შტრუდელი ბერძნულად
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი შერეული (ღორის და საქონლის ხორცის) ფარში, 1 თავი ხახვი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, მარილი, შავი პილპილი, 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, ნახევარი ბულგარული წიწაკა, 200 გრამი ფხვიერი ყველი, 12-15 ცალი უკურკო, მსხვილი ზეთისხილი, 5 ცალი დამწნილებული მწვანე პომიდორი, ცოტა ზეთი, 2 ცალი კვერცხი, 450-500 გრამი ფენოვანი ცომი, 50 გრამი ოხრახუში.
მომზადების წესი: ფარშში შეურიეთ ბლენდერში დაქუცმაცებული ხახვი, უყავით მარილი და შავი პილპილი, ასევე, დაუმატეთ არაჟანი. აურიეთ და ერთი საათით მაცივარში მოათავსეთ. შემდეგ გამოიღეთ და მოშუშეთ ზეთში. ჩაუმატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი და კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. შუშეთ, სანამ ფარში ბოლომდე ჩაშრება. თბილ ფარშში ჩაუმატეთ დაქუცმაცებული ყველი, დაჭრილი ზეთისხილი და წვრილად დაკეპილი ოხრახუში. ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი დამწნილებული პომიდვრები, ბოლოს – ერთი ცალი უმი კვერცხი და კარგად ამოურიეთ. გააბრტყელეთ ცომი, მის ზედაპირზე გაშალეთ ფარში და რულეტივით გადაახვიეთ. ალაგ-ალაგ ჩაჩხვლიტეთ და ზედაპირზე გათქვეფილი კვერცხი წაუსვით. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.