როგორ გაცვალეს როლები ეკა ხოფერიამ და მისმა ქმარმა და რა ექცა მას წამებად
ეკა ხოფერია ტელეკომპანია „იმედს” ექვსწლიანი ტაიმაუტის შემდეგ დაუბრუნდა. მისი საავტორო თოქ-შოუ ეთერში კვიარში ერთხელ გადის. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ჟურნალისტიკას ჩამოშორდა, დიდი დრო გავიდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, კორესპონდენტობის პერიოდი დროდადრო მაინც ენატრება, მით უფრო მაშინ, როცა მის კოლეგებს დაძაბულ პერიპეტიებში ჩაბმულს ხედავს. როგორია ცნობილი ტელესახის ცხოვრება კადრს მიღმა და რას უკირკიტებს ის გამუდმებით, ამას თავად ეკა ხოფერიასგან შეიტყობთ.
ეკა ხოფერია: ექვსი წლის შემდეგ დაბრუნება იმ ტელევიზიაში, სადაც ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვმუშაობდი და სადაც ძალიან დიდი პერიპეტიები გავიარე, რა თქმა უნდა, ემოციური იყო. ზოგადად, საკმაოდ სტაბილური ადამიანი ვარ, მირჩევნია ერთი და იგივე საქმე, ერთსა და იმავე ადგილას, თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ის წლები, რაც აქ მქონდა გატარებული ჩემთვის ძვირფასი იყო; ამას გარდა, ეს ტელევიზია ჩემთვის ასოცირდებოდა ძლიერ, აწყობილ მეგატელევიზიასთან. მახსოვს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი ამ ტელევიზიას ქმნიდა, მას ჩამოყვანილი ჰყავდა საუკეთესო სპეციალისტების გუნდი, რომელმაც აქ მაღალი სტანდარტი დანერგა. ჩემი თხოვნა იყო და ამ თხოვნას აქაც პოზიტიურად შეხვდნენ, რომ მე არ დავბრუნებულიყავი პოლიტიკით. 2007 წელს ვთქვი უარი პოლიტიკურ თოქ-შოუზე, თუმცა, როგორც მოქალაქესა და ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, მაინტერესებს ყველა ის პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. სიმართლე გითხრათ, როცა იმ ტიპის გადაცემის გაკეთებაზე დავიწყე ფიქრი, რასაც დღეს ვაკეთებ, არც ვიცოდი, რა გამოვიდოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ურიგო არ გამოვიდა. ვმუშაობთ თემებზე შეზღუდვების გარეშე, ყოველთვის გვყავს საინტერესო სტუმრები – ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ვიღაცეები მოვიყვანოთ და რაღაცეები ილაპარაკონ, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ყველა თემა უნდა იყოს რთულად გასაკეთებელი. მინდა პატივი ვცე ჩემს მაყურებელს და, იმისთვის, რომ მან ჩემს გადაცემას უყუროს, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო. სტუდიაც კი შევცვალეთ, რომ უფრო კომფორტული, გახსნილი გარემო შექმნილიყო ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, ემოციური ისტორიების მოყოლა მოუწიოთ. ეს ყველაფერი მაყურებლისთვის კეთდება.
– ძველი და აქტიური ჟურნალისტიკის ნოსტალგია არასდროს გაქვს?
– არა, უფრო კორესპონდენტობა მომენატრება ხოლმე. ახლა, როდესაც უკრაინის მოვლენები იყო, ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი კორესპონდენტი; ჩამეწერა ადამიანები, მათი ცხოვრებისეული ისტორიები; ვინ არიან ისინი, ვინც პოლიტიკური ლიდერების უკან დგანან... უფრო სიღრმეებში „ჩავიდოდი”, რადგან, დღეს ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე პოლიტიკა. უკვე გავიზარდე, ბევრი რამ გავიარე და მივხვდი, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი თემები, ვიდრე პოლიტიკური პროცესებია, თუმცა, ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ნაბიჯები აქტიურ ჟურნალისტიკაში. მე ხომ საკმაოდ დიდი სტაჟი მქონდა მანამდე, სანამ „რუსთავი 2-ში” მივიდოდი და ერთ წელიწადში საინფორმაციო სამსახურსა და „ღამის კურიერს” ჩამაბარებდნენ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, მე თვითონაც არ მჯეროდა.
– ამბობენ, მკაცრი შეფი იყავი მაშინ.
