კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

სესილია ჯეფერსი ყველამ გულწრფელად შეიცოდა – მის  თავზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ვინმე მერი ოუნი, ახალგაზრდა ქალი, რომელთანაც სესილიას ქმარს, ჰენრის რომანი ჰქონდა, მათთან იარაღმომარჯვებული შევარდა და ჰენრი და მამამისი, მოხუცი გრაფი ჯეფერსი გულში ზუსტი ნასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. სესილია მკლავში დაიჭრა, მაგრამ, იეშმაკა და სკამიდან ჩაცურდა – ვითომ მოკვდა. ემოციურმა მერიმ კი ბოლოს საფეთქელშიც იკრა ტყვია... პოლიციამ ისიც და დანარჩენებიც სისხლის ტბაში იპოვა. რამდენიმე დღე ბულვარული გაზეთები მხოლოდ ამაზე წერდნენ... სესილია ჰოსპიტლიდან შორეულმა ბიძაშვილმა – ჯორჯმა წამოიყვანა. პოლიციის ესკორტმა ისინი ჯეფერსების საგვარეულო სახლამდე მიაცილა. სწორედ იქ დატრიალდა ტრაგედია. 

როცა მარტონი დარჩნენ, სესილიამ სიყვარულით გაუღიმა ჯორჯს:

– არ მჯერა, რომ ეს კოშმარი დასრულდა. საყვარელო... მეგონა, მეც მომკლავდა. მერი გიჟი იყო. ის ჰენრისგან მოითხოვდა, გამშორებოდა და ცოლად მოეყვანა. ჰენრი ამას იმსახურებდა... ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი... ყველამ იცოდა, რომ მერისთან მღალატობდა... ახლა შეგვიძლია, დავქორწინდეთ. მე მდიდარი ქვრივი ვარ. ამას ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერც წარმოვიდგენდი... მდიდარი და ლამაზი ცოლი გეყოლება.

ჯორჯს ხელისგულები გაუცივდა. არასდროს ულაპარაკია სესილიასთან იმაზე, რომ, თუ მათი ცხოვრებიდან ჰენრი ჯეფერსი გაქრებოდა, ცოლად შეირთავდა. შორეული ნათესავის მიმართ მას მართლაც გაუჩნდა თბილი გრძნობები და მალე ეს აღარავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, მაგრამ, ჯორჯს დიდხანს არ გაჰყოლია აღფრთოვანება სიფრიფანა და ქანდაკებასავით ლამაზი სესილიასადმი. ის კი არა, ცოტა ხანში გაუგო კიდეც ჰენრის, რომელმაც ცოლს მსუბუქი ხასიათის, ცოტათი გაუწონასწორებელი და სიურპრიზებით აღსავსე მერი ოუნი ამჯობინა. სესილიასთან მოწყენილობით მოკვდებოდი. მართალია, მერი სვამდა და მერე ჯეფერსების ულამაზეს ბაღში გამოდგმულ ქვის ლარნაკებს ესროდა პისტოლეტიდან, მაგრამ, მასში ის ცეცხლი იგრძნობოდა, რომელიც პრაგმატულ და ზედმეტად მოწესრიგებულ სესილიას ასე აკლდა. კიდევ უარესი: ქალს საერთოდ არ ჰქონდა იუმორის გრძნობა და საშინელი მესაკუთრეც იყო. ჯეფერსმა რომ საყვარელი გაიჩინა, სესილია ჯორჯზე გადაერთო და მალე მას ყველა მეგობარი ქალი ჩამოაშორა. ისტერიკებს აწყობდა, თუ კაცი სათანადო ყურადღებას არ მიაქცევდა. ჯორჯს კეთილი და დამყოლი ბუნება ჰქონდა, რითაც სესილია ბოროტად სარგებლობდა. ჯორჯი მიხვდა, რომ ქალი ამჯერადაც მიაღწევდა თავისას და, შეშინებულმა გაიფიქრა – მაგრად გავებიო.

