უსამართლობას ვეტაკები და „ტუპოი” ადამიანს ვხვდები გადასაღებ მოედანზე, ურჩევნია, არ მომეკაროს. ისე, მირჩევნია, ცოტა ხანი დამივიწყონ, ვიდრე მოვბეზრდე. განებივრებული მსახიობი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის მთავარია არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი. ზოგისთვის უარიც მძიმეს ნიშნავს. იმ დღეს ვიღაც ქალი მირეკავს გაურკვეველი ტონალობით და მეკითხება, რაღაც საღამო უნდა წაიყვანოთ. თქვენ რომ იცით ისე, ხან რომ ხუმრობთ, ხან კი ცეკვავთო. „იუმორინა“ არასდროს ვყოფილვარ და ვერ გავიგე, რა უნდოდა. ბოლოს მორცხვად ჰონორარი მკითხა, პასუხი რომ მიიღო, უცებ, უიო და ყურმილი გათიშა. არ ვიცი, რა ეგონა, უფასოდ წავიდოდი, თუ 2 და 20-ად? საქართველოში არქიტექტორს ეშველა, სტომატოლოგს, მუსიც კი ძვირი ღირს და მსახიობის ხარჯზე რატომ უნდა გაკეთდეს ეკონომია, ვერ ვხვდები.
ნინო: მგონი, ეს ამბავიც გამოსწორებისკენ მიდის და ნელ-ნელა ვიღაცეები ჭკუას სწავლობენ. არ შეიძლება, რასაც შემოგთავაზებენ, ყველაფერზე თავი დაუქნიო და დათანხმდე. არც მე და არც ზუზუ, ეკრანის ხამები არ ვართ და ზედმეტად თვალებში გამოჩხირვა არ გვჭირდება. ჩემი აზრით, უპირველესად, საკუთარ თავს და პროფესიას უნდა სცე პატივი – ყველანაირ შემოთავაზებაზე არ უნდა დათანხმდე. ამით სხვებიც ცუდად სარგებლობენ მერე და საკუთარი თავისადმი პატივისცემასაც კარგავ. კითხვას დავუბრუნდები, მარტივი ადამიანი ნამდვილად არ ვარ, თუმცა არც ის უთქვამთ, რთული ხასიათი გაქვსო. ხანდახან თვითონაც არ მესმის საკუთარი თავის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძიმე ვარ. უბრალოდ, ყალბ ურთიერთობებს ვერ ვიტან, რაც დღეს მოდაშია. დედაჩემისთვის ნამდვილად მძიმე ვარ, რადგან მას არასდროს მოსწონს, რასაც ვაკეთებ. არ მოსწონს ჩემი ვარცხნილობა, მაკიაჟი, ჩაცმულობა, ცხოვრების წესს მიწუნებს და ასე შემდეგ. პერფექციონისტია და უნდა, მეც ასეთივე ვიყო.
– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?
– უპირველესად, ზუზუ ძალიან ნიჭიერია, რის გამოც პატივს ვცემ. თავისებურია და ყველა ვერ გაუგებს, ზუსტად ვიცი, ისევე, როგორც მე ვერ გამიგებს ყველა. ძალიან თავისუფალია, რაც ადამიანის დიდი ღირსებაა. არ არის შეზღუდული და ჩარჩოებში მოქცეული. ზუზუ არჩევანშიც თავისუფალია.
ზუზუ: როგორც კი ამ თავისუფლებას ვკარგავ, მაგ დროს ჩემი თავი ძალიან არ მომწონს.
ნინო: ცუდი თვისებაც აქვს ერთი, ძალიან ბუტიაა. შეიძლება, უმნიშვნელო რაღაცაზე გაიბუტოს. ყველას ძალიან უყვარს და პატივს სცემენ როგორც ნიჭიერ ადამიანს.
ზუზუ: ნინო ძალიან კარგი გოგოა. იმდენად თავისუფალი და მართალია, რომ მის გასაღებად არანაირად ბევრი გასაღები არ გჭირდება. ძალიან ნიჭიერი და მაგარი პარტნიორია. ძალიან კარგი მეგობარია, ზუსტად გადმოდგამს იმ ნაბიჯს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ერთი ვიცი, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია, ენდო და იცი, გვერდში დაგიდგება. თუ დამჭირდა, ვიცი, ღამის 4 საათზე შემიძლია, „გაჩკას” დავურეკო და ვუთხრა, რომ მჭირდება.
– ბევრი საერთო გაქვთ?
ნინო: ერთნაირი დარტყმულები ვართ ორივე.
ზუზუ: ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია.
ნინო: როცა გეუბნება, შე დეგენერატო, ეს ნიშნავს, შე ჩემიანო. სიტყვა დეგენერატო, ზუზუსგან ყველაზე დიდი კომპლიმენტია.
– ზუზუ, შენი გაბრაზება იოლია?
ზუზუ: გამოცდილება თავისას შვრება. ჩემი გაბრაზება უკვე წარმოუდგენელია. საიდან უნდა მომტეხო, რა უნდა იბოდიალო ჩემს ზურგს უკან, რომ გავბრაზდე. ყოველ შემთხვევაში, არ გამიკვირდება. გული მერევა „სემიჩკა” ადამიანებზე, რომლებიც გაბრაზებადაც არ ღირან.
– ზუზუ, თეატრში რატომ არ ხარ?
– ჩემთვის თეატრი მარტო ლამაზი საგრიმიორო არ არის, მთავარია, მუშაობის პროცესი. ბევრი ჩემი მეგობარი თვეობით დადის რეპეტიციაზე, მერე მივდივარ, ვნახულობ სპექტაკლს და ვხვდები, იქ მათთან ერთად თვეობით რომ ვყოფილიყავი, გავაფრენდი. ჩემი ინტუიცია, რომელიც ძალიან განვითარებული მაქვს, მკარნახობს, რომ ყველაფერს თავისი დრო და დამოკიდებულება აქვს. თეატრში როგორ არ მინდა, მაგრამ ძალიან საინტერესო სამუშაო და საინტერესო რეჟისორი უნდა იყოს. მაგალითად, ჩემთვის ძალიან კრეატიული და ნიჭიერი რეჟისორია გაგა გოშაძე, რომელთანაც მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩემი სამომავლო გეგმები სწორედ მას უკავშირდება.
– ერთმანეთს რას უსურვებთ?
ნინო: მარტივად, ბედნიერებას!
ზუზუ: იყოს ჰარმონიაში სამყაროსთან, საკუთარ თავთან, პროფესიაში და სიყვარულში.