კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენოთ სახის კორექტორი?
პასუხი: კორექტორი გამოიყენება სახეზე გამონაყარის, თვალების ქვეშ მუქი წრეების ან კანის სხვა ხარვეზების შესანიღბავად.
მკვებავის წასმიდან 20 წუთის შემდეგ, სანამ ტონალურ კრემს წაისვამთ, პრობლემურ ადგილებზე კორექტორით გაიკეთეთ წერტილები ან პატარა ჯვარედინი შტრიხები და საჩვენებელი ან შუა თითის მსუბუქი მოძრაობით გადაანაწილეთ კანზე, 5-10 წუთის შემდეგ კი გადაისვით ტონალური კრემი.
კითხვა: შეიძლება თუ არა თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით?
პასუხი: თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თმას აქვს ცვენისკენ მიდრეკილება, ან, თუ ამ საშუალებებს აქვს სხვა ფუნქციებიც, მაგალითად, თმის ხარისხის გაუმჯობესება. პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები: დაიბანოთ თავი კვერცხის გულით (შამპუნის ნაცვლად) და გვირილის ნახარშით.
კითხვა: გამოიყენება თუ არა ზეითუნის ზეთი სტრიების საწინააღმდეგოდ?
პასუხი: ამ მიზნით გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ზეითუნის ზეთი, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ ხელთ არ გაქვთ სტრიების საწინააღმდეგო სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები.
კითხვა: რა ფერის ლაკი აძლევს ფრჩხილებს იდეალურ ფორმას?
პასუხი: ფრჩხილებს მაქსიმალურად იდეალურ ფორმას აძლებს (და, თან, ყველაზე დახვეწილად ითვლება) ხელის კანის ფერთან მიახლოებული ლაკი, ოღონდ, არა ბრჭყვიალა, არამედ, მქრქალი, დაბინდული. ფრჩხილის ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს კანის ფერს.