ქართულ ავტოტრანსპორტში გარკვეული ჩინელი ბიჭის წერილი დედას
გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად.
იმ შემთხვევისათვის, თუ ოდესმე ამ ქვეყანაში მოხვდები, მინდა, აგიხსნა, რა ტრანსპორტით შეიძლება აქ გადაადგილება.
ყველაზე იაფი ტრანსპორტი ყვითელი ავტობუსია, რომლებიც, როგორც წესი, ბოლომდე ხალხით გამოტენილები დადიან და, ღმერთმა არ ქნას, ბილეთის აღება ვერ მოახერხო, თორემ, ასევე ყვითელ ტანსაცმელში ჩაცმული კონტროლიორი კინწისკვრით ჩამოგაგდებს შუა ქუჩაში და ჯარიმას გამოგიწერს. თუ პასპორტი სახლში დაგრჩა, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ, ამქვეყნად გაჩენას ინანებ. ქართველებს არ უყვართ ბილეთის აღება და ძირითადად უფასოდ უნდათ გადაადგილება, თუმცა, დაჯარიმება ძალიან დიდ სირცხვილად მიაჩნიათ. კონტროლიორთან ადამიანური და წყნარი ლაპარაკი აქ არასდროს მომისმენია. მის შენიშვნაზე უბილეთო მგზავრები ვეფხვებივით დააკვესებენ ხოლმე თვალებს, ოდნავი წინააღმდეგობის შემთხვევაში კი, შეიძლება, ხუთი კაცი მიესიოს კონტროლიორს და მაგრად სცემოს. დაკვირვებული ვარ, თითქმის ყველა კონტროლიორს წინა კბილი აკლია. აღარც ისვამენ ახალს, რადგან, არ არის გამორიცხული, მეორე დღეს იგივე დაემართოთ და ფული ტყუილად რატომ უნდა გადაყარონ! კიდევ ერთი ტრანსპორტია – მეტრო, სადაც სპეციალური ბარათის გარეშე ვერ ჩახვალ. შეიძლება, სამ წელიწადში ერთხელ მოგიწიოს ჩასვლა მეტროში, მაგრამ, ის ბარათი აუცილებლად უნდა გქონდეს. მეტროშიც გამოტენილია ხოლმე ვაგონები, თუმცა, ჩვენს ჩინურ ჭყლეტას ვერ შეედრება. მეტროში ჩასვლა ღამით ძალიან საშიშია, რადგან, იქ მყოფი თითქმის ყველა მგზავრი მთვრალია და, ჩინური გარეგნობის დანახვაზე სისხლი უდუღდებათ. თავიანთი ვაჟკაცობისა და მამაკაცური ძალის გამოყენების საშუალებას ხელიდან არ უშვებენ და შეტევაზე გადმოდიან. შედარებით ნორმალური მგზავრობის საშუალებაა მიკროავტობუსები, რომლებსაც ქართველები „მარშრუტკებს“ ეძახიან. შედარებით ძვირია, მაგრამ, სამაგიეროდ, უსაფრთხოა. იქ იშვიათად ხდება ცემა-ტყეპა და წივილ-კივილი. ყველაზე ძვირი სატრანსპორტო საშუალება კი ტაქსია. უცხოური გარეგნობის დანახვაზე ტაქსის მძღოლებსაც მადა ეხსნებათ და სანამ არ დავარწმუნებ, რომ აქაური ვარ, მანამდე ფასს არ ანახევრებენ. გაგიკვირდება, მაგრამ, ყველა ტაქსის მძღოლი უმაღლესი განათლების მქონეა, ზოგს ორი დიპლომიც კი აქვს და ხშირად თან დააქვთ, რომ მგზავრებს აჩვენონ. ყველა მძღოლი ძალიან კარგად ერკვევა პოლიტიკაში და თითოეულ მათგანს ერთხელ მაინც ჰქონია სექსი მგზავრ ქალბატონთან.
ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა, მერე კიდევ მოგწერ.
გკოცნით
თქვენი ტობი ვონგი