კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

– რაო? 

– დამშვიდდი, არ აღელდე. კარგად არიან. შტატებში ცხოვრობენ და შენი ბიჭი პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობს. როგორც კი სროკი დაგიმთავრდება, შენს ვაჟს შეგახვედრებ.

– როგორ? მას იქნებ არც კი სურს ეს.

– სურს. მერწმუნე. მან ქართულიც კარგად იცის, შენს გვარსაც ატარებს და შენზე ყველაფერი იცის.

– შენ უთხარი? 

– რა თქმა უნდა, მე, – თავმომწონედ თქვა ხუჭუჭამ და გამიღიმა.

– მერე და თათია თანახმაა ამაზე? ხომ იცი, რა ჯიუტია?

– ყველაფერი მოგვარებულია და თათიაც მოუთმენლად გელოდება.

ხუჭუჭასგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ასეთ რამეს მისგანაც კი არ ველოდი და ემოციებმა მძლია. ბავშვობის ძმაკაცს ჩავეხუტე და ავტირდი...

– კარგი, გეყოფა... შენს გათავისუფლებამდე ერთმანეთს აღარ შევხვდებით. მერე კი, ყველაფერი სწორად იქნება. მე მგონი, სწორი საქციელია, ნეპმანელი ქურდისთვისაც კი, რომ საკუთარ ვაჟს უპატრონოს, – მითხრა ხუჭუჭამ, თვალი ჩამიკრა და გამომემშვიდობა.

დარჩენილი ორი წელიწადი ჩემს ვაჟსა და თათიაზე ფიქრში გავატარე და მათთან შეხვედრის დიდი, დაუოკებელი სურვილით გამოვედი ციხიდან. თუმცა, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო, ხუჭუჭა კი გაქცეული და ჩვენი შეთანხმების აღსრულება დროებით გადაიდო.

უკვე ოთხი თვეა, რაც პაბეგში ვარ და ისეთი განწყობა მაქვს, რომ სანამ ჩემს ვაჟსა და თათიას არ ვნახავ, მანამდე არაფერი დამემართება. ამისთვის კი ხუჭუჭა უნდა მოვძებნო.

ამას წინათ ხუჭუჭასგან ქსივა მომივიდა, რომელშიც ეწერა: „ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, მაგრამ, რასაც ჩემზე ამბობენ, ტყუილია. მე არც სამშობლოსთვის მიღალატია, არც ვინმეს ჯაშუში ვყოფილვარ და არც ძმაკაცობის ფასი დამავიწყდა. თათია და გიორგი კარგად არიან და მოუთმენლად ელოდებიან შენთან შეხვედრას. ჩვენი პირობა ძალაში რჩება. მე თვითონ მოგძებნი და ცოლ-შვილს შეგახვედრებ“.

ერთი შეხედვით, საოცარი იყო, თავად გაქცეულმა და ძებნილმა ხუჭუჭამ საიდან იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, მაგრამ არ გამკვირვებია, რადგან, როდესაც მას უფანჯრებო კაბინეტში შევხვდი, მითხრა:

– გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ამ ორმოცი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო სამი ათწლეული, შენი და ყბედალოს თითოეული ნაბიჯი ვიცოდი და რომ იტყვიან, ონლაინ-რეჟიმში მომდიოდა ინფორმაციები.

– რაში გჭირდებოდა ეს? – ვკითხე ხუჭუჭას, მან კი მითხრა:

– ორი რამისთვის. ვკაიფობდი, რომ გაკონტროლებდით და რაც მთავარია, ფხიზლად ვიყავი, არაფერი დაგშავებოდათ.

– შენ გინდა თქვა, რომ გვმფარველობდი?

– უფრო გიცავდით, – გაეღიმა ხუჭუჭას,  – აქ ერთი რამეცაა.

– მაინც რა?

– რა და, რომ გაკონტროლებდით, თანაც ონლაინ-რეჟიმში, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველა თქვენს ჩალიჩში მეც თქვენ გვერდით ვიყავი.

– ანუ, ვირტუალურად გვეპაძელნიკებოდი?

– შეიძლება, ასეც ითქვას.

– მერე და გაჰყოლოდი ჩვენს გზას, ქურდი გახდებოდი და ჩვენთან იქნებოდი.

