კომბოსტოს ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის: 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 1 ჭიქა წყალი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 4 სადილის კოვზი ზეთი, 450 გრამი ფქვილი; გულსართისთვის: 1 კილოგრამი კომბოსტო, 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 2 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა, 2 სადილის კოვზი ზეთი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ფქვილში შეურიეთ საფუარი. თბილ წყალში გახსენით შაქარი და მარილი, დაასხით ფქვილს, ზეთიანი ხელებით მოზილეთ ცომი და დადგით, რომ აფუვდეს. ერთხელ ჩაზილეთ და დააცადეთ, რომ კიდევ ამოფუვდეს. კომბოსტო დაკეპეთ, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და მოათავსეთ ღრმა, სქელძირიან ტაფაში. დაასხით 1 ყავის ჭიქა წყალი, მოაყარეთ მარილი, დაახურეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე. 20 წუთის შემდეგ, როდესაც წყალი დაშრება, დაუმატეთ ტომატ-პასტა, ზეთი, პილპილი და 10 წუთი კიდევ შუშეთ თავდახურული. ცომი დაყავით პატარა გუნდებად. თითოეულში მოათავსეთ გულსართი, შეკარით, ოდნავ გააბრტყელეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ.