ვისთან აპირებს „ბლატაობას“ მარიკო ებრალიძე და რა ოცნება აუსრულდა მას წლების შემდეგ
მაისის თვეში მარიკო ებრალიძე და ჯგუფი „შინი“ „ევროვიზიის“ კონკურსზე გაემგზავრებიან. როგორც სხვა წლებში, წელსაც საქართველოს ამ მასშტაბურ კონკურსზე ღირსეული მონაწილეები წარადგენენ: განსხვავებული სახით, ქართული ელემენტებითა და სუპერპროფესიონალიზმით.
– მარიკო, გილოცავ. ძალიან გამიხარდა, რომ ჯგუფ „შინთან“ ერთად, სწორედ შენ გაემგზავრები „ევროვიზიაზე“. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპაც საქართველოდან ძალიან კარგ, წარმატებულ, მაღალი კლასის ნომერს იხილავს.
– ვერ ვიტყვი, რომ ამაზე არ ვოცნებობდი, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან რეალობაში ეს წარმოუდგენელი, არარეალური მეჩვენებოდა. ამაში ძალიან დიდ შრომას, ძალისხმევას დებენ და მე უცებ, ყოველგვარი ძალისხმევისა და წვალების გარეშე, დამიძახეს: წამოდი, „ევროვიზიაზე“ იმღერეო. თან ისეთ არაჩვეულებრივ, ბუმბერაზ, ბრძენ მუსიკოსებთან ერთად, როგორიც ჯგუფი „შინია.“ ეს კი ჩემთვის ასმაგი დაფასება და რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. ბიძაჩემი მეუბნებოდა, „ევროვიზიაზე“ რომ წახვალ, მერე მებლატავეო. ცოტა ხნის წინ დედამ გამახსენა ეს სიტყვები და ბიძაჩემს ვეუბნებოდი: აი, ახლა უნდა ვიბლატაო-მეთქი. ჩემი წარმატებებით სულ ამაყობდა, ყველაფერი ძალიან უხაროდა. მუსიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ბიზნესმენია. ვაღიარებ და ვიტყვი, რომ სმენა საერთოდ არ აქვს, თუმცა უნდა, რომ იმღეროს. სამაგიეროდ, სულით, გულით ჩართულია ამ ყველაფერში. ჩვენთან სახლში, ოჯახში, საგვარეულოში, დედის, მამის მხრიდან, ყველა მღერის. მარტო ეს ვერ მღერის და თავფეხიანად ჩართულია ჩემს მუსიკალურ საქმეში: მზესუმზირა არ ჭამო, ცივი წყალი არ დალიო, მიფრთხილდება.
– ანუ აკონტროლებს შენს რაციონს?
– მაკონტროლებს – კარგი სიტყვაა, რადგან ზუსტად ასეა. დედა მეუბნება: მარიკო არ გინდა, ის კი მეუბნება: არ შეიძლება, ეს არ უნდა გააკეთო. მეც ვცდილობ, არ ვჭამო მწარე, ცხარე, ცივი. ცივს ზაფხულშიც არ ვსვამ, ერთადერთი, ნაყინზე ვერ ვამბობ უარს. ისიც წელიწადის ერთ სეზონზე მაქვს მხოლოდ დღესასწაული, გამონათება – ზაფხულში ვჭამ ნაყინს, გავუთამამდები ხოლმე.
– ეს ცოტა რთული არ არის?
– ჩემი პედაგოგი, ოთარ ტატიშვილი, არა მხოლოდ მუსიკალური პედაგოგი, კარგი ფსიქოლოგიცაა, ძალიან კარგად გვიდგებოდა და ბევრი კარგი რამ გვასწავლა. გაკვეთილზე რომ მივიდოდით, მხოლოდ მუსიკით არ შემოვიფარგლებოდით. გვესაუბრებოდა, როგორ უვლიდნენ ცნობილი ადამიანები თავს, როგორ ცხოვრობდნენ. ბევრ რამეში, ხშირად მაგალითად მოჰყავდა თამრიკო გვერდწითელი. „მზიურს“ თითქმის მთელი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი და თამრიკო არასად, არასდროს არ ჭამდა ნაყინს და არ სვამდა ცივ წყალს – ხვალ კონცერტი მაქვსო. ეს კარგად მქონდა დამახსოვრებული. ამიტომაც, ის, რომ ნაყინს არ ვჭამ, ცივ წყალს არ ვსვამ, ჩემთვის ტრაგედიას არ წარმოადგენდა.
