რა ინფორმაცია ჩამოაქვს თოვლის ფიფქს და როგორ იკვრება წყლის დახმარებით ადამიანის გარშემო მანკიერი წრე
ის, რომ წყალს განსაკუთრებული თვისებები აქვს, არავისთვისაა საიდუმლო. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებებს შორის არის ის, რომ წყალს როგორც დადებით, ასევე უარყოფით სიტყვებზე შეუძლია რეაგირება და სტრუქტურის შეცვლაც კი. ამის შესახებ განსაკუთრებული კვლევები იაპონელ მეცნიერს, მასარო ემოტოს აქვს ჩატარებული. მიღებული შედეგები კი, მართლაც გასაოცარი და ძალიან საინტერესოა.
გიორგი ღამბაშიძე: ოცდამეერთე საუკუნეში წყლის თვისებებით დაინტერესდა იაპონელი მეცნიერი მასარო ემოტო. მან ჩაატარა ასეთი ცდები: იღებდა სხვადასხვა წყაროდან წყალს, შეისწავლიდა მას მიკროსკოპის ქვეშ და მერე ამ წყალზე ახდენდა ზემოქმედებას. შემდეგ ყინავდა და ასე აკვირდებოდა, თუ როგორ იცვლებოდა მისი მოლეკულური სტრუქტურა. იმ დროს, როდესაც მასარო წყალს ეუბნებოდა მადლობას, სასიყვარულო სიტყვებს, თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, წყალი იღებდა შესანიშნავ სტრუქტურას, ხოლო, როცა ლანძღავდა, ბოროტ ზრახვებს აწვდიდა, მაშინ მისი სტრუქტურა მთლიანად იშლებოდა.
– როგორ რეაგირებდა წყალი მუსიკაზე?
– რადგან სიტყვა თავისთავად ვიბრაციაა, ამიტომაც მასარო ემოტოს მოუვიდა აზრად, წყალზე ზემოქმედებისთვის გამოეყენებინა ვიბრაციის სხვადასხვა საშუალება. მან ამ საქმეში ჩართო მუსიკაც. კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ, წყალი, ფაქტობრივად, იღებდა გასაოცარ ფორმებს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მან წყალს მძიმე როკი მოასმენინა, წყლის სტრუქტურა მთლიანად დაირღვა. ის, რაც მასარო ემოტომ აღმოაჩინა, დიდი ხანია, ცნობილი იყო მაგების, შამანებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის. მაგრამ, ამ ფაქტში ის არის აღსანიშნავი, რომ მასარო ემოტოს მიერ აღმოჩენილი წყლის კარგი სტრუქტურა ექსაგრამს მოგაგონებდათ. თან, რაც მთავარია, არც ერთი არ ჰგავდა მეორეს. მათ რომ შეხედავთ, არ შეიძლება, არ გაგახსენდეთ ფიფქი. უფალმა ადამიანი სამებით დაადგინა: ფიზიკური სხეული, სამშვინველი და სული. შეგვიძლია, წყალიც ამ თანმიმდევრობით განვიხილოთ და გავაანალიზოთ. ნებისმიერ ჩვენგანს მაშინვე გაგვახსენდება ადამიანის, სამების მსგავსად, წყლის სამი მდგომარეობა, რომლითაც ის ბუნებაში ავლენს თავს. მყარი, ანუ ფიზიკური სხეულის მსგავსი – ეს არის ყინული. თხევადი – მსგავსი სამშვინველისა და აირადი – მსგავსი სულისა. თუმცა, მსგავსება იგივობასა და ტოლობას არ ნიშნავს. ფიზიკური სხეული ყველასთვის გასაგებია, მაგრამ სამშვინველისა და სულიერი გამოვლინების გასაგებად, გამოვიყენოთ სხვა სიტყვები. სამშვინველი უფრო გრძნობაა, ემოციაა, უფრო ასტრალური სუბსტანციაა, სულიერება კი ცნობიერებითა და ცოდნით ვლინდება, ისევე, როგორც უფლის სიტყვა შეიმოსა და განკაცდა ადამიანთა წინაშე.
– როგორც ცნობილია, დედამიწის 70 პროცენტი წყლისგან შედგება, ისევე, როგორც ადამიანის ორგანიზმი.