– ზოგჯერ ისეთ ისტორიებს მიყვებიან ჩემზე, მე თვითონ არ მჯერა, რომ ეს მე ვიყავი (იცინის). ხანდახან მახსენდება ჩემი სიმკაცრე, მაგრამ, მთავარი მაინც ის მგონია, რომ ბევრი ჟურნალისტი, რომლებიც დღეს სხვადასხვა არხზე მუშაობენ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩემს დროს მოვიდნენ, მე მივიღე და მივეცი საშუალება, გზა გაეკვალათ. ეს ბევრჯერ დამხვდა წინ კარგად. ასეთი ხალხი მეც ბევრი შემხვედრია, რის გამოც მადლიერი ვარ მათი. ახლაც ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში, თუ მაქვს შესაძლებლობა, ვინმეს მივცე შანსი, აუცილებლად მივდივარ ექსპერიმენტზე, მიყვარს ახალ ადამიანებთან ურთიერთობა. თუ დავინახე, რომ დამწყებ ჟურნალისტს აქვს პოტენციალი, არათუ ხელს მოვკიდებ, არ ვეშვები, არადა, ჩემთან მუშაობა საკმაოდ ძნელია. მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ. არასდროს ბოლომდე არ მომწონს ჩემი თავი, რაღაც მაინც უნდა მოვძებნო, ვუკირკიტო. დღემდე ვერ ვეგუები საკუთარ თავს ტელეეკრანზე, სულ ვფიქრობ, ვინ არის ეს ადამიანი-მეთქი (იცინის).
– რატომ გაქვს ეს განცდა?
– არ ვიცი, რატომღაც ეკრანზე მეხამუშება საკუთარი თავი. შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი ვარ, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ტელეეკრანზე, როცა გადაცემა მიგყავს, ვერ ითამაშებ, იქ ის ხარ, რაც ხარ. ჩემს დებსა და ჩემს ქმარს მოსწონთ ეკა ხოფერია ეკრანზე, დედა ჩემი მთავარი კრიტიკოსია, თუმცა, საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ – არ ვპატიობ საკუთარ თავს არც ერთ ზედმეტ კილოგრამს, ეკრანი განსაკუთრებულად „მოითხოვს” ამას. დროდადრო ცხოვრების სპორტულ წესს მივდევ – ვარჯიში, ცურვა, კუს ტბა. ახლა ცოტა ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა და სასწრაფოდ უნდა შევუტიო საკუთარ თავს.
– ჟურნალზე მინდა გკითხო: როგორ გაართვი თავი ბიზნესსაქმიანობას, აღმოგაჩნდა კომერციული ნიჭი?
– ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა „სითი” გავაკეთე. ნიკოლა ხუთი თვის მყავდა, არც ერთ ტელევიზიაში არ ვიყავი, მინდოდა მუშაობის დაწყება. ერთ დღეს, ერთ ადამიანს ვურეკავდი, სამი ზარი გავაკეთე, მან კი არ მიპასუხა. უსუსურობის შეგრძნება დამეუფლა და სწორედ მაშინ ვთქვი, აუცილებლად გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ არ ვიყო დამოკიდებული ვიღაცის მიერ ტელეფონის აღებაზე-მეთქი. ეს იყო სერიოზული სტიმული. რთულია, როცა მთელი ცხოვრება მუშაობ, საკუთარი შემოსავალი გაქვს და უცებ ძალიან პასიურ რეჟიმში გადადიხარ, დღეს მე მაქვს ჩემი ბიზნესი. იმის მიუხედავად, რომ არ მისწავლია ბიზნესის საფუძვლები და პროფესიულად ეს თემა არ შემისწავლია, ვფიქრობ, რომ აღმომაჩნდა ინტუიცია, რაც ბიზნესში მნიშვნელოვანია. ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტი გეგმები მქონდა. საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც ბევრი ჟურნალის დახურვა მოჰყვა, ამ ბიზნესში ყოფნას მუდმივად სჭირდება ლავირება, რაც, ვფიქრობ, გამომდის. მახსოვს, როდესაც ჟურნალის გაკეთება დავიწყე, ჩემი მეუღლე ამაზე ბევრს ხუმრობდა. ჩვენ, ორივე, ძალიან ხელგაშლილები ვართ და მიშკა სულ მეხუმრებოდა, შენგან ბიზნესმენი არ დადგებაო, მაგრამ, მერე დარწმუნდა, რომ გამომივიდა და გავუცრუე სკეპტიკოსს „იმედი” (იცინის). თავისუფალი დრო რომ მქონდეს, ახალ თემებზეც კი დავიწყებდი ფიქრს, მაგრამ, ჩემი ყოველდღიური რეჟიმი ისეთი დატვირთულია, ახლა ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი. ანანო უკვე დიდი გოგოა და დედა განსაკუთრებით სჭირდება, 4 წლის ნიკოლას კიდევ სხვა თემები აქვს, 2 წლის იკა ყველაზე მეტად იჩაგრება – ყველაზე ცოტა დროს ვატარებ მასთან, მიშკა კი ყველაზე მეტ ყურადღებას მოითხოვს და ძალიან ეჭვიანობს სამსახურზე.