– კარგად იცი, რომ ასეც ვაპირებდი, მაგრამ იმ მომენტში მამაჩემს ვერ ვაჯობე და ლენინგრადის უნივერსიტეტში იურიდიულზე მომაწყვეს. შემდეგ „კაგებეს“ სკოლაში მოვხვდი და საკმაოდ სწრაფად გავიქაჩე.

– ახლა არ მითხრა, გენერალი კი ვარ, მაგრამ სულით ქურდი ვარო, – ვეხუმრე ხუჭუჭას, მან კი სრული სერიოზულობით მიპასუხა:

– ჩემი სული მთაწმინდაზე, ჩვენს შორეულ ბავშვობაში ტრიალებს და ეს ჩემთვის წმიდათაწმინდაა. ხოლო, რაც შეეხება ქურდობას, გაგიმეორებ, რომ გენერლებში ნამდვილი ქურდი ვარ. ეს ყველამ იცის. აღიარებენ და არავის ეპარება ამაში ეჭვი.

ხუჭუჭა არ ცრუობდა. შემდგომ შევიტყვე, რომ ხუჭუჭას მრავალი სერიოზული ოპერაცია ჰქონდა განხორციელებული, ჯერ საბჭოთა კავშირის სახელმწიფოსთვის, შემდეგ კი – საქართველოსთვის და, როგორც ამბობდნენ, მასზე ჭკვიანი, გამოცდილი და ვერაგი ადამიანი იშვიათობა იყო. ორვარსკვლავიანი გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი ზურაბ ყიფიანი თვალის დაუხამხამებლად უსწორდებოდა ქვეყნის მტრებსა და თავის ინტრიგან მეტოქეებს. მან ამ საქმეში დანდობა არ იცოდა და ყველას სპობდა. ხუჭუჭა რომ ქურდულ გზას დადგომოდა, ის, რა თქმა უნდა, უდიდეს ავტორიტეტს მოიპოვებდა ჩვენს სამყაროში. ქურდების მიმდევარი იქნებოდა და ბევრ ქურდს გაუშრობდა სისხლს და აყრიდა ტიტულს. ხუჭუჭას პიროვნების დასახასიათებლად ბევრი ეპიზოდის მოყვანა შემიძლია, მაგრამ „ყურშასთან“ დაკავშირებული ისტორია ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს ზურიკო ყიფიანის სახეს.

„უროს“ გაფარჩაკებისა და „ძევიატკას“ გამოჭერის შემდეგ, როგორც ადრე ვთქვი, ძალაუფლება სკოლასა და უბანში ჩვენს ხელში, მთაწმინდელ მოზარდებთან გადმოვიდა და პალაჟენია მიგვყავდა. ჩვენს კუტოკს მთელ თბილისში იცნობდნენ, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. იმ პერიოდში მალალეტკების ზონიდან ვარანცოველი ყურშა გამოვიდა, რომელიც ქურდობისთვის იჯდა და ჩვენზე სამიოდე წლით იყო უფროსი. როგორც ციხეგამოვლილმა, ჩვენზე ბატონობა მოინდომა და ამის განხორციელებას თანამიმდევრულად შეუდგა. ყურშა და მისი ვარანცოველი, პლეხანოველი და ოქროსუბნელი პაძელნიკები ზოგჯერ მთაწმინდაზეც ამოდიოდნენ და ჩვენთან ერთად ბირჟაობდნენ. მათი მთავარი ბირჟა კი ალექსანდროვის ქვედა ბაღი იყო. ძირითადად იქ იკრიბებოდა თბილისელი მოზარდი ძველი ბიჭობა და, ყურშას ძალისხმევით, მოზარდებმა ყომარი დაიწყეს. ძირითადად, „სეკას“ თამაშობდნენ და ზარს აგორებდნენ. ყურშა გამოცდილი მოთამაშე იყო და ახალბედებს, რომ იტყვიან, წეწავდა. ერთხელ ყბედალო მოვიდა და გვითხრა:

– ზეგ თავანი მაქვს, ორას ოთხმოცი მანეთი უნდა ჩავაბარო ყურშას და ამ საღამოს საჯიბგიროდ მივდივარო.

– რაში წააგე? – ჰკითხა ზურიკო ტაბიძეს ხუჭუჭამ.

