როდის ხდება ადამიანი მოსიარულე გვამი – სულის გარეშე და რაზე უნდა თქვას მან უარი დიდმარხვისთვის მოსამზადებელ პერიოდში
დიდმარხვა – ეს არის საკუთარი თავის უკეთ შეცნობის პერიოდი – დრო სინანულისა და ცოდვებისგან განწმენდისა; დრო ლოცვისა და მარხვისა; ქველმოქმედების, სხვა სათნოებათა აღსრულებისა. დიდი მარხვა სამ ქვეპერიოდად იყოფა: პირველი – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ოთხ კვირას მოიცავს. ის მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით მთავრდება; მეორეა დიდი მარხვის ძირითადი პერიოდი, რომელიც ექვს კვირას მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება; მესამე პერიოდი კი ვნების შვიდეულია, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ძალიან ბევრი ადამიანი ბრკოლდება და აცხადებს: რისთვის არის საჭირო ამხელა მზადება მარხვისთვის, ასეთი მკაცრი მარხვა, ამდენი მეტანია, აღსარება, ზიარება? მათ კონტრშეკითხვას დავუსვამ: რამდენჯერ შეიძლება, ადამიანმა წყალი დალიოს, საჭმელი ჭამოს? მიპასუხებენ – სანამ ცოცხალიაო. ასე რომ, სანამ ადამიანის სული ცოცხალია, ცისქვეშეთში მყოფი მანამდე უნდა ევედროს ღმერთს, უნდა თქვას აღსარება, მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი სული არ გარდაიცვალოს, არ განეშოროს უფალს. სამოთხეში ადამიანი ჯერ სულიერად კვდება, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, განეშორება ღმერთს, დაეცემა და მერე, შედარებით მოგვიანებით, უფლისგან განშორების შემდეგ, კვდება უკვე ხორციელად, ანუ, ყოველივეს წინ მაინც სულიერი გარდაცვალება უძღვის. ამიტომ, რომ არ ვიყოთ ცოცხალი, მოსიარულე გვამები – სულის გარეშე, კარგად უნდა მოვემზადოთ და დავიცვათ დიდი მარხვა. დიდმარხვას წინ უძღვის მეზვერისა და ფარისევლის კვირა. ამ დროს ქრისტიანმა უნდა გააცნობიეროს, არის თუ არა ის მზად, შეინახოს მარხვა; არის თუ არა მასში სიმდაბლე, სინანული. ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე ან სურვილი სიმდაბლისა, ბუნებრივია, მას არანაირი მარხვა არ სჭირდება და არ სჭირდება მას მაცხოვარი. ერთადერთი ცოდვა, რითაც ადამიანი სამოთხეში დაეცა, ხოლო ანგელოზი – სასუფეველში, ეს იყო მედიდურობა, ეს იყო საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულება, მოხიბვლა საკუთარი მდგომარეობით, ღმერთისგან განშორება, ღმერთის გარეშე ღმერთობა. ადამიანი უნდა ევედრებოდეს ღმერთს და აღიარებდეს საკუთარ ცოდვებს. მთელი აღდგომის მარხვის განმავლობაში შენდობა ითხოვეთ ადამიანებისგან, უარი თქვით სიზარმაცეზე, ულოცველობაზე, მარხვის არშენახვაზე, უზიარებლობაზე, იყავით თავმდაბლები, ითხოვეთ სიმშვიდე, სიყვარული, არ განიკითხოთ სხვა, იპოვეთ საკუთარ თავში ცოდვები და უფალი ამ ყველაფერს ასმაგად მოგაგებთ; მეორე კვირა – ეს არის უძღები შვილის კვირიაკე. „უძღები“ – დაკარგულს, გაძევებულს ნიშნავს; ეს არის ადამიანი, რომელიც დაღუპული, წარწყმედილი იყო, მაგრამ, მიხვდა თავის დანაშაულს და დაბრუნდა მამასთან. თუ ადამიანი საკუთარ თავში ჯერ სიმდაბლეს მოიძიებს, მერე მოიპოვებს, ჩავარდება სინანულში, ექნება სურვილი, დაბრუნდეს მამასთან, ის დაბრუნდება ეკლესიაში, ღმერთთან.
– მნიშვნელოვანია თუ არა ამ პერიოდში საეკლესიო ლიტერატურის კითხვა?
