სიდედრის დამჭრელ სიძეს 1 წელი პატიმრობა, ხოლო სიდედრს – 17 წელი პატიმრობა მიუსაჯეს
34 წლის რამინ ფ. ციხეში სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის მოხვდა. 59 წლის სიდედრი სასიკვდილოდ მან ცოლისა და დედის გამო გაიმეტა, რადგან მან ორივე პროსტიტუციაში ჩააბა. სიდედრი სიძის სასტიკად დასჯას ითხოვდა თუმცა, 59 წლის ქალი ერთდროულად დაზარალებულიც იყო და ბრალდებულიც. გამოძიებით გაირკვა, რომ, ოჯახის წევრების გარდა, პროსტიტუციაში მან სხვა პირებიც ჩართო, რის გამოც პასუხი ტრეფიკინგისთვის აგებინეს.
სიდედრის, ესმა მ-ს საქართველოში ჩამოსვლას მისი სიძე, რამინ ფ. 4 წლის განმავლობაში ელოდა. ქალს, რომელიც თურქეთში თითქმის 16 წელი „მუშაობდა”, საქართველოში უამრავი მტერი ჰყავდა და სიძე ერთ-ერთი მათგანი იყო. რაც შეეხება უცხოეთში მის „მუშაობას” უტყუარად დადასტურდა, რომ ესმა მ-ს საქართველოდან ძირითადად ახალგაზრდა გოგონები მიჰყავდა, რომელთაც ძიძებად ან მედდებად დასაქმებას ჰპირდებოდა, მაგრამ, პროსტიტუციაში აბამდა. ესმა ისე დაოსტატდა, რომ ოჯახის წევრებიც აღარ დაინდო და პროსტიტუციაში საკუთარი გერი, ანუ, რამინ ფ-ს მეუღლე და დედამისი ჩააბა. რძალ-დედამთილმა თურქეთიდან ძლივს გამოაღწია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი რამინის დედა ისე დაავადმყოფდა, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დედამ სწორედ სიკვდილის წინ უთხრა შვილს, რომ თურქეთში ის და მისი ცოლი კაცებს ემსახურებოდნენ... ამ საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ, ქმარს ცოლმაც დაუდასტურა, რომ მისი დედამთილი სიმართლეს ამბობდა. შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ოჯახი დაენგრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქმარი დარწმუნდა, რომ მომხდარში მის ცოლს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა, რამინი ცოლს შეურიგდა, მით უმეტეს, რომ თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, მათ ნანატრი ბავშვი შეეძინათ...
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ესმას თურქეთში მორიგ მსხვერპლთა ჯგუფი, მათ შორის, 23 წლის მარიკა ბ. უნდა წაეყვანა. მარიკას მშობლებს შვილის გაშვება დიდად არ უნდოდათ და მოითხოვეს, ესმა მათთან სახლში მისულიყო, რადგან, თურქეთში მუშაობის შესახებ ყველა ნიუანსი აინტერესებდათ. ვინაიდან მარიკა სხვა გოგონებისგან ფიზიკურად გამოირჩეოდა, ესმამ ჩათვალა, რომ მის გამო საქართველოში ჩასვლა უღირდა, მით უმეტეს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებიც ჰქონდა, რადგან, სახელი და გვარი შეიცვალა და დოკუმენტებს მოწესრიგება სჭირდებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო, ის საქართველოში მალულად ჩამოვიდა და მარიკა ბ-ს ოჯახში მისვლაც დაგეგმა...
შეხვედრის ადგილად მარიკას ბინა დათქვეს. შეხვედრა საღამოს 8 საათზე შედგა და ყველაფერი დადებითადაც გადაწყდა, მაგრამ, ბინიდან გამოსულ ესმა მ-ს სადარბაზოსთან სიძე, რამინ ფ. დახვდა, რომელმაც მისი ცოლის დედინაცვალი, ანუ, ეგრეთ წოდებული სიდედრი დანით დაჭრა. ესმა სიძეს პატიებას სთხოვდა, ეხვეწებოდა, არ მოეკლა, მაგრამ, სიძე მანამდე ურტყამდა გამეტებით, სანამ ხმაურზე შეკრებილმა ხალხმა არ გააკავა. სასტიკად ნაცემი ესმა მ. საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. შესაბამისად, რამინ ფ-ს. საქმე იმავე დღეს აღიძრა, მაგრამ, მის დასაკავებლად პოლიცია არ მისულა, რადგან, აღიარებითი ჩვენებით ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, სამართლადამცველებს განუცხადა, რომ სიდედრის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და წუხილი გამოთქვა, რომ განზრახვა ბოლომდე ვერ მოიყვანა სისრულეში. მისივე აღიარების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის 19-108-ე მუხლით დაკვალიფიცირდა. მას მინიმუმ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ ამის მიუხედევად, სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენი ვადის მოხდა კი მას პირობით დაეკისრა.
მიზეზი, რის გამოც სასამართლომ ბრალდებული დაინდო, რამინ ფ-ს გულის ამაჩუყებელი და გულწრფელი ჩვენება იყო. მის ჩვენებას კი მოწმეთა ჩვენებები დაემატა, რომლებიც ესმა მ-ს იმავე დანაშაულში ამხელდნენ, რაშიც მისი სიძე სდებდა ბრალს. სწორედ ამ მიზეზით, ესმაზე ტრეფიკინგის მუხლით ცალკე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე – ის ათამდე გოგონას პროსტიტუციაში ჩაბმაში იმხილებოდა...
გამოძიების პირველ ეტაპზე ესმა მ. ყველა ბრალდებას უარყოფდა. ირწმუნებოდა, რომ ის ყველას დახმარებას ცდილობდა და ცუდი არავისთვის გაუკეთებია, მაგრამ, რამინ ფ-ს გულისამაჩუყებელი ჩვენების შემდეგ, სასამართლოს წინაშე მანაც სიმართლე აღიარა და გულწრფელი პატიებაც ითხოვა.
განსასჯელი რამინ ფ-ს ჩვენებიდან: „მას შემდეგ, რაც დედაჩემმა სიკვდილის წინ გამიმხილა ეს საშინელი საიდუმლო, მოსვენება დავკარგე. მხოლოდ იმ დღეს ველოდი, ჩემი ცოლის დედინაცვალს როდის ვნახავდი. მის მოსაკლავად თურქეთშიც კი დავაპირე წასვლა და ამისთვის ფულსაც ვაგროვებდი, მაგრამ, შემთხვევით გავიგე, რომ ესმა საქართველოში თავად აპირებდა ჩამოსვლას. იმდენად გამიხარდა, ადგილს ვეღარ ვპოულობდი.
საქმე ისაა, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლში მარიკას მამამ – შოთამ მომაკითხა. მითხრა, რომ ჩემი ე.წ. სიდედრი დაინტერესებული იყო მისი შვილი სამუშაოდ თურქეთში წაეყვანა. თურმე, მარიკას არწმუნებდა, რომ ბინაში ფული არ დაეხარჯებოდა, რადგან, თავისთან აცხოვრებდა და სამსახურსაც კარგს უშოვიდა. ეს ამბავი რომ გავიგე, მეორე შოკი მივიღე, თუმცა, დედაჩემსა და ჩემს ცოლს რაც დაემართათ, შოთას ვერ ვეტყოდი და, ვთხოვე, ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცოლის დედინაცვალი იყო, ჯობდა, ესმას პირადად დალაპარაკებოდა, ვითარებაში კარგად გარკვეულიყო; მეტიც, ესმასთან საუბარი ჩაეწერა, რადგან, სანდო არავინ იყო. შოთას ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა და მითხრა, რომ ეს კარგი იდეა იყო, მაგრამ, ჩამწერი არ ჰქონდა. ძალიან გამიხარდა და ვუთარი, რომ ჩამწერს მე მივუტანდი, ოღონდ ეთქვა ესმასთან შეხვედრა როდის შედგებოდა. შოთა მიხვდა, რომ მისთვის კარგი მინდოდა და, მთხოვა, საუბარს მეც დავსწრებოდი, მაგრამ, უარი ვუთხარი – ჩემს სიდედრს რომ დავენახე, უკან გაბრუნდებოდა, მე კი არ მინდოდა, მას რამე ეჭვი აეღო ჩემზე.
