სერიული მანიაკები
დავითი მაგიდას მიუჯდა და კაბინეტში მყოფთ ანიშნა, თქვენც დასხედითო. გიორგიმ დაჯდომა დააპირა, მაგრამ, მირიანმა ამის საშუალება არ მისცა: სხვაგან გადაჯექი. ეს ადგილი ჯერჯერობით მე მეკუთვნის! – უთხრა ცივად.
გიორგი უხალისოდ ადგა და ანას გვერდით გადაჯდა.
– კეთილი. ახლა საქმეზე გადავიდეთ, – დავითი ანასა და გიორგის მიუბრუნდა, – მირიანი უკვე საქმის კურსშია, მაგრამ თქვენ ჯერჯერობით არ იცით, რატომ მოგიწვიეთ აქ. მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, იგეგმება ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და თქვენ იმ ჯგუფის წევრებად მოიაზრებით.
– ერთ წუთით, – ჩაურთო გიორგიმ, – თქვენ გინდათ, თქვათ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ?!
– დიახ, – უპასუხა დავითმა, – მირიანი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება.
– გასაგებია, – გიორგიმ უწყება დავითის წინ დადო, – თუ ჩემთან სხვა საქმე არ გაქვთ, წავალ.
– წახვალ?! – გაუკვირდა დავითს.
– წავალ, – მშვიდად დაუდასტურა გიორგიმ, – მე და მირიანი ერთად ვერ ვიმუშავებთ... და, მგონია, რომ ისიც იზიარებს ჩემს აზრს!
– გეთანხმები. შეგვიძლია, ეს საკითხი გადაწყვეტილად ჩავთვალოთ! – დაუფარავი კმაყოფილებით თქვა მირიანმა.
– მე არ გეთანხმებით! – ოფიციალური ტონით თქვა დავითმა და გიორგის მიუბრუნდა, – როგორ გგონია, შენი რამდენი კოლეგა ოცნებობს ასეთ წინადადებაზე? მთავარი პროკურატურა ხომ ნებისმიერი გამომძიებლისთვის საინტერესო და მიმზიდველი უწყებაა!
– არ ვიცი, ვინ რაზე ოცნებობს, მაგრამ, პირადად მე კმაყოფილი ვარ ჩემი სამუშაოთი და რამის შეცვლას არ ვაპირებ, – მშვიდად უპასუხა გიორგიმ.
– სამწუხაროდ, შენ მაინც მოგიწევს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეების შეცვლა. პირველ ყოვლისა კი ეს შენს დღევანდელ სამსახურს ეხება, – განაგრძო დავითმა.
– რას გულისხმობთ? – მოიღრუბლა გიორგი.
– მე კარგად გავეცანი შენს პირად საქმეს, გავესაუბრე შენს ხელმძღვანელობასაც. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ცუდად გახასიათებენ – ეს უსამართლობა იქნება, მაგრამ, არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც ისინიც ვერ გადალახავენ. ყველაფრის თავი და თავი კი შენი ხასიათია. სწორედ ამის გამო შეივსო შენი პირადი საქმე მკაცრი გაფრთხილებებით. მეც და შენც კარგად ვიცით, რომ ბოლო გაფრთხილება უკვე მიღებული გაქვს. ერთი მცირე შენიშვნაც კმარა სამსახურიდან შენს გასათავისუფლებლად, დანარჩენი კი დროის ამბავია. შენი ხასიათის ცვლილებისა არ მჯერა. ხვალ, ზეგ, ერთი კვირის ან თვის შემდეგ, შენ ისევ მიიღებ შენიშვნას და ყუმბარასავით გავარდები საგამოძიებოდან, თანაც, ისეთი დახასიათებით, რომ მომავალში ვეღარასოდეს დაბრუნდები უკან. ასე რომ... – აღარ დაასრულა დავითმა.
– თქვენი თქმით, არჩევნის საშუალება არ მაქვს?! უარი თუ ვთქვი, შემიძლია, პირდაპირ სახლში წავიდე?!
– პირდაპირ სახლში ვერ წახვალ, ჯერ პოლიციის სამმართველოში შეივლი, მოახსენებ, რომ მთავარ პროკურატურას არ აკმაყოფილებს შენი კანდიდატურა და მხოლოდ ამის შემდეგ წახვალ სახლში, – უპასუხა დავითმა.
– მაშანტაჟებთ?! – ბრაზით ჰკითხა გიორგიმ.
– როგორც გინდა, ისე გაიგე!
გიორგი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– არ გეგონოთ, რომ შემაშინეთ. უბრალოდ, ამ საკითხის გადაწყვეტას ანას მივანდობ.
– რა შუაშია ანა? – დაიბნა დავითი.