– სეკაში. ამ დილით ალექსანდროვის ბაღში ვითამაშეთ, – ამოილუღლუღა ყბედალომ, ხუჭუჭამ კი თავი გააქნია. და უთხრა:

– თუ თამაში არ იცი, რას ყომარობ. ან, დროზე ვერ შეეშვი?

– ხუჭუჭ, ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ეგ ჩათლახი შულერობს და ამით იგებს. დედას გეფიცები, ვგრძნობ, რომ მასეა, – თქვა ყბედალომ.

– თუ მასეა, მაშინ ყურებში უნდა წამოვარტყათ, – მტკიცედ თქვა ხუჭუჭამ.

– კი მაგრამ, როგორ? თუ ვერ დაუმტკიცებ შულერობას, ყურებში რისთვის წამოარტყამ? – ვკითხე მე.

– კრისობისა და ჩათლახობისთვის, – თქვა ხუჭუჭამ და ყბედალოს მიუბრუნდა:

– მაყუთს მე მოგცემ და საჯიბგიროდ წასვლა არ გაბედო, ყურშასთან სტრელკა სად გაქვს?

– ჯერ არ ვიცი. ამ საღამოს დამირეკავს და უნდა შევთანხმდეთ, – თქვა ყბედალომ.

– მაშინ უთხარი, ზეგ, ზუსტად ორის ნახევარზე ამოვიდეს ჩვენს სკოლაში. გაიგე? ზუსტად ორის ნახევარზე, – თქვა ხუჭუჭამ.

– კარგი. ზუსტად მასე ვეტყვი, – მიუგო ყბედალომ.

ყბედალომ რომ ყურშას სტრელკა დაუნიშნა ფულის გადასაცემად, იმ დროს ფიზკულტურის გაკვეთილი გვიტარდებოდა და ეზოში კალათბურთს ვთამაშობდით. დანიშნულ სტრელკამდე ორი გაკვეთილით ადრე ხუჭუჭა დამრიგებელს გაეთავისუფლა.

– მასწ... მამაჩემთან უნდა მივიდე სამსახურში და შემოგითვალათ, რომ, დიდი ბოდიშის მოხდით, იქნებ, ორი გაკვეთილით გამოუშვათო?

ვახტანგ ყიფიანს, აბა, ვინ ეტყოდა უარს, ან ვინ გაბედავდა მასთან დაკავშირებას და ხუჭუჭას სიტყვების გადამოწმებას. ამიტომ, დამრიგებელმაც მიუგო:

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, წადი, დღეს თავისუფალი ხარ...

– გმადლობთ, მასწ... ბოლო გაკვეთილზე მოვალ, – უთხრა ხუჭუჭამ დამრიგებელს და კლასიდან რომ გავედით, მე და ყბედალოს გვითხრა:

– ფიზკულტურაზე მოვალ და კალათბურთი ვითამაშოთ. აბა, დროებით.

– სად მიდიხარ, ხუჭუჭ? – ჰკითხა ყბედალომ.

– თავანის მოსატანად. წავედი, – თქვა ხუჭუჭამ და წავიდა.

ფიზკულტურის გაკვეთილი ორის თხუთმეტ წუთზე იწყებოდა და ხუჭუჭა ზუსტად დაწყების წინ დაბრუნდა. ჩვენ უკვე სკოლის ფორმის პიჯაკები გახდილი გვქონდა და იქვე, მოაჯირზე ელაგა. ხუჭუჭამაც გაიხადა პიჯაკი, მოედანზე შემოვიდა და თამაშში შემოგვიერთდა.

– რა ქენი, მოიტანე თავანი? – ვკითხე ხუჭუჭას.

– ყველაფერი. ნუ დარდობთ.

თხუთმეტ წუთში, ზუსტად ორის ნახევარზე, ყურშა და მისი ხუთი პაძელნიკი მოვიდნენ. ყბედალომ მათ ანიშნა, დამელოდეთ, მოვრჩებით თამაშს და თავანს ჩაგაბარებო. ყურშა და მისი პაძელნიკები მოაჯირთან ჩამოსხდნენ და მოთმინებით ელოდნენ გაკვეთილის დასრულებას. სკოლის ზარმა რომ დაიზრიალა და მოსწავლეები ჟრიამულით გამოეფინენ გარეთ, მე, ყბედალო და ხუჭუჭა ყურშასთან და მის პაძელნიკებთან მივედით და მივესალმეთ.

