ცოლისგან განწირული ლოთი გურგენა და ნუნუცას ამაო გარჯა
არა, ძმაო, არც ოქტომბრის არჩევნებმა მოუტანა ხალხს ნანატრი ბედნიერება საქარველოში.
ვითომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაგვეწყო, მაგრამ, როგორც მოვლენები აჩვენებს – ესეც ფუჭი მცდელობა გამოდგა.
„დიდმა ჩრდილოელმა დათვმა“ პირიქით, უფრო და უფრო შემოუჭირა მარწუხები ქართველთა ტერიტორიას.
მოკლედ:
რუსმა „ძმებმა“ რომ მავთულხლართობანა გააჩაღეს, იმ ტერიტორიის მახლობელ ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს ცოლ-ქმარი გურგენ შინდისაშვილი და ნუნუცა.
გურგენა ისეთი ჯეელია, რომ დღეში სამჯერ თვრება. არც მუშაობა აინტერესებს, არც „ჯეოსელის“ გაუთავებელი რეკლამები... „კურიერი“ ქაჯანა ჰგონია და, მგონი, არც აქუს იცნობს. ცოლი, თავგადამკვდარი მეოჯახე ნუნუცა ვერაფერს აწყობს. ისეთი სიტუაციაა, ფრთიან გამოთქმაში რომ არის: „ნუნუცა – მუშაი, გურგენა – კუშაი“. ვერაფერი გააწყო საწყალმა ქალმა და ერთ მშვენიერ დღეს, ქალური ალღოთი რაღაც მოტვინა. შეუთანხმდა მეზობელ თალიკოს და გეგმა შეიმუშავეს.
საღამოა. გურგენამ ძლივს მოათრია ფეხები სახლში და „სეტკა-კრაოტში“ ჩაეხეთქა მოწყვეტით.
ქალები, ვითომ თავისთვის საქმიანობენ – ჭორაობენ, რა!..
გურგენა გაბრაზდა, ღვინო-არყით დატენილ-ჩასისხლიანებული თვალებით გადახედა დედაკაცებს – რაღაცა უბედურების დატრიალება აქვს გუნებაში, მაგრამ, ძალა არ მოსდევს, თან, ძილისპირსაა და დასიცხული ღორივით მძიმედ სუნთქავს... მოკლედ, შარი უნდა, მაგრამ „ერთი ადგილი“ არ აქვს.
ქალებმა ჩურჩულს უმატეს ამის გასაგონად.
– გო, – ეუბნება მეზობელი ნუნუცას, – იმ მიწაში ჩასავარდნელ რუს სალდათებსა, ჩემი თვალით ვნახე, ერთი იაშჩიკი არაყი მოუტანიათ, მავთულხლართებ რო ჭიმავენ იქა... უფროსმა არ გაიგოსო და იქვე მიწაში ჩამარხეს... ჩემი თვალითა ვნახე, ქა... ხვალ არ მუშაობენ, კვირაა. ზეგ ამოთხრიან და ჩუმათ დალევენ...
გურგენას გამოცოცხლება დაეტყო...
– მთელი ყუთი, ქალო? – (ვითომ) ეკითხება ნუნუცა, ერთი იაშჩიკი?
– მაშ, ქა, მთელი იაშჩიკი, მაშ?!
გურგენამ იფიქრა, ნაღდად „გარიაჩკა“ დამეწყო, მე ამის დედაცო, მაგრამ, ყური გაიმამაცურა... ქალები აშკარად იმას ამბობდნენ, რაც გულით სურდა. გარიაჩკაა? იყოს გარიაჩკა... ახლა თუ გადავრჩი, კაი ოთხი თვე კიდევ ვიცოცხლებო, – იფიქრა და მარჯვედ მოკალათდა ლოგინში.
... დილაადრიან, ბარით ხელში გამოვიდა ჭიშკრიდან და მხნედ გაუდგა გზას.
– ქა, – ეკითხება მეორე მეზობელი, ლამზირა, ნუნუცას, – შენი ქმარი როგო გამოკეთებულა, დილაადრიან მიდის ნაკვეთში, ქა!
ამანაც (ნუნუცამ) აუხსნა: ასეა და ასეო.. ჩუუო, ჩუო...
– უი, ქაა, რო დაიჭირონ რუსებმა, მერე, შენ მაგის გამოსასყიდი საიდანა?
– დაიჭერენ და ჭირრი მაგასა! მეც ეგ მინდა! გამოვისყიდი არა, კიდევ რა უნდა?! პუტინს უნდა ვაჩუქო ეგა ჩემგანა! ამბობენ, ქართლშია გაზრდილი და, მა, ერთი საჩუქარი არ ეკუთვნის ჩემგანა? ეკუთვნის... ერთი გურგენა გინდ მყოლია, გინდ არა! ჰყავდეს და ღმერთმაც მოახმაროს!
ნუნუცამ, ჩვეულებრივ, მთელი დღე შრომა-ფუსფუსში გაატარა. გურგენას ჩამი-ჩუმი არაა. სიმშვიდეა ეზო-გარემოში...
გაიხარა: აღსრულდა! აღსრულდა!
„დაიჭერდნენ... დაიჭერდნენ, მა რა ჭირი დაემართებოდათ, ქა... რუსები მაგას არაყს შეაწერინებდნენ?! სწორედ რომ... მაგის ჩიტები არიან – პლენ! – და, მორჩა!“
დაღამდა. გურგენა არ ჩანს...
– მორჩა! მორჩა! აღსრულდა! დიდება შენდა, ღმერთო! – პირჯვარი გადაიწერა ნუნუცამ და ის იყო, ლოგინში უნდა შეწვეს, ჭიშკარი უსიამოდ გაჭრიალდა.
– შატილიიი ასულოოო! – იცნო ქმრის ჩახრენწილ-ჩაგლეჯილი ხმა, – ლერწააამოო... აჰაა, ბლიად! – გაიღვიძე, შე ჩათ...
ქალი წამოხტა და ჭიშკარს მიაწყდა.
გურგენას ერთ ხელში (ისიც საქმე და ვაჟკაცობაა, რომ არ დაკარგა) ბარი უჭირავს და მეორით მეზობელ კოლა კოროხტაძეს მოათრევს.
– არ დაგიჭირეს, კაცო?! – წამოსცდა ნუნუცას.
– ვის უნდა დავეჭირე, ქალო, ვისა?! ეგეე, სამუშაოდ მივდიოდი ბარითა, ესა კიდევ (მიმითითა ამფსონზე) ჭანჭური არაყსა ხდიდა... რა ჩემი ფეხები მინდოდა იმ ჩათლახ რუსებთანა? კარგადა ვართ, აბა, სუფრა გაგვიშალე აქა, ჩემო ლერწამო...