– მაგალითისთვის ვიტყვი, რომ დედამიწაზე ყველა დიდ ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნებში რა ინფორმაციაც დევს, ყველაფერი, შეუძლია, წყლის ოთხმა მოლეკულამ დაიტიოს. წარმოიდგინეთ, 70 პროცენტი რამდენ ინფორმაციას დაიტევს. ანუ, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, თუ რამე მომხდარა, ან რომელიმე ადამიანს, საერთოდ, თავში აზრად გაუვლია, მთელ ინფორმაციას წყალი ინახავს. მდინარეებში, ზღვებში, ტბებში წყალი ორთქლდება. მას თან მიჰყვება ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ სისტემას გაივლის და შედეგ ხდება საოცარი რამ: ზეციდან უფალი თოვლის სახით მოგვივლენს უამრავ ფიფქს, რომელთა სტრუქტურაც მასარო ემოტოს მიერ მიღებული დადებითად დამუხტული წყლის სტრუქტურული ასლია. დღევანდელ ნავიგაციაში და საერთოდ, საიდუმლო სამსახურებში, მუშაობენ სხვადასხვა ელექტრომაგნიტურ ველზე და ვიბრაციაზე. აღმოჩნდა, რომ, როცა წვიმა მოდის, ოკეანის ზედაპირს წყლის წვეთები ეხება, მეცნიერებს ხელი ეშლებათ ვიბრაციის დაფიქსირებაში. ანუ, ოკეანის ზედაპირზე წვიმის წვეთების დაცემა ზუსტად იმავე სიხშირეს გამოსცემს, რასაც უცხო ქვეყნის რადიოლოკაციური სისტემა. ერთ-ერთი მომდევნო დაკვირვების დროს, როცა წვიმა მოდიოდა და ოკეანის ზედაპირზე წვიმის წვეთების დაცემის ხმას იწერდნენ, უცებ ამინდი შეიცვალა – ჯერ წამოვიდა სეტყვა, შემდეგ თოვლი. მეცნიერებმა დააფიქსირეს, როგორი ხმა აქვს თოვლის ფიფქის დაცემას წყლის ზედაპირზე – როგორც სახანძრო მანქანა მოდის შორიდან, დიდი გუგუნით ჩაგვივლის და შემდეგ დაგვშორდება, ხმა კი ისევ ჩაწყნარდება. მეცნიერებმა ამ ხმას „ფიფქის სიკვდილის ხმაც“ უწოდეს. ანუ, როდესაც ფიფქი ეცემა, პირობითად რომ ვთქვათ, კვდება, მაშინ რაღაც ინფორმაცია თავისუფლდება, ანუ თოვლის ფიფქს ჩამოაქვს რაღაც კარგი ინფორმაცია. ზოგადად რომ ვთქვათ, წყალზე ზეგავლენას ახდენს მთვარე, ზღვების, ოკეანეების მიქცევა, მოქცევა. წყალი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი რაოდენობით თავის ტვინშია, ანუ გარემო ცვლილებები, მთვარის ფაზები, დიდ გავლენას ახდენს თავის ტვინზე. ეს ხდება ფიზიკურად, ანუ ელექტრომანიტური ველის დონეზე. როგორც უკვე აღვნიშნე, წყალს აქვს ინფორმაციის შეთვისების უნარი. როდესაც თქვენ თხევად საკვებს მიირთმევთ, რომელიც წყალზეა დამზადებული და ამ დროს გაქვთ ძალიან ცუდი განწყობა, რაღაცაზე ხართ გაბრაზებული, თქვენს სხეულს ამით აძლევთ ინფორმაციას, რომ ეს განწყობა უფრო გაგრძელდეს. ანუ, მანკიერი წრე იკვრება. თქვენ ხართ ცუდ ხასიათზე, მიირთმევთ ცუდი ემოციით გაჟღენთილ საკვებს და დგებით უფრო ცუდ გუნებაზე. რაც უფრო ცუდ ხასიათზე ხართ, მით უფრო მეტად მოგდით ცუდი აზრები. აზრს თავისი რხევები აქვს და ამას წყალი ისევ იმახსოვრებს. ადამიანები ხშირად ამბობენ: შავ ზოლზე ვდგავართ, ერთ უბედურებას მეორე მოჰყვებაო. ჩვენ თვითონ ვხდებით ღია სისტემა იმისთვის, რაც გარშემო ხდება, ანუ საკუთარ თავში, ხშირად ჩვენდაუნებურად, გაუცნობიერებლად ვუკეთებთ აკუმულირებას ამ ცუდ ენერგიას. ჩვენ ვიცით სამყაროს კანონი – მსგავსი მიიზიდავს მსგავსს. აქედან გამომდინარე, თუ ბევრი ცუდი ენერგიაა ჩვენში დაგროვილი, ის გარშემოც იმ ვიბრაციას ეძებს, რაც იმ მომენტში მისთვის ადვილად აღსაქმელია. მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ ხდება ყველაფერი ცუდი ჩემს თავსო.
– როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან, როგორ ვიმოქმედოთ დადებითად ჩვენს ორგანიზმზე?
– ნაკურთხი წყალი ისეთ სტრუქტურას შეიცავს, რომ მისი მიღებისას ადამიანის ორგანიზმში კარგი ინფორმაცია შედის. დაახლოებით 26-28 წამში ეს ინფორმაცია უკვე ყველა უჯრედშია, რადგან სისხლი, რომელშიც 92 პროცენტი წყალია, ამ დროში დაახლოებით ერთ წრეს აკეთებს. თქვენი ცუდად ყოფნა საათების განმავლობაში თუ გაგრძელდა, წარმოიდგინეთ, უჯრედებს ამ ცუდის შესახებ რამდენჯერ მიეწოდება ინფორმაცია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას.
– ეს წყლის სმაზეც აისახება? როგორ შეიძლება, ვიმოქმედოთ წყალზე?
– თუ წყალს ცუდი განწყობით დალევთ, შეიძლება, პირიქით, უფრო მყარად ჩაწეროთ ცუდი ინფორმაცია და ამან ურწმუნოებაში გადაგაგდოთ. წყალზე ზემოქმედების არანაირი მაგიის ცოდნა არ არის საჭირო. შეიძლება, ადამიანს ცოდნა იმისთვის დასჭირდეს, რომ ენერგია გაიძლიეროს და წყალზე ზემოქმედების ხარისხი ამაღლდეს, თორემ წყალი ყველასთვის ერთნაირად მიმღებია. მეტსაც გეტყვით: ალბათ, გსმენიათ, რომ ცუდი სიზმრის შემდეგ, უნდა მოუშვათ ონკანი, სიზმარი მოუყვეთ და წყალი მას წაიღებს. ნამდვილად წაიღებს, მაგრამ წყალი იმდენად ნეიტრალური სუბსტანციაა, რომ მან შეიძლება, კარგი ამბავიც წაიღოს.
– ადამიანები ხშირად მღერიან შხაპის მიღებისას. ამ დროს რა ხდება, როგორ რეაგირებენ წყალზე?
– კი, უყვართ ადამიანებს შხაპის მიღებისას სიმღერა, კარგ განწყობაზე არიან ხოლმე. ამ შემთხვევაში, შეიძლება, წყალმა ჩვენი დადებითი ემოციებიც წაიღოს. ამიტომ, უმჯობესია, შხაპის მიღების დროს, ვთქვათ: რაც ჩემში ცუდი ვიბრაციაა, ყველაფერი წაიღეო. ანუ, უარყოფითი გავატანოთ. აზრისა და ფიქრისთვის არ არსებობს დრო და მანძილი. სინათლის სისწრაფე არის 300 000 კილომეტრი წამში. იმ დროს, ანუ ერთ წამში, თუ თქვენ რაღაც გაიაზრეთ და ეს ინფორმაცია ფოტონს გაატანეთ, ის დედამიწას რვაჯერ შემოუვლის. ანუ, მე ვლოცულობ და თუ მე გავიაზრე, რომ ეს ინფორმაცია ვიღაცასთან, თუნდაც სხვა კონტინენტზე, უნდა მივიდეს, ჩემმა აზრმა მას უნდა უშველოს, ჩათვალეთ, რომ ის იმ წამში იქ არის, უკვე მისულია. ეს დადასტურდა მასარო ემოტოს ცდებით. მან ბერებს სთხოვა, ლოცვები წაეკითხათ, თვითონ კი მოშორებით იმყოფებოდა. მან, უბრალოდ, აუხსნა თავისი ადგილსამყოფელი და რომელ წყალზე გაეკეთებინათ კონცენტრაცია. წყალმა სტრუქტურა შეიცვალა. ანუ, ამით ემოტომ დაადასტურა, რომ ბერების ლოცვამ შორ მანძილზეც თავისი შედეგი გამოიღო. ამიტომ, ჩვენს ნებისმიერ ფიქრს, აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათ განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.