– მომიყევი ახლა, როგორ გადაწყდა შენი „ევროვიზიაზე“ გამგზავრების ამბავი და თავად როგორ გაიგე ეს სასიამოვნო სიურპრიზი?
– ერთი ის ვიცოდი, რომ წარდგენილი იყო „შინი“ და შემდეგ საუბარი იყო ვოკალისტზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე ამირჩიეს. დამირეკეს და აღარ მახსოვს: ტელეფონში მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ თუ ტელევიზიაში. ერთი ის ნამდვილად იყო, რომ წამებში აღმოვჩნდი საზოგადოებრივ მაუწყებელში. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, მეტი არაფერი მახსოვს. რომ მითხრეს: მიდიხარო, ესეც ვერ გავიაზრე ბოლომდე. მერე კი მოხდა სასწაული: სოფო გელოვანს ხელში ეჭირა სიგელი. მე ფოტოებს ვუღებდი, რომ მერე ინსტაგრამზე დამედო. უცებ ტელეფონში, გადაღებულ ფოტოზე დავინახე წარწერა: მარიკო ებრალიძე და „შინი“. მაშინ ავტეხე ერთი ამბავი: ეს მე ვარ, მე მივდივარ „ევროვიზიაზე?!“ უცებ მესმის: ვაიმე, რა კარგი გოგოა, სასწრაფოს დაურეკეთ... მგონი მარიკო გაგიჟდა, რა გოგო გვეცლება ხელიდან.. ისეთი არაადეკვატური ვიყავი, ისეთ ემოციებში... სიცილი, რომ დამაყარეს, მერე მივხვდი ყველაფერს. ნამდვილად არ მეგონა, რომ ეს მოხდებოდა და ოცნება ამისრულდებოდა. ადამიანისთვის მთავარია, წარმატებისკენ, დაფასებისკენ მიდიოდეს და გინდა ეს „ევროვიზია“ იყოს და გინდა რაიმე კონტრაქტი. მთავარია, შენს საქმეს აკეთებდე. ეს ნიშნავს, რომ შენს საქმეში რეალიზიებული ხარ, შრომა გიფასდება. ყოველთვის ვამბობ: მათ, ვინც ჩემზე ლოცულობს, ერთხელ მაინც გაუვლიათ გულში: მარიკო „ევროვიზიაზე“ გაუშვანო, მათი ლოცვა შეისმინა ღმერთმა. ის ძალა, რომელიც მათ ჩემ მიმართ მომართეს, ვეცდები, „ევროვიზიაზე“ წარდგენით დავუბრუნო და გავამართლო მათი იმედები.
– „შინთან“ ერთად მუშაობით ძალიან ბევრ რამეს ისწავლი.
– წყნარად და მშვიდად ვარ, რადგან მათგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი. ეს იქნება ჩემთვის მუსიკალური, შემოქმედებითი უსასრულო ზრდა. როცა მუსიკოსს, ბრძენ ადამიანებს ხვდები, მასთან რამდენიმესაათიანი ან წუთიერი ურთიერთობაც კი, მერე მთელი ცხოვრება გაგყვება. წარმოიდგინე, მე მათთან ერთად უნდა ვიმუშაო მთელი სამი თვე და ამ სამი თვის მერე რა იქნება, ეს კიდევ არავინ იცის. ასე რომ, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში – ბევრი პერსპექტივით, წარმატებით, კარგი მომენტებით დატვირთული. მინდა, ძალიან კარგი ფაქტი გავიხსენო: რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე შევხვდი ბატონ ზაზა მიმინოშვილს. მივესალმეთ ერთმანეთს, მომიტრიალდა და მითხრა: ძალიან კარგი გოგო ხარო – მანამდე მომისმინა იმ საღამოზე და ასე შემაფასა. არ იცი, რა დამემართა: გავწითლდი, მადლობა გადავუხადე და შემდეგ მეუბნება: ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, რა თქმა უნდა, სცენაზეო. ახლა, როდესაც ერთმანეთს „სკაიპით“ ჩავერთეთ, რომ „ევროვიზიისთვის“ მოვემზადოთ, მითხრა: გახსოვს, მე შენ რა გიწინასწარმეტყველეო. სასწაულად გამიხარდა, რომ მას ეს ფაქტი ახსოვდა. შემდეგ ისიც მითხრა: ამქვეყნად არაფერი ხდება შემთხვევითო.