– თუ ის დარჩება, მეც დავრჩები! მის გარეშე შეუძლებელი იქნება მირიანის საზოგადოების ატანა! – ირონიით თქვა გიორგიმ.
– ბატონი მირიანის! – ცივად შეუსწორა საგამოძიებო ჯგუფის მომავალმა ხელმძღვანელმა.
– იურისპრუდენციის გარდა, მცირე დრო ისტორიისთვისაც რომ დაგეთმო, გეცოდინებოდა, რომ საქართველოში მეფესაც კი შენობით მიმართავდნენ. შენ კი ცალჩექმიან აზნაურობაზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია!
მირიანმა უკმაყოფილოდ გახედა ანას, რომელსაც ღიმილი მოჰგვარა გიორგის პასუხმა და შემდეგ თქვა:
– აზნაურობაზე მართლაც არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ, აქ, ამ უწყებაში, შენთვის მეფეც ვარ და უფრო მეტიც – მამაღმერთი! კარგად დაიმახსოვრე ეს!
– ასე ვერ შევთანხმდებით. მოდი, სერიოზულად ვილაპარაკოთ, – უმალ ჩაერია დავითი, – თქვენ რას იტყვით, ქალბატონო ანა?
– რა გითხრათ... – მხრები აიჩეჩა მან, – ჩემთვის ძალიან მოულოდნელია ეს ყველაფერი.
– მესმის. მაგრამ, თქვენთვის ყველაზე იოლია გადაწყვეტილების მიღება. თქვენ სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრეთ უნივერსიტეტი და საგამოძიებო უწყებაში მუშაობის გამოცდილება არ გაგაჩნიათ. მთავარი პროკურატურა ნამდვილი ტრამპლინი იქნება თქვენს სამსახურებრივ კარიერაში.
– გასაგებია, მაგრამ, მე უკვე შემომთავაზეს საინტერესო სამუშაო.
– თუ საიდუმლო არ არის, სად? – ჰკითხა დავითმა.
– ერთ-ერთ კერძო იურიდიულ კომპანიაში, – უპასუხა ანამ.
– ხომ ხედავ, ყველაფერი თავისთავად მოგვარდა, – მირიანმა მოზეიმე სახით გახედა დავითს.
– უკაცრავად, – ჩაურთო ანამ, – მე არ დამიმთავრებია. მე ჯერ არ მიმიცია თანხმობა იმ იურიდიული კომპანიის წარმომადგენლებისთვის. ასე რომ, შემიძლია, ვიფიქრო თქვენს წინადადებაზე. მაგრამ, მანამდე უფრო მეტი უნდა ვიცოდე, კონკრეტულად რას მთავაზობთ.
– საინტერესო სამუშაოს გამოცდილების შეძენისა და კარიერული ზრდის პერსპექტივით. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს შემოგთავაზებთ, – უპასუხა დავითმა.
ანამ გიორგის გახედა და შემდეგ თქვა:
– შესანიშნავია. ჩემთვის სავსებით მისაღებია თქვენი პირობები.
– ძალიან კარგი, – დავითი მირიანს მიუბრუნდა, – ჯგუფის ორი წევრი გვყავს. ახლა ხელმძღვანელის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ.
– უარი რომ გითხრა, როგორ მოიქცევი? – ჰკითხა მან.
– ჩემს კაბინეტში დავბრუნდები და განყოფილების ხელმძღვანელად შენი დანიშვნის ბრძანებას დავწერ.
მირიანმა ჩაფიქრებული მზერა შეავლო ანასა და გიორგის, რომლებიც მოლოდინით შემოსცქეროდნენ და შემდეგ ჩაილაპარაკა:
– კარგი, იყოს ასე...
– კეთილი, – თქვა დავითმა და წასასვლელად ადგა, – ბრძანებას საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ დღესვე მოვამზადებ. როგორც კი მთავარი პროკურორი ხელს მოაწერს ბრძანებას, მიიღებთ სისხლის სამართლის პირველ საქმეს. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. წარმატებებს გისურვებთ!..
* * *
მირიანი კაბინეტში შევიდა, მაგიდაზე საქაღალდე დააგდო და მძიმედ დაეშვა სავარძელზე.
– რა მოხდა? – მაშინვე ჰკითხა ანამ.
– დავითმა საქმე მომცა, – უპასუხა მიარიანმა.
– ნაღდად არ მეგონა, თუ ასეთ ტრაგედიად აღიქვამდი ახალი საქმის მიღებას, – დამცინავად ჩაილაპარაკა გიორგიმ.