– მას ხომ თავადაც აქტიური რეჟიმი აქვს.
– მას არ აქვს 24-საათიანი რეჟიმი. ექიმებს ყოველთვის პატივს ვცემდი და მათ მიმართ მოწიწებით ვიყავი განწყობილი, მაგრამ, ახლა, როცა ასე ახლოს მაქვს შეხება ამ პროფესიასთან, ჩემი განცდები გაათმაგდა. ექვსი დღის ბავშვს რომ ოპერაციას უკეთებს, ამას მეც ისე განვიცდი, ის ღამე, ფაქტობრივად, არ ვარსებობთ. მერე გადის დრო, ხედავ, რომ ის ბავშვი კარგადაა და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. მიშას საოცრად უყვარს თავისი პროფესია, მაგრამ, საკუთარ შვილებთან ძალიან იბნევა, ამიტომაც, ყელში ჩახედვასაც კი, ბიჭებს ჩვენს მეგობარს, თემურ მიქელაძეს ვანდობთ. მეც და მიშასაც დაკავებული რეჟიმი გვაქვს, მაგრამ როგორც კი დროს გამოვნახავთ, ვცდილობთ, წავიდეთ უცხოეთში. ძალიან ხშირად დავდივართ საფრანგეთში – მიშკა იქ მუშაობდა და დიდი წრე ჰყავს. მეც გამომიჩნდა ჩემი საქმეები ჩემს მეგობართან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად. მიშკას პროფესიულადაც ხშირად იწვევენ საფრანგეთში, ჩვენ ცალ-ცალკე არსად დავდივართ, ამ შვიდ წელიწადში სულ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. ცალ-ცალკე სიარული არც გვაინტერესებს. ახლა დებს ძალიან გვინდა „დევჩატნიკის” მოწყობა: გოგოები ერთად წავალთ, ბიჭებს ცალკე გავუშვებთ, ვნახოთ, როგორ გამოგვივა (იცინის). მე და მიშკა ერთად ძალიან კარგი პარტნიორები ვართ. ზაფხულის დასაწყისში დავიწყებთ ხოლმე დაგეგმვას, ესპანეთში წავიდეთ თუ იტალიაში, ბოლოს კი მაინც საფრანგეთზე ვჩერდებით. ორივეს ძალიან გვიყვარს ნიცა, მივდივართ კანში, მონაკოში. მე არ მიყვარს პასიური დასვენება, არ შემიძლია, ათი საათი პლაჟზე ვიწვე და „ზაგარი” მივიღო – ეს ჩემთვის წამებაა. როცა უცხოეთში ვარ, ძალიან ბევრს დავდივართ, ამ მხრივ მე და მიშკა ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ბოლომდე დახარჯვა, ოპტიმიზმი, დატკბობა თითოეული დღით – ეს ორივეს საერთო გვაქვს, თუმცა, ზოგადად, ხასიათით, მაინც სხვადასხვანაირი ტიპები ვართ. მე შემიძლია, 24 საათი სამსახურზე ვისაუბრო, მიშკას – ნაკლებად. ის უფრო ემოციურია, ვიდრე მე; ის თავისუფლად გამოხატავს თავის გრძნობებს, მე უფრო დიპლომატიურად შემიძლია, ავარიდო რაღაცას თავი, „გავატარო.” არის თემები, რაზეც ვერ „ვრიგდებით”, მაგალითად, ვერ ვიტანთ, თუ ერთმანეთს ყურადღებას ვაკლებთ – ამაზე, შეიძლება, ორივემ ვიეჭვიანოთ. ასეთ შემთხვევებში, ყოველთვის მე ვთმობ. ადრე ის მითმობდა ხოლმე, ახლა კი როლები შეიცვალა (იცინის).