პიკანტური წიწაკა
საჭირო ინგრედიენტები: 4 კბილი ნიორი, შავი პილპილი, მარილი, ნახევარი ჩაის ჭიქა ზეთი, 10-15 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 ცალი დიდი ზომის პომიდორი, 2 თავი ხახვი.
მომზადების წესი: ბულგარული წიწაკა ყუნწებიანად გარეცხეთ და კარგად შეაშრეთ. მაღალ ცეცხლზე, ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან კარგად შეაწითლეთ. ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად და მოშუშეთ იმავე ზეთში, რომელშიც ბულგარული შეწვით.
პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად, ჩაუმატეთ ხახვს და შუშეთ დარბილებამდე (ცოტა უნდა შესქელდეს კიდეც). ჩაუმატეთ დანაყილი ნიორი. უყავით მარილი და პილპილი გემოვნებით. შემწვარი ბულგარული წიწაკა ჩააწყვეთ ღრმა ჭურჭელში წრიულად, პომიდვრის სოუსი კი ჩაასხით შუაგულში. ბულგარულ წიწაკას ჩააწობთ სოუსში და ისე მიირთმევთ. უგემრიელესია.