– შვიდი წელია, პროკურატურაში ვმუშაობ და მაინც ვერ შევეჩვიე ასეთ საქმეებს, – თქვა მირიანმა და საქაღალდე მაგიდაზე გიორგისა და ანას მიმართულებით გააცურა. მათ მაშინვე გადაშალეს და საქმის მასალების კითხვას შეუდგნენ. სისხლის სამართლის საქმე სამი დღის წინ იყო აღძრული. გამოძიების საფუძველი თბილისის ზღვაზე, თემქის მიდამოებში, არასრულწლოვანი, უფრო ზუსტად კი, 16 წლის ნონა ბაქრაძის აღმოჩენა გახდა. გოგონა მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. იმ დღეს ის სკოლიდან შინ არ დაბრუნდა. დედამისი გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა მასთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ, ვერ შეძლო. მას ვერც ნონას მეგობრები დაეხმარნენ გოგონას ადგილსამყოფლის დადგენაში. როდესაც დედამ ყველა შესაძლებლობა ამოწურა, შვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას აცნობა. დილით კი, ნონა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი, თბილისის ზღვაზე სათევზაოდ მიმავალმა მამა-შვილმა, პეტრე და რევაზ ინაშვილებმა აღმოაჩინეს. ის უგონოდ იყო. მამა-შვილმა მომხდარის შესახებ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების სამსახურს აცნობა. საბედნიეროდ, მედიკოსების ჩარევა დროული აღმოჩნდა და გოგონას გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, ის კომაში იყო და ექიმები ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ მდგომარეობიდან მის გამოყვანას. საქმის მასალებს ერთვოდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი გაუპატიურებული იყო. მაგრამ, მხოლოდ ეს არ უნდა ყოფილიყო მისი კომაში ჩავარდნის მიზეზი. ექსპერტიზის დასკვნით, მას კეფის მიდამოში ბლაგვი საგნით მიყენებული რამდენიმე ტრავმა აღენიშნებოდა, რამაც შიდა სისხლსდენა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია. სავარაუდოდ, გაუპატიურების შემდეგ, მოძალადე მსხვერპლის მოკვლას ცდილობდა. ამიტომ, მან რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ბლაგვი საგანი და, როცა დარწმუნდა, რომ გოგონა მკვდარი იყო, იქაურობას გაეცალა.
– ნაბიჭვარი!.. – გიორგიმ ვერ შეძლო ემოციის შეკავება, – ბოდიში, ანა...
– არაფერია... მესმის, – ყრუ ხმით ჩაილაპარაკა ანამ.
– დღეიდან ამ საქმეზე ვიწყებთ მუშაობას, – მირიანი საქაღალდეს გადასწვდა, – ჩემი პირველი წესია: არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ სხვის მიერ მოპოვებულ მონაცემებს. არ არსებობს გამომძიებელი, რამე რომ არ გამორჩეს და არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სრულად ასახავს მომხდარს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური სიზუსტით აღვადგინოთ დანაშაულის სურათი. ერთ, თითქოსდა უმნიშვნელო დეტალს, საქმის არსის მთლიანად შეცვლა შეუძლია – ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. ამიტომ, ამ საქაღალდეს გვერდზე გადავდებთ და საქმეზე თავიდან დავიწყებთ მუშაობას. დღეისთვის რამდენიმე ამოცანა გვაქვს გადასაწყვეიტი: მამა-შვილი ინაშვილები თავიდან უნდა დავკითხოთ. შემდეგ ყურადღებით უნდა დავათვალიეროთ შემთხვევის ადგილი. შევხვდებით ექსპერტიზის თანამშრომლებს, ასევე, საავადმყოფოში უნდა გაირკვეს დაზარალებულის ამჟამინდელი მდგომარეობა. აუცილებელია მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნაცნობების დაკითხვა, მიღებული მონაცემებით კი დავგეგმავთ შემდგომ მოქმედებებს. როგორც ხედავთ, საქმე არც ისე ცოტაა. შედეგის დასაჩქარებლად სამუშაოს გავინაწილებთ. შემთხვევის ადგილზე ერთად გავალთ, შემდეგ მე ექსპერტიზას მივხედავ, თქვენ კი საავადმყოფოში გოგონას მდგომარეობას გაარკვევთ და მისი ნაცნობ-მეგობრების სიას შეადგენთ. გარდა ამისა, საჭიროა დაკითხვაზე ინაშვილების გამოძახება და ამას შენ მოაგვარებ, ანა. ყველაფერი გასაგებია?
– გასაგებია, – უპასუხეს ანამ და გიორგიმ.
– მაშინ, წავედით, – თქვა მირიანმა და საქაღალდე მაგიდის უჯრაში შეინახა.
* * *
მირიანმა გზატკეცილზე შეაჩერა მანქანა. იქვე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ორი თანამშრომელი ელოდა, რომლებსაც მან შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში დახმარება სთხოვა.
– გამარჯობა, ბიჭებო, – მირიანი მანქანიდან გადმოსვლისთანავე მიესალმა პოლიციელებს, – სად მოხდა ის შემთხვევა?
– გამოგვყევით, – უპასუხეს მათ და თბილისის ზღვის მიმართულებით დაეშვნენ.
ბუჩქნარი, სადაც ინაშვილებმა გოგონა აღმოაჩინეს, გზატკეცილიდან ორასიოდე მეტრით იყო დაშორებული. შემთხვევის ადგილი ჯერ ისევ შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით. ლენტის შიგნით მოქცეულ მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახი ძლიერ იყო მოთელილი – ჩანს, აქაურობა ბევრ ცნობისმოყვარეს იზიდავდა, რომლებსაც საკუთარი თვალით სურდათ, ენახათ ადგილი, სადაც შემზარავი დანაშაული მოხდა.
პოლიციელები ლენტის სიახლოვეს შეჩერდნენ და ერთ-ერთი მათგანი ვითარების ახსნას შეუდგა:
– შეტყობინება დილის 7 საათისთვის შემოვიდა სამმართველოში. განაწესის მიხედვით, გამოძახებაზე ოპერატიული ჯგუფი გავიდა...
– თქვენ იყავით იმ ჯგუფის შემადგენლობაში? – ჰკითხა მირიანმა.
– ვიყავი, – დაუდასტურა პოლიციელმა, – მამა-შვილი გზატკეცილის სიახლოვეს დაგვხვდა. მათ დაზარალებული იმ ადგილას ამოიყვანეს, სადაც მანქანები დავტოვეთ. გოგონა გათიშული იყო და კონტაქტში არ შემოდიოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ძლიერად იყო ნაცემი – სახესა და სხეულზე რამდენიმე სისხლჩაქცევა ჰქონდა. მისი ვინაობა ვერ დავადგინეთ. დაზარალებულს არც ხელჩანთა ჰქონდა და არც პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ერთადერთი, რაც მისი ნივთებიდან აღმოვაჩინეთ, სპორტული ფეხსაცმელები იყო: ცალი აქვე ეგდო, მეორე კი – აქედან ოცდაათ მეტრში.
– კონკრეტულად სად? – ჰკითხა ანამ.
– აი, იქ, – პოლიციელმა გზატკეცილის მიმართულებით გაიშვირა ხელი.
– სავარაუდოდ, გოგონა გზატკეცილის მხრიდან ძალდატანებით მოიყვანეს და ფეხსაცმელი ბრძოლის დროს გასძვრა! – ივარაუდა გიორგიმ.
– ჩვენც ასე ვფიქრობთ, – გახედა პოლიციელმა.
– ინაშვილების გარდა, შემთხვევას თვითმხილველი ჰყავდა? – ჰკითხა მირიანმა.
– რამდენიმე შემთხვევით გამვლელს თუ არ ჩავთვლით – არა, – განაგრძო პოლიციელმა.
– ვინ იყვნენ ის შემთხვევითი გამვლელები?
– ორი თუ სამი მამაკაცი ინაშვილებივით სათევზაოდ ამოვიდა ზღვაზე. გარდა ამისა, რამდენიმე მანქანა დაშავებული გოგონას შემჩნევისას შეჩერდა გზაზე, მაგრამ, მათი დახმარება საჭირო აღარ გახდა – იმ დროისთვის სასწრაფო უკვე მოსული იყო. ექიმები მხოლოდ ორიოდე წუთით დარჩნენ აქ, გოგონას ინიექცია გაუკეთეს და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს.
– ფეხსაცმელების გარდა რა ამოიღეთ შემთხვევის ადგილიდან? – ჰკითხა გიორგიმ.
– არაფერი, – თავი გააქნია პოლიციელმა, – აქ ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია ნივთმტკიცების უბრალო ნაგვისგან გარჩევა. ახლა სათევზაო სეზონია და დილიდან საღამომდე აქაურობას უამრავი ადამიანი აკითხავს. ხშირად საქეიფოდაც ამოდიან ქალაქიდან. ვინ გაარკვევს, მათი დატოვებულია ეს ხარახურა, – პოლიციელმა ბუჩქნარის სიახლოვეს მიმოფანტულ წვრილმან ნაგავზე მიანიშნა, – თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დარჩა?
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა მირიანმა, – ესე იგი, დღის განმავლობაში აქ ხალხმრავლობაა?
– არა... ხალხმრავლობა სხვა სიტყვაა. უბრალოდ აქ ყოველთვის იკრიბება თევზაობის მოყვარული ათი-თხუთმეტი მეთევზე, რომლებიც, ძირითადად, ახლომახლო უბნებიდან – თემქიდან და ლოტკინიდან ამოდიან. იმ საღამოს კი, იქ, – პოლიციელმა ხელით მიანიშნა ზღვის ნაპირის სიახლოვეს მდებარე ბექობზე, – თემქელი ბიჭები ქეიფობდნენ. ჩვენ გავესაუბრეთ მათ და გვითხრეს, რომ საღამოს ცხრა საათამდე იყვნენ ზღვაზე და მათი წასვლისას აქ არავინ იმყოფებოდა.