– რას შვრები, ყბედალო, მაბარებ თავანს? – ჰკითხა ყბედალოს ყურშამ.

– კი. ახლავე,  – მიუგო ყბედალომ, ხუჭუჭას შეხედა და თქვა, – ფული ხუჭუჭას აქვს და მოგცემთ.

– ახლავე, ძმაო, – თქვა ხუჭუჭამ, მოაჯირზე გადაკიდებულ პიჯაკს დასწვდა, ყველა ჯიბე დაათვალიერა და ყურშას უთხრა, – ვა, სად გაქრა ფული?! ზუსტად ვიცი, აქ რომ გადავკიდე, ფული ჯიბეში იდო...

– რა, თავანს ვერ აბარებთ? – ირონიულად იკითხა ყურშამ და გააგრძელა, – ფუფლო ჭრელია.

ყბედალო გაფითრდა, იფიქრა, ფუფლოში გადავვარდიო და ხელებიც კი აუკანკალდა. მე მშვიდად ვიყავი, რადგან ხუჭუჭას მოხარშულს ვიცნობდი და მივხვდი, რაღაც სპექტაკლს დგამდა.

– არა, რა ფუფლო, ძმაო. მაყუთს მიიღებ, მაგრამ, პატარა ეჭვი მაქვს და უნდა გადავამოწმო.

– რა ეჭვი? – ჰკითხა ყურშამ.

– რა და, სანამ ჩვენ კალათბურთს ვთამაშობდით, ამ ადგილს, ანუ ჩვენს პიჯაკებს, თქვენ გარდა არავინ გაჰკარებია. ლოგიკურად გამოდის, რომ მაყუთი ერთ-ერთმა თქვენგანმა ამოიღო ჯიბიდან.

– რაო, რა თქვი? – ერთდროულად წამოიყვირეს ყურშას პაძელნიკებმა და ხუჭუჭასკენ გამოიწიეს. მან კი მხრები აიჩეჩა და მშვიდად განაგრძო:

– ლოგიკურად მასეა, ძმებო და რამ შეგაშინათ? თუ ვცდები, პასუხი მომთხოვეთ, თუ მართალი ვარ, მაშინ კრისას მოვთხოვოთ პასუხი.

ყურშას პაძელნიკებმა უკან დაიხიეს და ხუჭუჭას დაეთანხმნენ. მანამდე გასუსული ყურშა კი ახტა-დახტა, ხუჭუჭას ხელების შლა და ხმამაღალი ლაპარაკი დაუწყო:

– შენ, რა, ძმაო, კრისობაში გვდებ ბრალს? იცი, ასეთი რამისთვის რა გელოდება?

– შენი ღრიალისა და ხელების შლის არავის ეშინია! ვიმეორებ, ფული ერთ-ერთმა თქვენგანმა მომპარა. ჯიბეები ამოაბრუნეთ და შევამოწმოთ. თუ ვტყუივარ, მაშინ პასუხს ვაგებ. თუ მართალი ვარ, მაშინ, კრისა უნდა დაისაჯოს, – თქვა ხუჭუჭამ და ყურშას პაძელნიკებს მიუბრუნდა.

– რა, მართალს არ ვამბობ?

– კი, მართალი ხარ, – ერთხმად თქვეს მათ და ყურშას მიმართეს:

 ამოვაბრუნოთ ჯიბეები და მისი მაყუთი რომ არ აღმოგვაჩნდება, მერე ვიბაზროთ.

ყურშას აშკარად არ უნდოდა დათმობა, მაგრამ მისმა პაძელნიკებმა ზედიზედ ამოიბრუნეს ჯიბეები, არაფერი აღმოაჩნდათ და ყურშას მიაპყრეს მზერა, რომელიც ცდილობდა, წონასწორობა შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა.

– ახლა – შენ. მიდი, ჯიბეები მაჩვენე, – უთხრა ხუჭუჭამ ყურშას.

– მე ჩემი ფული მაქვს ჯიბეში, – გაუბედავად თქვა ყურშამ და რომ შევხედე, დაპატარავებული მომეჩვენა.

