კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორი ქლიბი გამოვიყენო, რომ ფრჩხილები არ დამიზიანდეს?
პასუხი: ამ მხრივ, ყველაზე უსაფრთხოა ქლიბი მუყაოს კორპუსით. მაგრამ, აუცილებელია, იცოდეთ ქლიბის სწორად გამოყენება: ის უნდა დაიჭიროთ ფრჩხილის მიმართ პერპენდიკულარულად, ქვემოთა მხარეს ოდნავ დახრილი, მოძრაობა კი ერთ მხარეს უნდა იყოს მიმართული.
კითხვა: როგორი შამპუნი უნდა გამოვიყენო, თუკი თმის ძირები ცხიმიანია, ღერების დაბოლოება კი – მშრალი?
პასუხი: შამპუნი უნდა შეარჩიოთ თავის კანის ტიპის მიხედვით, ანუ, თუ თმის ძირებთან კანი ცხიმიანია, უნდა გამოიყენოთ შამპუნი ცხიმიანი კანისთვის, მაგრამ, ბალზამი და ნიღაბი, რომელიც თმის მთელ სიგრძეზე ისმევა – მშრალი თმისთვის განკუთვნილი.
კითხვა: სახის კანის მოვლის რომელი პროცედურების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი ზაფხულში, მაგრამ, დასაშვებია შემოდგომით?
პასუხი: ასეთი პროცედურებია: ლაზერი, ქიმიური პილინგი, ხილის მჟავებით გაწმენდა. ისინი ამაღლებს კანის მგრძნობელობას მზის მიმართ და, ხშირ შემთხვევაში, ახდენს პიგმენტური ლაქების გაჩენის პროვოცირებას. ზაფხულში დასაშვებია ნანოპერფორაციის გაკეთება – ის მთლიანად მოიცავს ლაზერული პილინგის შედეგებს და არ აქვს გვერდითი მოვლენები.
კითხვა: შეიძლება თუ არა მაკიაჟის გაკეთება ტონალური კრემის გარეშე?
პასუხი: თუ კანი იდეალურია – სიწითლის, მუქი წერტილების, პიგმენტური ლაქებისა და გამონაყარის გარეშე, შეგიძლიათ, ტონალური კრემი არ გამოიყენოთ.
კითხვა: რუჟის რომელი ფერები ითვლება იდეალურად, ანუ რომელი უხდება ყველანაირ მაკიაჟს?
პასუხი: იდეალურად (ანუ, როცა ყველანაირ მაკიაჟს უხდება) ითვლება: გარგარისფერი, ატმისფერი და მარჯნისფერი.