– არ იმყოფებოდა თუ მათ არ დაუნახავთ? – ჩაეძია ანა.
– არა... არავინ იმყოფებოდა. წასვლისას მათ ბუჩქნარის სიახლოვეს ჩაიარეს და, აქ ვინმე რომ ყოფილიყო, შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ. სავარაუდოდ, დანაშაული უფრო გვიან, ღამით უნდა მომხდარიყო, – თქვა პოლიციელმა.
– კეთილი, – თქვა მირიანმა და ბუჩქნარის სიღრმეში შევიდა. გიორგი და ანა მაშინვე უკან მიჰყვნენ.
ბუჩქნარის ცენტრში, მცირე მოედანზე, ბალახი განსაკუთრებით ძლიერად იყო გათელილი. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ გოგონა თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა მოძალადეს. ვიდრე მირიანი შემთხვევის ადგილს ათვალიერებდა, გიორგიმ ბალახში სიგარეტის რამდენიმე ნამწვავი იპოვა.
– კარგია, – შეაქო მირიანმა, – როდესაც ეჭვმიტანილი გვეყოლება, გენეტიკური ანალიზისთვის გამოგვადგება.
ამ დროს მათ ანა მიუახლოვდათ, რომელსაც ხელში რაღაც მედიკამენტის ქილა ეჭირა.
– ეს რა არის? – ჰკითხა მირიანმა.
– ბუჩქნარის საპირისპირო მხარეს ვიპოვე, – უპასუხა ანამ და ეტიკეტზე მედიკამენტის დასახელება ამოიკითხა: ტრუქსალი... როგორც აქაა მითითებული, ფსიქოტროპიული საშუალება უნდა იყოს.
– ცარიელია? – ჰკითხა გიორგიმ?
– ცარიელია, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს ამას? – გახედა ანამ.
– ისწავლე, ვიდრე ცოცხალი ვარ. მედიკამენტს უმიზეზოდ არავინ გადააგდებს. ცარიელი იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტი გათავდა და მფლობელმა უსარგებლო ქილა ბუჩქებში მოისროლა. აი, ქილაში მედიკამენტი რომ ყოფილიყო, ვივარაუდებდით, რომ ის ვიღაცას შემთხვევით ამოუვარდა ჯიბიდან. შეიძლება, გოგონასთან ბრძოლის დროსაც, – თვალი ჩაუკრა გიორგიმ.
მირიანმა ანას ქილა ჩამოართვა, შეათვალიერა და თქვა:
– მაინც გადავამოწმებთ. როგორც წესი, ფსიქოტროპული საშუალებები სპეციალიზებულ აფთიაქებში და მხოლოდ ექიმის სპეციალური რეცეპტით გაიცემა...
* * *
მირიანი მარტო მივიდა ექსპერტიზის ბიუროში, სადაც უკვე ელოდა მისი ძველი ნაცნობი, ანდრო ჩივაძე. მისთვის უკვე ცნობილი იყო მირიანის სტუმრობის მიზეზი და მომზადებული ჰქონდა ახალ საქმესთან დაკავშირებული ყველა მონაცემი.
– გამარჯობა, – ანდრომ ხელი ჩამოართვა სტუმარს და თხელი საქაღალდე გაუწოდა, – აქ ყველაფერია, რაც შენ მთხოვე.
მირიანი მაგიდას მიუჯდა, საქაღალდე გახსნა, აუჩქარებლად გადაათვალიერა დოკუმენტები და ანდროს მიუბრუნდა.
– მონაცემებს ჯგუფის წევრებთან ერთად პროკურატურაში გავეცნობი დაწვრილებით. ახლა კი შენთან საუბარი უფრო მაინტერესებს.
– რომელ ჯგუფს გულისხმობ?
– მარტო აღარ ვმუშაობ, ორი თანაშემწე მყავს.
– აღარ გენდობიან, თუ თავს ვეღარ ართმევ გამოძიებას? – ჩაიცინა ანდრომ.
– არა, უბრალოდ, უფრო მეტს მოითხოვენ ჩემგან... საქმეზე გადავიდეთ, – განაგრძო მირიანმა, – დასკვნაში მითითებულია, რომ დაზარალებულს ბლაგვი საგნით მიაყენეს ტრავმები. შენი აზრით, რა უნდა ყოფილიყო ის ბლაგვი საგანი?
