კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარა ლენინგრადის ერმიტაჟიდან ქართველმა ქურდმა ლეონარდო და ვინჩის ნახატი

უცნაური გაქცევა

1975 წლის 5 აპრილს მორდოვიის ¹9 შრომა-გასწორების კოლონიიდან 37 წლის ნოდარ ცერცვაძე, მეტსახელად „იაქე“ გაიქცა. ის მთელ საბჭოეთში ცნობილი ქურდი-რეციდივისტი იყო და უბადლო პროფესიონალად ითვლებოდა. ცერცვაძე ხე-ტყის ჭრის სამუშაოებზე იყო გასული, როდესაც ბადრაგის უყურადღებობით ისარგებლა და ჯერ ტყეში შეიპარა, შემდეგ კი იქედან გაიქცა.

იაქეს ასეთ საქციელს უცნაური გაქცევა უწოდეს, რადგან მას ექვსწლიანი პატიმრობიდან სულ რაღაც სამი თვე ჰქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე და მომხდარს ახსნას ვერავინ უძებნიდა.

– როგორც ეტყობა, იაქეს ნერვებმა უმტყუნა და დაგვეთესა. სულელობაა. ახლა სამი თვის მაგივრად, სამი წელი და სამი თვე მოუწევს ჯდომა, როცა დაიჭერენ. თანაც ისევ სუფთა ჰაერზე კი არ გამოუშვებენ, არამედ გაკრიტავენ, – თქვა ¹9 კოლონიის უფროსმა არტიომ სოლოვიოვმა, როდესაც გაქცევის ამბავი შეატყობინეს. „მურის“ ქართველი პოლკოვნიკი, თემურ მესხი კი თავის კოლეგებს მიუბრუნდა:

– ცერცვაძის გაქცევა მხოლოდ ერთი შეხედვითაა უცნაური. იაქე იმის ჩიტი არაა, სამი თვის მაგივრად სამი წელი დაიმატოს. აქ სულ სხვა რამეში უნდა იყოს საქმე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მისი პიროვნება უახლოეს მომავალში, რამე სკანდალურ, მსხვილ საქმეში ამოტივტივდეს. ვფიქრობ, ცერცვაძემ მსხვილი საქმე დაგეგმა ან შეკვეთა მიიღო, მაგრამ, რა? აი, ესაა ჩვენი თავსატეხი…

ინჟინერი კანარეიკინი

იაქეს თანამემამულე პოლკოვნიკი მშვენივრად იცნობდა მას და აბსოლუტურად მართალი იყო, როცა ივარაუდა, ცერცვაძეს მსხვილი საქმე შეუკვეთეს, ან თვითონ გეგმავს რამესო. ნოდარ ცერცვაძის გაქცევა ვინმე იური კანარეიკინის იდეა იყო. ის პროფესიით ინჟინერი გახლდათ და ლენინგრადის ¹31 საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა. გარდა ამისა, კანარეიკინი ანტიკვარიატისა და ძვირფასი ხატების სპეკულაციით იყო დაკავებული, უცხოელებთან ჰქონდა კავშირი და სწორედ მათზე ყიდდა ამ ნივთებს ვალუტაზე. ძვირფას ხატებსა და ანტიკივარიატს კი კანარეიკინი საბჭოთა მოქალაქეებისგან ყიდულობდა და თუკი რომელიმე მათგანი შელახული იყო, ახალგაზრდა მხატვარს, მატვეი სკრიაბინს აკეთებინებდა რესტავრაციას. მას კაპიკებს უხდიდა ამ სამუშაოში, თავად კი საკმაოდ მსხვილ თანხებს იჯიბავდა.

