რა ჰქონდა მობეზრებული თიკო სადუნიშვილს და რა ოცნება აისრულა მან
შოუ-ბიზნესი, თუკი მსგავსი რამ საერთოდ არსებობს, გამოღვიძების გზას ადგას. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან, „თბილისი ლაივი” ეთერში ბრუნდება. როდესაც თიკო სადუნიშვილმა და ალინა არველაძემ ამ გადაცემის კეთება დაიწყეს, გარშემო მყოფები „მკვდარ თბილისში” მის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ, შედეგმა არა მხოლოდ სკეპტიკოსების, არამედ, თავად ავტორების მოლოდინსაც გადააჭარბა. ამჯერად „თბილისი ლაივს” სტუდია „დის ფიქჩერზი” „რუსთავი 2-ისთვის” დაამზადებს ძველი შემადგენლობით და, პროდიუსინგში, ალინა არველაძესთან ერთად, სტუდიის ხელმძღვანელი დათო იმედაშვილიც იქნება. როგორც დათომ გვითხრა, დიდი ხანია, მას გადაცემის დაბრუნების სურვილი ჰქონდა და ამის შესახებ მოლაპარაკებები იყო „იმედთანაც”, მაგრამ, საბოლოოდ, „რუსთავი 2-ზე” გადაწყდა. დაბრუნება გუნდმა ხმაურიანი ივენთით გადაწყვიტა. „რეინბოუ ფართი” კლუბ „მედუზაში”, ვალენტინობის ღამეს უამრავ სხვადასხვა ასოციაციას იწვევდა, რომელთა შესახებ თავად თიკოსაც ვესაუბრეთ.
– რატომ „რეინბოუ ფართი” სექსუალური უმცირესობების დროშა და დროშის ფერებში შემოსილი სტუმრები? ეს ხმაურიანი დაბრუნებაა?
თიკო სადუნიშვილი: ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და ვიფიქრეთ, ივენთის გაკეთების დროს როგორ მოგვეხერხებინა ისე, რომ მოსული სტუმრები ლამაზად და ფერადად ჩაცმულები ყოფილიყვნენ, რაც კადრში ძალიან ლამაზი იქნებოდა. ქართველებს გვიყვარს შავი ფერი და, გვინდოდა, ეს აგვეცილებინა თავიდან. ჯერ ვიფიქრეთ, რომ ფერადი მაისურები დაგვერიგებინა, მერე – დრეს-კოდი ყოფილიყო, ბოლოს კი ალინას გაუჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო „რეინბოუ,” ანუ, „ცისარტყელა ფართი”. წვეულების მოსაწვევის უკანა მხარეს იყო გადასაფხეკი, რომლის გადაფხეკვის შემთხვევაში ნახულობდი ფერს, რომელიც უნდა ჩაგეცვა. მოკლედ, ყველა ადრესატს თავისი განსაკუთრებული დრეს-კოდი შეხვდა. ცოტა ინტრიგაც რომ ჩავაგდეთ, ესეც ძალიან მომწონს. ცისარტყელა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების დროშა არ არის, თავის დროზე ჰიპების დროშაც იყო, მაგრამ, თუ ადამიანებს ეს ასოციაცია გაუჩნდებათ, ძალიან კარგია. თუ ბევრმა უკვე გაიგო, რომ ეს გეების დროშაა, წინ წავსულვართ და, თუ მაინც მოვლენ, ეს ხომ უკვე ძალიან დიდი პროგრესია...
– ის ადამიანები არიან დაპატიჟებული, რომლებიც შენს ობიექტივში ყვებოდნენ?
– აბსოლუტურად მთელი შოუ-ბიზნესი. ეს ივენთი გავაკეთეთ იმისთვის, რომ, მინიმუმ, პირველი გადაცემის მასალა გვქონოდა. არ ვიცი, ჩვენ არ გვპატიჟებდნენ ამ ორი წლის განმავლობაში თუ მართლა არაფერი ხდებოდა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ფაქტია, რომ ხმაურიანი წვეულებების შესახებ არაფერი გამიგია. რამდენჯერმე ვიყავი რაღაც ღონისძიებაზე მიკროფონის გარეშე და, უამრავი ის ადამიანი, ვინც ჩვენს კამერებში ხვდებოდა, მართლა არ შემხვედრია. გადაღების დაგეგმვა რომ გვინდოდა, ვფიქრობდით, სად წავსულიყავით, ხდება თუ არა რამე თბილისში, სად შევყაროთ ეს ადამიანებიო და, აღმოვაჩინეთ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.
– როგორც წეღან გავიგე, გადაცემის დაბრუნება გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის.
– თითქმის დავბრუნდით. უბრალოდ, არხის ხელმძღვანელობას, ალბათ, მაინც აინტერესებს, ნახოს, როგორ ფორმაში ვართ და, დაინახოს, რა ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია.
