ვინ აჩუქა ავტომობილი ქრისტინე ძიძიგურს და რა გამოცდა ჩააბარა მან დედასთან წარმატებულად
პარიზში დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, ქრისტინე ძიძიგური საქართველოში ჩამოვიდა დასასვენებლად. ამისთვის კი მან ჯერ ბათუმს მიაშურა, შემდეგ კი რამდენიმე დღე სვანეთში გაატარა.
ქრისტინე ძიძიგური: სვანეთში ვიყავი ცოტა ხნის წინ მესტიაში ახალი ეკლესია გაიხსნა, თავად პატრიარქი იყო ჩასული მის გახსნაზე. თან, იმ დღეს ისტორიული ფაქტი მოხდა: კათოლიკოს-პატრიარქმა ორი ერთმანეთზე გადაკიდებული სვანური გვარი შეარიგა. მუზეუმი ვნახე კიდევ და გავოგნდი, ისეთი საოცარი რაღაცეები ინახება: მეცხრე, მეათე საუკუნის წიგნები, უძველესი ხატები – სულ სხვა სამყაროში ხვდები. ბუნება ხომ საოცარია, ძველი კოშკები, თავად მესტიაც ძალიან კარგად არის გაკეთებული. „კანატკიდან“ ადიხარ რესტორანში, იქ შეგიძლია, დაჯდე და უყურო უშბას. ჯდები და ვერ წყდები იქაურობას, ტკბები ბუნების, მთების, ცის ცქერით, ბოლომდე მშვიდდები. „კანატკიდან“, ანუ მთის წვერიდან, ბოლომდე ჩადიხარ, საოცარი ეფექტი აქვს, ასე გგონია, დაფრინავ. პირველად ვიყავი სვანეთში და ძალიან მოვიხიბლე, გამაოგნა. თან, ასეთ ადგილებში სწყდები ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებას და აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე ისვენებ ყველაფრისგან, სულ სხვა სამყაროში ხარ. საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვედი. მანამდე ბათუმში ვიყავი, თან ვისვენებდი, თან ვვარჯიშობდი, თანაც მართვის მოწმობის საგამოცდო საკითხებს ვმეცადინეობდი. ზემო აჭარაშიც ვიყავი: ქედაში, შუა ხევში, ძალიან მომეწონა. ზოგადად, როცა ვისვენებ, მირჩევნია, ბუნებასთან ახლოს ვიყო, ზღვაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
– აიღე მართვის მოწმობა?
– კი, ავიღე და მერე ვხუმრობდი: ისე კარგად ჩავაბარე გამოცდები, სვანეთის გზაზე ღამეც დავდიოდი მანქანით-მეთქი.
– გყავს ავტომობილი?
– დედაჩემმა ახალი იყიდა და თავისი მე მომცა – „პაჯეროს ჯიპი“. მანამდეც ვიცოდი ტარება, მაგრამ ბათუმში კიდევ უფრო კარგად ვისწავლე. ზოგადად, წესრიგის მოყვარული მძღოლი ვარ. როცა იცი, რომ ქალაქში ეს წესია, ამას აუცილებლად უნდა დაემორჩილო. შენ თუ სიჩქარე გიყვარს, წესების დარღვევა გინდა, ამისთვის სპეციალური ადგილები არსებობს და შეგიძლია, იქ წახვიდე – ეს ჩემი პირადი აზრია. როცა საჭესთან ვზივარ, უპირველეს ყოვლისა, იმაზე ვფიქრობ, რომ სხვა არ დავაზიანო, მით უმეტეს, ქვეითი. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, „ქალწული“ ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, ზოდიაქოსი ნაკლებად მჯერა, მაგრამ რაღაც თვისებები დაემთხვა. ანუ, „ქალწულები“ წესრიგის მოყვარულები არიან და მეც ასეთი ვარ. ამაზე პარიზმაც მოახდინა გარკვეული გავლენა, რადგან ევროპაში უყვართ წესრიგი, კანონების დაცვა. ეს წესები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის არის და რატომ არ უნდა დავიცვათ? ადრე ღვედს ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლა ვეღარ წარმომიდგენია ღვედის გარეშე.