– როდის მიდიხარ გერმანიაში?
– ამჟამად სამუშაო რეჟიმში ვარ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სიმღერა იქნება ძალიან ღირსეული, კარგი, ქართული ელემტებით, ჩემს სტილში, „შინის“ სტილში, ფოლკის, ჯაზის ნაზავი. ასევე, გათვალისწინებული იქნება ის ტენდენციები, რაც „ევროვიზიისთვის“ არის მნიშვნელოვანი, იქნება შოუს ელემენტები, სადღესასწაულო, ენერგიული. რაც შეეხება ჩემს გამგზავრებას, 19 თებერვალს მე და მამუკა მეგრელიშვილი, მუსიკალური პროდიუსერი, ჩავალთ გერმანიაში, ვეწვევით „შინს“, რომ გავაკეთოთ სიმღერა. შემდეგ, რომ დავბრუნდებით, დავიწყებთ რეპეტიციებს. როგორც კი „შინი“ საბოლოო სახეს მისცემს სიმღერას, საქართველოში ჩამოვლენ და დავიწყებთ კლიპებზე, ფოტო-სესიებსა და ყველა იმ საჭირო მასალაზე მუშაობას, რასაც „ევროვიზიის“ ფორმატი ითხოვს.
– მზად ხარ იმისთვის, რომ მთლიანად „ევროვიზიის“ სამზადისში ჩაერთო.
– 24-საათინი რეჟიმით ვარ მუშაობისთვის განწყობილი. არაფერი და ვერაფერი შემიშლის ხელს. ჯერჯერობით სხვა არაფერი მჭირდება. საქართველოს სახელი გაგვაქვს ევროპაში და ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, რაც კარგად მაქვს გაცნობიერებული.
– როგორც ვიცი, აქამდე კონკურსებში არ მიგიღია მონაწილეობა.
– არა, ყოველთვის ვფიქრობდი: მათ გაეკეთებინათ არჩევანი. მინდოდა, კომპეტენტურ ხალხს გადაეწყვიტა, რომ მე ვიყავი ღირსეული. საბოლოოდ, ეს პერიოდიც დადგა. ვაჟა მანიამ მითხრა ძალიან ადრე: მარიკო, მოვითმინოთ და ყველაფერი იქნებაო. ახლა, ბოსტონიდან რომ მომილოცა, მითხრა: მარ, ჩვენ გზაზე დავდექითო. მე არანაირი ძალა არ დამიხარჯავს იმისთვის, რომ მეთქვა: მე წამიყვანეთ, მე ვარ ღირსეული და კარგი-მეთქი. თუმცა, ასეთი ადამიანებიც არსებობენ და ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, მე ასეთი თვისება არ მაქვს. ეს რაღაცეებში კი მწევს უკან, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ხომ გაგიგია: „ობლის კვერი ცხვა, ცხვა და ბოლოს გამოცხვაო“. მთავარია, გამოცხვა, თან კარგად, ნოყიერად, ხარისხიანად, ძლიერად.
– როგორი განწყობა გაქვს?
– საქართველო, ბოლო შვიდი წელია, ძალიან ღირსეულად იღებს ამ კონკურსში მონაწილეობას. ასე რომ, დიდი სურვილი და ამბიცია მაქვს გავიმარჯვო და მომავალ წელს აქ ჩატარდეს კონკურსი. ბასა და თამრიკო ფოცხიშვილები აკეთებენ კლიპს, სცენოგრაფიას, რეჟისურას. ბასამ მითხრა: თმას ხელი არ ახლოო და ერთადერთი, რაც არის, ეს წონაა. ცოტა მინდა, დავიკლო. ყველაფრისთვის მზად ვარ: ფეხებით ჩამომკიდეთ – გავძლებ. წინ სამი თვე გვაქვს მოსამზადებლად. წარმოიდგინე, ხვალ რომ იყოს კონცერტი, შეიძლება, გული გამსკდომოდა და გარდავცვლილიყავი. „ევროვიზიის“ სცენა – ეს არის ზვიგენის ხახა. ამიტომ, ეს მოსამზადებელი პერიოდი ძალიან კარგი იქნება იმ შედეგისთვის, რასაც დავდებთ.