– შენს ფულთან რა საქმე მაქვს. ჩემს ფულს კარგად ვცნობ და დაჟე, ნომრებიც კი ვიცი. მამაჩემმა ტკიცინა ხუთმანეთიანების პრესი მომცა ამ დილით და გაუხსნელი ხუთასი მანეთი დამეკარგა ჯიბიდან. ნომრები მიყოლებითაა, ასიდან იწყება და ას ოთხმოცდაცხრამეტით მთავრდება. სანამ სკოლაში მოვიდოდი, პაჩკაშივე შევამოწმე, – უთხრა ხუჭუჭამ ყურშას, რომელიც ჯერ გაწითლდა, შემდეგ გამწვანდა, ბოლოს კი გაფითრდა და ხუჭუჭას უთხრა:

– ხუჭუჭ, ძმაო, შენ რომ ამბობ, ისეთი პრესი ჩემს პადიეზდში ვიპოვე ამ დილით.

– რა ზღაპრებს ყვები?! – ირონიულად უთხრა ხუჭუჭამ ყურშას.

– არა, რა ზღაპრებს, აი, – ხუჭუჭას ხუთმანეთიანების გაუხსნელი დასტა მიაწოდა ყურშამ და კიდევ უფრო დაპატარავდა.

ხუჭუჭამ დასტა გამოართვა, გახსნა, ყურშას პაძელნიკებს ნომრები უჩვენა და ჰკითხა:

– ადასტურებთ ხუჭუჭას სიტყვებს, რომ თითქოსდა, მან ეს ფული იპოვა?

– არა! – ერთხმად თქვეს ყურშას პაძელნიკებმა და ზიზღით შეხედეს თავის ძმაკაცს, რომელმაც ძალები მოიკრიბა და ხუჭუჭას უთხრა:

– შენი გაჩალიჩებულია ეს ყველაფერი.

– ამ სიტყვებზე კიდევ ცალკე გაგებინებ პასუხს, – უთხრა ყურშას ხუჭუჭამ და დაამატა, – მანამდე კი ყველაფერი გავაიასნოთ.

– გავაიასნოთ, – თქვა ყურშამ.

– ძმებო, – უთხრა ხუჭუჭამ ყურშას პაძელნიკებს, – დავუშვათ და ყურშამ მართლა იპოვა ამდენი ფული, მაშინ თქვენ, ძმებს რატომ დაგიმალათ. რა ჰქვია ამ საქციელს? მაგრამ, საქმე ისაა, რომ მან ეს ფული მომპარა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მეუბნება, შენ გამიჩალიჩეო. თქვენ თქვით, ასეთ საქციელს რაღა ეწოდება. რა და კრისობა. აი, აქვე ცხოვრობს ბერძენა და მოდი, მას ვკითხოთ.

– ბერძენას ამის გამო შევაწუხებთ? კრისაა, აბა, ვინ არის, – თქვეს ყურშას პაძელნიკებმა და წასვლა დააპირეს, მაგრამ ხუჭუჭამ გააჩერა ისინი და უთხრა:

– ერთი წუთით, ძმებო. დაგავიწყდათ, რომ თავანის მისაღებად ხართ ამოსულები. მიიღოს თავისი ორას ოთხმოცი მანეთი და დაესწარით ფულის ჩაბარებას, რომ კიდევ რამე არ დაგვაბრალოს.

ხუჭუჭამ ორას ოთხმოცი მანეთი ყბედალოს მისცა, მან კი ყურშას ჩააბარა და ჰკითხა:

– თავანი მიიღე?

– კი, მივიღე, ძმაო, – მიუგო ყურშამ. ხუჭუჭამ კი პანღური ამოარტყა და უთხრა:

– ვინაა შენი ძმა, შე კრისა, აქედან დაიკარგე და კაი ბიჭებში გამოჩენილი არ გნახო.

იგივე გაიმეორეს ყურშას პაძელნიკებმაც. ყურშა კი ნაცემი ძაღლივით კუდამოძუებული წავიდა და როცა მისმა, უკვე ყოფილმა პაძელნიკებმაც დააპირეს წასვლა, ხუჭუჭამ მათ უთხრა:

– საით, ძმებო? ორას ოცი მანეთი მაქვს და კარგად უნდა მოვილხინოთ. წავედით, პივნოიში გეპატიჟებით...

