კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

რაღაცეების „პონტში“

ქეთიმ აღმოაჩინა, რომ თავისი ცხოვრების ახალ ფაზაში შევიდა. საკუთარ თავს არ უტყდებოდა იმაში, რომ სიჯიუტე მის წისქვილზე არ ასხამდა წყალს. ვახოს იმაზე მყარი ნერვები აღმოაჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა – არც რეკავდა და არც ცოლთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა. ახერხებდა იმას, რომ ბავშვის სანახავად ქეთის სახლში არყოფნის პერიოდში მისულიყო. ერთ დილით კი, კარადაში სიხალვათე შენიშნა და გული შეუქანდა.

– ნანა! – გასძახა ძიძას, – შეგიძლია, ერთი წუთით მოხვიდე?

ბავშვის წვნიანის მომზადებაში გართულმა ძიძამ ვერ გაიგონა მისი ხმა და გაზქურასთან მდგარს არც გამოუხედავს ქეთისთვის.

– ნანა, არ გესმის? – გაღიზიანებული ქეთი აწითლებული გამოვარდა ოთახიდან.

– რა მოხდა? – შეკრთა ქალი.

– გეძახდი...

– მოხდა რამე?

– კარადაში ვახოს პერანგებს ვერ ვპოულობ... რამდენიმე პულოვერიც არ ჩანს...

– ჰო, ვახო რომ იყო ბოლოს, წაიღო... – ისეთი ტონით უპასუხა ნანამ, რომ ქეთი მიხვდა, რასაც გულისხმობდა: აბა, რა გეგონა, ქმარს რომ სახლიდან აგდებდიო.

– აჰა, ესე იგი, ქურდივით შემოიპარა, კარადა დაცალა და წავიდა...

ნანამ ამოიოხრა.

– ქეთი, არ მინდოდა შენთან ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან, მიმაჩნია, რომ შენი ოჯახი მარტო შენი საქმეა, მაგრამ, მგონი, ვახოსთან მართალი არ ხარ.

– ჰო?! – წარბები ასწია ქეთიმ, – თუმცა, არ მიკვირს, შენ ვახო ყოველთვის მოგწონდა, თანაც, ჩემზე მეტად.

ქალი შეცბა:

– ქეთი, ამას როგორ ამბობ?!

– დიახ, არის რაღაც-რაღაცეები, რაზეც აქამდე არ ვლაპარაკობდი. იმიტომ, რომ უკონფლიქტო ადამიანი ვარ, თანაც, ბავშვს უყვარხარ, კარგადაც უვლი...

– ანუ, გინდა, რომ მეც წავიდე? – ხმაში ცრემლი მოეძალა ნანას.

– „მეც წავიდე“, ანუ, მე „ბუა“ ვარ – ქმარი გავაგდე და ახლა შენც გაგდებ... ვინმეს მე ვეცოდები? ვინმე ფიქრობს, მე რა დღეში ვარ?! ლამის გული გამისკდეს ნერვიულობით, ტირილითაც კი ვეღარ ვტირი... რაც მარტო ვარ, ყავაც კი არ შემოგითავაზებია ჩემთვის... ვახო რომ სახლში იყო, მაშინ არ გავიწყდებოდა!.. – ნერვებმა უმტყუნა ქეთის. პატარა მარია გაფართოებული თვალებით მიაჩერდა დედას. ნანა ქეთისთან მივიდა და მოეხვია:

– მაპატიე... დამნაშავე ვარ. მაგრამ ვფიქრობდი, ჩემი ზედმეტი ყურადღებით უფრო შევაწუხებ, შეიძლება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უფრო წაადგეს-მეთქი. იცი, რა... იტირე... იტირე და მოგეშვება. მერე მობილური აიღე და ვახოს დაურეკე.

ქეთიმ თავი გააქნია.

– აქამდე უნდა დამერეკა, – თქვა სლუკუნ-სლუკუნით და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა, – ახლა უკვე აღარ გამოვა ეს ამბავი. ხომ ნახე, უკვე ტანსაცმელიც წაიღო...

– მხოლოდ რამდენიმე პერანგი...

– თქვა რამე?

– როდის, როცა მიჰქონდა? ისეთი არაფერი. ბავშვის ამბავი გამომკითხა. მაგრამ, ძალიან დათრგუნული მომეჩვენა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა... ტანსაცმლის წაღებაც ბოლო მომენტში გადაწყვიტა... მე ვფიქრობ, ამისთვის არ იყო მოსული.

– ვითომ?! – დაეჭვდა ქეთი, – აბა, რატომ ეცა და მოხვეტა?

ნანამ მხრები აიჩეჩა.

– მგონი, ამით თავისი პროტესტი გამოხატა და მიგახვედრა, რომ რაღაც უნდა გააკეთო.

– რა გავაკეთო? – ქეთის ხმაში სასოწარკვეთა გაისმა, – კვირას დედაჩემთან უნდა გავიდე. რაღაცას ხვდება, მე კი ისიც არ ვიცი, რა ვუთხრა.

– კვირამდე სამი დღეა, მოასწრებ შერიგებას.

– რანაირად? მაგას ჩემი დანახვაც არ უნდა... ასე რომ არ იყოს, ბავშვის სანახავად ისეთ დროს მოვიდოდა, მეც რომ სახლში ვიქნებოდი. სპეციალურად იქცევა ასე.

– იქნებ, კონფლიქტს ერიდება, ამაზე არ გიფიქრია?

ქეთიმ ამოიოხრა:

– ვითომ?

– უეჭველი ეგრეა. კაცების ამბავი არ იცი? მით უმეტეს, რომ შენ გააგდე.

– ძალიან დავიბენი... ვნანობ... ნეტავი, როცა მიდიოდა, მაშინ შემეჩერებინა. ახლა უფრო გართულდა ყველაფერი.

– კიდევ უფრო გართულდება, თუ ზომებს არ მიიღებ. თუ გინდა, როცა მოვა, მესიჯს მოგწერ და გამოიქეცი სამსახურიდან.

– არ ვიცი, მოვიფიქრებ. შენ მაინც მომწერე ესემესი და ვნახოთ.

***

გიგიმ დაუკაკუნებლად შეაღო კაბინეტის კარი. ლევანი მაშინვე წამოდგა და მის შესახვედრად გაემართა.

– მობრძანდით. ბოდიში, რომ თქვენი შეწუხება მომიხდა. მინდოდა, ადგილზე მეჩვენებინა, რისი გაკეთება მინდა.

– არ არის პრობლემა. თქვენ ჩვენი გამორჩეული კლიენტი ხართ, – გაუღიმა გიგიმ.

– ძალიან კარგი. სამაგიეროდ, სადილზე დაგპატიჟებთ. მე და ჩემი მეუღლე ვაპირებდით ახალი, საფირმო კერძის დაგემოვნებას და თქვენც შემოგვიერთდით.

– არა, ნუ შეწუხდებით. მაჩვენეთ, რას ვაკეთებთ და წავალ.

– არავითარ შემთხვევაში! მხოლოდ კერძის დაგემოვნების შემდეგ, – გააპროტესტა ლევანმა და გიგის მკვლავში მოჰკიდა ხელი, – წავიდეთ, წავიდეთ, ლიზასაც გაგაცნობთ...

– ლიზას? – გიგიმ ფეხი აითრია.

– დიახ, ჩემს მეუღლეს... ამ ახალი კერძის შექმნის იდეა მისმა მდგომარეობამ შთამაგონა. ფეხმძიმედ არის და ყველაფერს ვერ ჭამს, რაღაც განსაკუთრებული უნდა. 

გიგი არასდროს იყო უარზე, რაღაც გემრიელი გაესინჯა, მაგრამ, ამჯერად შეყოყმანდა. სახელმა „ლიზამ“ მასში ეჭვი დაბადა და კიდევ ერთხელ შეეცადა, ზრდილობიანად აერიდებინა მიპატიჟება. მაგრამ ლევანმა არაფრით გაუშვა... თითქმის ძალით ჩაიყვანა რესტორნის ზამთრის ბაღში, სადაც სპეციალურად მათთვის იყო სუფრა გაშლილი. უზარმაზარ, შუშის კედელთან, ზურგით იდგა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფეხის ხმაზე შემობრუნდა...

– გაიცანით – ლიზა, ჩემი მეუღლე.

ქალმა ღიმილით გაუწოდა ხელი და თავიდან ფეხებამდე, დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა. გიგიმ ისიც ვერ მოახერხა, ნაძალადევად გამოეხატა დადებითი ემოცია, მხოლოდ თავი დაუქნია და მაშინვე სუფრას მიუჯდა. „ის არის... ზუკამ ერთხელ ფოტო მაჩვენა და, გამორიცხულია, მეშლებოდეს. თან, სახელიც რომ ემთხვევა?! აუ, რა შარში ვარ! ზუკას რომ ვეტყვი, გადაირევა... გააფრენს... არადა, როგორ დავუმალო... რა თქვა ქმარმა? ფეხმძიმედ არისო? აი, თურმე, ზუკას რატომ დაშორდა... იმ სულელს კი ჰგონია, ეს ქმარს თავს დაანებებს და მასთან მიირბენს. როგორ არის ნათქვამი? – ნეტავი იმდენი არ ვიცოდე, რამდენიც ვიცი...“

– ძალიან ბევრ დროს ხომ არ გაკარგვინებთ? – მიმართა გიგის ლევანმა, – აი, ახლავე მოგვიტანენ ჩემს შედევრს და მერე საქმესაც შევუდგეთ. ლიზა, გიგი იმ სარეკლამო კომპანიიდან არის, რომელიც ჩემი ბიზნესის აღმავლობას უწყობს ხელს.

– მართლა? – კეკლუცად გაიღიმა ლიზამ და პატარა ბავშვივით მოიჩლიქა ენა.

– ლევანჩიკ, საყვარელო... უნდა გაგვაოცო? ერთი სული მაქვს, როდის გავსინჯავ შენს საფირმო კერძს... ჩემი ნიჭიერი, მზრუნველი ქმარი...

გიგიმ იგრძნო, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. საჭმელი ლამის ყელში გაეჩხირა... ერთ ადგილას ცქმუტავდა და სადილი წამებად გადაექცა. თან, შეფარვით ლიზას ათვალიერებდა... ბოლოს საკუთარ თავთან აღიარა, რომ ეს ქალი მარტო ზუკას კი არა, ნებისმიერ კაცს აურევდა ჭკუას. „საწყალი ზუკა“... – დაასკვნა თავისთვის.

 – ეტყობა, გიგი ახლაც სამუშაოზე ფიქრობს... – იცინოდა ლევანი, – ლიზა, რომ იცოდე, როგორი კარგი ხალხია... თქმაც არ მჭირდება, ისე კარგად ხვდებიან, რა მჭირდება. თქვენი უფროსიც ძალიან მომწონს – ვახტანგი. ის ბიჭიც, რა ჰქვია? სახელი დამავიწყდა...

გიგის წვენი გადასცდა და ხველა აუტყდა.

– ბატონო ლევან, ძალიან გემრიელია თქვენი საფირმო კერძი, – სწრაფად შეცვალა საუბრის თემა...

– ლიზა, შენ რას ფიქრობ, საყვარელო? – ცოლს მიუბრუნდა ლევანი.

– ორიგინალური. აი, სიგარეტის მოწევაც რომ შემეძლოს, ვიტყოდი, რომ შენს რესტორანში სადილობა სიამოვნებაა.

– არა, არა, სიგარეტი შენთვის არ შეიძლება, ექიმმა ხომ გითხრა, ჯანმრთელი შვილი უნდა გამიჩინო.

გიგიმ ვეღარ გაუძლო:

– ბატონო ლევან, მე კიდევ მაქვს შეკვეთები და, იქნებ გეთქვათ, რის გაკეთებას გეგმავთ... სამსახურში უნდა დავბრუნდე.

– მეც მივდივარ... – წამოდგა ლიზა, – ცოტას გავივლი და საღამოს ისევ შემოგივლი. სახლში წასვლამდე გავისეირნოთ, ხომ დამპირდი?

– აუცილებლად, საყვარელო... საით აპირებ?

ქალმა გადაიკისკისა:

– ახალი ჰობი გამიჩნდა – მაღაზიებში დავდივარ და ბავშვის ტანსაცმელს ვათვალიერებ... – ლიზამ ქმარს ლოყაზე აკოცა, გიგის კეკლუცად დაუქნია ხელი და წავიდა. ლევანმა აღფრთოვანებით გახედა მიმავალს: 

– ლიზა საუკეთესოა იმ ყველაფერს შორის, რაც გამაჩნია.

– დიახ, ძალიან ლამაზი ცოლი გყავთ, – იძულებული გახდა, დათანხმებოდა გიგი.

– ჰო... მარტო სილამაზეშიც არ არის საქმე. რაღაც აქვს ისეთი, რაც მუდმივად მხიბლავს და მაჯადოებს... რამდენს ვლაპარაკობ, არა?! ძალიან ბედნიერი ვარ და მეტყობა... 

გიგიმ ისევ ამოიოხრა. უკვე აღარ იცოდა, ვინ უფრო მეტად უნდა შესცოდებოდა – ლევანი თუ ზუკა...

***

ვახომ ყურმილი აიღო და თიკოსთან დარეკა.

– მე არავის ვუკითხავარ?

– არა, ბატონო ვახო...

– ეგ „ბატონო“ როდის უნდა მოიშალო? ხომ გითხარი, ვახო დამიძახე-მეთქი! – მოულოდნელად გაღიზიანდა ვახო.

– გავიგე, ვახო... – არ შეიმჩნია თიკომ, – გნებავთ რამე?

– ჰო. გამიგე ერთი, სად შეიძლება, შაბათ-კვირას ბავშვი წავიყვანო.

– ბავშვი? ვისი ბავშვი?