კანარეიკინის მუდმივი უცხოელი კლიენტი იუგოსლავიელი დიპლომატი ზლატან მარიჩი იყო. ის საელჩოში მუშაობდა, თავისუფლად გადაადგილდებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ნაყიდი ნივთები დიპლომატიური ბარგით გაჰქონდა, რომელსაც არ ხსნიდნენ. მარიჩი, სინამდვილეში, შუამავალი იყო და ამერიკელი კოლექციონერის, მილიონერ ჯეიმს ლოიდის შეკვეთებს ასრულებდა. სწორედ ლოიდი იხდიდა ფულს საბჭოეთიდან გასტანილ ნივთებში. ამერიკელ მილიარდელზე ამბობდნენ, რომ მას იატაკქვეშა მუზეუმი ჰქონდა და მსოფლიოში მოპარული შედევრების ათი პროცენტი იმ საიდუმლო მუზეუმში იყო გამოფენილი. ანუ, ლოიდი მისთვის სასურველი ხელოვნების ნიმუშების შეკვეთებს იძლეოდა, მათ კი მთელს მსოფლიოში იპარავდნენ და ლოიდთან მიჰქონდათ შუამავლების მეშვეობით. მარიჩის მსგავსები ლოიდს მთელ მსოფლიოში ჰყავდა დაქირავებული და საკმაოდ ეფექტურადაც ამუშავებდა. მარიჩმა კანარეიკინს ლეონარდო და ვინჩის „მადონა ლიტას“ მოპარვა შეუკვეთა და სანაცვლოდ 700 ათას დოლარს შეჰპირდა. თან უთხრა:

– ჩემი დიპლომატიური სამსახურის ვადა 30 მაისს მთავრდება და სადღაც 25 მაისამდე, სურათი უკვე უნდა მქონდეს, რომ ქვეყნიდან უპრობლემოდ, დიპლომატიური ბარგით გავიტანო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. შეკვეთას თუ შეასრულებთ, ვადებში ჩაეტევით და კუდი არ გეყოლებათ, ფულს სურათის გადმოცემისთანავე მიიღებთ.

ამ საუბრის შემდეგ კანარეიკინმა თავის საყვარელს, ცერცვაძის ცოლს, ალა საიკოს უთხრა:

– თუ შენი მეუღლე გაქცევას მოახერხებს და ერთ შეკვეთას შეასრულებს, მაშინ 30 ათას მანეთს გადავუხდიო.

სწორედ ალა ჩავიდა კოლონიაში იაქესთან, კანარეიკინის სიტყვები გადასცა და გაქცევაზე დაითანხმა. 9 აპრილს ცერცვაძე უკვე ლენინგრადში იმყოფებოდა.

საუკუნის ძარცვა

იაქე გამოცდილი ქურდი და ეშმაკი ადამიანი იყო. კანარეიკინთან შეხვედრამდე, ის ჯერ ერმიტაჟში შევიდა, რომ ის ადგილი დაეთვალიერებინა, სადაც და ვინჩის შედევრი ეკიდა. თანაც, აინტერესებდა, რა ღირდა ეს სურათი და ექსკურსიას შეუერთდა, რომელიც ერმიტაჟის ექსპოზიციებს ათვალიერებდა. როდესაც ექსკურსიამძღოლი „მადონა ლიტასთან“ შეჩერდა და დამთვალიერებლებს ამ ნახატის შესახებ მოუთხრობდა, ცერცვაძემ ჰკითხა:

– რა ღირს ეს სურათი?

– „მადონა ლიტა“, ისევე, როგორც ლეონარდოს სხვა ნამუშევრები, შეუფასებელია, – მიუგო გიდმა იაქეს. იქვე მდგომმა მამაკაცმა კი მას უთხრა:

– ეს სურათი, დაახლოებით, 30-35 მილიონი დოლარი ღირს მსოფლიო ბაზარზე.

ცერცვაძეს გუნებაში გაეცინა და თქვა: „ოცდაათი ათასი მანეთი, ხომ? მე შენ გიჩვენებ, კანარეიკინო, როგორ უნდა მოტყუება“.