– ხომ არ აპირებ საფრანგეთში ავტომობილის ყიდვას?
– ვფიქრობ, ხომ არ ვიყიდო. იმედია, ჩემები არ გაბრაზდებიან. დედაჩემმა შეიძლება, ინერვიულოს, მაგრამ ნახა როგორ დავდივარ, თან, ბათუმიდან მე ვიჯექი საჭესთან. სიჩქარე არ მიყვარს ტრასაზე და ქალაქში, რადგან, ამით საკუთარ თავსაც უქმნი საფრთხეს და სხვასაც.
– ანუ, დედასთან გამოცდა წარმატებულად ჩააბარე.
– კი, წარმატებულად ჩავაბარე. ეს იყო მთავარი და მერე მართვის მოწმობის გამოცდაც მაშინვე ჩავაბარე.
– „ფეისბუქზე“ ვნახე შენი ფოტოები, სადაც დელფინთან ერთად ცურავ. წარმომიდგენია, რა სასიამოვნო იქნებოდა ასეთ საყვარელ არსებასთან ერთად ცურვა.
– ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ დელფინებზე გავგიჟდი და გადავირიე. ამის შემდეგ გამიჩნდა ოცნება, რომ მქონდეს ზღვასთან ახლოს სახლი, ან ვილა და მყავდეს ერთი დელფინი. საერთოდ, დელფინი ხელის მოძრაობაზე რეაგირებს. მწვრთნელი ხელს გაუქნევდა, ისიც ამოხტებოდა და ჰაერში სალტოებს აკეთებდა. ჩემთვის ვფიქრობდი: სახლში, რომ მეყოლება დელფინი, მოვლენ სტუმრები, არ ეცოდინებათ, უცებ მე გავუქნევ ხელს და ის ბასეინიდან ამოხტება. წარმოიდგინე, რა იქნება?! ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს, რომ შენ არ დაგაფრთხოს. ასეთი სიამოვნება არსად მიმიღია. ხელი უნდა მოჰკიდო ზურგის ფარფლზე და მიჰყავხარ, მთელ ბასეინს მოგატარებს, არც გეხება. მე ცოტა დავიძაბე და შუა ბასეინში ჩამოვხტი. მწვრთნელმა მითხრა: ახლა მოვა, დაელოდე, უკან წამოგიყვანსო. მართლაც მოვიდა და წამომიყვანა უკან. თუ არ შეგიძლია, რომ უკან გაჰყვე, მაშინ ამოტრიალდება, გულზე გიწვენს და ისე მიყავხარ. საოცარი არსებაა, ასეთი არაფერი მინახავს, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ეს შეგრძნებები. კიდევ, ცხენი მიყვარს ძალიან და მინდა, მყავდეს.
– ესე იგი, შენ ერთი ვილა გინდა სანაპიროზე და კიდევ რანჩო – თავისი ცხენებით.
– კი, ბუნებაში – რანჩო და ზღვის პირას – ვილა. რომ მეყოლება ცხენი, მერე უფრო კარგად ვისწავლი ჯირითს.
– როდესმე წარმოგიდგენია საკუთარი თავი, მაგალითად, 20 წლის მერე?
