ხორცი ბოსტნეულითა და ღვინით
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი საქონლის ხორცი, 4 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 200 მილილიტრი მშრალი წითელი ღვინო, 150 გრამი ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი, ოხრახუში, კამა და რეჰანი, 1 სადილის კოვზი სახამებელი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, დააყარეთ ხორცის ნაჭრები და შეწვით ყველა მხრიდან. იმავე ცხიმში მოშუშეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, შემდეგ გადაიტანეთ სქელძირიან ჭურჭელში, დაუმატეთ კანგაცლილი, მსხვილად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და უკვე შემწვარი ხორცის ნაჭრები. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი, მოასხით ღვინო და წამოადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაფაროს, დააფარეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 50 წუთის განმავლობაში. 3/4 ჭიქა ცივ წყალში გახსენით სახამებელი და ნელ-ნელა შეურიეთ კერძს, თან ურიეთ. ხარშეთ დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში.