ფონდმა “ქართული გალობა„ ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა
ფონდმა “ქართული გალობა„ ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა
რუსთაველის თეატრის სცენაზე ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული სიმღერები კიდევ ერთხელ აჟღერდა. უნიკალური რეპერტუარი უნიკალური შესრულებით რუსთაველის თეატრის სცენაზე ანსამბლმა „რუსთავმა“ ჩანაწერის საშუალებით მომღერალთან ერთად შეასრულა.
„თბილი, ხელშესახები, მიწიერი და იმავდროულად – ამაღლებული”, - ამ ფრაზით კონცერტზე გონაშვილის უკვდავი შემოქმედება შეფასდა. კონცერტის წამყვანმა, ანზორ ერქომაიშვილმა გონაშვილის მიერ შესრულებული სიმღერების ისტორია სათითაოდ გააცოცხლა, გაიხსენა მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი და ფონდ „ქართული გალობის” მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ერქომაიშვილის შეფასებით, ქართული ფოლკლორის სახელით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მოეწყო. ამ მხრივ, მისი თქმით, გამორჩეული სახეა ჰამლეტ გონაშვილი, რომლის შემოქმედება მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა.
კონცერტს უამრავი მაყურებელი ჰყავდა: მომღერლები, კომპოზიტორები, ლიტერატორები, დრამატურგები... თითოეულმა მათგანმა დიდი მომღერალი და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენა. ყოველ მის სიმღერას უამრავი ემოცია და უამრავი აპლონდისმენტი ახლდა.
საიუბილეო საღამოზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, შეეძინა ჰამლეტ გონაშვილის განახლებული ორი კომპაქტური დისკისგან შემდგარი CD და DVD ალბომები და მონოგრაფია, რომელიც ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამოვიდა. გაყიდული ალბომებიდან შემოსული თანხა მომღერლის ოჯახს გადაეცემა.