– მუშტი... ფეხი... უხეშად რომ ვთქვა, გოგონას გამეტებით სცემდნენ, – უპასუხა ანდრომ, – ურტყამდნენ მუშტებით, ფეხებით და, დარწმუნებული ვარ, რომ ამაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
– შენი აზრით, ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე? – ჰკითხა მირიანმა.
– ჯგუფურ გაუპატიურებასთან, – შეუსწორა ანდრომ, – დასკვნა, რომელიც შენ საქმის მასალებთან ერთად მიიღე, პირველადი იყო. ჩვენთვის პირველივე წუთიდან ნათელი გახდა, რომ საქმე გაუპატიურებასთან გვქონდა. შემდგომმა ექსპერტიზამ ეს დაადასტურა და, ამასთან, გვიჩვენა, რომ გოგონა ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.
– ერთი წამით... ეს ვარაუდია თუ ფაქტი?
– ფაქტი, – უპასუხა ანდრომ, – ზუსტ რაოდენობას ვერ დაგისახელებ, მაგრამ, მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დანაშაულში არანაკლებ ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.
– რაში დასჭირდა ოთხ ნაძირალას გოგონას ასე ცემა, ისინი ხომ ისედაც შეძლებდნენ მის დამორჩილებას?! – ჩაილაპარაკა მირიანმა.
– ვფიქრობ, რომ ისინი მის მოკვლას ცდილობდნენ – ამაზე ტრავმების ხასიათი მიუთითებს. დარტყმებს ძირითადად თავში აყენებდნენ. გოგონას სხეულზე მხოლოდ რამდენიმე სისხლჩაქცევა აღმოაჩნდა – ძირითადად, მკერდსა და ზურგზე. ეს წინააღმდეგობის გაწევისას მოხდა – ჩანს, გოგონა თავის დაცვას ცდილობდა. წაქცეული აქეთ-იქით აწყდებოდა და ამ დროს თავის ნაცვლად სხეულზე იღებდა დარტყმებს. როგორც კი მან წინააღმდეგობა შეწყვიტა, თავდამსხმელებმა მკვდრად ჩათვალეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს.
– ბიოლოგიური ნიმუშები თუ გაქვთ? – განაგრძო მირიანმა.
– რა თქმა უნდა, – დაუდასტურა ანდრომ.
მირიანმა ჩანთიდან მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი ამოიღო, რომელშიც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ნამწვები ეწყო.
– შევძლებთ ნიმუშებთან შედარებას?
ანდრომ ნამწვები მაგიდაზე წამოყარა, სათვალე მოირგო და ყურადღებით დააკვირდა.
– ამ ოთხი ნამწვიდან ორი ცალი თერთმეტი ნომერი „კენტია”, მაგრამ, მათ სხვადასხვა პიროვნება ეწეოდა. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი ძალიან ნერვიულობდა: ერთი სიგარეტის ფილტრი დაღეჭილია, მეორისა – არა. რაც შეეხება მესამე და მეოთხე ნამწვავებს, მათგან ერთ-ერთი მენთოლიანი „ქემელია” და ასეთ სიგარეტს ძალიან ცოტა ეწევა; მეორე კი – იაფფასიანი „ელემი”. კარგი, შევადაროთ დაზარალებულის სხეულიდან აღებულ ნიმუშებს.
– მაინც, რა ნიმუშები გაქვს?
– ნერწყვისა და სპერმის. გარდა ამისა, დაზარალებულის მაისურზე სისხლის კვალიც აღმოჩნდა, რომელიც მას არ ეკუთვნის...
– რამდენი ხანი დაგჭირდება ექსპერტიზისთვის? – ჰკითხა მირიანმა.
– წესით, რამდენიმე დღე, მაგრამ, შენთვის ყველაფერს გვერდზე გადავდებ და სამ-ოთხი საათში დავამთავრებ. შენ დროს ნუ დაკარგავ, საქმეებს მიხედე. ექსპერტიზის შედეგებს პროკურატურაში გამოგიგზავნი.
– შეუცვლელი კაცი ხარ, – ღიმილით თქვა მირიანმა და დასამშვიდობებლად გაუწოდა ხელი.
* * *
რეანიმაციის შესასვლელში რამდენიმე ქალსა და გოგონას მოეყარათ თავი. მათ შორის დაზარალებულის დედა, ლიანა ბაქრაძეც იმყოფებოდა.
გიორგიმ ყურადღებით შეათვალირა შავ სამოსში გამოწყობლი, ტირილისგან თვალებდასიებული და სახეგაფითრებული ქალი და ანას მიუბრუნდა:
– ერთი თხოვნა მაქვს შენთან.
– გისმენ, – უპასუხა მან.
– ასეთ ვითარებაში ყოველთვის მიჭირს დაზარალებულთან საუბარი. მოდი, შენ დაკითხე. მეც იქვე ვიქნები და, თუ რამე გამოგრჩა, შეგეშველები.
