რატომ მიანიჭეს პაატა და ირინა ციქურიშვილებს საპატიო ვაშინგტონელების ტიტული
ჟურნალი ვაშინგტონი „the washingtonian” 2013 წლის საპატიო ვაშინგტონელებს შორის პაატა და ირინა ციქურიშვილებს ასახელებს. „სინეტიკის” თეატრის დამფუძნებელი წყვილი იმ 12 ვაშინგტონელს შორისაა მოხსენებული, რომელთაც შეერთებული შტატების დედაქალაქის ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში უკეთესობისკენ შეცვალეს... ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე თავად პაატა ციქურიშვილი ვაშინგტონიდან გვესაუბრა:
– უპირველესად, დიდი მადლობა, რომ დამიკავშირდით და საშუალება მომეცით, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოსახლეობის მიმართ. უცნობმა თუ ნაცნობმა, მეგობარმა თუ ნათესავმა, ყველამ ძალიან დიდი სითბო გამოავლინა ჩვენ მიმართ... რასაკვირველია, ჩემთვის და ირინასთვის დიდი პატივია, ვიყოთ დასახელებული იმ გამოჩენილ ადამიანებს შორის, რომლებმაც თავის მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ვაშინგტონის კეთილდღეობაში, მის განვითარებაში ინტელექტუალურ, ტექნიკურ, მორალურ, მეცნიერულ, პოლიტიკურ, ჰუმანურ და სხვა სოციალურ და საზოგადოებრივ სფეროში.
– ერთხელ თქვენს მეუღლეზე იხუმრეთ, ამერიკელ ქორეოგრაფებს სისხლი გაუშრო, 8 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიგოო..
– ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორული ხუმრობა იყო. ირინა არაჩვეულებრივი და უნიკალური ხელოვანია. ის არა მარტო ძლიერი ქორეოგრაფი, არამედ დიდი დიაპაზონის მსახიობი, დაუღალავი პედაგოგი და ძალიან მაგარი მეგობარია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „Washingtonian ..of..the..year“. ორივეს ერთად მოგვანიჭეს, რაც ძალიან მიხარია. ჩვენ ხომ ყველაფერი ერთად შევქმენით – თეატრიც, სტუდიაც, წარმატებებიც და მომავალიც.
– წლებია, თქვენი თეატრი ვაშინგტონში მწვერვალზე ყოფნას ინარჩუნებს. როგორ ახერხებთ ამას?
– მხატვრული კითხვაა და ცოტა ხმამაღალიც... ჩვენ, უბრალოდ, ვაკეთებთ იმას, რაც ძალიან გვიყვარს, რაც ხელგვეწიფება და რაც გვესმის. ვაკეთებთ იმას, რაც გვისწავლია და რაშიც გამოცდილება გვაქვს. განუწყვეტლივ წვაში ვართ. ვაშინგტონში 80 თეატრზე მეტია. ყველა თეატრი ერთ სეზონზე 3 ან 6 ახალ სპექტაკლს უშვებს. ანუ, წელიწადში ვაშინგტონში 400 პრემიერა იდგმება. ალბათ, ხვდებით, რა დონის „ხორუმი მიდის” ყველასთვის. ამ დროს იყო გამორჩეული, ორიგინალური – ეს მხოლოდ გუნდური პრინციპით, დიდი მობილიზებით, როგორც შემოქმედებითი ჯგუფის, ასევე, ადინისტრაციულის და მენეჯმენტის კუთხით არის აუცილებელი.
– გასულ წელს თქვენი თეატრის ჩამოსვლა ქართველი მაყურებლისთვის დიდი სიხარული იყო. ხომ არ გეგმავთ, ისევ ეწვიოთ სამშობლოს?
– ჩვენი გასტროლები რუსთაველის თეატრში სრული ანშლაგით, თითოეული ჩვენგანისთვის (დაწყებული მსახიობებიდან, სცენის მუშით დამთავრებული) უნიკალური და განუმეორებელი იყო. ამერიკელი მსახიობებისთვის აბსოლუტური აღმოჩენა იყო, ქართველი მაყურებლის ფენომენი – სითბო, სიხარული, ბედნიერება. ასეთი ტემპერამენტი მათ არასოდეს განუცდიათ. „სტუმარ-მასპინძლის” და „მეფე ლირის” თითქმის ყოველი სცენა გაუჩერებელი ტაშის გრიალის ფონზე მიდიოდა, რაზეც დღესაც ლაპარაკობენ ჩემი თეატრის არტისტები. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა ჩამოსვლა. ქართველმა მაყურებელმა მხოლოდ 2 სპექტაკლი ნახა ჩვენი რეპერტუარიდან. მე, პირადად, 65 სპექტაკლზე მეტი მაქვს დადგმული. ასე რომ, თუ ყოველ წელს 2 სპექტაკლს ჩამოვიტან, შემდეგი 30 წელი გვეყოფა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი თეატრი ერთ სეზონზე 3 ან 5 ახალ სპექტაკლს უშვებს. ასე რომ, ვაშინგტონსა და თბილისს შორის შემოქმედებითი ხიდის გადება აბსოლუტურად რეალურია, თუ ამ ყოველივეს, როგორც აქ ამერიკაში ვუწოდებთ: ანგელოზი გამოუჩნდება. რაღა დაგიმალოთ, ამხელა სპექტაკლების წამოღება საკმაო თანხა ჯდება. მაგრამ, ვფიქრობ, თუ გამგები კარგად გაიგებს, ეს ნამდვილად ღირს, როგორც ქართული თეატრის ისტორიის, ასევე, საქართველოს მოსახლეობისთვის და მათი ბედნიერებისთვის.
– წელს რა შემოქმედებითი სიახლეები გქონდათ და დადგით თუ არა ქართული სპექტაკლი?
– წელს დავდგით „მოგზაურობა მთვარეზე”, „ქარიშხალი”, „სამი მუშკეტერი” „დორიან გრეის პორტრეტი”. მალე გამოვაცხადებ 2015-2016 წლის რეპერტუარს. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინაა და დასადგმელი ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, ქართული სპექტაკლი ჯერ არ იგეგმება. მოდი, გვქონდეს იმედი, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, როლებისთვისაც მნიშვნელოვანია კულტურა და გასტროლებს დაგვიფინანსებენ საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, სიხარული და ბედნიერება ჩამოვიტანოთ.