იმ დღეს, ლუდხანაში გვარიანად მოვილხინეთ, რადგან მაშინდელი ორას ოცი მანეთი დიდი ფული იყო და რვა კაცს რესტორანშიც კარგად აგრიალებდა. პივნოიდან რომ გამოვედით, საკმაოდ შექეიფიანებულები ვიყავით და ყურშას ყოფილ პაძელნიკებს ძალიან დავუახლოვდით. ხუჭუჭამ მათ ტაქსი გაუჩერა, ფული გადაუხადა და სახლებში გაამგზავრა, შემდეგ მოგვიბრუნდა და გვითხრა:

– მოდი, ფეხით ავატასავოთ უბანში.

სოლოლაკში, დადიანის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ „ველიამინოვთან“ ვიმყოფებოდით და ნელ-ნელა გავუყევით „კიროჩნისკენ“, რომ ძერჟინსკის ქუჩის გავლით სახლში ავსულიყავით. ხუთასიოდე მეტრი რომ გავიარეთ, ყბედალომ ვეღარ მოითმინა და ხუჭუჭას უთხრა:

– ხუჭუჭ, დიდი მადლობელი კი ვარ, რომ ჩემი თავანი ჩააბარე, მაგრამ, ყურშას რას ერჩოდი?

– თავანი მე კი არა, შენ ჩააბარე. ყურშა კი სუფრაზე რა მოსატანია? მოდი, ხალხზე ვილაპარაკოთ და არა კრისებზე.

– პრინციპში, კი არის კრისა, ძმაკაცებს რომ ფულის პოვნის ამბავი დაუმალა, მაგრამ მისთვის ფულის მოპარვის ბრალდება მეტისმეტი იყო და ტყუილად გავაფუჭეთ, – ვუთხარი ხუჭუჭას, მან კი მომიგო:

– ტყუილად არაფერი ხდება. კრისაა და, რაც დაიმსახურა, ის მიიღო. ჯერ ერთი, როგორც ყბედალო ამბობს, ის ნაბოზარი შულერია და ამგვარად ააფცქვნა მას ამდენი ფული. თანაც, ძმაკაცებს ფულის ამბავი დაუმალა და ჯიბეში ჩაიდო, მოუტეხა. მეტი რა გინდა? შენ კი ამბობ, ტყუილად გავაფუჭეთო. ჩვენ კი არ გავაფუჭეთ, თვითონ გაიფუჭა თავი.

– აი, ხომ გამოგიჭირე. ესე იგი, მართლა შენ დაუგდე მაყუთი, რადგან ამბობ, ძმაკაცებს ფულის ამბავი დაუმალაო, – ვუთხარი ხუჭუჭას, მან კი მშვიდად მიპასუხა:

– ვერაფერშიც ვერ გამომიჭირე, მით უმეტეს, რომ გამოსაჭერი აქ არაფერია. მე იმას ვამბობ, რომ მისი ტყუილიდანაც გამომდინარე, კრისაა, რადგან ნაპოვნი ფულის დამალვა კრისობაა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მან ეს ფული მართლა მომპარა ჯიბიდან და ამის აღიარებას იმისი აღიარება არჩია. უფრო სწორად, თავი ვერ გაიმართლა, – მითხრა ხუჭუჭამ.

– იმიტომ ვერ გაიმართლა, რომ საშინელი ხაფანგი დაუგე.

– კრისაა და თავადვე გაება, მე რა შუაში ვარ?

– შენ დაინახე, ფულს რომ გპარავდა? – ახლა უკვე ყბედალომ შეუტია ხუჭუჭას.

– არა. ძალიან სუფთად მომპარა. მაგრამ, ჩემს პიჯაკს რომ უტრიალებდა, ვიეჭვე? თუმცა, თამაშის დროს თვალი ვერ შევასწარი, როგორ მომპარა ფული, – მშვიდად მიუგო ხუჭუჭამ ყბედალოს და ჰკითხა, – კიდევ გაქვს კითხვები თუ ყველაფერი გაგიასნეთ?

– ხუჭუჭ, გულზე ხელი დაიდე და სიმართლე გვითხარი, მართლა მოგპარა ფული თუ ეს ყველაფერი შენი გაჩაღებულია? – ჰკითხა ხუჭუჭას ყბედალომ, მე კი დავამატე:

– თუ შენი გაჩაღებული არ არის ეს ყველაფერი, მაშინ, გაკვეთილებიდან რატომ გაეთავისუფლე დამრიგებელს?

– მამაჩემთან ვიყავი და ფული გამოვართვი.

– მართლა?

– ჰო.

– რა უთხარი, რისთვის მინდა ხუთასი მანეთიო?

– რისთვის და მოტოციკლის საყიდლად.

– მერე და უმოტოციკლეტოდ რომ მიხვალ სახლში, რას ეტყვი?

– ვინ გითხრა, რომ უმოტოციკლეტოდ მივალ?! ხუთასი მანეთი შეგროვილი მქონდა და მოტოციკლეტი, ალბათ, უკვე სახლშია. კაკ რას, ლიოვას უნდა მოეყვანა და წამოდით, ვნახოთ.

ხუჭუჭას გამოჭერა ვერანაირად ვერ მოვახერხეთ და მასთან რომ მივედით, მის პატარა შიდა ეზოში უკვე იდგა ლიოვას მოყვანილი ახალთახალი მინი „იავა“. მიუხედავად იმისა, რომ ძმაკაცები ვიყავით და ხუჭუჭას ჩვენგან არანაირი საფრთხე არ ელოდებოდა, მაინც არ გამოგვიტყდა, რომ ყურშას სწორედ მან გაუჩალიჩა ყველაფერი და ჯიუტად იმეორებდა: ყურშამ თვითონ გაუჩალიჩა საკუთარ თავსო. ხოლო, როდესაც ხუჭუჭას უფანჯრებო კაბინეტში შევხვდი, ვკითხე:

– ხუჭუჭ, ახლა მაინც მითხარი, ყურშას ხომ შენ გაუჩალიჩე მაშინ და მაყუთი შენ დაუგდე პადიეზდთან?

– ეეჰ, კობრა, კობრა... ჩემნაირი ხალხი იმიტომაა საჭირო, რომ ყურშასნაირი ნაძირლებით გაივსო ეს ქვეყანა და მარტო შენ და შენნაირები ვერ გაუმკლავდებით მათ.

– რას გულისხმობ?

– იცი, რომ ყურშა მოკვლავს გიპირებდა?

– სად, როდის?

ხუჭუჭას კვლავ გაეცინა და მითხრა:

– ყურშა რომ კრისობაში ვამხილეთ, როგორც ეტყობა, გულში ბოღმა ჩაიდო, ქუჩას შეეშვა და რუსეთში გაემგზავრა. მან გვარი შეიცვალა, დედის გვარზე გადავიდა. მილიციაში დაიწყო მუშაობა და თან, იურიდიულზე სწავლობდა, საღამოს განყოფილებაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკმაოდ სწრაფი აღმასვლა დაიწყო, სასჯელაღსრულების სისტემაში გაიჩითა და ოცდათხუთმეტი წლის იყო, პოლკოვნიკობა რომ მიანიჭეს და ურალის ერთ-ერთი სტროგაჩების ზონის უფროსად დანიშნეს. გახსოვს, მესამე სროკზე სად იჯექი?

– როგორ არა, – მივუგე ხუჭუჭას.

– ჰო და, სწორედ იმ ზონის უფროსი იყო.

– იმ ზონის უფროსს სახეზე არ ვიცნობდი და სამ თვეში ახალი მოიყვანეს, მაგრამ, როგორც მახსოვს, ძველი უფროსი რუსი იყო.

– კი. რუსი იყო – ხომ გითხარი, ყურშამ დედის გვარი მიიღო-მეთქი და დედამისი რუსი იყო. ერთ სიტყვით, შენ რომ ზონაში შეგიყვანეს, ყურშამ შენი გაფუჭება გადაწყვიტა და ერთი ნასედკა ქურდთან ერთად აპირებდა შენთვის ქურდული ობშჩიაკის განიავების დაბრალებას. მერე კი შენი საქათმეში შეგდება ჰქონდა განზრახული.

ხუჭუჭას სიტყვებზე ცივმა ოფლმა დამასხა და ვკითხე:

– საიდან იცი?

– ხომ გითხარი, რომ შენ და ყბედალოს ონლაინ-რეჟიმში გაკონტროლებდით-მეთქი და მაშინ უკვე „კაგებეს“ პოლკოვნიკი ვიყავი და ჩემმა ხალხმა მაცნობა. ერთი სიტყვით, შენი ბოზი კოლეგა სხვაგან გადაიყვანეს, სადაც ის ნასედკობაში იქნა მხილებული და ბოლოს, საქათმეში მოხვდა. ყურშა კი დააწინაურეს, თუმცა, სულ რაღაც ერთ თვეში, მისი კაბინეტის სეიფიდან ორი კილო ჰეროინი და სამოცი ათასი მანეთი ამოიღო „კაგებემ“. ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და თხუთმეტი წელი მიუსაჯეს. ზონაში ისიც საქათმეში მოხვდა და ყველაფრის მიუხედავად, დო ზვანკა მოიხადა სროკი. ამჟამად მოსკოვში დაბომჟაობს. მოკლედ, ჟივუჩია, ეგ ბოზი.

– ხუჭუჭ, იმ ქურდსაც და ყურშასაც ისევ შენ გაუჩალიჩე? – გაოცებას ვერ ვმალავდი მე, მან კი მითხრა:

– კობრა, ძმაო, შენ და ყბედალოს ხომ ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინ გითხარით, ყველა ადამიანი თვითონ უჩალიჩებს საკუთარ თავს და ახლაც იგივეს გაგიმეორებ: ნუ მოიქცევა კაცი ცუდად, ნუ იკრისებს, ნუ იბოზებს და არავინ არაფერს დაუშავებს. ასე რომ, მე აქ არაფერ შუაში ვარ.

ხუჭუჭა, ორმოცი წლის შემდეგაც იგივე ხუჭუჭა იყო, როგორც სკოლის დროს და მხოლოდ წლები მომატებოდა.

– ჰმ, საოცრებაა, – თავი გავაქნიე და ვთქვი, – რაც არ უნდა ამტკიცო, რომ არაფერ შუაში ხარ, შენი ვალი მქონია, სიკვდილისთვის გამოგიგლეჯივარ ხელიდან და დიდ მადლობას მოგახსენებ.

– ძმა ძმისთვის და შავი დღისთვისო, – მითხრა ხუჭუჭამ, – გამორიცხული არ არის, რომ შავი დღეებიც დადგეს და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

– შავი დღეები ვისთვის დადგეს?

– შენთვის, ჩემთვის, ან სულაც ორივესთვის, – მითხრა ხუჭუჭამ.

– შენი – რა გითხრა, მაგრამ, მე სულ შავი დღეები არ მიდგას? თუმცა, წუწუნი არ მიყვარს.

– არა უშავს. გამაგრდი. სროკიდან გამოხვალ, ცოლ-შვილს ჩაეხუტები და სულ ნათელი დღეები გექნება.

– რომელი ჩემი ცოლი თათიაა. ალბათ, ჭირივით ვეზარები, თორემ ოცი წელი დამიმალავდა, რომ შვილი მყავს? აი, გიორგის კი ნამდვილად ვერ შეველევი და ღმერთმა ქნას, აქედან მშვიდობით გავიდე.

– დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლეს ამბობ? – მითხრა ხუჭუჭამ და ოთხად მოკეცილი ფურცელი მომცა, – წაიკითხე, თათიასგანაა.

ხუჭუჭას ფურცელი გამოვართვი, ხელის კანკალით გავშალე და უხმოდ წავიკითხე: „გოგია, საყვარელო, ბოდიშს გიხდი, რომ ასე მოხდა და მხოლოდ ოცი წლის შემდეგ იგებ, ვაჟი რომ გყავს. მაშინ ასე ჯობდა, რადგან, რომ შეგეტყო, ფეხმძიმედ ვარ და ოჯახური ცხოვრება არ აგეწყობოდა, ყველაფერი ეს ჩემს შვილებს დააზარალებდა. მე კი შვილებზე ძვირფასი არავინ გამაჩნია ამქვეყნად. იცოდე, რომ კვლავ მიყვარხარ და გელოდები. ასევეა შენი გიორგიც და იმედია, ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. შენი თათია“.

– რაო, რას გწერს თათია? – მკითხა ხუჭუჭამ.

– შენ, რა, არ წაგიკითხავს?

– ბიჭო, ნუთუ მართლა ასეთი ცუდი გგონივარ? რატომ უნდა წამეკითხა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3