გეკუთვნის, მაგრამ, არ გეკუთვნის
ბანკის კლიენტები - დაბალი ღობე
გასულ კვირას ეს ჩვენი ლარიც გამყარდასავით (ამ საქმეში, უდავოა, ჩვენი ეროვნული ბანკის ხელიც ურევია) და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმაც მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. ეს ამბავი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კომერციული ბანკების კრედიტორების ნაწილს, რომლებმაც გასული წლის მიწურულს, აქციის ფარგლებში, იპოთეკური სესხები ლარში 8,75 პროცენტად აიღეს, აწ უკვე 0,25 პროცენტით მეტს გადაიხდიან.
ეგზომ იაფი (ქართული სინამდვილისთვის იაფი) იპოთეკური სესხები კი იმიტომ გასცეს ამ ჩვენმა ბანკებმა, რომ ეროვნულმა ბანკმა მათ თანხა დაბალ საპროცენტო განაკვეთად (3,75 პროცენტად მისცა). ხოლო, რაკი ახლა ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტით გაზრდა გადაწყვიტეს, ბუნებრივია, კერძო ბანკებიც გაუზრდიან თავიანთ კლიენტებს კრედიტის პროცენტს.
ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა, რომ არა ერთი „მაგრამ”: მაგალითად, იურისტი დავით კლდიაშვილი განმარტავს, რომ „ბანკს არ აქვს ვალდებულება, შეატყობინოს კლიენტს, რომ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი და იგი უკვე გრაფიკის მიხედვით გაზრდილი განაკვეთით გადაიხდის.“
თავის მხრივ, ეროვნულ ბანკს იმიტომაც გადაუწყვეტია რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომ „ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლება შეინიშნება და, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია 2014 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.“
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა გასული წლის ნოემბრიდან შეამცირა და მაშინაც ეკონომიკის იმდენად გამოცოცხლება შეინიშნებოდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა ბოლო ორ თვეში 7 პროცენტსაც კი მიაღწია, სრულიად გაუგებარია, რატომ რეაგირებს ერთსა და იმავე მოვლენაზე განსხვავებულად (ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მატებას რეფინანსების განაკვეთის შემცირებით გამოეხმაურა, თებერვალში კი იმავე მიზეზით რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა)?!
ასეა თუ ისე, მოქალაქეებს სესხები ისე გაუძვირდათ, რომ, მოქმედი წესებით, ბანკს ვალდებულებაც არ აქვს, წინასწარ შეატყობინოს, შესაბამისად, იბადება კითხვა: არ აპირებს ეროვნული ბანკი, ოდესმე გადახედოს ამ პუნქტს და ბანკები იმით მაინც დაავალდებულოს, რომ წინასწარ აცნობონ კლიენტს კრედიტის გაძვირების შესახებ?!