ადამი და ევა
არც ისე მავნებელი
ჰარვარდის უნივერსიტეტის ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ უხეშობა და ბილწსიტყვაობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თუ მათ დავუჯერებთ, ეს „ღიად“ საუბარი ფსიქოლოგიური სტრესისგან გვათავისუფლებს, მაგრამ, როგორ შთაბეჭდილებას ვტოვებთ გარშემო მყოფებზე? ხომ არ ეტყვით მამაკაცს, რომელსაც თავს აწონებთ, იმიტომ ვიგინები, რომ სტრესი არ მივიღო ან სტრესის ჰორმონისგან თავი დავიცვაო?!
ინგლისელი მეცნიერებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არანორმირებული მეტყველება და ლექსიკა ნდობის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
ვამტკიცოთ, რომ ლანძღვა-გინება არც ისე მავნებელია?! შეიძლება, ცოტა მოვეშვათ კიდეც, მაგრამ, მეტისმეტი არ უნდა მოგვივიდეს. დედა გვასწავლიდა – ცუდი სიტყვების თქმა არ შეიძლება, უზრდელობააო... ან დედას უნდა დავუჯეროთ, ან – ევროპელ ფსიქოლოგებს, თუმცა, ყოველთვის შეიძლება, იპოვო ოქროს შუალედი: ნურც მეტისმეტად მკაცრი, წესიერი და რაფინირებული იქნებით, ნურც ბოლომდე აიშვებთ – შეინარჩუნეთ ის სახე, რომელიც ოჯახიდან გამოგყვათ... ბუნებრივია, მამაკაცები გაცილებით მეტს და ხშირადაც იგინებიან, მაგრამ, „ორთქლის გამოშვება“ ზოგჯერ თქვენც შეგიძლიათ... რატომაც არა?!
სიბრაზის თეორია
ვის არ უნერვიულია და ვისთვის არის უცხო სიბრაზე? მრისხანებისას ზიანს ვაყენებთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფებს. გული აჩქარებით გიწყებთ ცემას, წნევა მაღლა იწევს, ხელებიც კი გიკანკალებთ, ფიქრის, აზრის კონცენტრაცია კი შეუძლებელი ხდება...
ნეგატიური ემოციები ზედმეტი ტვირთია ორგანიზმისთვის, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ურთიერთობას გიფუჭებთ საყვარელ ადამიანებთან. მით უმეტეს, ქალს არ უხდება მეტისმეტი მრისხანება. არავინ გეუბნებათ, რომ არ უნდა გაბრაზდეთ, მაგრამ, თუ საკუთარი თავი გიყვართ, შეეცადეთ, ჭარბ განცდებს მოერიდოთ. რატომ უნდა გაფლანგოთ ფუჭად ის ენერგია, რომელიც შეგიძლიათ, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ?!
აღმოსავლური მედიცინა ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ გვირჩევდა: ნუ გამოკვებავთ გარემოს თქვენი ენერგეტიკით; ნუ გააბნევთ მას ფუჭად; ნუ გაათბობთ კოსმოსს – ეს მას არაფერში სჭირდება, შემოინახეთ ეს ყველაფერი თქვენი ახლობლებისთვის, საყვარელი და ძვირფასი ადამიანებისთვის და, ასევე, კარგი საქმეებისთვის.
„სიბრაზის თეორია“ გვასწავლის: სტრესი ცეცხლის სტიქიასავით არის – ის არღვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ხელს უშლის ტვინს და აქვეითებს მეხსიერებას. იკლებს სექსუალური ლტოლვა და ცხოვრებაში ბედნიერი დღეების რიცხვი სულ უფრო იკლებს.
დაიმახსოვრეთ: უარყოფითი ემოციებისგან თავი უნდა დაიცვათ. ძნელია, მაგრამ, უნდა შეძლოთ. გული თქვენ უნდა დაიმორჩილოთ და არა – პირიქით!
აიძულე და გამოგივა
ერთ დღესაც, გაიღვიძეთ და მტკიცედ გადაწყვიტეთ: „არავის მივცემ ჩემი დაჩაგვრის, დამცირებისა და იგნორირების უფლებას!“ პასუხის გაცემა უნდა იცოდეთ, თანაც, უნდა შეძლოთ ისე, რომ მოგებული დარჩეთ თქვენ და არა – ის, მაგრამ, პასუხმა არ უნდა მოახდინოს კატასტროფული ძვრები ურთიერთობაში... პირიქით, ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანებმა პატივი უნდა გცენ; მათ უნდა იგრძნონ ისიც, რომ, უპირველესად, თქვენ სცემთ პატივს საკუთარ თავს და თანაც, თვალსაჩინოდ.
აიმაღლეთ რეიტინგი – ცოტათი მაინც აიძულეთ თავი და აუცილებლად გამოგივათ. თანაც, ეს რეიტინგი როგორც შინაგან, ისე გარეგნულ შეფასებაში უნდა გამოიხატოს. არასდროს არაფერია დაგვიანებული. რა დღესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი ცხოვრება უნდა შეცვალოთ, იმ დღიდან დაიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და გამოგივათ. რა არის მთავარი?! თქვენი კეთილი ნება, და არა იძულებით მოქმედება... ზოგჯერ დინების საწინააღმდეგოდაც უნდა იცუროთ; ზოგჯერ ხისტი და მკაცრი უნდა იყოთ... ზოგჯერ კი – დამთმობი, მიმტევებელი და დიდსულოვანი. პრინციპი მარტივია: ხან მედლის ერთი მხარე უნდა იყოთ, ხანაც – მეორე. როდის რომელია საჭირო, ეს უნდა იგრძნოთ. თუმცა, თუ მოინდომებთ, ყველაფრის სწავლას შეძლებთ.
მაგალითად, დაიწყეთ სიარული: ადამიანი, რომელიც წელში გამართული და ამაყად თავაწეული დადის, შეუმჩნეველი არავის რჩება. ეფექტის მოსახდენად ჩაიცვით ყოველთვის ლამაზად და ორიგინალურად – ის, რაც მართლა გიხდებათ და არა ის, რაც მოდაშია. აიძულეთ საკუთარი თავი, „შიგნიდანაც“ დაიწყოთ ცვლილებები და, შედეგი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, აუცილებლად იქნება.
მე მიყვარს „მე“
შეიძლება, გგონიათ, რომ ისედაც გიყვართ საკუთარი თავი და ეს მინიშნება სრულიად ზედმეტია, მაგრამ, ჩვენ ძალიან ხშირად ვუშვებთ შეცდომას, როცა საკითხს არ ვუღრმავდებით. რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული? ეს სულაც არ გახლავთ ეგოიზმი, პირიქით, ძალიან შორს არის ამისგან. საკუთარი თავი უნდა მოგწონდეთ და გინდოდეთ ისეთი, როგორიც ხართ – თქვენი ნაკლითა და ღირსებებით, ვიზუალური ხარვეზებითა თუ ხასიათის თავისებურებებით. ეს გულწრფელი, უანგარო სიყვარული ფსიქოლოგიაში ერთი, კონკრეტული სახელწოდებით არის ცნობილი – „აუტოსიმპათია“. თუ უყვარხართ ახლობლებს, თუკი მოსწონხართ ნაცნობ-მეგობრებს, მაშინ, რატომ არ უნდა იყოთ კეთილგანწყობილი თავად?! როცა სახლში მარტო დარჩებით, იფიქრეთ თქვენს გარეგნულ თუ შინაგან ღირსებებზე, დაათვალიერეთ თქვენი ფოტოსურათები და, საერთოდაც, ისწავლეთ მარტოდ გატარებული წუთებისა და საათების ფასი. გამოიყენეთ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ და მიიღეთ სიამოვნება... იფიქრეთ სასიამოვნო ეპიზოდებზე, მომავალზე... დალიეთ ყავა, უყურეთ საყვარელ ფილმს ან წიგნი წაიკითხეთ. გაინებივრეთ საკუთარი თავი ახალშეძენილი ნივთით – სულერთია, რა იქნება ეს ნივთი, მთავარია, მისი შეძენა ძალიან მოგინდეთ და მასთან ურთიერთობამ სიამოვნება მოგანიჭოთ. როცა საკუთარი ნაკლოვანებები აღარ შეგაშინებთ და დეპრესიაში აღარ ჩაგაგდებთ, თვითშეფასების კრიტერიუმიც გამყარდება. მერე კი, ნაბიჯი წინ – წარმატებებისკენ...