კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა პეტრე მამრაძის შვილი ეროვნული გამოცდების რეკორდსმენი და როგორ მოიგო მან ერთი ტომარა შოკოლადი

პეტრე მამრაძის ერთადერთი შვილი, ლიზა მამრაძე, იმ სტუდენტთა შორისაა, ვინც ეროვნული გამოცდები ყველაზე მაღალი შეფასებით ჩააბარა და რეკორდული ქულების მოპოვება შეძლო.  18 წლის   ლიზას მუსიკაშიც წარმატებული კარიერა აქვს – ის ევროპული პრესტიჟული  კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული პიანისტია, რის გამოც მან მზრუნველ მამას იმპრესარიოს როლი მოარგო.    

 

ლიზა მამრაძე: წელს „ილიაუნის”  მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის  სტუდენტი გავხდი. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ, მოპოვებული ქულების მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი გავხდი.  გერმანულ ენაში  მთელ საქართველოში სულ  ოთხი 100-ქულიანი შეფასება დაიწერა და მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ ოთხივე ასქულიანი შეფასება სამეგობრომ გავიყავით. ქართულ ენაში  მაქსიმალური შეფასება იყო 80 ქულა, მე ავიღე 79 – ერთადერთი ქულა დამაკლეს პუნქტუაციაში, რასაც ჩემი პედაგოგი ძალიან აპროტესტებდა.  რაც შეეხება მათემატიკას,  აქ ცოტა უცნაური ისტორია მოხდა. მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანია, მაგრამ, მომზადება დავიწყე მარტში. რატომღაც, არსებობს მოსაზრება, რომ პიანისტები მათემატიკისგან შორს არიან, მაგრამ მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა მათემატიკა – სახლში პითაგორას ოლიმპიადების დიპლომების კოლექცია მაქვს. მამაჩემი ფიზიკოსია, მაგრამ, სულ ამბობს, რომ მისი არჩევანიც თავის დროზე მათემატიკა იყო, მაგრამ, რატომღაც, ისე მოხდა, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.  ბევრი კომაროველი მეგობარი მყავს და ყველა მეუბნებოდა, რას მოასწრებ ასე ცოტა ხანშიო. დავნიძლავდით, რომ მაღალ ქულებს მოვიპოვებდი და ნიძლავიც მოვიგე – მაქსიმალური ქულების მოპოვების შემდეგ სახლში ერთი ტომარა შოკოლადებითა და კანფეტებით  დავბრუნდი (იცინის). 

– წელს შენს მუსიკალურ კარიერაში განსაკუთრებული წელი იყო. როგორ მოახერხე ასე კარგად მომზადება?

– ძალიან რთული იყო. წელს რამდენჯერმე მომიწია ფესტივალებსა და კონკურსებზე გასვლა, ისე რომ ლამის კლასში ჩავრჩი და სკოლა ვერ დავამთავრე. საატესტატო გამოცდის დროს სიცილიაში ვიყავი საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მქონდა კონცერტები და მასტერკლასები.  ჩემი თანაკლასელები რომ  გამოცდას აბარებდნენ, მე იქ ვიყავი.  დამირეკეს იტალიაში და მითხრეს: შენ წელს, ალბათ, ვერ გახდები აბიტურიენტიო. განათლების სამინისტრომ  გამონაკლისი დაუშვა და ერთი დღე კიდევ დაამატა გამოცდების ჩასაბარებლად ჩემისთანა ბავშვებისთვის.  29 მაისს გამთენიისას  ჩამოვფრინდი იტალიიდან, თვითმფრინავს რომ დაეგვიანებინა, სკოლას ვერ დავამთავრებდი. რამდენიმე საათში წავედი სკოლაში და ოთხი გამოცდა ერთად ჩავაბარე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა – ის ფესტივალი ჩემი მუსიკალური კარიერისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მასზე უარს ვერ ვიტყოდი.        

– მუსიკას  როდის და როგორ დაუკავშირე ცხოვრება?

– ძალიან პატარა ასაკიდან. მამიდაჩემი, ნინო მამრაძე, პიანისტია; ჩვენი ნათესავია ელისო ვირსალაძე და, ალბათ, მათი გავლენაც იყო.  5 წლის ვიყავი, როცა მუსიკის წერა დავიწყე: ლექსებს ვთხზავდი, მერე კი ამ ლექსებისთვის მელოდიებს ვიგონებდი. მახსოვს ანა კალანდაძის კრებულიდან ყველა ლექსს სიმღერით  „ვკითხულობდი”. ჩემმა მშობლებმა მაგნიტოფონზე ჩაწერეს ჩემი „წაკითხულ-ნამღერი”, რაც მერე ქალბატონ ანასაც მოვასმენინეთ. პედაგოგმა თქვა, აუცილებელია, საფორტეპიანო განათლება მიიღოსო და ჩავაბარე სამუსიკო ათწლედში.  

– რატომ აირჩიე ეს მიმართულება და რატომ არ გადაწყვიტე სწავლა უცხოეთში? 

– მე მქონდა რამდენიმე შემოთავაზება – შემეძლო სწავლა გამეგრძელებინა ინგლისში, მუსიკის სამეფო აკადემიაში და ეს შანსი ნებისმიერ დროს შემიძლია, გამოვიყენო; ამას გარდა, წარდგენილი ვარ  დაადის სტიპენდიაზე. ჩავაბარე გამოცდა, რომლის შედეგებითაც გერმანული ენის დიპლომში ამიერკავკასიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენე, რაც, შესაბამისად, იყო იმის წინაპირობა, რომ  სწავლა გამეგრძელებინა ევროპაში. ეს თემა ძალიან აქტუალურია მამაჩემისთვის, რომელიც მაინც ფიქრობს, რომ სწავლა უნდა გავაგრძელო უცხოეთში, სადაც გარანტირებული ვიქნები კარგი განათლებითა და სტიპენდიით. ამ ეტაპზე ამ საკითხში ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა – მე თბილისში მირჩევნია სწავლა და ცხოვრება, რადგან, აქ მყავს მეგობრები და სხვაგან ძალიან გამიჭირდება მარტოს. ისეთ ასაკში ვარ, ჩემს ქვეყნაში მირჩევნია ყოფნა არჩევანი კი „ილიაუნზე“ იმიტომ შევაჩერე, რომ ამ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა მუსიკის ცენტრი, რომელიც შედის ჩემ მიერ არჩეულ ფაკულტეტში და არის ძალიან საინტერესო პროგრამები პიანისტებისთვის, კომპოზიტორებისთვის. დღეს ამ ცენტრს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო დანადგარები კომპოზიციებში, რაც ჩემთვის, როგორც პიანისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, რაც არ არის კონსერვატორიაში. ამას გარდა, მე აქ მაქვს საშუალება, ავირჩიო მეორადი პროფესია; ძალიან ვარ დაინტერესებული კულტურის მენეჯმენტით და სწორედ ამან გადამაწყვეტინა არჩევნის გაკეთება ამ ფაკულტეტზე. 

– ლიზა, შენ ცნობილი და წარმატებული მამის ერთადერთი  შვილი ხარ. როგორ აისახებოდა ეს შენს ცხოვრებაზე? 

