რატომ აერია ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება და როგორ ეძებს 63 წლის დედა წყალტუბოს სამშობიარო სახლიდან 1970 წელს გაშვილებულ ვაჟიშვილს
63 წლის თინათინ ვადაჭკორია (ფსევდონიმი) ეძებს 44 კაცს (შვილს).
ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს, რომელიც 1970 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია, რადგან, გაჩენიდან მეცხრე დღეს გამაშვილებინეს. როგორც მახსოვს, ჩემს შვილს ტუჩის ქვემოთ ხალი ჰქონდა (ჩემსავით); ასევე, იყო შავგვრემანი. სავარაუდოდ, მაღალი უნდა იყოს. ჩემს ბიჭს მთელი ცხოვრება ვეძებ, მაგრამ, აქტიურად მისი მოძებნა მხოლოდ 8 წლის წინ გადავწყვიტე, როდესაც გამიჩნდა რაღაც საშუალება, რომ მას, საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარო. თავად მე ამჯერად უცხოეთში ვიმყოფები, მაგრამ, თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს.
– მოგვიყევით თქვენი ისტორია, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში და რა მიზეზით გააშვილეთ ბავშვი.
– 17 წლის ვიყავი, როდესაც ჩემზე უფროსმა ბიჭმა (რომელიც მაშინ 21 წლის იყო), შემაცდინა. მომატყუა, ვითომ უცოლშვილო იყო და ძალადობაც კი იხმარა, ერთი სიტყვით, გამაუბედურა. ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან მიჭირს და თქვენ პირველი ადამიანი ხართ, ვისთანაც ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე. დავორსულდი, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვეში გავიგე. მუცელი მთელი ორსულობის განმავლობაში საერთოდ არ მეტყობოდა, თან, გამოუცდელი ვიყავი. მოხდა ისე, რომ, ჩემი ორსულობის დროს, მომიტაცა სულ სხვა კაცმა. მე არ მინდოდა გათხოვება, ჩემი სანერვიულო მქონდა, მაგრამ, ის ადამიანი არ შემეშვა და ცოლად შემირთო. საკმაოდ წარჩინებული ოჯახის დედისერთა შვილი იყო. მე ერთი სული მქონდა, ვინმესთვის მაინც მეთქვა ეს ამბავი, მაგრამ, ასეთი ადამიანი მხოლოდ ჩემი და იყო, რომელიც გათხოვდა და იმ დროს ისიც ორსულად იყო. 1970 წლის 9 აგვისტოს დამეწყო მშობიარობა და წყალტუბოს სამშობიარო სახლში გამიჩნდა მშვენიერი ბიჭი – 3,5 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი. მძიმე მშობიარობა მქონდა. მთავარმა ექიმმა, კაპიტო საღარაძემ მამშობიარა ვაკუუმით. ყველამ გაიგო, რომ ბავშვი, ჩვეულებრივად, 9-თვიანია და ატყდა მთელი ამბავი. მოდიოდნენ, მემუქრებოდნენ. ჩემი მეუღლის ერთ-ერთმა ნათესავმა ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მომაყენა სამშობიარო სახლშივე. მე შეშინებული გადავეფარე ჩემს პატარას – ვაითუ, ბავშვს ავნოს რამე-მეთქი. ერთი სიტყვით, ჯოჯოხეთი გამოვიარე. შემდეგ მამაჩემი ჩამოვიდა. მე ვევედრე მას, არ მივეტოვებინე და ბავშვთან ერთად შევეკედლებინე, რაზეც ის დამთანხმდა, მაგრამ, ორ დღეში დედაჩემი ჩამოვიდა, რომელიც ძალიან მკაცრი იყო (ამჟამად ის ცოცხალი აღარაა) და ვერაფრით დავიყოლიე. დღემდე ვნანობ, იმ სამშობიარო სახლიდან რომ არ გადავხტი და თავი არ მოვიკალი. ჩემს შვილზე უარი დამაწერინეს. მთავარი ექიმი მეუბნებოდა: ბავშვს სიყვითლე აქვს და ვერ მოუვლი. დატოვე და გავაშვილებთ, ასე აჯობებსო. სხვა გზა არ მქონდა და დავტოვე (ტირის). მას შემდეგ ჩემი ბიჭი არ მინახავს.
– აქამდე თუ ეძებდით?
