რატომ არ უნდა უთხრას სასულიერო პირმა მრევლს ჯვარდაუწერლობის გამო ზიარებაზე უარი და რა გადაცდომებს უშვებენ სასულიერო პირები
ადამიანს‚ დროთა განმავლობაში‚ სხვა პიროვნების, საგნების, მოვლენების მიმართ გარკვეული განწყობა უჩნდება, რაც შემდეგში მათ მიმართ უარყოფით ან დადებით დამოკიდებულად ყალიბდება, ეს კი საბოლოოდ, ცრურწმენის სახეს იღებს, რომელსაც განსაკუთრებულად ემორჩილება. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– ცრურწმენები სათავეს წარმართობიდან, წარმართული შეხედულებებიდან იღებს, როდესაც ადამიანი არ იყო ჭეშმარიტებაში – ვგულისხმობ ქრისტიანობამდე სამყაროს. იმ დროს მთელი სამყარო ამ ქაოსში, ანუ, წარმართობაში, მრავალღმერთიანობაში იყო ჩაფლული. გავიდა დრო, კაცობრიობას მხსენლად ქრისტე მოევლინა და მან ჭეშმარიტი, გადარჩენის რელიგია დაამკვიდრა, რასაც ჩვენ ქრისტიანობას ვეძახით. ქრისტიანობა კი ადამიანს ასწავლის, როგორ და საით უნდა იყოს მიმართული მისი ორიენტირი, ფიზიკური, სულიერი ძალები: მან ეს ყველაფერი უნდა მიმართოს ერთი რამისკენ – საკუთარი თავისკენ. მთელი პროცესი სწორედ საკუთარი თავის გამოსწორებაა, ხოლო შედეგი – გამოსწორების საზღაური, ანუ, მიმსგავსება ქრისტესთან. გასაგებია ის, რომ ცრურწმენები წარმართობიდან მოდის, მაგრამ, ამ ყველაფრის სათავე ადამიანის აზროვნებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა, მაგრამ, ეს მხოლოდ და მხოლოდ საშუალებებია, რაც ადამიანს მიიყვანს და დააყენებს სწორ გზაზე; იმის საშუალებას მისცემს, რომ პირადი ცხოვრების სწორი, სულიერი ფუნქციონირება შეძლოს, ანუ‚ ეს მაინც გარეგნული ფაქტორებია, შინაგანი ფაქტორი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის: მე, ადამიანი, ვფიქრობ, გამოვსწორდე და გავხდე უკეთესი. შედარებასავით მოვიყვან ერთ მაგალითს: როცა ცოლი და ქმარი მართლმადიდებლები არიან, მათ‚ როგორც წესი‚ ჯვარი უნდა დაიწერონ, რომ ჯვრისწერამ შეკრას მათი ცოლქმრული ურთიერთობა, დაკანონდეს ეკლესიურად, ანუ, სამართლებრივად. მაგრამ‚ ხშირად ხდება ამ საიდუმლოს აღქმიდან გადაცდომა. საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობა აუცილებელია, ამიტომაც დადგინდა ეკლესიაში, მაგრამ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ცოცხალი მონაწილეობა ამ საიდუმლოში. როცა ჩვენ ამ საკითხს არასწორად ვუდგებით, ამ დროს სწორედ ცრურწმენასთან გვაქვს საქმე. ანუ‚ მთავარი ამ ყველაფრისადმი მიდგომაა, რასაც ხშირად სასულიერო პირებიც არასწორად ვაკეთებთ. როცა ჯვარდაუწერელ წყვილს ვეუბნებით, რომ აუცილებლად უნდა დაიწერონ ჯვარი, იმ დროს ჩვენ მათ არ ვეკითხებით: სწამთ თუ არა ღმერთი ისე, როგორც უნდა სწამდეთ, რატომ უნდა დაიწერონ ჯვარი, რატომ არის ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი.
– იგივე შეიძლება ითქვას ნათლობის საიდუმლოზე.