– მოძღვართან შეთანხმებით უნდა წაიკითხოთ საეკლესიო ლიტერატურა, ეფრემ ასურის ცხოვრება, რომლის ლოცვის წაკითხვის გარეშე დიდმარხვა წარმოუდგენელია. ამ ლოცვის მთავარი შინაარსი საკუთარი ცოდვების დანახვაა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სული. თანამედროვე ადამიანები ხშირად ვართ ჩავარდნილი უსაქმურობის ცოდვაში, რომლისგან დახსნასაც შევთხოვთ უფალს ამ ლოცვის დასაწყისში. აქ საუბარია არა მხოლოდ ხორციელ უსაქმურობაზე, არამედ, სულიერზეც, როდესაც არ ვლოცულობთ, არ ვადიდებთ უფალს, არ ვმარხულობთ. ჩვენი სულიერი უმოქმედობა იწვევს ჩვენს ფიზიკურ უმოქმედობას და ეს, თავის მხრივ, მრავალ ცოდვას წარმოშობს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის მიმომწვილველობა, ანუ, მოწყენილობა. ეფრემ ასურის ლოცვაში, ასევე, ნახსენებია მთავრობისმოყვარეობა. ამ ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს ნებისმიერი, ვინც, დიდებისმოყვარეობისკენაა მიდრეკილი; სურს, რომ ყველა მის გარშემო ტრიალებდეს და, რადგან ეს ასე არ ხდება, ის უკვე ვარდება მრისხანების ცოდვაში, მრისხანება კი წარმოშობს ცუდმეტყველებას: საერონი ხშირად ბილწსიტყვაობენ, ხოლო სასულიერონი მრავლისმეტყველებაში ვვარდებით. ლოცვის მომდევნო მუხლებში ვითხოვთ, რომ უფალმა მოგვმადლოს: სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა. რადგან ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა, ის აუცილებლად უნდა იყოს წმინდა. უფალი ამას მოითხოვს ჩვენგან: „წმიდა ვარ და წმიდა იყავით თქვენც.” ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას სიწმინდით იწყებს და, როდესაც გარდაიცვლება, ის უფალს სიწმინდით მიეახლება. თუ ადამიანი სიწმინდით არ ცხოვრობს, რაც არ უნდა გააკეთოს, მას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს უფალთან, სიწმინდეში კი მხოლოდ სულიერი სიწმინდე არ იგულისხმება, ადამიანი გარეგნულადაც უნდა იყოს მოწესრიგებული; ის სულზეც უნდა ზრუნავდეს და ფიქრობდეს და საკუთარ სხეულზეც, რომელიც უფლის ტაძარია. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ თავმდაბლები და ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, ეს სიწმიდიდან, უფლის სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს. ასევე, უნდა წაიკითხოთ ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც იკითხება მარხვის პირველ კვირაში, ხუთშაბათამდე. ამ ყველაფრის კითხვის გარეშე ქრისტიანებისთვის ძნელია ეკლესიური ცხოვრება.
– ბევრი ადამიანი მარხვის შუა პერიოდში ითხოვს მარხვის დაწყებას.
– საკმაოდ ბევრი მოდის მარხვის შუაში ან ბოლოს და გვეუბნება, რომ პურზე და წყალზე შეინახავს მარხვას და, თუ ჩაეთვლება ეს მარხვად, თუ იქნება ის უფლისთვის სათნო. რა თქმა უნდა – არა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაგიური ქრისტიანები. დღესდღეობით არსებობს ხალხური მითოლოგიური მართლმადიდებლობა – ეს არის მართლმადიდებლობის საფარში შენიღბული ხალხური, ლეგენდური შეხედულებები, რომლებიც ძალიან ფესვგადგმულია ადამიანების გონებაში. მათზე შეიძლება ითქვას – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. დღეს ქრისტიანები ყოველგვარი აღსარების, ზიარების გარეშე, პურსა და წყალზე იტანჯავენ თავს, ბოლოს კი არც ეკლესიაში მოდიან და, თუ მოდიან – მხოლოდ აღდგომას, ლიტურგიაზე, მხოლოდ ხატის გამობრძანებას თუ დაესწრებიან, შემდეგ კი ისევ უბრუნდებიან ცხოვრების წარმართულ წესს. როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ქრისტიანობა არის მიბაძვა საღვთო ბუნებისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მიეცა საღვთო ბუნება. მასში თავისუფალი ნება ბუნების ნაყოფია, ხოლო არჩევანი – მისი პიროვნების. თუ შენ ხარ ადამიანი, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა შეინახო მარხვა და გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა, რომ იყო ქრისტიანი. თუ გინდა, რომ იყო ქრისტიანი, უნდა შეინახო მარხვა. მინდა, ყველას შევახსენო იოანე ოქროპირის სიტყვები: ის ხალხი, ვინც საერთოდ არ დადის ეკლესიაში, თუ მართებულად, სწორად იმარხულებს დიდმარხვაში, ღმერთი მთელი წლის ცოდვებსაც შეუნდობსო. მაგრამ, დღეს ქრისტიანები უფლის მიერ დადგენილ მარხვებს ისეთი დამშვიდებული სინდისით არღვევენ და არ ასრულებენ, თითქოს უმნიშვნელო საქმეს ეხებოდნენ. ვნებათა შორის ყველაზე ბუნებრივი არის ნაყროვანება, რადგან ის წარმოიშობა ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან. შიმშილსა და წყურვილს გრძნობს ყველა ნორმალური ადამიანი, მაგრამ, არანორმალურად მიღება საკვებისა, სასმლისა, ნორმალურ მოთხოვნილებას გადააქცევს უნორმოდ, ბუნებრივის საწინააღმდეგოდ. ბიწიერად ნაყროვანება, ესე იგი, უნორმო კვება, ბუნებრივად აღძრავს ხორციელ, გადაგვარებულ სურვილებს. ამ გზით იშვება ყოველგვარი ბილწი აზრი, სურვილი, ოცნება. ჩვენი ცხოვრების მატერიალური წარუმატებლობა კი გვაგდებს მრისხანებაში, გვეუფლება მწუხარება და სასოწარკვეთილება. მრისხანებისგან წარმოიშობა ყველა ცხოვრებისეული ცოდვა, რომელიც ვლინდება ნერვიულობით, თავშეუკავებლობით, შფოთვით, ჩხუბით, გაბოროტებით.