– დღე არ გასულა მას შემდეგ, მე რომ მისთვის არ მელოცა. მისი პოვნა სულ მინდოდა, მაგრამ, ისე მიჭირდა, რომ, ვფიქრობდი, ახლა მე არაფრის მიცემა არ შემიძლია და, რომ ვიპოვო, იქით არ წამომაყვედროს, რისთვის მეძებდიო. რვა წლის წინ გამიჩნდა საშუალება და, შემიძლია, ჩემს შვილს დავეხმარო.
– მის გარდა შვილი არ გყავთ?
– ამ ამბის შემდეგ სამი წელი იყო გასული და ისევ ის კაცი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში (ჩემი ცხოვრების სატანა), რომელმაც მითხრა: მე ვიცი, სად არის ჩვენი შვილი და, თუკი ჩემთან ერთად იცხოვრებ, გეტყვიო. მე ჩემი შვილისთვის ყველაფერზე წავიდოდი და ისევ მოვტყუვდი. დავორსულდი და გოგო მეყოლა. ამჟამად ჩემს ბიჭს ჰყავს ღვიძლი და, რომელსაც მისი პოვნა ასევე ძალიან უნდა. რაც შეეხება იმ კაცს, ის გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან და, მიუხედავად მისი არაერთგზის ვედრებისა, არ მიმიღია. უცხოეთიდან წელს ჩამოვედი, სულ რამდენიმე დღით და ვცადე, რაიმე მაინც გამერკვია ჩემი შვილის შესახებ, ამაში ჩემი და მეხმარებოდა. გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ბებიაქალი, შურა კინწურაშვილი, რომელიც ჩემს მშობიარობას ესწრებოდა, ცოცხალია. მასთან მივედით. ის ამჟამად საკმაოდ ასაკოვანია, მაგრამ, გადასარევად გაიხსენა ჩემი ისტორია. მისგან გავიგე, რომ ჩემი ბიჭი ძალიან მალე წაუყვანიათ – შენი გასვლა სამშობიაროდან და მისი აღმზრდელი მშობლების მოსვლა ერთი იყოო. ბავშვს კაცმა მოაკითხა, რომელიც საკმაოდ ასაკოვანი ჩანდა. მანქანამდე მე მივიყვანე ბავშვი. კარგად მახსოვს, ფულიც კი არ მაჩუქაო. შურამ ყველაფერი გაიხსენა, მითხრა, შენნაირი ისტორია სამშობიაროს არ ახსოვდა. საერთოდ, როდესაც ბავშვის გაშვილება იგეგმებოდა, ყველანი საქმის კურსში ვიყავით, მაგრამ, შენს შემთხვევაში, მთავარ ექიმს, კაპიტოს, ჩვენთვის არაფერი უთქვამს. შურამ ისიც კი გაიხსენა, როგორ ვევედრებოდი და რა სიტყვებს ვეუბნებოდი მამაჩემს (ტირის). ასევე, ისიც თქვა, რომ შენმა მშვიდმა შვილმა მაშინ დაიწყო ტირილი, შენ რომ სამშობიაროდან გახვედი, მასთან ერთად კი მთელი პერსონალიც ვტიროდითო. შურას ისიც კი ახსოვდა, რომ მე ჩემს შვილს სამახსოვროდ ფრჩხილები და თმა დავაჭერი.
– ამჟამად სად გგონიათ თქვენი შვილი?
– არ ვიცი, მაგრამ, რატომღაც, ქუთაისში მგონია. ის 44 წლის კაცი უნდა იყოს და, იმედი მაქვს, გაკვრით მაინც გაუგია თავისი ისტორია. არ ვიცი, შეიძლება, მას ჩემ შესახებ სულ სხვა ინფორმაცია აქვს, მაგრამ, იმედი მაქვს, მაინც გამომეხმაურება. მე მისგან მხოლოდ ის მინდა, რომ შორიდან მაინც მოვკრა თვალი, ხოლო, იმ შემთხვევაში კი, თუ მას რამე უჭირს, შემიძლია, დავეხმარო. ქუთაისში ჩემი შვილი იმიტომ მგონია, რომ წყალტუბოსთან ახლოსაა და, ის კაციც, ვისაც ის უშვილებია, სამშობიაროში მალევე მისულა ჩემი წასვლის შემდეგ.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.