კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ევედრებოდა უფალს ჟიული შარტავა და როგორ გრძნობდა ის სიკვდილის მოახლოებას

„მე და შენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. არ მახსოვს, შენ რომელიმე ჩემს თხოვნაზე ან დავალებაზე უარი გეთქვა. ყველაზე საბედისწერო თხოვნა კი იყო ის, აფხაზეთის გადასარჩენად სოხუმში წასვლა რომ გთხოვე. მადლობელი ვარ მე და მთელი ქართველი ხალხი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის სახელით მიიღე ეს დავალება. ერთი რამ არ შეასრულე ჩემი თხოვნიდან და ჩემი ბრძანებიდან, ჟიული – ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, როცა ალყაში ექცეოდა, ალყაში ხვდებოდა მთავრობის სასახლე. მაშინ მე გითხარი: სასწრაფოდ გამოდით!.. რაღაც ძალებიც გადმოგისროლეთ... მაგრამ, შენ არ გამოხვედი მთავრობის სასახლიდან მანამ, სანამ ყველა თანამშრომელმა არ დატოვა შენობა. მე მახსოვს, როგორ დაეცა მსოფლიოში სახელგანთქმული ლეგენდარული ალიენდე – სწორედ ისე, როგორც შენ. შენ საქართველოს ალიენდე ხარ და ასეთად დარჩები ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჩვენს გულსა და მეხსიერებაში...” (ედუარდ შევარდნაძე დემიკო ლოლაძის წიგნში  – „ჟიული შარტავა, უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე“).   

ლონდერ ცაავა: „აფხაზეთში სახელმწიფოს მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობიდან გამომდინარე, უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში თითქმის მუდმივად ვიმყოფებოდი ამ რეგიონში, თუმცა, თბილისშიც ხშირად მიწევდა ჩამოსვლა. სოხუმში დანიშვნის შემდეგ, პირველივე შეხვედრისას, ჟიული შარტავამ მითხრა: „მოდი, შევწყვიტოთ შენი გამგზავრებები თბილისში, შენ მე აქ მუდმივად მჭირდები.” ეს მხოლოდ ნაწილობრივ გახლდათ ხუმრობა, ყველაფერი დანარჩენი ღრმად გააზრებული და აწონილ-დაწონილი იყო და მეც სულ მალე მივხვდი, რომ ნამდვილად საჭირო ვიყავი იქ მისთვის. საქმე საკმარისზე ბევრად მეტი გახლდათ. როდესაც მე ვამბობ, რომ ჟიული შარტავას მოსვლით ბევრი რამ შეიცვალა სოხუმში, არავითარ შემთხვევაში არ უარვყოფ წინა ხელმძღვანელობის მიერ გაწეულ დიდ შრომას, მაგრამ, მისი დანიშვნა დაემთხვა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთდამოკიდებულების ახალ ეტაპს. ადრე, სამხედრო დაპირისპირების პერიოდში, ქალაქ სოხუმის აღდგენასა და რაიმე სახალხო-სამეურნეო პრობლემების გადაჭრაზე ფიქრიც შეუძლებელი იყო. ასევე ახლაც, ჟიულის დროსაც, უმძიმესი მდგომარეობა გახლდათ, მაგრამ, აუცილებელია, იცნობდე იმ პიროვნებას, რომ მიხვდე, თუ როგორ მიაღწია მან ამგვარ შედეგებს... სოხუმში ჩამოსვლისთანავე ჟიული შარტავამ დაიწყო პროგრამისა და მოქმედებების შემუშავება. ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, დაისახა ღონისძიებები როგორც თავდაცვის გასამაგრებლად, ასევე, ქალაქის ცხოვრებისუნარიანობის აღსადგენად… გამონახული იქნა რეზერვები, გაჩნდა პური, ქალაქის ცენტრში მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ამოქმედდა ადგილობრივი ელექტროსადგური, რის შედეგადაც ქალაქის მთელ რიგ რაიონებში აღდგა სინათლის მიწოდება. სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ რამდენად უჩვეულო და გასახარი იყო ეს ერთი წლის ბლოკადაში მყოფი ქალაქისათვის, მით უმეტეს – ხალხისათვის, რომელიც მოკლებული იყო ცხოვრების ელემენტარულ პირობებს და სიცივითა და შიმშილით იხოცებოდა... იგი ყოველთვის განსაკუთრებული პატიოსნებითა და გულწრფელობით გამოირჩეოდა ხალხთან დამოკიდებულებაში, მაშინაც კი, როდესაც სანუგეშებელი და გასამხნევებელი ცოტა იყო... ყოფილი სამსახურის მიხედვით, ჟიული შარტავას იცნობდნენ, როგორც მკაცრ ადამიანს. ალბათ, ეს იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ თავს მთლიანად  სამუშაოს უძღვნიდა და სხვებისგანაც ანალოგიურს მოითხოვდა... ჩვენთვის კი, რეალურად, ცნობილია მისი საკმაოდ რთული პოლიტიკური და შრომითი ბიოგრაფია. ომის მდგომარეობაში მყოფი სოხუმის გარემოცვაში მოხვედრილი, იგი საზოგადოებას მოევლინა და გაიხსნა იმ სახით, რომლითაც მხოლოდ ძალზე ახლობლები იცნობდნენ... 