– სიმართლე გითხრათ, წინასწარ არ ვფიქობ ასეთ რაღაცეებზე. ყველაფერი ღვთის ნებაა. მოცემულ მომენტში მიყვარს მაქსიმალურის გაკეთება და შემდეგ ამ ყველაფერს განვითარების მიხედვით მივყვები. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ და რაც მინდა, ეს არის, ვიყო უბერებელი და ყველა ასაკში – საინტერესო ადამიანი. სამომავლოდ ერთი მნიშვნელოვანი იდეა მაქვს. მოდელობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქტიურად გავაგრძელებ, მაგრამ, რაც შეეხება იდეას: შემდეგი წლიდან მინდა, ევროპის რომელიმე ქალაქში – პარიზში ან მილანში – ჩავაბარო მაგისტრატურაში და ვისწვლო კულტურის მენეჯმენტი. სორბონაში არის ასეთი ფაკულტეტი, რომელშიც შედის თეატრი, მუსიკა, ცეკვა... ყველაფერი, რაც ხელოვნებას, კულტურას ეხება. ძალიან საინტერსო ფაკულტეტია, თან, ჩემთვის ახლოსაა: ვუკრავ ბავშვობიდან, ვცეკვავ. თან, სოციოლოგიის შემდეგ ამ ფაკულტეტზე სწავლა ლოგიკური გაგრძელება იქნება. ყველაფერი გარკვეული მაქვს, თემაზეც დავიწყე მუშაობა, იდეებიც ჩამოვყარეთ, ლექტორებს მინდა შევხვდე და მომავალი წლის სექტემბრიდან დავიწყებ ალბათ სწავლას. თბილისშიც ჩავაბარე მაგისტრატურაში – საერთაშორისო ურთიერთობებზე.
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ოცნებობენ რომელიმე კონკრეტულ ქალაქში ცხოვრებაზე, ან იქ წასვლაზე. შენ გქონდა ასეთი ოცნება?
– პარიზი იყო ჩემი ოცნები ქალაქი. 12 წლის ვიყავი, „ჰოტელ კოსტის“ სიმღერებს, რომ ვუსმენდი და ვოცნებობდი პარიზზე, შანზელიზეზე მათი სიმღერების მოსმენაზე. მაშინ არც ვიცოდი, რომ ეს პარიზში სასტუმროებისა და რესტორნების ქსელი იყო და ჩემი საყვარელი ჯგუფი თურმე ამ ქსელის რესტორნის ჯგუფია. ჟიბერტ კოსტი, რომლისაცაა ეს სასტუმრო-რესტრონების ქსელი ჩემი უახლოესი მეგობრის მეგობარია და მისგან გავიცანი. ისე ახლოს გავიცანი, დავმეგობრდით. მის რესტორანშიც ხშირად დავდივარ, რადგან პარიზში ერთ-ერთი საუკეთესი რესტორანია. მოვუყევი ყველაფერი, როგორ ვუსმენდი მათ ჯგუფს. ჩემი სახლის წინ არის მის ერთ-ერთი სასტუმრო და იქ დავდივარ სავარჯიშოდ. ეს რომ გაიგო, სხვადასხვა ფასდაკლება და საჩუქრები შემომთავაზა. ძალიან საინტერესო ადამიანია, კლასიკური ფრანგი. პარიზში ისეთ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, თუნდაც ჩემი დიასახლისიც რომ ავიღოთ, ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან: დიდი კულტურის მქონე ერია, ფრანგები არისტოკრატული მანერებით, საუბრით ძალიან მხიბლავენ.
– არ მოგწონს ფრანგი ბიჭები?
– ფრანგ ბიჭებში რაც მხიბლავს, ეს არის მათი „დასტოინი“, „კლასნი“ ქცევები. გოგონას მიმართ საოცარ ყურადღებას იჩენენ. თუ ვინმე შეუყვარდებათ, ზედ გადაჰყვებიან. თან, ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილად გამოსდით, ზომიერად. ზუსტად იციან, რა დროს, როგორ უნდა მოიქცნენ. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ვფიქრობ არც ოჯახის შექმნაზე და არც სერიოზულ ურთიერთობაზე, არაფერს არ ვცდილობ ამ კუთხით. ჩემს საქმეს ვაკეთებ: ვსწავლობ, ვმუშაობ და ეს ყველაფერი კი, ალბათ, თავის დროზე მოვა, მაშინ, როდესაც საჭირო იქნება. ჩემი მხრიდან ამ კუთხით არაფერი არ ხდება.