ღვთისმშობლის სასწაული
1931 წელს, მიძინების დღესასწაულის წინ, კუნძულ პაროსზე შორეულ მდელოსთან მეთევზეთა სამმა ჯგუფმა მოიყარა თავი, რომლებიც ღამღამობით პაროსსა და ნარკოსის კუნძულებს შორის წყლებში თევზაობდნენ.
იმ ღამით კიდევ ერთი ჯგუფი დარჩა ყურეში. მეთევზეებმა სმა გააჩაღეს. როცა დათვრნენ, გინება და ღვთისმშობლის სახელის შეურაცხყოფა დაიწყეს. მათი დაწყნარება ვერც პორტის მცველმა და ვერც ტავერნის მეპატრონემ ვერ შეძლეს.
უეცრად ზღვა აღელდა. ნახევარი საათის შემდეგ მთის სიმაღლის ტალღა წამოიმართა, მეთევზეთა ნავები შეათრია ზღვაში და შემდეგ ისეთი საშინელი ძალით გამოტყორცნა ისინი ხმელეთზე, რომ მათგან მხოლოდ ნაფოტები დარჩა.
როცა ზღვა დაწყნარდა, ჰორიზონტზე კუნძულ ნაკსოსიდან მომავალი გემი გამოჩნდა. ხმელეთზე გადმოსულმა კაპიტანმა გაკვირვებით მოათვალიერა გემების ნამსხვრევები და იკითხა:
– როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ზღვა ხომ სრულებით წყნარი იყო?!
– ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულია! – მიხვდა ერთ-ერთი მეთევზე.
უმრავლესობა დაეთანხმა, მაგრამ, ორმა-სამმა ბიწიერმა ირონიულად დასძინა:
– ეს ქარბორბალა იყო.
ერთმა მეთევზემ, სახელად გრეგორი ლიაკურმა, შემდეგი დაამატა:
– რის სასწაული! სად აქვს მაგდენი ძალა ღვთისმშობელს, რომ ჩვენ, მეთევზეებს გვდიოს!
ეს თქვა და გაეშურა იმის სანახავად, თუ რა მოუვიდა მის ნავს. როცა ნამსხვრევების გროვა დაინახა, გადააფურთხა, კიდევ ერთხელ შეურაცხყო ყოვლადწმიდა ქალწული და დასაძინებლად წავიდა.
ის-ის იყო, დაწვა ზედ ნაპირზე, რომ სიზმარ-ცხადში მის წინ მთელი სიმაღლით წარდგა ღვთისმშობელი, მიუახლოვდა მის საწოლს და უთხრა:
– შვილო ჩემო, რატომ მაძაგებ?
– რას ლაპარაკობ? – გაბრაზდა ის, – საერთოდ არ გიცნობ. როდის მიძაგებიხარ?
– თუ შენ მე არ მიცნობ, მაშინ, გამუდმებით რატომ მლანძღავ?
ამ სიტყვებისთანავე, გაღიზიანებული ღვთისმგმობი წამოხტა ფეხზე და შეეცადა, მივარდნოდა მას, მაგრამ, ვერაფერი მოახერხა – მისი ფეხები მუხლამდე სილაში ჩაეფლო. მეთევზემ პირჯვარი გამოისახა და კვლავ ცხადლივ დაინახა ღვთისმშობელი და გაიგონა მისი სიტყვები:
– მიდი ჩემს სახლში, ასკარას მონასტერში, რომელიც კუნძულ პაროსზე, პარიკიის დასახლებაშია. მიდი და თაყვანი მეცი მე!
თითქმის იმავე წამს გაეშურა ლიაკური ღვთისმშობლის ბრძანების შესასრულებლად. ასკარაში მან მზის ჩასვლის შემდეგ ჩააღწია. იგი მიიჭრა ყოვლადწმიდა ქალწულის ხატთან და მის ღვთაებრივ პირისახეში თავის ჩვენებაში ნანახი ქალბატონი შეიცნო. იგი მუხლებზე დაეცა და ზედიზედ რამდენიმე საათი ილოცა.
მხოლოდ მომდევნო დღეს დაბრუნდა ლიაკური შორეულ მდელოზე. იქ მას ახალი სასწაული ელოდა: ყველა გემი, მათ შორის მისი ნავიც, მთელი და უვნებელი იდგა ნაპირთან.