კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი მიბაძვით დაიწყეს ქალის ფეხსაცმლიდან ღვინის სმა თბილისელმა კინტოებმა და რა ლექსი მიუძღვნა მათ რაფიელ ერისთავმა

ძველი თბილისის ქუჩების ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურა თავზე ხილით სავსე თაბახით ან ვიწრო ქუჩაში ვირშებმული პატარა ურიკით მიმავალი კინტო იყო. ცუღლუტი, ლაზღანდარა, მასხარა, აფერისტი, ვაჭარი – ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ კინტოს თბილისის მცხოვრებლები. კინტოების შესახებ არაერთი საინტერესო ცნობა მოიპოვება, რომელთა შესახებ ძველი ფოტოების დახმარებით მოგაწვდით ინფორმაციას.

კინტო

სიტყვა „კინტო“ ნიშნავს კინწით, კისრით თაბახის მზიდველს. კინტოს აცვია ჩითის პერანგი – წინწკლებიანი და მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკრავი გვერდზე აქვს, მარცხენა მხარეს. საყელოზე ოთხი ღილი აკერია, მაგრამ საკინძე ყოველთვის ჩამოხსნილი აქვს. აცვია შავი  ნაშურის ახალუხი, ლასტიკის განიერი შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფარი გააქვს; თავზე – ქეჩის ქუდი, ან „კაზიროკიანი შლიაპკა”, ფეხზე – უქუსლო ჩუსტები, გულზე – საათი ძეწკვით, წელზე – აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი, ქამარში – უბრალო ხელსახოცი; ჩოხას სულ არ ხმარობენ. კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა: ერთნი იყვნენ ეგრეთ წოდებული ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ ან ქალაქში წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ; სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს. აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: „კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანეთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”. მკლევრების აზრით, კინტოს ნაციონალობის იდენტიფიკაცია არ აქვს, უფრო სექტას წარმოადგენდა, რომელთა რიგებს ყველა დეკლასირებული ფენის ხალხი ავსებდა (მათ შორის – გადაჯიშებული და დასაჭურისებული ქართველებიც).

თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. ისინი როსტომ მეფემ ჩამოიყვანა ქართლის ზნეობრივი გახრწნის მიზნით, რათა ირანს გაადვილებოდა ამ ქვეყნის ინტეგრირება. კინტომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში შეიძინა, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში, რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ, ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც.

ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: „კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია. ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს, რომლებიც ხალხს ატყუებენ”. დავით ორბელიანის თქმით: „რაც თურქებმა ვერ ქნეს, იმას კინტოები გვიშვრებიან, ქალაქელებს რყვნას ასწავლიან, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”. იაკობ გოგებაშვილი გაზეთ „კვალში” წერდა: „ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”. 

ძველ თბილისში ხელზე მოვაჭრე კინტო, განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხითა და თავისებური ჩაცმა-დახურვით. კინტო თბილისის ყოფას მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა. კომუნისტების დროს კინტოების უაზრო იდეალიზება ხდებოდა და ყველას ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს კინტო წმინდა ქართული მოვლენა იყო, რეალურად კი ჩვენ სულ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. „კინტოს“ ვაჟკაცური არაფერი ეცხო: თვალმანკიერი, ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, სიარული დამტვრეული და ოკრო-ბოკრო, ცუღლუტი, გაქსუებული, დაღლარა, თახსირი და მცირე უნარისა. ყარაჩოხელის გადაგვარებულ სახეს კინტო ეწოდა („კვინტო“ ძველად „კუდიანს“ ნიშნავდა). მიუხედავად იმისა, რომ უდარდელი და ზანტი კინტო მთელ სიცოცხლეს ლაზღანდარობასა და ყალთაბანდობაში ატარებდა, გულით მაინც სევდა და ნაღველი დაჰქონდა. ცხოვრებამ აიძულა იგი, ქუჩა-ქუჩა ეხეტიალა. ცოცხალი, მკვირცხლი, მოძრავი, „ლოთიანი” ქეიფის მოყვარული კინტო, რომელსაც თავზე ღვინით სავსე ბოთლი ედგა, არღანის ხმაზე ბაღდადით ხელში ცეკვავდა „კინტოურს“. კინტომ არც კი იცოდა იმ ჭურჭლის სახელები, რომლითაც ღვინოს სვამდა, იგი უარყოფდა ქამრიან ჭიქებსაც კი და, უცხოელი ბოჰემისტების მიბაძვით, ღვინოს ქალის ტუფლიდანა სვამდა. როგორც რუსეთში იყო „ბასიაკი”, ეს ლოთი მწიგნობარი, ისეც ჩვენმა თბილისმა, მხოლოდ თბილისმა წარმოშვა ეს ბედასლი, თავნები, ლევანდი და დაუდევარი ტიპი, რომელსაც იმათთან შედარებით, მაინცდამაინც დიდი სიბოროტის ჩადენა არ შეუძლიან. 

ცნობილია, რომ პოეტი რაფიელ ერისთავი, პირდაპირ ილაშქრებდა კინტოების  წინააღმდეგ:

„დახე, ჩვენი ქალაქი რარიგად        გამოცვლილა –

ვერავის ვსცნობ, არც მცნობენ, კინტოებით გავსილა”...

მკველვართა აზრით, კინტოების ტანსაცმელი წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა „კინტოურზეც“, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ. არსებობს ვერსია, რომ კინტოური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყეს.

კინტო, შედარებით გაკეთილშობილებული სახით, ავქსენტი ცაგარელის პიესაში და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეში” ფიგურირებს; ასევე, მხატვრულ ფილმებში: „ქეთო და კოტე”, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ” და სხვა.   

მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები წიგნიდან: ი. გრიშაშვილი, „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” (გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა”, ბათუმი, 1986) და თენგიზ ვერულავას ბლოგიდან „ბურუსი”.

скачать dle 11.3