როგორ არ აძლევს თავს ნაადრევად დაბერების უფლებას სალომე ბაკურაძე და რატომ არ შეუძლია მას „ისე რა“ ურთიერთობა ადამიანებთან
მუდამ ენერგიული და ხალისიანი სალომე ბაკურაძე ის ადამიანია, ვისაც მეგობრებში ნამდვილად გაუმართლა. თუმცა, ეს მისი დამსახურებაცაა, რადგან, საკმარისია, მის გვერდით აღმოჩნდე, მაშინვე იგრძნობ, რომ მასთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით გავსებს, ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავ და ყოველდღიური პრობლემებიც თითქოს სადღაც ქრება. როგორც გავიგეთ, სალომეს პირად ცხოვრებაში სიახლეებია, თუმცა, გადავწყვიტეთ, ეს საკითხი თავად მასთან გადაგვემოწმებინა. მართალია, ამ თემებზე საუბარს ის თავს არიდებს, მაგრამ, ფაქტია, თვალები ეშმაკურად უციმციმებს და სიყვარულის ნაპერწკლებიც აშკარად შესამჩნევია.
სალომე ბაკურაძე: ყოველთვის ვამბობ, ბედნიერი ადამიანი ვარ-მეთქი, რადგან, გამიმართლა ოჯახში, მეგობრებში, საქმეში. სახლიც ვიყიდე და ახლა დამოუკიდებლად, მარტო ვცხოვრობ. ჩემს თავზე ვამბობ ხოლმე, პატარა სახლის პატარა დიასახლისი ვარ-მეთქი. პატარა სახლი კია, მაგრამ, სტუმრად მოსული ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ და უხარიათ ჩემთან ყოფნა. ჩემი დაქალები მეხუმრებიან, შენ რომ დამოუკიდებლობა გინახავს, ისეთი ამერიკას არ უნახავსო, „ლიბერტას” მეძახიან (იცინის). მართალია, ჯერ საკუთარი ოჯახი არ მაქვს, მაგრამ, მეგობრები არ მტოვებენ მარტოს, სულ ჩემ გვერდით არიან და მათ გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. გამიმართლა მეგობრებში და ვფიქრობ, ეს ჩემი ჯილდოა, რაც ღმერთმა მაჩუქა. ხშირად ვამბობ, ჩემი წარმატების დიდი პროცენტულობა, ის ემოცია, რასაც ვატარებ, ჩემი გრძნობები და ჩემი ცხოვრების სტილი და, თუკი რამე კარგი გამაჩნია, ოჯახის წევრებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩემი მეგობრების დამსახურებაა. თითოეული მათგანი მეამაყება და, ეს, დამიჯერეთ, უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არ არის. ზუსტად ისე განვიცდი მათ ამბებს, როგორც ისინი განიცდიან ჩემსას. თუ დასჭირდათ, ყველაფერს გადავდებ მათთვის და თავდაყირა დავდგები. ასე რომ, ჩემში ძალიან ბევრი ადამიანი ზის მეგობრის სახით. ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებიც და, მინდა გითხრათ, ჩემშიცაა ეს ორივე. თუმცა, მე წყენას თუ სიხარულს გულში არ ვიტოვებ და ეგრევე გამოვხატავ. თუ გული მტკივა, დელიკატურად, დიპლომატიურად ვეუბნები ამას იმ ადამიანს, ვისზეც გული მწყდება, მაგრამ, თუ მიხარია, როგორ გამოვხატავ ემოციას, კი მოგეხსენებათ (იცინის). ვფიქრობ, დადებითი ემოციის თუ წყენის ასე გამოხატვა სწორია, რადგან, ყველაფერი რომ გულში დავაგროვო, გავხდები ბოღმა, გამომერევა ჭაღარა და ადრე დავბერდები (იცინის), ამიტომ, მირჩევნია, ვთქვა და ამოვყარო გულიდან ემოციები.
– დავიჯერო, დეპრესიული მომენტები არასდროს გაქვს?
– ვიცი, რომ დეპრესია ხანგრძლივი და რთული დაავადებაა და, ღმერთმა ქნას, ეს არ გამოვცადო. თუმცა, მქონია მომენტები, როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ვცდილობ, გავაანალიზო რა მოხდა და როგორ გამოვიკეთო განწყობა. შეცდომაზე უნდა იფიქრო და მიხვდე, სად დაუშვი ის, თორემ, დავჯდე, ჩავარდე დეპრესიაში და თმა ვიკრიჭო – არ მჩვევია, ეს გამოსავალი არ არის. მეგობრები ამ დროსაც ძალიან მშველიან.
– ესე იგი, უამრავი მეგობარი გყავს და ყველას ერთნაირად ენდობი?
