ფლორის სამყაროში
კითხვა: რისთვის არის საჭირო ნერტერას დანამვა?
პასუხი: დანამვა საჭიროა მცენარის ნაყოფის განვითარებამდე. ეს პროცესი ტენს უფრო მოუმატებს, ტენი კი ხელს შეუწყობს ნერტერას ყვავილობასა და კენკრის სწრაფად დამწიფებას. ყვავილობის პერიოდშიც, განსაკუთრებით კი ზაფხულში, მცენარის ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს.
კითხვა: იოლად იტანს თუ არა მანდევილა სიმშრალეს?
პასუხი: მანდევილას ნიადაგი მშრალი არასდროს დატოვოთ. ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ ხოლმე. მას მიწა ყოველდღიურად უნდა შეუმოწმოთ, რომ არ გამოშრეს. მართალია, ზამთარში იშვიათად სჭირდება მორწყვა, მაგრამ, ნიადაგი ამ დროსაც არ უნდა იყოს მშრალი. ტენი მანდევილას მარადმწვანე ფოთლების შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
კითხვა: ფინიკის პალმაზე ჩრდილი ცუდად ხომ არ მოქმედებს? ვამჩნევ, რომ კარგად ვერ ხარობს.
პასუხი: თუ თქვენ ფინიკის პალმა ჩრდილში გიდგათ ის ვერ გაიხარებს. მისი გამძლე ფოთლები მზეს იტანს, მაგრამ, ჩრდილს – ვერა. ამიტომ, კარგად განათებულ ადგილას უნდა დადგათ. გირჩევთ, რომ ფინიკის პალმა ზამთრის ბაღში გადაიტანოთ.
კითხვა: ბინაში მაქვს საკმაოდ კარგად გახარებული სენეციო. მეშინია, რომ ზამთრის სიცივემ არ დააზიანოს. ხომ ვერ მეტყვით, რა ზომები მივიღო წინასწარ?
პასუხი: სენეციოს სითბო და მზეზე ყოფნა ნამდვილად მოსწონს. საერთოდ, მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ეცადეთ, რომ ზამთარში 10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, რათა ზედმეტმა სიცივემ არ დააზიანოს. გრილ დღეებში ერიდეთ მის ხშირ მორწყვას.
კითხვა: რა პირობებში ხარობს კარგად ანანასი და ვარგისია თუ არა ოთახის პირობებში გაზრდილი ანანასის ნაყოფი?
პასუხი: ანანასისთვის საუკეთესო პირობებია სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ოთახის პირობებში ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე თვე სჭირდება, ის საკმარისად ვერ იზრდება და საკვებადაც უვარგისია.
კითხვა: მაინტერესებს, როცა აცივდება, ცრუ არალია ხშირად უნდა მოვრწყა?
პასუხი: ცრუ არალია ანუ დიზიგოტეკა სიმშრალეს უფრო იტანს, ვიდრე ზედმეტ წყალს. მიწას შეშრობა უნდა აცადოთ. უკვე დეკემბრიდან, მთელი ზამთრის განმავლობაში წყლის რაოდენობა უნდა შეამციროთ. ფოთლები რბილი წყლით დაუნამეთ ხოლმე, თორემ, მუქ ფოთლებზე თეთრი ლაქები უშნოდ დააჩნდება.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ძლებს კოლეუსი?
პასუხი: კოლეუსს სჭირდება ნორმალური ტემპერატურა, 18-20 გრადუსი, ხოლო ზამთარში მისთვის მინიმუმია 11-12 გრადუსი. მცენარე მოარიდეთ ამაზე უფრო დაბალ ტემპერატურას, რადგან, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუ ფესვები ტენიანი აქვს, ზოგჯერ მზის გულზე ყოფნასაც აიტანს.
კითხვა: როგორი სინათლე მოსწონს ზამიოკულკასს?
პასუხი: ეს აფრიკული მცენარე იოლად გასაზრდელია. ადვილად ეგუება ოთახის პირობებს და ჩრდილში ყოფნასაც კარგად იტანს, თუმცა, გაბნეულ შუქზე უკეთ იზრდება. სასურველია, თუ მას აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე დადგამთ.