– კარგი, – უპასუხა ანამ. შემდეგ ქალს მიუახლოვდა, პირადობის მოწმობა აჩვენა და ჰკითხა, რამდენიმე წუთს ხომ არ დამითმობთო.
– რისთვის? – გადაღლილი ხმით თქვა ლიანამ.
– მესმის თქვენი მდგომარეობა, მაგრამ, რამდენიმე კითხვაზე აუცილებლად უნდა მიპასუხოთ.
– რა შეიცვლება ამით?
– არაკაცს, რომელიც თქვენს გოგონას დაესხა თავს, საბრალდებო სკამზე დავსვამთ.
– და რა ამით?! ეს ჩემს შვილს ჯანმრთელობას ვერ დაუბრუნებს! იმან, რაც მოხდა, საბოლოოდ გაგვასწორა მიწასთან. ნონა 3 წლის იყო, როდესაც მისი მამა მოკლეს. დღესაც მახსოვს ის გამომძიებელი, რომელიც ჩემი ქმრის საქმეზე მუშაობდა. ისიც არ იშურებდა მაღალფარდოვან ფრაზებს სამართლიანობაზე, ბოროტების დათრგუნვა-ამოძირკვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ, მე დღესაც არ ვიცი, ვინ მომიკლა ქმარი. მთელი ცხოვრება იმ იმედით გავატარე, რომ, თავად ახალგაზრდობაში დაქვრივებული და უბედური, ჩემი გოგონას ბედნიერებით მაინც გავიხარებდი, მაგრამ... – ლიანამ სიტყვის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ხმა აუკანკალდა და თვალებზე ცხვირსახოცი აიფარა.
– მესმის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არაფერს დავიშურებთ. დამნაშავე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, მისი ადგილი გისოსებს მიღმაა. ეს იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში სხვა დედა არ აღმოჩნდეს ამ პალატის კართან! – ანა ფრთხილად შეეხო ხელზე.
ლიანამ ყურადღებით შეათვალიერა ანა და შემდეგ მზერა მოახლოებულ გიორგიზე გადაიტანა.
– ჩემი კოლეგაა. ერთად ვმუშაობთ ნონას საქმეზე, – თქვა ანამ.
– კარგი... რა გაინტერესებთ? – ჰკითხა ლიანამ.
– სისხლის სამართლის საქმის მასალებში მითითებულია, რომ თქვენ ნუცუბიძის პლატოზე ცხოვრობთ. ეს ზუსტი მისამართია? – ჰკითხა ანამ.
– დიახ.
– თქვენი აზრით, როგორ უნდა აღმოჩენილიყო ნონა თბილისის ზღვის მიდამოებში, ზღვის სიახლოვეს მდებარე უბნებში ნაცნობები ჰყავდა?
– არა, იქ არავის იცნობდა.
– თქვენ თვითონ რას უკავშირებთ მომხდარს, ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი? – განაგრძო ანამ.
– წარმოდგენა არ მაქვს და ვერც ვერავის დავუკავშირებ მომხდარს. ნონას ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. რამდენიმე თანაკლასელი და მეზობელი – სულ ეს იყო მისი სამეგობრო წრე. ის დილით ჩვეულებისამებრ წავიდა სკოლაში. სკოლის შემდეგ მუსიკის მასწავლებელთან უნდა შეევლო და, ამიტომაც, არ გამკვირვებია, სახლში რომ დაიგვიანა. მოგვიანებით კი მისი მუსიკის მასწავლებელი დამიკავშირდა და ნონა მოიკითხა – გაკვეთილი რატომ გააცდინაო. მისი ზარის შემდეგ დავიწყე შვილის ძებნა. ტელეფონით მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდით. ნონას ასავალ-დასავალი არც მისმა მეგობრებმა იცოდნენ. გოგონების თქმით, ისინი გაკვეთილების შემდეგ დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ნონა მუსიკის მასწავლებელთან წავიდა, დანარჩებნებმა კი სახლებს მიაშურეს – სულ ეს არის. როდესაც ნონა აღარ გამოჩნდა, პოლიციას დავუკავშირდი. დანარჩენი ხომ თვითონაც გეცოდინებათ, – ცრემლმორეული ხმით დაასრულა ლიანამ.
– მეგობარი ბიჭი ხომ არ ჰყავდა?
– არა, – თავი გაიქნია ლიანამ.
– იქნებ, ჰყავდა და თქვენ არაფერი იცოდით ამის შესახებ? – ჰკითხა ანამ.
– ვერაფერს გეტყვით. მის მეგობრებს გაესაუბრეთ, – პალატის შესასვლელთან თავმოყრილ რამდენიმე გოგონაზე მიანიშნა ლიანამ, – ისინი იყვნენ ნონას მესაიდუმლეები.
