„საქართველოს ბანკმა“ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ დააფუძნა
საბანკო ბაზრის ლიდერმა „საქართველოს ბანკმა,” უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. უნივერსიტეტის დაარსების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და საშუალება მისცეს ნებისმიერ მსურველს, დაეუფლოს ფინანსურ ცოდნას მისთვის სასურველ დონეზე.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მოიცავს ბიზნესის სკოლას და თანამედროვე განათლების რამდენიმე ცენტრს: მომხმარებელთა ფინანსური განათლების, სასერტიფიკატო სწავლების, პროფესიული განათლებისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრებს. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ გათვალისწინებულია პროგრამები აბიტურიენტებისთვის, უკვე დასაქმებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რიგითი მომხმარებლებისა და საკუთარი ბიზნესის მფლობელთათვისაც კი. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ სრული დაფინანსება, ასევე, ისარგებლონ უპროცენტო 7-წლიანი სტუდენტური სესხით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის – „საქართველოს ბანკის“ მიერ დაარსებული ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულებაა, რომელიც თავის სიტყვას იტყვის ქართულ საგანმანათლებლო სფეროში. თუ რა პროგნოზებს აკეთებს ბანკის ხელმძღვანელობა ამ კუთხით და რა საშუალებას აძლევს უნივერსიტეტი კურსდამთავრებულებს, გვესაუბრება „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური.
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „საქართველოს ბანკი“ მაღალი სტანდარტების შესაბამის უმაღლეს სასწავლებელს აფუძნებს. ეს არა მარტო კურსდამთავრებულებს შეუწყობს ხელს კარიერულ წინსვლაში, არამედ, დიდ როლს ითამაშებს ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლა 2014 წლის სექტემბრიდან შესთავაზებს სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში. ორწლიანი პროგრამა მრავალი უპირატესობით იქნება გამორჩეული: პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო შერწყმა; ფინანსური განათლება ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებისგან; ჩატარდება საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური პერსონალის ლექციები. რაც შეეხება დასაქმებას, ისინი „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში გაივლიან პრაქტიკას, სადაც მათ მიეცემათ დასაქმების რეალური შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოხდება 50 სტუდენტის მიღება. მათგან საუკეთესო 10 სტუდენტი მიიღებს 100-პროცენტიან დაფინანსებას „საქართველოს ბანკისგან“. შემდეგი 20 სტუდენტი კი – შვიდწლიან, 0-პროცენტიან სტუდენტურ სესხს.
მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრში საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ფიზიკური და იურიდიული პირები უსასყიდლოდ გაივლიან სპეციალურ კურსს ფინანსების მართვის საფუძვლებში. კურსის მოსმენის შედეგად მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ფინანსური რისკების მინიმალიზაციას და საფინანსო დაწესებულებასთან გრძელვადიანი, მომგებიანი ურთიერთობის აგებას. წლის განმავლობაში კურსს გაივლის 1 000 მომხმარებელი.
დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი გულისხმობს ინოვაციური იდეების მქონე მოტივირებული პიროვნებების ხელშეწყობას. სწორედ საუკეთესო იდეების ავტორებისთვის იქნება გათვალისწინებული გრანტების გაცემა. რაც შეეხება სასერტიფიკატო სწავლების ცენტრს, აქ ნებისმიერ მსურველს შესთავაზებენ მოკლევადიან, სპეციალიზებულ სასწავლო კურსებსა და ტრენინგებს ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებით. პროფესიული განათლების ცენტრი დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს ისეთ პროგრამას, რომლითაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებული შეძლებს, დაგეგმოს კარიერა და იყოს წარმატებული თავის პროფესიასა და საქმიანობაში. „საქართველოს ბანკის“ მიერ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ დაფუძნების მიზანი, სწორედ რომ, პროფესიული განათლებისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერაა, ხოლო განათლების სფეროში – მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და ფინანსური ცოდნის მიწოდების ხელშეწყობა.