მისი ტრაგიკული ბედი დღემდე განცვიფრებას იწვევს ჩემში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ტყვედ ჩავარდნილ ჟიული შარტავაზე ხელის აწევაც კი, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. იმისათვის, რომ მე ასე მეფიქრა, სერიოზული საბაბი მქონდა... იგი ყოველთვის იმეორებდა, რომ დატრიალებული უბედურების მიზეზი ცალკეული პიროვნებები იყვნენ და აფხაზები საქართველოში მცხოვრები ისეთივე ერია, როგორც მრავალი სხვა... ცდილობდა, მოეძებნა ის სანდო ძალა, რომელთან ერთადაც შეძლებდა ამ უმძიმესი კონფლიქტის ჩაქრობას. მახსოვს, სოხუმში ყოფნის დროს, ჟიული საკმაოდ დიდხანს გაურბოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოსვლას. მიაჩნდა, რომ ჯერ საქმე უნდა გააკეთო, რათა გქონდეს მორალური უფლება, ილაპარაკო რაიმე შედეგებსა და გამოცდილებაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს მის არაჩვეულებრივ თავმდაბლობასა და დიდი ნიჭზე – ისე გააკეთო საქმე, რომ თვითონ კულისებს მიღმა დარჩე. მე მახსენდება ჟიულის მიერ ცალმხრივ მოლაპარაკებაზე გამოთქმული თვალსაზრისი... მას დიდი იმედი ჰქონდა თავისი აფხაზი მეგობრებისა, რომლებიც მრავლად იყვნენ გუდაუთაში. მათ არწმუნებდა, რომ, არა აქვთ უფლება, დაარღვიონ არა მარტო პირადი მეგობრობა, არამედ, ქართველებისა და აფხაზების მეგობრობა. იგი ასე აზროვნებდა და მსჯელობდა. მოლაპარაკებას აფხაზთა მხრიდან ესწრებოდა საიდ ტარკალი, რომელთან ერთადაც ჟიული შარტავა წარსულში დიდხანს თანამშრომლობდა და ჰქონდა არაჩვეულებრივი თბილი ურთიერთობა. ამ ფაქტს იგი კი არ მალავდა, არამედ, სახალხოდ აღნიშნავდა კიდეც. ასახელებდა სხვა გავლენიან აფხაზ სახელებს, რომლებიც იმყოფებოდნენ გუდაუთის ტერიტორიაზე... სამწუხაროდ, იგი მიტოვებული იქნა თავის მიზნებში და, დარწმუნებული ვარ, სწორედ „მეგობრებმა” შეუწყვეს ხელი დიდი პიროვნების ტრაგიკულ სიკვდილს. არა აქვს მნიშვნელობა, პირადად ტარკალის ტყვიამ იმსხვერპლა ის თუ ვინმე სხვისამ. ნათელია, რომ, უკეთეს შემთხვევაში, მათ არაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, ხოლო, უარეს შემთხვევაში – თვითონ შეუწყვეს ხელი ამ მუხანათურ მკვლელობას. 

26-27 სექტემბრის უმძიმეს დღეებში ჩვენ ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა ის, დისლოკაცია გაეკეთებინა მინისტრთა საბჭოსთვის და გადაეტანა უსაფრთხო ადგილას. პასუხი ასეთი იყო: „მე აქ უნდა ვიყო, რადგან, ხალხი მუდმივად რეკავს და, თუ აღმოჩნდა, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ადგილზე არ არის, შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს და ამას უარესი შედეგებიც მოყვეს.” შიშის შეგრძნება, შეიძლება, სხვადსახვაგვარი იყოს. არსებობს შიში გააზრებული, ესე იგი, შეთავსებული რეალობასთან, მაგრამ, ხდება ხოლმე ისე, როდესაც ადამიანი ამ რეალობას არ იაზრებს და შიგნიდანაც შიშის დაძლევა არ შეუძლია. ჟიული შარტვას თავიდანვე ესმოდა, რომ იმყოფება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე; პირველივე დღიდანვე გრძნობდა, თუ რამდენად არამყარია მისი სიცოცხლის ძაფი და მაინც არ ტყდებოდა სულიერად...”                       

ჟიულის გარდაცვალების ძირითადი ვერსიით, ის გუდაუთამდე არ ჩასულა – ქალაქიდან გასვლისას, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეაჩერეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ დაღუპულთა ცხედრების ნაწილი სწორედ იქაა ნაპოვნი. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო: იმ აფხაზთა შორის, რომლებმაც შტურმით აიღეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭო, სამი აფხაზი იყო, რომლებსაც უნდა გადაერჩინათ ჟიული შარტავაც და მისი  გარემოცვაც. ეს ამბავი ერთ ადამიანს, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს, უამბო ერთ-ერთმა აფხაზმა. გზაზე ისინი აფხაზურმა დაჯგუფებამ  შეაჩერა და ცეცხლი გაუხსნა. ჟიული მანქანიდან გადავიდა საქმის გასარკვევად. მას ის სამი აფხაზიც მიჰყვა. მათ დამხვდურებს აუხსნეს, რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გუდაუთაში არძინბასთან მოსალაპარაკებლად მიჰყავდათ და მას ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა მიცემული. იქითა მხრიდან კი მიიღეს პასუხი, რომ არავითარი ხელშეუხებლობის გარანტია არ არსებობდა და სროლა ატეხეს. პირველად ჟიულის ერთ-ერთ მცველს ესროლეს. ჟიულიმ უთხრა – ამას რას ემართლებითო და მასაც ესროლეს. ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ჟიულის ჯერ ფეხებში, შემდეგ – ცოტა ზემოთ და ბოლოს თავში ჰქონდა ტყვიები მოხვედრილი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა: „ერთ მაგალითს გიამბობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ, შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული (დავითი – ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო. სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ, პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ, ერთი კია – გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია.” ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში”.

 

скачать dle 11.3