– ადამიანები პირველ საუკუნეებში 40-50 წლის ასაკში და კიდევ უფრო უხუცესები ინათლებოდნენ, ანუ, ჯერ აცნობიერებდნენ სარწმუნოების მრწამსს და შემდეგ ხდებოდა მათი მონათვლა. დროთა განმავლობაში ეს წესი შეიცვალა და დღეს უკვე ჩვილ ბავშვებს ვნათლავთ. ისინი ვერ აცნობიერებენ ნათლობის საიდმულოს, სამაგიეროდ მის არსს, მნიშვნელობას უნდა აცნობიერებდნენ მისი მიმრქმელები, რომლებიც მის მაგივრად იღებენ პასუხისმგებლობას უფლის წინაშე. ჯვრისწერის საიდუმლოშიც მხოლოდ ცოლ-ქმრის მონაწილეობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ, ამ ყველაფერში მათი მეჯვარეებიც ცოცხალ მონაწილეობას უნდა იღებდნენ სარწმუნოებით. თუ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ შინაგანი განწყობა, ასევე მათ, ვინც ნათლობის საიდუმლოში მონაწილეობს, როგორც წმიდა მამები ამბობენ‚ ასეთ დროს, ჩვენ, მღვდელმსახურები, კი აღვასრულებთ ამ საიდუმლოს, ვნათლავთ ბავშვს ან დიდს, ისინი კანონიკურად მონათლულებად ითვლებიან, მაგრამ, სულიწმიდა მათ არ ნათლავს. რა თქმა უნდა‚ ის მართლაც მონათლულია, მაგრამ, თუ მოსანათლი ან მისი ნათლიები ამ ყველაფერში არ მონაწილეობენ პირადი, ცოცხალი სარწმუნეობით, მაშინ ეს საიდუმლო მთელი თავისი მნიშვნელობით არ არის ბოლომდე აღსრულებული.
– დღეს კი ჯვრისწერაც და ნათლობის საიდუმლოც თითქმის ასე სრულდება – მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური სახით.
– ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს, როგორც საუკუნეების წინ‚ ადამიანებს ამ ყველაფრისადმი ოკულტური მიდგომა აქვთ. თუ არ სწამს, არ აქვს გაცნობიერებული: რატომ არის აუცილებელი ჯვრისწერა ორი ადამიანის ცხოვრებისთვის, ან, რა მნიშვნელობა აქვს ნათლობის საიდუმლოს, მაშინ‚ ჯობია‚ მათ გაიარონ კატეხიზაციის თუნდაც მცირე პერიოდი და მერე დაიწერონ ჯვარი და‚ პირიქით – ჯვარდაუწერლობის გამო არ განვაყენოთ ისინი ზიარებისგან, სხვა საიდუმლოებებისგან – ზოგიერთი სასულიერო პირი უშვებს ასეთ გადაცდომებს. თუმცა‚ პარადოქსია, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში კარგი აღმსარებელია, ეკლესიის მრევლია, ჰყავს მეუღლე და კიდევ ვერ აცნობიერებს‚ რატომ არის საჭირო ჯვრისწერა. მეორე საკითხია: შეიძლება‚ ადამიანს არ ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, მაგრამ, მოძღვარმა მისცეს ზიარების უფლება, აღსარება ჩაიბაროს, ან‚ პირიქით‚ არ ვაძლევთ ამის საშუალებას. რა შუაშია ერთმანეთთან აღსარების თქმა, ზიარება და ჯვრისწერა?! მთლიანობაში‚ ეს ყველაფერი ადამიანის რელიგიურ ცხოვრებასთანაა კავშირში, მაგრამ‚ რა შუაშია აღსარებასთან და ზიარებასთან: მე, მოძღვარი, სანამ ჯვარს არ დაიწერ, არ მოგცემ ზიარების უფლებასო?! სასულიერო პირების ვალდებულება, პასუხისმგებლობაა, ვასწავლოთ ქრისტიანებს‚ როგორ ჯობია, რა არის უკეთესი მისი სულიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ‚ მისი თავისუფალი ნება არ უნდა შევზღუდოთ; მან თავად უნდა გადაწყვიტოს, სახარებისეული სწავლებით თავად გადადგას ესა თუ ის ნაბიჯი.
– არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დადიან ეკლესიაში, ზედმიწევნით იცავენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ცრურწმენებს მაინც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
– ბევრი ფიქრობს ასე: მე კი ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ, სანთელი მარცხენა ხელით კი არ უნდა მივაწოდო სხვას, არამედ, მარჯვენა ხელით; აუცილებლად ლუწი სანთელი უნდა ვიყიდო და არა კენტი; ანალოღიას წინ რომ გადავუარო‚ ხატი გამიწყრება და რაღაც დამემართება და ასე შემდეგ. იქაც კი‚ სადაც ჭეშმარიტებაა, ვეძებთ რაღაცას ოკულტურს, წარმართულს. ჩვენთვის ციფრებიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც‚ პირადობის მოწმობის თემას რომ შევეხოთ: თუ ვინმე აიღებს – სატანის მსახური იქნება, თუ არ აიღებს, ესე იგი‚ წმიდანი იქნება და გადარჩება. მე, შეიძლება, სულ არ ავიღო ეს პასპორტი, შიგ არ ეწეროს სამი ექვსიანი, მაგრამ, ისეთ გარყვნილ ცხოვრებას ვეწეოდე, ისეთი აღვირახსნილი ვიყო, რომ‚ რომელ ცხონებასა და გადარჩენაზეა აქ საუბარი?! ან‚ პირიქით – 30 პასპორტი მქონდეს სამი ექვსიანით, მაგრამ‚ კარგი ქრისტიანი ვიყო, მოწესრიგებული‚ ზნეობრივი, რელიგიურად ვცხოვრობდე, რომ ცხონების ამბიცია მქონდეს და ამისთვის ვიღვწოდე, ეს კი ოდესღაც გამართლდეს. ანუ, გარეგნულ ნიშნებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ და არა ჩვენს შინაგან მდგომარეობას. მთავარი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა – როგორ შრომობს და იღვწის ის და არ აქცევს იმას ყურადღებას: დილით რომელ ფეხზე ადგა, წინ ვინ შემოხვდა, ან, სუფრაზე მარილი რომ დაებნა, ამიტომ ვიღაცას ეჩხუბება...
– თუმცა‚ ამ კუთხით‚ დამთხვევები ხშირად ხდება.
– კაცობრიობის მტერი – ეშმაკი – ამაზე კარგად მუშაობს და, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ძალიან კარგი ფსიქოლოგია. ის საუკუნეებია‚ ცხოვრობს და ადამიანებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. იყო დრო‚ როდესაც ის პირდაპირ ეცხადებოდა ადამიანებს, აშინებდა... ახლა გვემალება, მაგრამ, ჩვენს ცნობიერებაში შემოდის არასწორი, არამართებული აზროვნებითა და მსოფლმხედველობით: გვთავაზობს ცუდს კარგი შეფერილობით. ის ეხმარება ადამიანს იმაში, რომ ყურადღება გარეგნულ ფაქტორებზე გადაიტანოს, რომ არარეალობა რეალობად წარმოუჩინოს. ამიტომ‚ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ. ცრურწმენები კი არ განაპირობებს ჩვენს ცხონებას, არამედ, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა – თავმდაბლობა, სიყვარულის მდგომარეობა. და, კიდევ ერთი რამ არის აუცილებელი ადამიანის გადარჩენისთვის, რაც დღეს ნელ-ნელა იშვიათობა ხდება – ეს არის უშუალობა. ცნობილი ფრანგი ფსიქიატრი ასეთ რამეს ამბობს: ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ამქვეყნად აღარ იარსებებენ ნახევრად ნორმალური ადამიანები, კაცობრიობა დაიღუპება არა სიბრძნის, არამედ. უშუალობის უკმაროსობით. ჩვენი წმიდანები‚ თავიანთი ცხოვრებით გაოცებაში რომ მოვყავართ დღემდე, არა მხოლოდ სიყვარულით გამოირჩეოდნენ, არამედ იმით, რომ იყვნენ უშუალოები და მარტივები ურთიერთობაში. როცა ადამიანი უშუალობას კარგავს, ის ნორმალური ადამიანი აღარ არის და, თუ ადამიანი ნორმალური აღარ არის, მაშინ, რომელ ქრისტიანობაზე და ცხონებაზე ვსაუბრობთ?!