როდესაც შოთამ ესმას მისვლის დრო მითხრა, კიდევ არ მჯეროდა, რომ ესმა მართლა ჩამოდიოდა. მას იმდენი ადამიანისთვის ჰქონდა ცუდი გაკეთებული, არ მეგონა, თუ ჩამოსვლას გაბედავდა. მინდოდა, შოთასთან მისვლამდე მომეკლა, მაგრამ, სახლში შემასწრო. ამიტომ, გარეთ ველოდებოდი. დალოდების მომენტში მისთვის ანგარიშის გასწორება გადავიფიქრე – არ ღირდა, მის გამო პატიმარი გავხდარიყავი, მით უმეტეს, არ მინდოდა, ჩემი ოაჯახის ტრაგედია ვინმეს გაეგო. ამიტომ, გადავწყვიტე, ესმა მ. პოლიციისთვის ჩამებარებინა, მაგრამ რომ დავინახე, ამ ასაკის ქალი რა ამაზრზენად გამოიყურებოდა; როდესაც გამახსენდა, დედაჩემი რას ემსხვერპლა, თავი ვეღარ შევიკავე. მართალია, ჩემი მეუღლე, ნინო, მისი ნამდვილი შვილი არ იყო, მაგრამ, ესმამ ის 3 წლის ასაკიდან გაზარდა და, როგორ შემეძლო, წარმომედგინა, რომ ასეთ რამეს გაუკეთებდა,” – განაცხადა განსასჯელმა, რომელმაც რეალურად, არც კი იცოდა, რა საშინელება გადაიტანა მისმა ცოლმა. თავს გადატანილი უბედურების შესახებ მისმა მეუღლემ გამოძიებას წერილობით ჩვენებაში განუცხადა.
განსასჯელის ცოლის, ნინოს ჩვენებით ირკვევა, რომ, ვინაიდან რამინ ფ. არ მუშაობდა, ის და მისი დედამთლი ესმამ თურქეთში წაიყვანა. მის დედამთილს, რომელიც ექიმი იყო, მედდად უნდა ემუშავა, მას კი ძიძად მუშაობას ჰპირდებოდა თუმცა, თურქეთში ჩასვლისთანავე ორივეს წაართვა პასპორტი და პროსტიტუციაში ჩააბა. დაზარალებულის თქმით, შემდეგში ის სხვა სასტუმროში წაიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთი თვე დაყო... სიტუაცია გაუსაძლისი იყო, ღამეებს ტირილში ათენებდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. სასტუმროს მეპატრონე ეუბნებოდა, რომ ესმას თანხა გადაუხადა და ვიდრე იმ ფულს არ ამოიღებდა, არსად გაუშვებდა.
დაზარალებულის განმარტებით, როგორ დაბრუნდა საქართველოში თავადაც უკვირს, რადგან, ესმა ემუქრებოდა, რომ საქართველოში აღარასოდეს გაუშვებდა, თუმცა, ბოლოს ორი ბილეთი აჩვენა და უთხრა, რომ მას და მის დედამთილს შეეძლოთ საქართველოში გამგზავრება, უშვებდა. წამოსვლამდე ორივე გააფრთხილა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ; თუმცა, რომც ეთქვათ, ამით თავად დაზარალდებოდნენ, მას კი ვერაფერს დააკლებდნენ, რადგან, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდა. თანაც, ქართველ სამართლადამცველებს შორის თავისი „კრიშა” ჰყავდა. დაზარალებულის თქმით, რომ ჩამოვიდა ქმრისთვის ყველაფრის თქმას აპირებდა, მაგრამ, დედამთილმა დაარწმუნა, რომ არაფერი ეთქვა...
აღსანიშნავია, რომ ესმა მ-ს სასამართლოზე სხვა პირებიც დაუპირისპირდნენ. როგორც გაირკვა, მას საქართველოში ხელშემწყობები ჰყავდა. დაიკითხა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ესმა 300 დოლარს დაჰპირდა, თუ ისეთ გოგონებს მოუძებნიდა, რომლებიც თურქეთის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანებად იმუშავებდნენ, სინამდვილეში კი, მიმტანად მოწყობის ნაცვლად, პროსტიტუციაში უნდა ჩაება. მარტო ამ ცოლ-ქმრის დახმარებით ესმამ ორი გოგონას წაყვანა შეძლო. პასპორტები და გზის ხარჯები თავის თავზე აიღო და გოგონები თურქეთში ჩაიყვანა, სადაც მათ პასპორტები ჩამოართვა და მეძავობა დააწყებინა. როგორც გოგონების ჩვენებებით ირკვევა, მათ სასტიკად სცემდნენ და დღეში 7-8 მამაკაცის მომსახურებას აიძულებდნენ; გარდა ამისა, არც საჭმელს აჭმევდნენ და არც გარეთ უშვებდნენ...
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამინ ფ-ს ერთი წლით პატიმრობა და 5 წელი პირობითი სასჯელი შეუფარდეს; ესმა მ-ს კი, რომლის მიმართაც ტრეფიკინგის ბრალდებით საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა...