ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვის ეწოდება უღირსი მემკვიდრე და რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს მემკვიდრე უღირს მემკვიდრედ ცნობილი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, არც კანონით და არც ანდერძით, მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას; ანდა, ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ჩამოერთმევათ თუ არა კანონით მემკვიდრეებს მემკვიდრეობის უფლება, თუ ისინი თავს არიდებენ, მონაწილეობა მიიღონ იმ პირის რჩენასა და მოვლაში, რომლის მემკვიდრეებადაც ითვლებიან?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან, აგრეთვე, ის პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი. მოცემულ შემთხვევაშიც, რჩენაზე თავის არიდების ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული უნდა იქნეს სასამართლო წესით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს კანონით მემკვიდრე პირის უღირს მემკვიდრედ აღიარების მოთხოვნით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლოსთვის პირის უღირს მემკვიდრედ აღიარების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს და, შესაბამისად, პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება ხდება იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს იმ მემკვიდრის უღირს მემკვიდრედ აღიარება სასამართლოს მიერ, რომელმაც უკვე მიიღო მემკვიდრეობა და ცხოვრობს კიდეც მემკვიდრეობით მიღებულ სახლში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ პირი სასამართლოს მიერ უღირს მემკვიდრედ იქნება ცნობილი სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის მოვალეა, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო, ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, წინასწარი გამოძიებისთვის კანონით რა ვადაა დადგენილი, როდესაც პირი ბრალდებულია და რა შედეგები მოჰყვება ამ ვადის დარღვევას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. შესაბამისად, პირისთვის ბრალის წარდგენიდან 9 თვის ვადაში უნდა დასრულდეს წინასწარი გამოძიება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში უნდა შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება დაკავებულ პირს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ხოლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა, მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე იხილავს და წყვეტს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა საკითხებს იხილავს სასამართლო ბრალდებული პირის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით: არკვევს ბრალდებულის ვინაობას; არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა; ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისთვის საჩივრის შეტანის უფლებას; ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახესა და ზომას; არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას; ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.