მეორე დღეს, კანარეიკინი და იაქე ერთმანეთს შეხვდნენ და კანარეიკინმა მას უთხრა:

– როგორც კი სურათს მოიტანთ, მაშინვე ფულს მიიღებთ და მდიდარი ადამიანი გახდებით.

იაქემ ერთი თვე ითხოვა საქმის გასაკეთებლად, თავად კი ახალგაზრდა მხატვარ რესტავრატორს მატვეი სკრიაბინს ეწვია ბინაში, რომლის შესახებაც მეუღლისგან შეიტყო. მას პროვინციული მუზეუმის დირექტორად წარმოუდგა და უთხრა:

– შეგიძლიათ, „მადონა ლიტა“ დახატოთ და  დააძველოთ?

– დიახ. ამისთვის სამი კვირაა საჭირო და რვაასი მანეთი, – მიუგო სკრიაბინმა იაქეს, რომელმაც მხატვარს 400 მანეთი ჩაუთვალა და უთხრა:

– ეს ნახევარი თანხა, მეორე ნახევარს კი სურათის დამთავრებისთანავე მიიღებთ…

სკრიაბინმა იაქეს 10 მაისს მაღალ დონეზე შესრულებული, დაძველებული „მადონა ლიტა“ მიუტანა და დანარჩენი 400 მანეთი მიიღო. ორი დღის მერე კი, 1975 წლის 12 მაისს ნოდარ ცერცვაძემ ერმიტაჟიდან მადონა ლიტა მოიპარა და ეს ისე გააკეთა, არც სიგნალიზაცია ამოქმედებულა და ვერც ვერავინ შეამჩნია, თუ როგორ გამოიტანა მან ეს მსოფლიოში ცნობილი ტილო მუზეუმიდან.

ქურდული აფერა

1975 წლის 13 მაისს მთელი საბჭოთა მილიცია ფეხზე იდგა და ლეონარდო და ვინჩის უკვდავ ქმნილებას ეძებდა. „მურში“ კი სპეციალური სამძერო ჯგუფი შეიქმნა, სათავეში მას პოლკოვნიკი თემურ მესხი ჩაუდგა. ისინი უშუალოდ იაქეს, იგივე ნოდარ ცერცვაძის ძებნას შეუდგნენ. მათ, ყოველი შემთხვევისთვის, ალა საიკოს ბინასთანაც მოაწყვეს ჩასაფრება. თუმცა მესხს ეეჭვებოდა, რომ იაქე ცოლს ესტუმრებოდა.

სანამ მილიცია იაქეს ეძებდა, მან კანარეიკინის მარჯვენა ხელისგან, 26 წლის გენადი კოზლოვისგან შეიტყო, რომ მისი შეფი ზლატან მარიჩთან იყო დაკავშირებული და პირდაპირ მას ეწვია. და ვინჩის შედევრი ანახა და უთხრა:

– კანარეიკინი თაღლითია, არაა სანდო და მას მილიცია აზის კუდზე. გნებავთ, ჩემგან იყიდეთ ეს სურათი ნახევარ მილიონ დოლარად, ორასი ათასით ნაკლებად, თუ არა და მე თვითონ ვიპოვი კლიენტს.

– კეთილი. მე ოცდაათში მივემგზავრები და სწორედ იმ დღეს შევხვდეთ. მხოლოდ, თქვენ ბათუმში მოგიწევთ ჩამოსვლა. ჩემი გემი „ბროზ ტიტო“ იქიდან გადის. სურათს იქ ჩამომიტანთ და ფულსაც იქვე მიიღებთ.

შეთანხმება რომ შედგა, იაქე კანარეიკინს ეწვია სახლში და 30 ათასი მანეთის სანაცვლოდ, შეკვეთის დუბლიკატი დაუტოვა, თავად კი კონსპირაციულ ბინაში წავიდა და „ფსკერზე დაწვა“.

მეორე დღეს, ანუ 18 მაისს, კანარეიკინი ზლატან მარიჩს დაუკავშირდა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და „მადონა ლიტას“ ასლი მიუტანა, იუგოსლაველმა კი სურათი დაათვალიერა და კანარეიკინს მიუგო:

– ჩემი მოტყუება გინდათ, პატივცემულო? ეს ხომ დუბლიკატია და შვიდასი დოლარიც კი არ ღირს. მორჩა! მე თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტ და აღარ დამიკავშირდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიციას გამოვუძახებ!

კანარეიკინი თავზარდაცემული დაბრუნდა სახლში და მიხვდა, რომ ცერცვაძემ მოატყუა. მაგრამ, რას იზამდა? მილიციაში ვერ განაცხადებდა, იაქესი კი ეშინოდა.

„მადონა ლიტა“

იაქეს პოლკოვნიკ თემურ მესხის ჯგუფთან ერთად უშიშროებაც ეძებდა. „კაგებეს“ კონტრდაზვერვის განყოფილება ზლატან მარიჩზე გავიდა, რადგან იცოდნენ, რომ ის მილიონერ ლოიდთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ივარაუდეს, რომ სწორედ ლოიდის მიერ იყო შეკვეთილი და ვინჩის შედევრის მოპარვა. მარიჩზე თვალთვალი დაწესდა ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ხოლო 30 მაისს, სამშობლოში გამგზავრებამდე ოთხი საათით ადრე, ზლატან მარიჩი მწვანე კონცხზე სათვალიან მამაკაცს შეხვდა, რომელიც უბრალოდ იყო ჩაცმული, ხელში კი ხვეულა ეკავა. სათვალიანი, რა თქმა უნდა, იაქე იყო. მან მარიჩს გაუღიმა და ჰკითხა:

– ფული მოიტანეთ?

– სურათი სადაა? – კითხვითვე უპასუხა მარიჩმა.

– მანქანაში. წამოდით, ფულის სანაცვლოდ სურათს მოგცემთ და ბათუმშიც წაგიყვანთ, – უთხრა იაქემ მარიჩს და ორივენი „ჟიგულში“ ჩასხდნენ, რომელიც ცერცვაძეს მოპარული ჰქონდა.

კონტრდაზვერვამ და მესხის ჯგუფმა, რომლებიც „ჟიგულს“ კუდზე ასხდნენ, უღელტეხილზე მათი კვალი დაკარგეს, რადგან იაქემ მოულოდნელი მანევრი გააკეთა და მდევარს გაექცა. ცერცვაძემ, მარიჩს ფული და საბუთები წაართვა, შემდეგ ტყეში გადაათრია და ხეზე მიაბა, თვითონ კი დიპლომატის პასპორტში საკუთარი სურათი ჩააკრა და გემზე ავიდა, რომელზეც ფული და მოპარული სურათი აიტანა. გამოცდილი ქურდი უცხოეთში გაქცევას, სურათის გაყიდვას და იქ ცხოვრებას გეგმავდა.

კონტრდაზვერვამ და მესხის ჯგუფმა ხეზე მიბმული მარიჩი გემის გასვლამდე ერთი საათით ადრე იპოვეს, ყველაფერს მიხვდნენ და სასწრაფოდ ბათუმის პორტში გაქანდნენ, რომ ცერცვაძე დაეპატიმრებინათ. იაქე, „ბროზ ტიტოს“ გასვლამდე ათი წუთით ადრე კაიუტა ლუქსში აიყვანეს და ფული, 500 ათასი დოლარი, 30 ათასი მანეთი და ლეონარდო და ვინჩის უკვდავი შედევრი, „მადონა ლიტა“ ჩამოართვეს, რომელიც დღესაც ამშვენებს ერმიტაჟის ექსპოზიციას.

P.S. ნოდარ ცერცვაძე გაასამართლეს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ვლადიმირის ციხეში ჩასვეს.

 

скачать dle 11.3