– მამა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანია, დღემდე ყოვლისშემძლე კაცი მგონია.  როგორც ყველა დედისერთას, მეც ძალიან მანებივრებდნენ.  ჩემთვის ყველა საზრუნავი მოხსნილი იყო, მთავარი იყო სწავლა და ფორტეპიანო. ახლა, როცა  ხშირად მიწევს უცხოეთში მარტო წასვლა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიჭირს, არაფერი არ მეხერხება, სამზარეულოში ხომ საერთოდ არ შევიშვები (იცინის). ის, რომ მამა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, დღეს ძალიან კარგად მახსოვს. ამას ბევრი დადებითი მომენტი ახლდა – მე ძალიან ამაყი ვიყავი მამაჩემის გამო; თუმცა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მამას ძალიან მორიდებული ცხოვრების წესი და სტილი ჰქონდა. ვინც ჩემთან არაა ნამყოფი, ყველას ჰგონია, რომ სასახლეში ვცხოვრობ, მაგრამ, როცა ნახულობენ ჩვენს სახლს, ხვდებიან, რომ არაფრით არაა გამორჩეული. მამა ყოველთვის თავშეკავებული კაცი იყო, მისი მთელი ენერგია და ყურადღება ჩემკენ იყო მომართული, თუმცა, თავისი სამსახურიდან გამომდინარე, ბევრი თავისუფალი დრო არ ჰქონდა. მაგალითად, 10 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე ზღვა და მამასთან ერთად დავისვენე. მანამდე ზღვაზე ვერ მივყავდი – როგორც ვიცი, ასლან აბაშიძესთან ჰქონდა უთანხმოება. ჩემი ყველა მეგობარი დადიოდა ზღვაზე,  მე კი არასდროს ვიყავი ნამყოფი და ის ზაფხული დღემდე დაუვიწყარ პერიოდად მახსენდება. შარშან მე და მამა საბერძნეთში ვიყავით ფესტივალზე, რომელიც ჩემი სოლო კონცერტით გაიხსნა. მამა  ბევრს ხუმრობდა: როლები შევცვალეთ – თუ ადრე შენ იყავი პეტრე მამრაძის შვილი, ახლა აქ მე ვარ ლიზა მამრაძის მამაო (იცინის).  საჩუქრებს რომ ვიღებდი, ძალიან უხაროდა. როცა თბილისში დავბრუნდით, აეროპორტში, სადაც  მამა ყველამ იცნო და ყველა ესალმებოდა, მითხრა – აი, ჩვენს ქვეყანაში უშენოდაც მცნობენო. ძალიან ცუდად მახსენდება ის პერიოდი, როცა მამამ სამსახური დატოვა და მასზე ისეთ რაღაცეებს ამბობდნენ, რაც ჩემთვის ძალიან რთული მოსასმენი იყო. ისეთ ასაკში ვიყავი, ემოციურად რთული გადასატანი იყო ჩემთვის, თუმცა, მამა სულ ცდილობდა, რომ  ეს ხმები ჩემამდე არ მოსულიყო. ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია და ვერავის აუკრძალავ ლაპარაკს. იმ პერიოდმა კარგად დამანახვა, ვინ ჩემი იყო და ვინ – არა, მამის წყალობით კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და ბევრიც ვისწავლე. მახსოვს, მერე, როცა ამ ყველაფერმა ჩაირა, ვხუმრობდით, რომ სახლში კრემლის აგენტი მყავდა (იცინის). 18 წლის გავხდი,  პირველად ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და ეს ძალიან მიხარია. მოქალაქეობრივად ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, რაც, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, მამას დამსახურებაა – ყველა მიტინგზე დავდიოდი, რაც რუსთაველზე იმართებოდა. მახსოვს, ეს რომ სახლში გაიგეს, ერთ-ერთ მიტინგზე ყველა ერთად დამეცა თავზე – დედა, მამა, ბებია, ბაბუა. დღემდე ჩემი მთავარი მარშრუტია რუსთაველი – ჭავჭავაძის გამზირი, ავტობუსებშიც კი მცნობენ. სხვაგან არსად არ მიშვებენ მშობლები და მათთვის ჩემი მიტინგზე ყოფნა, წარმოუდგენელი იყო.  ძალიან მიკვირს: თბილისში მარტოს არსად მიშვებენ, უცხოეთში კი 13 წლიდან მარტო დავდივარ; აეროპორტშიც კი არ მხვდება არავინ,  სასტუმრომდე მისვლა და სხვა ყველაფერი  ჩემი მოსაგვარებელია და, რა ვიცი, მაინცდამაინც აქ  დავიკარგები?! (იცინის).   

– მამა, ალბათ, ძალიან გიწყობს ხელს სამუსიკო კარიერაში. 

– ადრე არ უნდოდა, რომ მუსიკას გავყოლოდი. ლიტვაში გავხდი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მქონდა კონცერტები ავსტრიაში, ბელგიაში, იტალიაში, სადაც გამოვდიოდი ფესტივალებზე, რის შემდეგაც ამ ქვეყნებში მქონდა მიწვევები სოლო კონცერტებით.  დღეს ყველაფერი სხვანაირადაა –  შეიძლება ითქვას, რომ მამა ჩავითრიე ჩემს საყვარელ საქმეში, ანუ, ის ხშირად  დამყვება კონკურსებზე, საბერძნეთშიც კი წამოვიდა ჩემთან ერთად. ამბობს, შენი იმპრესარიო ვარო, თუმცა, ხანდახან იმასაც ხუმრობს, რომ იმპრესარიოებს კარგი ანაზღაურება აქვთ, მე კი მას არაფერს არ ვუხდი. მამა განსაკუთებულად უფრთხილდება ჩემს დიპლომებსა და სიგელებს, ყველა სათუთად აქვს შენახული. ზოგიერთი დიპლომი მე არც კი მაქვს ნანახი – მათი ადგილი მამას მიერ სპეციალურად გაკეთებულ  ალბომშია. როგორც მამა ხუმრობს, ის არა მხოლოდ ჩემი იმპრესარიო, არამედ, ჩემი პირადი მდივანიც არის  (იცინის).    

 

скачать dle 11.3