– გოგონებს დაელაპარაკე, შენთან უფრო გულახდილები იქნებიან, – ანას გადაულაპარაკა გიორგიმ, შემდეგ კი ისევ ლიანას მიუბრუნდა, – სახლში კომპიუტერი თუ გქონდათ?
– დიახ, – დაუდასტურა მან.
– ბუნებრივია, ნონა ინტერნეტითაც სარგებლობდა.
– დიახ...
– თქვენი ნებართვით, კომპიუტერს გარკვეული დროით ამოვიღებთ, – თქვა გიორგიმ.
– რისთვის? – ჰკითხა ლიანამ.
– ნონას აუცილებლად ექნება კომპიუტერში ჩვენთვის საინტერესო გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად, ფოტოსურათები. ჩვენ, ასევე, გვაინტერესებს მისი ინტერნეტკონტაქტები, მიმოწერა... შესაძლოა, მისმა რომელიმე ინტერნეტნაცნობმა გაგვიყვანოს დამნაშავის კვალზე.
– მესმის, მაგრამ, ახლა საავადმყოფოს ვერ დავტოვებ. მე აქ უნდა ვიყო, ჩემი შვილის სიახლოვეს... შეიძლება მისი რომელიმე მეგობარი გამოგყვეთ ჩვენს ბინაში?
– გამოგვყვეს, – დაეთანხმა გიორგი.
ამასობაში ანა ცდილობდა, გოგონებისგან გაერკვია, ჰყავდა თუ არა მას ისეთი მეგობრები, რომელთა შესახებაც დედამისმა არაფერი იცოდა. მისდა სამწუხაროდ, გოგონებმაც არაფერი იცოდნენ ასეთი მეგობრების შესახებ. თუმცა, ანას არ გამოჰპარვია ერთ-ერთი გოგონას დაბნეული გამოხედვა.
– შენ ხომ ვერ მეტყვი რამეს? – გოგონას მიუბრუნდა ანა.
– არა, – გაუბედავად უპასუხა მან.
– რა გქვია?
– ეკა.
– ეკა, არ გინდა, დამეხმარო იმ არაკაცის დასჯაში, რომელმაც შენს მეგობარს ასეთი ტკივილი მიაყენა? – ჰკითხა ანამ.
– მინდა, მაგრამ... – გოგონამ შიშით გახედა ლიანას, შემდეგ კი ანასთან ახლოს მიიწია და ჩურჩულით განაგრძო: ნონას არ უნდოდა, რომ დედამისს ამის შესახებ სცოდნოდა, რადგან, მისი გაბრაზების ეშინოდა – იცოდა, რომ ლიანა დეიდა არ მოუწონებდა ასეთ ნაცნობობას.
– რას გულისხმობ? – ჩაეძია ანა.
– დაახლოებით ერთი თვის წინ ვიღაც ბიჭი გაიცნო ინტერნეტით, – ჩურჩულით განაგრძო გოგონამ, – მე მხოლოდ ის ვიცი მის შესახებ, რომ რამაზი ჰქვია, მხატვარია, ოცდაშვიდი წლისაა და მანქანა ჰყავს.
– ნონა ხვდებოდა იმ ბიჭს?
– ხვდებოდა... ის აღფრთოვანებული იყო მისით. ხშირად მიამბობდა მის შესახებ. ამბობდა, რომ რამაზი არაფრით ჰგავდა ჩვენს თანატოლ ყოყლოჩინა და ცუნდრუკ ბიჭებს, ის განათლებული და საინტერესო ადამიანი იყო. გართობისთვის არასდროს იშურებდა ფულს და ნონას მანქანის ტარებასაც კი ასწავლიდა.
– სად ცხოვრობს ან სად მუშაობს ის რამაზი?
– არ ვიცი. ნონამ მითხრა, რომ რამაზმა რამდენჯერმე დაპატიჟა თავის სახლში, მაგრამ კონკრეტულად სად, არ უთქვამს.
– კარგი... შენი ტელეფონის ნომერი და მისამართი მითხარი, – ანამ უბის წიგნაკი და კალამი მოიძია ხელჩანთაში.
– რისთვის?! – უმალ დაიძაბა გოგონა.
– შენ არასრულწლოვანი ხარ და მშობლების თანდასწრების გარეშე შენი დაკითხვა არ შეიძლება.
– მაგრამ, ლიანა დეიდა რომ შეიტყობს ამის შესახებ?! – შიშით თქვა გოგონამ.
– იმაზე საშინელი, რაც უკვე მოხდა, ლიანას აღარაფერი ემუქრება!
– კარგი, – ჩაილაპარაკა გოგონამ და თავისი ტელეფონის ნომერი და მისამართი უკარნახა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში