როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბაციკაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ბაცი, ბაციკა.
ბაციკაძეები 1941 წელს ასურეთში გადასახლებულან საცხოვრებლად სოფელ კორტიდან.
ამავე ძირისაა გვარები: ბაცანკალაშვილი, ბაცანიძე, ბაცანაძე, ბაცაცაშვილი, ბაცელია, ბაცელაშვილი, ბაციაშვილი, ბაცილავა და ბაცაცია.
საქართველოში 468 ბაციკაძე ცხოვრობს: თბილისში – 151, გორში – 101, ქარელში – 76. არიან სხვაგანაც.
მსუქნიშვილი
ქართული გვარ-სახელების ერთი ჯგუფი ნაწარმოებია ადამიანის გარეგნობის, ხასიათისა და თვისებების მაჩვენებელი სიტყვებიდან. ამ გზით გვარების წარმოქმნა სხვა ერის ხალხისთვისაც არ არის უცხო.
მსუქნიშვილის გვარის ეტიმოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა ალექსანდრე ღლონტმა და აი, რას წერდა ის: „მეტსახელი მსუქანი გვხვდება გვარში მსუქნიშვილი.”
ამავე ძირისაა გვარი მსუქნიძე.
საქართველოში 240 მსუქნიშვილი ცხოვრობს: თელავში – 146, თბილისში – 41, გურჯაანში – 8. არიან სხვაგანაც.
ბაიდარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაიდო.
ბაიდარი ისტორიული მხარეა ქვემო ქართლში, რომელიც მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გადაშლილ ველებს, დღევანდელი ბოლნისის რაიონის სოფელ არახლოს აღმოსავლეთით. ბაიდარი სოფელია მარნეულის რაიონშიც.
სავარაუდოდ, ბაიდარაშვილი სადაურობის აღმნიშვნელი გვარი უნდა იყოს, ისევე, როგორც დიღმელიშვილი, რაჭველიშვილი, თბილელი, მანგლელი და ასე შემდეგ.
„თონეთელმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა 1875 წელს დიდი ენაგეთის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ჩხიკვთაში მცხოვრებ ანდრია ბაიდარაშვილის ასულ მაგდალინაზე“.
სოფლის მორიგი აკლებისას, საგინაშვილები კახეთში გახიზნულან და იქ ჭავჭავაძეებთან დანათესავებულან. ამას ადასტურებს საფლავის ქვების წარწერები მაწევანსა და სამებაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უკანვე, აღბულაღის რაიონში, დაბრუნებულ საგინაშვილებს კახეთიდან თან წამოუყვანიათ იქაური გლეხები, გვარად ბაიდარაშვილები.
გადმოცემით, ბაიდარაშვილები დაახლოებით ხუთი თაობის წინ გადმოსულან სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგიდან. სოფელში ამჟამად ბაიდარაშვილთა ორი შტოა, კერძოდ: კორელაანი და ზანდარაანი. კორელაანთ თიკუნი მომდინარეობს ოთხი ძმისგან – სოლომონის, ივანეს, სანდროსა და გიგასგან. მათი მამა იყო ზაქრო ბაიდარაშვილი. ამ შტოს შთამომავლები საგინაშვილთა კარის მოსამსახურეები ყოფილან. ურთიერთსიახლოვე საგინაშვილ-ბაიდარაშვილებს ბოლო ხანებამდე შემორჩათ.
ზანდარაანთ ბაიდარაშვილები ჩხიკვთაში, ტბისსა და თბილისში ცხოვრობენ.
საქართველოში 225 ბაიდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 105, თეთრი წყაროში – 85, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
აბაშიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბაშა. მისგანაა ნაწარმოები გვარები: აბაშიძე, აბაშიშვილი და აბაშია.
„თავადი აბაშის შვილნი იყვნენ ძველად ყიფიანნი ეგვიპტის ნაწილითგან. ოდეს მეფესა დიმიტრის ბრძოლასა შინა ეგვიპტელთასა ცხენი მოუკლეს, მაშინ აბაშმან ამან ცხენი თავისი მიართო და განარინა მათ წელსა ქრისტესა აქეთ 1285-სა და, შემდგომად ბრძოლისა, მეფემან მიიღო აბაში იგი მერეთ, შემდგომად მოსვლისა ქართლსა შინა, თანა მოჰყვა აბაში იგი და მეფემან ჯილდოდ უბოძა თავადობა აბაშადვე წოდებით და სომხითსა შინა სამეფოთგან ადგილნი და სოფელნი ორბისის მხარეს და სხვაგან და მუნ ჟამითგან არიან თავადად აბაშად აღიარებულნი გარნა ამა დროსა შინა ასწუდა გვარი მათი და არ ვიღა არიან შთამომავლობანი მისნი.”
აბაშიშვილები ქვემო ქართლში იყვნენ მებატონეები. დავით აბაშიშვილს 1721 წელს ყმები ჰყოლია კიკეთში, გოლთეთში, ფარცხისში, ოშეთში, მჟავისში, გარისში, ეცოში, უკანდაღეთსა და დიაში.
1721 წელს აბაშიშვილი და ეპისკოპოსი იოსებ სააკაძე მანგლისის საეკლესიო მიწისა და იქ მოსახლე გლეხებზე პრეტენზიას აცხადებდნენ და ამის თაობაზე ვახტანგ მეფესთან წარდგნენ.
1785 წელს ლუარსაბ აბაშიშვილმა იოანე ეპისკოპოსს შესწირა სოფელი არმანეთი.
საქართველოში 153 აბაშიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 115, თბილისში – 27, გორში – 11.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით