მოძღვარი - მცველი სულისა
„ძველი დროის მოწამენი ხილულად იტანჯებოდნენ, ამჟამინდელნი კი – საიდუმლოდ გულის მწუხარებით“...
მოხუცი ევდოკია ეფრემის ასულის მონათხრობი ვრცლად და დაწვრილებით აღწერს ხილვას. იგი ამბობს: „წინ მიდიოდა ორი ანგელოზი, ერთს მანჯვენა, მეორეს კი მარცხენა ხელში ეჭირა თითო ტოტი ახლადგაშლილი, გაფურჩქნული ყვავილებით. მხრებზე ხელის მსგავსი მოოქროსფერო-მოყვითალო გაშლილი თმები ეფინათ. იოანე ნათლისმცემლისა და იოანე ღვთისმეტყველის სამოსი თეთრი იყო და ბრწყინავდა სისუფთავით. ზეციურ დედოფალს ემოსა ენით უთქმელი სილამაზის მბრწყინავი მანტია, რომელიც მსგავსი იყო იმისა, რომელიც გამოსახულია ღვთისმშობლის ხატზე „მგლოვიარე“, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რა ფერის იყო. მანტია ყელის ქვემოთ შებნეული იყო დიდი მრგვალი შესაბნევი აბზინდით, რომელიც შემკული იყო სხვადასხვა ქვებით მოოჭვილი ჯვრებით. მანტიის ქვემოთ ეცვა მწვანე ფერის კაბა, რომელზეც ფართო ქამარი ჰქონდა შემორტყმული. თავზე ედგა სხვადასხვაგვარი ჯვრებით შემკული საოცარი, ულამაზესი გვირგვინი. მისი თმები, რომელიც გაშლილი ეფინა მხრებზე, ანგელოზებისაზე უფრო გრძელი და მშვენიერი იყო. ქალწულები მის უკან მიდიოდნენ, ორ-ორი ერთად სხვადასხვა ფერის სამოსით შემოსილნი, გაშლილი თმებით, თავი გვირგვინით ჰქონდათ შემკული. ისინი ჩვენ გარშემო დადგნენ. ზეციური დედოფალი შუაში იდგა. მამა სერაფიმეს სენაკი უფრო ვრცელი გახდა, ჭერი კი აივსო ანთებული სანთლის ალის მსგავსი ცეცხლით. ეს იყო სხვაგვარი, განსაკუთრებული შუქი, რომელიც ან ჰგავდა დღის სინათლეს და მზისაზე ნათელი იყო.
ზეციურმა დედოფალმა მარჯვენა ხელზე მომკიდა ხელი და მითხრა: „ადექ, ქალწულო, ისეთივე ქალწულები, როგორც შენ ხარ, მოვიდნენ აქ ჩემთან ერთად“.
მე არ მიგრძნია, როგორ ავდექი. ზეციურმა დედოფალმა გამიმეორა: „ნუ გეშინია, ჩვენ თქვენს სანახავად მოვედით“. მამა სერაფიმე უკვე აღარ იყო მუხლებზე დაჩოქილი, იგი იდგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირდაპირ, რომელიც ისე მოწყალედ ელაპარაკებოდა, როგორც ძალიან ახლობელ, ღვიძლ ადამიანს. უდიდესი სიხარულით მოცულმა ვკითხე მამა სერაფიმეს: „სად ვართ?“ – მე ვფიქრობდი, რომ უკვე ცოცხალი აღარ ვარ, ხოლო როდესაც ვკითხე მას „ეს ვინ არის?“ უწმიდესმა ღვთისმშობელმა მიბრძანა, თავად მივსულიყავი ყველასთან და მათთვის დამესვა ეს კითხვა.
ქალწულები ამბობდნენ: „ღმერთს ეს დიდება ისე არ მოუცია ჩვენთვის, არამედ ტანჯვისა და შეურაცხყოფათა საზღაურად, შენც დაიტანჯები“. უწმიდესი დედოფალი დიდხანს ესაუბრებოდა მამა სერაფიმეს, ყველაფერი ვერ გავიგონე, მხოლოდ ეს სიტყვები მომესმა კარგად: „არ მიატოვო ჩემი ქალწულები!“ მამა სერაფიმემ უპასუხა: „ო! მბრძანებელო! მე მათ ვაგროვებ, მაგრამ თავად არ შემიძლია განვაგებდე მათ“. ამაზე ზეციურმა დედოფალმა უპასუხა: „მე შენ, ჩემო რჩეულო, ყველაფერში დაგეხმარები! დააკისრე მათ მორჩილება, თუ აღასრულებენ, შენთან ერთად იქნებიან და ჩემს ახლოს, ხოლო თუ დაკარგავენ ამ ჩემი ახლობელი ქალწულების ხვედრს, ასეთს არც ადგილი ექნება და არც გვირგვინი. ვინც მათ აწყენინებს, იგი ჩემ მიერ განიგმირება, ხოლო ვინც მოემსახურება მათ ღვთის გულისათვის, ის შეწყალებული იქნება ღვთის წინაშე!“ შემდეგ მე მომმართა: „აი, შეხედე ჩემს ქალწულებს და მათ გვირგვინებს: ზოგმა მათგანმა მიწიერი დიდება და სიმდიდრე დატოვა; შეიყვარეს რა უფალი მისი ზეციური და მარადიული სამეფო, შეიყვარეს ნებსითი სიღატაკე, და ხედავ, თუ რა დიდებისა და პატივის ღირსნი შეიქმნენ ამისთვის? როგორც ადრე იყო, ახლაც ისეა, მხოლოდ ძველი დროის მოწამენი ხილულად იტანჯებოდნენ, ამჟამინდელნი კი – საიდუმლოდ გულის მწუხარებით, ხოლოდ სასყიდელი ისეთივე მიეცემათ“. ხილვა იმით დამთავრდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უთხრა მამა სერაფიმეს: „მალე, ჩემო რჩეულო, ჩვენთან იქნები!“ და აკურთხა იგი. ქალწულები და მამა სერაფიმე ხელზე მოხვევით გამოეთხოვნენ ერთმანეთს. მე მითხრეს: „ეს ხილვა შენ მოგეცა მამა სერაფიმეს, მარკოზის, ნაზარისა და პახომის ლოცვების გულისთვის“. ამის შემდეგ მამა სერაფიმემ მე მომმართა და მითხრა: ხომ ხედავ, დედაო, რა დიდი მადლის ღირსნი გაგვხადა ღმერთმა ჩვენ უბადრუკნი. მე ასეთი სახით უკვე თორმეტჯერ მქონდა გამოცხადება ღვთისგან, შენც გაგხადა ღირსქმნილი უფალმა. აი, რა სიხარულს მოვესწარით. გვაქვს მიზეზი, ვიქონიოთ ღვთის რწმენა და სასოება. დაამარცხე მტერი – ეშმაკი. ყოველივეში, სიბრძნე გამოიჩინე მის წინააღმდეგ ბრძოლის დროს და უფალი ყველაფერში დაგეხმარება: