რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ნივა” და მინდა, ძრავა გავაძლიერო. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ეს, ვის მივმართო, არიან ის ადამიანები ვინ ამის გაკეთებას შეძლებენ და რა დაჯდება?
პასუხი: ნებისმიერი ტიპის ძრავას გაძლიერება შეიძლება და მათ შორის, რა თქმა უნდა, „ნივისაც”. მაგრამ, ეს ძალიან რთულ და ზუსტ სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ძრავას ძალიან სიღრმისეულ დეტალებში შეღწევას და მაღალტექნოლოგიურ დამუშავებას ითხოვს. ძალიან ბევრი ნიუანსია ასევე, რომელიც ხელით, სკურპულოზურ გადაკეთებას მოითხოვს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ხელოსნის ცოდნასთან ერთად, ეს საკმაოდ დიდ თანხასაც მოითხოვს. გარდა ამისა, ძალიან რთულია საქართველოში ისეთი სპეციალისტის პოვნა, რომელსაც ამ საქმის ზუსტად გაკეთება შეეძლება. ასეთები არსებობენ, მაგრამ უკვე სხვა საქმით არიან დაკავებულები. ძრავას გაძლიერება იმაზე ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე თვითონ „ნივა” ღირს. ხელოსანმა რომ მინიმალური სამუშაოები შეასრულოს, ერთი თვე მაინც უნდა დაკარგოს. რა თქმა უნდა, ის რაღაც დონემდე გაძლიერდება – მაგალითად, თუ „ნივას” 81 ცხენის ძალა აქვს, მას დაახლოებით 140 ცხენის ძალამდე გაზრდიან. მაქსიმალური სიმძლავრე, რაც „ჟიგულის”, „ლადას” ტიპის ძრავებიდან მიიღებოდა, ესეც საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მათ სპორტში იყენებდნენ, ანუ „ფორმულებში იდო,“ 100 ცხენის ძალა იყო.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ კალიბრა”, რომელსაც ეგრეთ წოდებული „თხუთმეტიანი” დისკები ეყენა. ის „თვრამეტიანი” დისკებით შევცვალე. რამდენიმე დამუხრუჭების შემდეგ, მუხრუჭი საერთოდ აღარ იჭერს. შესაძლებელია, რომ ამას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს?
პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. გაცილებით დიდი ზომის დისკების დაყენებისას, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც. გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკებია საჭირო და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც. ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. იოლად რომ აღიქვათ, რა იცვლება ამ დროს საბურავისთვის, წარმოიდგინეთ თაგვი, რომელიც თავისი ზომის შუშის წრეში ტრიალებს. საითაც დაიწყებს ის ხტუნვას იქით წავა წრეც და თან, რომ ეს იოლად დატრიალდება. წარმოიდგინეთ ახლა, რომ ეს თაგვი თავისზე მინიმუმ სამჯერ დიდ წრეში ტრიალებს. დიდიც არის და მძიმეც. ანუ, თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, ახლა ის მას გაჭირვებით მოერევა. თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „სუზუკი” „სვიფტი”. ძრავას ღვედი გაუწყდა. ხომ არ დააზიანებდა ეს ავტომობილის სხვა რომელიმე დეტალს და პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ ახალი ღვედის შეძენა და შეცვლა?
პასუხი: კითხვა არასწორად დასვით, რადგან ძრავას რამდენიმე ტიპის ღვედი აქვს და ყველა თავისი, კონკრეტული დანიშნულებით. ზოგიერთის გაწყვეტა ან დაზიანება ნაკლებპროებლემურია, ზოგიერთს კი, შეუძლია, სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანოთ. მაგალითისთვის, თუ გაწყდა ღვედი, რომელიც გენერატორს და იმავდროულად, წყლის პომპას აბრუნებს და ეს დროულად შეამჩნიეთ (ამას მიანიშნებს ხელსაწყოების დაფაზე წითელი ნათურა, რომელსაც აკუმულატორის გამოსახულება აქვს. სწორედ ეს ნათურა აინთებოდა), მაშინ საპრობლემო არც არაფერია. ღვედის შეცვლით პრობლემა აღმოიფხვრება. იგივე შეიძლება ითქვას თუკი თქვენი ავტომობილი საჭის ჰიდროგამაძლიერებლითაა აღჭურვილი და მისი ბრუნვაში მომყვანი ღვედი გაწყდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი რემენი“ ანუ ძრავას კბილანებიანი ღვედი გაწყდა, მაშინ პრობლემა იმდენად სერიოზულია, ჟურნალის მთელი ორი გვერდი დასჭირდება იმ დეტალების ჩამოთვლას, რაც ამ შემთხვევაში დაზიანდება. რიგ ავტომობილებში, მაგალითისთვის, „ჰონდის” მოდელების თითქმის 95 პროცენტში ამ ტიპის ღვედის გაწყვეტა, თითქმის არაფერს დააზიანებს. უბრალოდ, მის შესაცვლელად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გენერატორის ღვედის შეცვლას მოანდომებდით. ავტომობილის შეძენისას, ასეთ ნიუანსებს, რა თქმა უნდა, არავინ ითვალისწინებს და არც ყურადღებას აქცევს, სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დადგებიან. კარგი იქნებოდა, ამა თუ იმ მოდელის შეძენამდე, ამ საქმის პროფესიონალებს მსგავს დეტალებზე ინფორმაციას თუ გამოჰკითხავთ. აქვე გეტყვით, რომ ავტომობილის ეკონომიურობა, თუ რამდენად იაფი შესანახია ის, სწორედ ასეთი ნიუანსებიდან მომდინარეობს.