ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რომელი ჯიშის ძაღლი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას წელიწადის ამ დროს?
პასუხი: ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ მონადირე ძაღლები, რადგან, ნადირობის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ისინი აქტიურად გაჰყავთ სანადიროდ მინდორში. ძირითადად, ყურადღებას მოითხოვს მათი ბეწვის საფარველი. თუ მონადირე ძაღლი გრძელბეწვიანია, შემოდგომის პერიოდში სასურველია საფარველის შემოკლება, რაც დაიცავს ცხოველს ცხელ ამინდში გადახურებისგან; ასევე, ბეწვისა და კანის საფარველის ბალახების თესლებითა და ნაყოფებით დაზიანებას, რაც დისკომფორტს უქმნის ცხოველს, მექანიკურად აზიანებს კანს და ხელს უწყობს სოკოვანი თუ სხვა სახის ინფექციური დაავადების წარმოქმნას. გარდა ამისა, აუცილებელია მათი პარაზიტებზე დამუშავება, რადგან, მინდორში უფრო იმატებს პარაზიტებით დასნებოვნებისა და პიროვლაზმოზის გადატანის შანსი.
კითხვა: სასურველია თუ არა შემოდგომის წვიმიან ამინდში ძაღლი გარეთ გავასეირნოთ?
პასუხი: ცივ, წვიმიან ამინდში ცხოველის გასეირნებას უნდა მოვერიდოთ, რადგან, დასველების შედეგად, შეიძლება, გაცივდეს, რაც, შეიძლება, გართულდეს ბრონქიტით, პნევმონიებით, ართრიტებითა და მიოზიტებით. თუ ცხოველი იმყოფება ეზოს პირობებში, ამ პერიოდისთვის აუცილებელია, მას მოუწყოთ ისეთი ადგილი, სადაც წვიმის და ცივი ამინდის დროს შეაფარებს თავს და დაცული იქნება გაციებისგან. თუ შემოდგომის წვიმიან ამინდში მაინც გადაწყვეტთ ძაღლის გარეთ გაყვანას, აუცილებელია, სეირნობისას ცხოველს ჩააცვათ სპეციალური სამოსი, რომელიც დაიცავს მას დასველებისგან და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ თავიდან ააცილებთ მას მთელ რიგ გართულებებს. თუ არ გაქვთ აღნიშნული სახის სამოსი თქვენი ოთხფეხა მეგობრისათვის, ამ შემთხვევაში, სასურველია, თავი აარიდოთ წვიმიან ამინდში მის გასეირნებას.
კითხვა: თუ არის სასურველი შემოდგომის პერიოდში ძაღლის გაკრეჭა?
პასუხი: შემოდგომის პერიოდში მნიშვნელოვანია ცხოველის ბეწვის მოვლა, შეჭრა, დავარცხნა, გამოპუტვა. მოუვლელი ბეწვით ცხოველი ადვილად ცივდება და ბეწვის ხარისხიც უარესდება. ასევე, არსებობს იმის საშიშროება, რომ განვითარდეს კანის დაავადება, რადგან, შემოდგომის წვიმიანი და ნესტიანი პერიოდი მეტად ხელსაყრელია კანის ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორებიცაა: დერმატომიკოზი, დემოდეკოზი, სარკოპტოზი და ასე შემდეგ. დერმატომიკოზის, დემოდეკოზისა და სარკოპტოზისთვის დამახასიათებელია ბეწვის ცვენა და მტვრევა; კანზე მშრალი უთმო ლაქების გაჩენა. გრძელბეწვიან ცხოველებში მიკოსპოროზი მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე. სიმპტომების გამოვლინების დროს კი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ თქვენი ცხოველი ვეტერინართან, რომელიც კლინიკური ნიშნების დაავადების ეპიზოტიური მონაცემების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.