რმერთები და ღვთაებები
ღმერთები და ღვთაებები
მგონი, საუკუნეების წინ ცხოვრება გაცილებით იოლი იყო. არ გჯერათ?! – ნახეთ ფაქტები: მთავარი იყო, არ გაგებრაზებინათ ბოროტი ღმერთები და თაყვანი გეცათ კეთილი ღვთაებებისთვის და, მორჩა – არანაირი პასუხისმგებლობა!
სკანდინავია. მთავარი ღვთაება იყო ბალდრი – ნათელი, სუფთა სულის, მარადიული სიჭაბუკისა და გაზაფხულის ღმერთი. ის ბედნიერ, უზრუნველ ცხოვრებას ჩუქნიდა ადამიანებს, თან, არც მისთვის ლოცვას ავალდებულებდა.
ჩინეთი. სამი ძირითადი ღვთაება: ფუ-სინი – უბრალოდ, ბედნიერების მომტანი; ლუ-სინი – ბრწყინვალე კარიერის მომტანი; შოუ-სინი – რკინისებური ჯანმრთელობა. თუ ამ ღვთაებების პატარა ფიგურებს შეიძენთ და თქვენს საძინებელ ოთახში მოათავსებთ, შეგიძლიათ, საერთოდ აღარაფერზე იფიქროთ – წარმატება გარანტირებული გაქვთ.
ეგვიპტე. ბასტეტი – სიყვარულის, კარგი განწყობის, ნაყოფიერების, ბედნიერების ღვთაება – ქალის სხეულითა და კატის თავით. ეგვიპტელებს მის პატივსაცემად კატა ჰყავდათ სახლში და უვლიდნენ, როგორც დედოფალს, კარგად აჭმევდნენ და ყველა კაპრიზს უსრულებდნენ.
ღარიბების მთვარი დამცველი იყო ღვთაება ბესი – ჯუჯა, მთავარი ღმერთების გამრთობი, ცოტათი მასხარა. მასაც კატის გამოსახულება ჰქონდა, ოღონდ, არა ქალის სხეულით.
იაპონია. ჰოტეი – მსუქანი და მხიარული ღმერთი – ბედნიერების, სიკეთის, წარმატების მომტანი. ჰოტეის ფიგურას ღიპზე უნდა მოუსვა ხელი, სთხოვო, რაც ძალიან გსურს და სურვილი აუცილებლად აგისრულდება.
ძველი საბერძნეთი და რომი. ფორტუნა – ის განაგებდა ჩვეულებრივ მოკვდავთა ბედ-იღბალს. სწორედ აქედან იშვა გამოთქმა – ფორტუნამ მიმტყუნაო.
მებაღეებსა და ხელოსნებს მფარველობდა ბერძნული, ხანში შესული ღვთაება ტიხე – 11 ივნისს ფორტუნას წყალობის მისაღებად იმართებოდა ხოლმე ყვავილებისა და ხილის ზეიმი.
ინდოეთი. ლაკშმი – სიმდიდრისა და სილამაზის ღვთაება. ამ ღვთაებას ყელზე ზანზალაკი ჰკიდია. ის ისე უნდა ჩამოჰკიდო, რომ ხშირად რეკოს, რათა სახლში კეთილდღეობამ დაისადგუროს.
განეშა – სიბრძნისა და კეთილდღეობის ღვთაება. მისი გულის მოგება ძალიან ადვილია: დადგით რამდენიმე სპილო გამოსაჩენ ადგილას – სულ ეს არის.
ხმოვანი ფაქტები
ძალიან საინტერესოა ინფორმაცია ხმების შესახებ – დიახ, სწორედ ხმების, რადგან სმენას და ხმოვან სიგნალებს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში.
მიჩნეულია, რომ ყველაზე დიდი და ძლიერი ხმა აქვს ინდურ ფარშევანგს. მისი გაგონება რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაც შეიძლება. სხვათა შორის, ფარშევანგი შესანიშნავად ასრულებს მოდარაჯე ძაღლის მოვალეობასაც.
ადამიანებს მხოლოდ 5 პროცენტს აქვს ბუნებრივად თანდაყოლილი ისეთი სასიამოვნო ხმა, რომელიც მისაღებია ყველასთვის. დანარჩენებს ისღა დარჩენიათ, მეტი იმუშაონ საკუთარი ხმის ტემბრზე და გახადონ ის უფრო სასიამოვნოდ აღსაქმელი.
იდეალური საუბრის ტემპია წუთში 125-150 სიტყვის წარმოთქმა.
მამაკაცის ხმის საშუალო ტემბრი 120 გეგა ჰერცია, ქალისა გაცილებით მაღალია – 210. ამ შემთხვევაში, ბუნება აშკარად ქალის მხარესაა. თუმცა, რაც უფრო დაბალია ხმის ტემბრი, მით კომპეტენტური გეჩვენება მოსაუბრე.
ფაქტი: კორტებზე თამაშისას ჩოგბურთელი ქალი საშუალოდ 101,2 დეციბალის სიძლიერით ყვირის. ეს დაახლოვებით პოლიციის სირენის ტოლფასია.