– „რუსთავი 2-ზე” მთელი გუნდით დაბრუნდი?
– დიახ. არხს აქვს ეს გამოცდილება, თუნდაც, გიორგი ლიფონავას გუნდთან მუშაობა. ეს გადაცემა კეთდება „დის ფიქჩერზის” ბაზაზე და გადის „რუსთავი 2-ზე”. იმედი მაქვს, „თბილისი ლაივი” კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე „იმედზე” იყო.
– როგორი იყო ეს ორი წელიწადი, რა მოგცა ამ პერიოდმა?
– მობეზრებული მქონდა ასე ცხოვრება, უფრო სწორად, არც ვცხოვრობდი, სულ ვმუშაობდი, სულ გადაღებები მქონდა. თავიდან, პირველი ექვსი თვე, პირიქით, მიხაროდა, რომ გადაცემა დაიხურა. ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რაც ოცნებად მქონდა და მანამდე ვერანაირად ვერ ვახერხებდი. ამ პერიოდში ვაკვირდებოდი სიტუაციას, ქართულ არხებზე თვალყურს ვადევნებდი ამა თუ იმ გადაცემას და, აღმოჩნდა, რომ შოუ-ბიზნესი ისეთი მოსაწყენი გახდა, ია ფარულავაც კი გათხოვდა. გადაცემა, დარწმუნებული ვარ, უფრო მაგარი გამოვა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ პირველად მისი კეთება 2011 წელს დავიწყეთ, ახლა კი უკვე 2014 წელია და, მინიმუმ, ივენთები უნდა შეესაბამებოდეს დროს. ბევრად უფრო საინტერესო ღონისძიებები გაკეთდება.
– შენ როგორ ფორმაში ხარ?
– ნელ-ნელა ჩავდგები. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გამიჭირდა, პირველ გადაღებაზე მორიდებულად ვიდექი კამერასთან. ორმა წელმა მაინც თავისი ქნა... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებ. არა უშავს, გპირდებით, რომ ფორმაში მალე ჩავდგები.
– ამ პერიოდის განმავლობაში ინტერვიუებისგან თავს იკავებდი.
– რაზე უნდა მელაპარაკა?! ძირითადად აინტერსებდათ ჩემი პირადი ცხოვრება ან პოლიტიკური შეხედულებები. ვის შეიძლება, აინტერესებდეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები, ან, რამდენი შეიძლება ვილაპარაკო ამ თემაზე?! თუ ადამიანი სახლში ზის და არ მუშაობს, იმის არც პირადი ცხოვრება აინტერესებს ვინმეს და არც პოლიტიკური შეხედულებები. ძალიან მწყინდება სხვების ასეთი ინტერვიუების კითხვა და მე რატომ უნდა გავაკეთო იგივე?!
– რეალურად, ხდება რამე პირად ცხოვრებაში?
– არა, ზუსტად ისეთივეა, როგორც ორი წლის წინ.
ალინა არველაძე: როდესაც გადაცემას პირველად ვიწყებდით, ყველა გვეუბნებოდა, რა უნდა გადაიღოთ, როცა ამ ქალაქში არაფერი ხდებაო. მაგრამ, ალბათ, მაყურებელმა კარგად დაინახა, რომ საკმაოდ საინტერესო რაღაცეები ხდებოდა ჩვენ გარშემო. ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა ახლა. სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ ეს პატარა ღონისძიება, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ პირველი გადაცემა იქნება ცოცხალი და ისეთი, როგორი განწყობის გადაცემებიც გვინდა რომ ვაკეთოთ.
– ახალი რა იქნება?
– გადაცემა იქნება იმავე სტილის, მაგრამ, გაკეთდება უფრო დიდი გამოცდილებით, ვიდრე თავიდან გვქონდა. ახალი იქნება შემართება, უფრო მეტი პასუხისმგებლობა. დასვენების დროს ბევრი ფიქრის საშუალება გვქონდა, უამრავი რამ ვისწავლეთ ჩვენს შეცდომებზე. ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებდით სწორად და რას – არა. ახლა ვეცდებით, მთელი ეს დაგროვილი გამოცდილება კარგად გამოვიყენოთ.
– ვიცი, რომ ტანსაცმლის მაღაზიაც გახსენი..
– დიახ. სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა ეს ამბავი. წინა პერიოდმა ისე გაიარა, ჩემს ცხოვრებაში რამე ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ არ მახსენდება. გასული წლის ბოლო თვეებში დავიწყე ბიზნესი, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ვფიქრობ და, უკვე 2014 წელს, სრულიად მოულოდნელად, დავბრუნდით ტელევიზიაში ჩვენი გადაცემით.