გარდაცვლილების დაკრძალვაზე სესილიას ყველა იცოდებდა, ისეთი გულწრფელად მგლოვიარე ჩანდა. უამრავ ხალხში ჯორჯმა ინსპექტორი გონტი შენიშნა. ინსპექტორი მასთანაც მივიდა და რამდენიმე, საკმაოდ უცნაური შეკითხვა დაუსვა: „ამბობენ, რომ მერი ოუნი ცუდი მსროლელი იყო...“, „მართალია, რომ სესილიამ იცოდა, ქმარი ამ ქალთან რომ ღალატობდა?“, „შემთხვევით, ეჭვი ხომ არ გეპარებოდათ მისის სესილიას მონაყოლში“? „სად იყავით იმ საღამოს, როცა მკვლელობა მოხდა?“... ჯორჯი უცებ მიხვდა, რომ ინსპექტორს მისი ალიბი აინტერესებდა. რა ხდება? ნუთუ ინსპექტორს სესილიაში ეპარება ეჭვი?! თუ, ჰგონია, რომ მისი დავალებით ჯორჯმა ჩაიდინა ასეთი საშინელი მკვლელობა?! ინსპექტორის ეს კითხვები სესილიაზე ჯორჯს მეხსიერებაში ჩაებეჭდა და მოსვენებას აღარ აძლევდა. სესილიას ქორწინება აღარ უხსენებია – ამ მხრივ, სიმშვიდე იყო, შეკითხვებითაც კი აღარ აწუხებდა. უცებ კი, ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ, სეისლიამ გამოაცხადა, დროა, გლოვას ბოლო მოვუღოო და წვეულების მოწყობა გადაწყვიტა. ჯორჯს ისევ მოაგონდა ინსპექტორი. რაღაც აწუხებდა, როცა ამაზე ფიქრს იწყებდა. შეიძლება, სესილია თვითონ ყოფილიყო ქმრის მკვლელობის ორგანიზატორი, მაგრამ, ჯორჯი გამორიცხავდა, რომ ქალს შეეძლო, თითო გასროლით თითო ადამიანი მოეკლა – მერე მერიც ზედ მიეყოლებინა და თავიც დაეჭრა. მაშინ, ეს ვიღაც სხვას – სესილიასთვის თავდადებულ ადამიანს უნდა გაეკეთებინა. ინსპექტორმა ჯორჯზე მიიტანა ეჭვი. მან არ იცოდა, რომ სესილიას ჰყავდა უერთგულესი ბიძა – პოლკოვნიკი ბლაუნტი და ბავშვობის მეგობარი – ჰილდა დოჯი, უცნაური ქალი, სესილიას სრული ანტიპოდი. ორივე ბრწყინვალე მსროლელი იყო და ორივე შეიძლებოდა, ყოფილიყო მკვლელი, იმდენად უყვარდათ მათ სესილია. თანაც, ბრაზობდნენ ჰენრიზე, რომელიც ურცხვად ღალატობდა ცოლს, თანაც, ყველას თვალწინ. ჯორჯმა გადაწყვიტა, ჯერ პოლკოვნიკს დალაპარაკებოდა და ხელსაყრელ დროდ სესილიას წვეულება შეარჩია, ნაკლებად თვალშისაცემი რომ ყოფილიყო. უნდოდა, გაერკვია, ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ალიბი ტრაგედიის საღამოს. ჯორჯს ისიც მოაგონდა, რომ რამდენჯერმე ნახა, როგორ უნიჭოდ ისროდა მერი თავისი პისტოლეტით. მისი თანდასწრებით არასოდეს მოუხვედრებია მიზანში... ჯორჯი საგონებელში ჩავარდა. ... პოლკოვნიკმა მდუმარედ მოისმინა ჯორჯის მონათხრობი ინსპექტორის შეკითხვების შესახებ.

– ესე იგი, მას ეჭვი ეპარება სესილიას გულწრფელობაში? – მწუხარედ ჩაილაპარაკა კეთილმა მოხუცმა, – ნუთუ, ჩემი გოგო მართლაც წავიდა ამაზე?

– არ ვიცი. გვარში სულით ავადმყოფები ხომ არ გყოლიათ?! – ჰკითხა ჯორჯმა.

– არ მახსენდება. ერთადერთი, სესილიას ბებიის დას ოცდაცამეტი კატა ჰყავდა...

– ღმერთო... – ჯორჯმა ამოიოხრა. უცებ სახე შიშისგან დაეღრიჯა, პოლკოვნიკს ხელი სტაცა და თავისკენ გაათრია, – კაბინეტში წამომყევით, სწრაფად!

სესილიას უყვარდა სიურპრიზები. მან კაბინეტში, ბიბლიოთეკის უკან, პატარა „ფუღურო“ მოაწყო, სადაც ჯორჯისთვის წვრილმან საჩუქრებს ინახავდა და მისგანაც იმავეს ითხოვდა. ჯორჯს ბოლოს უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ეს იდიოტური თამაში... ამჯერად „ფუღუროში“ პისტოლეტი იდო – პატარა, ქალური, ზუსტად ისეთი, როგორიც მერი ოუნს ჰქონდა და რომლითაც მან თითქოსდა ტრაგედია დაატრიალა. ჯორჯმა შეჰყვირა და პისტოლეტი აიღო.

– ღმერთო... – ჩაიჩურჩულა პოლკოვნიკმა და გაფითრდა, – დადეთ, ჯორჯ, ეგ პისტოლეტი თავის ადგილას, ან, მომეცით ჯერ აქ, – პოლკოვნიკმა პისტოლეტი გამოართვა და ცხვირსახოცით საგულდაგულოდ გაწმინდა.

– ანუ, ეს სესილია იყო? – კიდევ არ სჯეროდა ჯორჯს.

– ჰო, როგორც ჩანს. სროლა კი მე ვასწავლე დიდი ხნის წინათ, როცა ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო... გამაოგნებელი სიზუსტით ისროდა თავიდანვე. მთხოვა, ამის შესახებ არავისთვის მეთქვა. ხეებზეც სხარტად დაცოცავდა და ფუღუროებში ჯდომა უყვარდა... საყვარელი ბავშვი... ნუთუ, ეს ის სესილიაა...

პოლკოვნიკს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ოთახში გაღიმებული სესილია შემოვიდა.

– აბა, ჯორჯ, ნახე ჩემი სიურპრიზი? ძალიან კარგი. ახლა გავალ და სტუმრებს ჩვენი ნიშნობის შესახებ ვაუწყებ.

– ახლა წავალ და პოლიციაში დავრეკავ! ეს როგორ გააკეთე, სესილია?!

– მე შეურაცხყოფა მომაყენეს. დიდხანს ვითმენდი მათ უზნეობას. შენ კი, გირჩევ, დამთანხმდე. პისტოლეტს ხელი ხომ მოჰკიდე, იქ შენი თითების ანაბეჭდია. ვიტყვი, რომ მკვლელობა შენ ჩაიდინე, რადგან, გიყვარდი და ეჭვიანობდი. ბიძია კი ამაში დამეთანხმება.

– არა, სესილია... ყველაფერი შემეძლო მეპატიებია შენთვის, მაგრამ, ეს წარმოუდგენელია, ჩემთვისაც კი. პისტოლეტზე ჯორჯის თითების ანაბეჭდი აღარ არის – მე ის გავწმინდე. აჯობებს, პოლიციას ჩაბარდე. მე ვეცდები, დავამტკიცო შენი შეურაცხადობა და ამით სასჯელი შეგიმსუბუქდება... ნუ მაიძულებ, სესილია, დაგჭრა. არ დაგავიწყდეს, რომ შენსავით კარგად ვისვრი და არ აგაცილებ, ჩემო მშვენიერო გოგონავ... ჩემო მშვენიერო მკვლელო...

 

 

скачать dle 11.3