ექიმის რჩევები
კითხვა: რა დაავადებების დროს არის მიზანშეწონილი წურბელებით მკურნალობა?
პასუხი: მკურნალობის ეს უძველესი მეთოდი ეფექტურია შემდეგი დაავადებების დროს: ჰიპერტონული დაავადება, ინსულტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი, ტროფიკული წყლული, ბუასილი, გულის კორონარული დაავადება – სტენოკარდია, ინფარქტი; მენსტრუალური ციკლის დარღვევები, უშვილობა; სტომატოლოგიაში: პარადონტოზი, გინგივიტი; გლაუკომა; ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი.
კითხვა: ვიცავ დიეტას: ფაფები, ზოგჯერ რძიანი, ტყუილი სუპები, მოხარშული ხორცი ან ქათამი, ბევრი ვაშლი და ბოსტნეული. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ, მაინტერესებს, რამე დაავადებაზე ხომ არ მიუთითებს განავლის ყვითელი ან მუქი ყვითელი ფერი?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში ეს ნორმაა, რაც განპირობებულია რაციონში არსებული დიდი რაოდენობის ხილით, ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით.
კითხვა: მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა ანტიბიოტიკის მიღება B ჰეპატიტზე აღებული ანალიზის პასუხზე?
პასუხი: ანტიბიოტიკის მიღება არ ახდენს გავლენას ჰეპატიტების სადიაგნოსტიკო ანალიზების დასკვნებზე.
კითხვა: 15 წლის გოგონას 9 წლის ასაკში დაუსვეს ფსორიაზის დიაგნოზი. წლებია, ყველანაირ მკურნალობას ვუტარებთ, მაგრამ, არაეფექტურად. იქნებ რამე გვირჩიოთ?
პასუხი: სამწუხაროდ, ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა და განკურნება არარეალურია, მაგრამ, რემისიის მიღწევა შესაძლებელია. ხშირად ფსორიაზის მიმდინარეობას ამძიმებს სხვა დაავადებები: შინაგან ორგანოთა, ჰორმონული პათოლოგიები...
კითხვა: ჩემს ბიჭს გულის მარცხენა პარკუჭში აღმოაჩნდა დამატებითი ტრაბეკულა. გვითხრეს, მემკვიდრეობითიაო, მაგრამ, არც მშობლებს და არც ნათესავებს მსგავსი რამ არ ჰქონიათ. ნამდვილად მხოლოდ მემკვიდრეობითია?
პასუხი: დიახ, გულის ანატომიური თავისებურებები ძირითადად განპირობებულია მემკვიდრეობითი განწყობით; ასევე, დამატებითი ქორდებისა და ტრაბეკულების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას ორსულობის პერიოდში დედის კვების რაციონში მაგნიუმის დეფიციტი.
კითხვა: მყავს 10 თვის ბიჭი, რომელიც 12 კილოგრამს იწონის და უჭირს ფეხზე დგომა: ხელს რომ ვუშვებ, იქცევა, ხოლო, რამეს თუ მოეჭიდა, ცოტა ხანს დგას და მალევე უნდება დაჯდომა, ეს მდგომარეობა საშიშია?
პასუხი: ბავშვი ცხრიდან თორმეტ თვემდე სწავლობს დამოუკიდებლად, საყრდენის გარეშე დგომას, სიარულს, ჩაცუცქვას, ასე რომ, სანერვიულო არაფერია. იმედია, ბავშვის განვითარებას მეთვალყურეობს პედიატრი.
კითხვა: ვარჯიშის ან გახურების დროს მტკივდება ხელები მაჯების სახსრებში, შიგნიდან მიწყებს ტკივილს და მგონია რომ ძვალი მტკივა, რაც დაახლოებით 40 წუთში მივლის. რას მირჩევთ?
პასუხი: ზუსტ მიზეზს გამოკვლევის გარეშე ვერ გეტყვით, შესაძლოა სხივ-მაჯის სახსრის იოგოვანი აპარატის დატვირთვას, გადაძაბვას აქვს ადგილი. კიდური უნდა ამყოფოთ მოსვენებულ მდგომარეობაში 2 კვირა მაინც, ადგილობრივად დილით და საღამოთი გამოიყენეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო რომელიმე მალამო (შერჩევაში ფარმაცევტები დაგეხმარებიან), შემდეგ ნელ-ნელა გაზარდეთ დატვირთვა. თუ ტკივილი მაინც შემაწუხებელი იქნა, პირველ ყოვლისა, ორთოპედ-ტრავმატოლოგს უნდა მიმართოთ; მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო იყოს ექიმ-რევმატოლოგის კონსულტაცია.