– თიკო, რა მოგივიდა? ჩემს შვილზე გელაპარაკები, მარიაზე...

– უი, უკაცრავად... ახლავე... გნებავთ, კინოთეატრების აფიშას ვნახავ?

– რომელი კინოთეატრების? სამი წლისაც არ არის ჯერ... საბავშვო ცენტრები მაინტერესებს, ტელეფონის ნომრები ამომიწერე და შემომიტანე.

თიკომ ყურმილი დადო:

– ისევ საშინელ გუნებაზეა, დროზე თუ არ შეურიგდა ცოლს, ცუდად არის საქმე.

– ვისზე ლაპარაკობ, ვინ უნდა შეურიგდეს ცოლს, ვინ არის ცუდ გუნებაზე? – სეტყვასავით დააყარა შეკითხვები ოთახში მოულოდნელად შემოსულმა ზუკამ.

 თიკომ წყრომით ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა მიამიტი ბავშვის გამომეტყველებით.

– ვგულისხმობ კი არა, გარკვევით გავიგონე, რაც თქვი, – ჩააცივდა ზუკა, – აუ, მითხარი, რა, ვკვდები ცნობისმოყვარეობით.

– ჰმ! და, კიდევ, ჩვენ ვართ ჭორიკნები?! ისე ვთქვი რაღაც, ჩემს პონტში.

– შენი პონტი და ჩემი პონტი არ ვიცი მე... ვახო ცოლს გაშორდა? თიკო, შენ ეს ვინ გითხრა?

– ზუკა, მომეშვი. ჩემი საქმე არ არის შეფის ოჯახური მდგომარეობა და, სხვათა შორის, არც შენი.

– გოგო, ისე მაინტერესებს, უბრალოდ... – ყელი ორი თითით გამოიწია ბიჭმა.

– რაღა მაინცდამაინც ჩემგან უნდა გაიგო? – იუარა თიკომ, – კიდევ გიმეორებ: არ არის ეს ჩვენი საქმე.

ზუკა დაიჭყანა.

– ზოგჯერ როგორ ჭედავ ხოლმე... არადა, მე სულ შენს მხარეს ვარ, – შეახსენა დამუნათებით. თიკო მოლბა და ხმას დაუწია:

– კარგი, გეტყვი... იმ დღეს, აქ რომ დარჩა, ხომ იცი? აეროპორტში დამაგვიანდაო... ჰმ, კარგი ვერსია კი მოიფიქრა... მოკლედ, ქეთი ეჩხუბა თუ ამან იჩხუბა, არ ვიცი, მაგრამ, იმის მერე საშინელ გუნებაზეა და სახლშიც არ დაბრუნებულა.

– შენ რა იცი? ისევ აქ რჩება?

– რომ გელაპარაკები, ესე იგი, ვიცი... არც ყრუ ვარ და არც ბრმა, მით უმეტეს, არც შტერი. მგონი, გიგისთან ცხოვრობს. გიგი კი მალავს ამ ამბავს, მაგრამ, მე სარწმუნო ფაქტები გამაჩნია, რომ ასეა.

– მდა... ვერ არის კარგი ამბავი.

– ჰო, მეც მეწყინა. მომწონდა ქეთი... გადაეკიდება ახლა ვიღაც ბოზს და... ამ კაცებს ჭკუა საერთოდ არა გაქვთ თავში.

– ნუ დასვი დიაგნოზი! იქნებ ურიგდება, ან, იქნებ, უკვე შეურიგდა... მოდი, საერთოდ ნუ ილაპარაკებ ამ თემაზე, კარგი?

თიკო გამწარდა:

– როგორი უსინდისო ხარ! ძალით მათქმევინე და ახლა ჭკუას მარიგებ, არ თქვაო?!

– ნუ ვარდები, საწყენად არ მითქვამს, – ზუკა ხელზე მოეფერა, – ვიცი, რომ კარგი გოგო ხარ.

– რა ვიცი, ყველა ცდილობთ, ნერვები მომიშალოთ – ერთად და ცალ-ცალკე. აგერ, მთავარი ნერვების მომშლელიც მობრძანდა. ერთი ჰკითხე, სად იყო, კლიენტთან მოლაპარაკებაზე, თუ საქეიფოდ. გალეწილი მთვრალის სახე აქვს.

ზუკა კარისკენ შებრუნდა. გიგის მართლაც უბრჭყვიალებდა თვალები და სახეზეც მეწამულისფერი გადაჰკრავდა.

– დათვერი, შე უბედურო?! – წამოსცდა ზუკას და გაიცინა.

– უბრალოდ, დავიღალე. ვახო თავისთან არის, კაბინეტში? – იკითხა და ზუკას მზერა მოარიდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3