– მე ასეთი ხასიათი მაქვს: თუ ძალიან ახლოს არ ხარ ჩემთვის, ესე იგი, ჩემიანი არ ხარ. ანუ, ადამიანთან „ისე რა” ვერ ვიქნები. „უწუ-პუწუ” ურთიერთობები საჩემო არ არის და, ვინც ჩემ გვერდითაა, მათ თვალდახუჭული ვენდობი. მორიგეობაა დაწესებული, რომელი დარჩება ჩემთან (იცინის). სამი უახლოესი და ხუთი „ისე რა” მეგობარი ჩემთვის არ არსებობს, ისინი ყველა შეუფასებელი განძია ჩემთვის და ერთი ასეთი, თიკა მახალდიანი ჩემთან ცხოვრობს – არ ვუშვებ სახლში (იცინის). ასე რომ, მეგობრებშიც გამიმართლა, საკუთარი ბინაც ვიყიდე, დაკავებულიც ვარ – ხუთ ადგილას ვმუშაობ, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და, როგორ მაქვს უფლება, ვთქვა, არ ვარ ბედნიერი-მეთქი?! თან, როცა, ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ცხენის წელი რაღაც უცნაურად კარგად დაიწყო. ჩემ გარშემო ყველას და, მეც მათ შორის, ახალ წელს გვქონდა განცდა, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად იქნებოდა, ჯერჯერობით მართლაც ასეა და, იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, პირადი ცხოვრება ხომ ყველა ადამიანისთვის მთავარია? სხვათა შორის, შენზე გავიგე, შეყვარებულიაო.
– ენერგია არ მაკლია, მაგრამ, როცა შეყვარებული ვარ, უფრო აქტიური ვხდები, ცხოვრება მიხარია და ვგიჟდები ირგვლივ ყველაფერზე. თუ მიყვარს, ორმაგდება ჩემი გრძნობები და ემოციები; ვგრძნობ, ცხოვრების სტიმულს, არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლახავ და პრობლემა, რომელსაც ვერ გადავჭრი. სიყვარული მთავარი მოტივაციაა ცხოვრებაში – გააკეთო ყველაფერი და წამი არ გაუშვა მის გარეშე.
– ეს წამი შენს ცხოვრებაში ახლა დგას?
– ეს წამი რომ არ იდგეს ჩემს ცხოვრებაში, ამდენს არ ვილაპარაკებდი (იცინის), თუმცა, პირადზე არ მინდა საუბარი, ხომ ხვდებით? ყველა მეუბნება: თვალები სხვანაირად გიციმციმებს, გაგიორმაგდა ენერგია და, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კვლავ შეყვარებული ხარო. ნამდვილად, არის ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთვისაც თვალებიც მიციმციმებს და რომელიც ჩემთვის ყველაფერია. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო ამ თემაზე.
– ისე, არ ჯობია, ამაზე თვითონ ისაუბრო და მერე ჭორებისგან დაიზღვიო თავი და გული არ გატკინოს ათასმა მითქმა-მოთქმამ?
– ჭორებს მიჩვეული ვარ (იცინის). სავარაუდოდ, წელიწადში 365 დღეა და ყოველდღე მათხოვებენ. ხან ვის მივყვები ცოლად და ხან – ვის, ისე, რომ ეს მეც არ ვიცი და ისეთ მამაკაცებს, ვისაც არც კი ვიცნობ. არადა, ვინმე გათხოვილა ისე, რომ არ გაეგოთ? არც ჩემი დაიმალება (იცინის). ეს ჭორები ჩემზე არ მოქმედებს, რადგან, არც ერთი მათგანი ბოროტული არ ყოფილა, ანუ კონტრაბანდისტი არ გავუხდივარ ვინმეს. გავიგე, რომ 60 წლის მამაკაცს გავყევი ცოლად, თან, ბავშვი მყავს და ვმალავ, მაგრამ, ამაზე მხოლოდ ვიცინე. აბა, დეპრესიაში ხომ არ ჩავვარდები? თუ ცნობილი სახე ხარ, აინტერესებთ შენი ცხოვრების დეტალები. არ მგონია, ვინმე იჯდეს და ჩემზე ბოროტ ჭორებს თხზავდეს. უბრალოდ, ერთი ერთ სიტყვას იტყვის, მეორე მეორეს მიამატებს და ჭორიც გორდება. ასე რომ, ჭორს არ დავუზარალებივარ (იცინის).
– ახლა სიყვარულის რა ეტაპზე ხარ?
– გიპასუხებთ, რომ ახლა კარგად ვარ და, ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი (იცინის).
– სალომე, ამბობენ ეჭვიანი ყოფილხარ. ეს ასეა?
– თუ საყვარელ მამაკაცზე ვეჭვიანობ, ამაზე გულახდილად ვეუბნები მას და არ ვუმალავ. თუ ეჭვი მაქვს, აუცილებლად გავარკვევ. მე გულახდილი ურთიერთობები მიყვარს და იმავეს მოვითხოვ, ერთი-ერთში. თუ კარგად არ დავრწმუნდი გრძნობებში, ადამიანში და, ზოგადად, სიყვარულში, ისე ნაბიჯს ვერ გადავდგამ. დაოჯახების კი არ მეშინია, უბრალოდ, მინდა, კარგად დავრწმუნდე და ისე გადავდგა ეს საპასუხიმგებლო ნაბიჯი ცხოვრებაში. კიდევ ვამბობ, რომ, თუ გავთხოვდი, პირველად ჟურნალისტები გაიგებთ, არ დაგიმალავთ (იცინის).