ვინ იყო „ცაცია“, რომელიც საბჭოთა შავი სამყაროს შეცვლას ცდილობდა
თეთრი „ვოლგა გაზ-24“ ელიტური სახლის სადარბაზოსთან შეჩერდა. იქიდან შუახნის ღიპიანი მამაკაცი გადმოვიდა და სადარბაზოში შევიდა. ლიფტი გამოიძახა და დაელოდა. ირგვლივ არავინ იყო, მხოლოდ ლიფტის ხმა არღვევდა სიჩუმეს.
– უკაცრავად, თქვენ პეტრე ჩხიკვაძე ხართ? – მოესმა ღიპიანს და შეტრიალდა.
– დიახ, გახლავართ, – დაუდასტურა მან უცნობს, რომელსაც გაეღიმა და მიუგო:
– მშვიდობით, – თან, სამი ტკაცუნის ხმა გაისმა და მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიები კაცს მუცელში, გულსა და შუბლში მოხვდა.
ეს ამბავი 1973 წლის 28 მაისს მოხდა ვაკეში, იმ დროისთვის ერთ-ერთი ფეშენებელური სახლის სადარბაზოში. მოკლული იყო 47 წლის თბილისელი იატაკქვეშა მილიონერი პეტრე აპოლონის ძე ჩხიკვაძე. იმავე დღეს ქალაქის პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა და გამოძიება ნოდარ ჯაფარიძეს დაევალა.
მოკვლევა
ნოდარ ჯაფარიძე ენერგიულად შეუდგა ჩხიკვაძის საქმის გამოძიებას და ელიტური სახლისა და მისი მეზობელი კორპუსების ყველა მობინადრე დაკითხა. შედეგმა არ დააყოვნა და ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც ამ საქმის მასალებში „ინკოგნიტოდ“ მოიხსენიებოდა, ჯაფარიძეს უთხრა:
– ფანჯრიდან ვიყურებოდი, ჩემს ვაჟს ველოდებოდი, რომელიც სამსახურიდან უნდა მოსულიყო. ამ დროს ტელეფონის ჯიხურთან მდგომ „მოსკვიჩში“ თეთრპულოვერიანი მამაკაცი ჩაჯდა და წავიდა.
„ინკოგნიტომ“ ჯაფარიძეს „მოსკვიჩის-ნომერი ჩააწერინა, მაგრამ მძღოლის სახე ვერ აღწერა, რადგან ის მისგან ზურგით იდგა. თუმცა, თქვა, რომ უცნობი ცაცია იყო.
– ეგ როგორ დაადგინეთ?
– მან „მოსკვიჩის“ კარი მარცხენა ხელით გააღო და სახელურიც მარცხენათივე ჩამოსწია.
„ინკოგნიტომ“ ჯაფარიძეს ისიც უთხრა, რომ „მოსკვიჩის“ მძღოლის სახე ვინმე „ქურუმამ“ დაინახაო. თურმე ის იმ დროს ქუჩაში იყო და მძღოლისკენ მიდიოდა და, სავარაუდოდ, სახესაც დაინახავდაო.
ქურუმა ვაკელი ძველი ბიჭი იყო და მილიციაში რომ მიიყვანეს, ხმას არ იღებდა. თუმცა, შესაბამისად რომ დაამუშავეს, „მოსკვიჩის“ მძღოლის სახე დაწვრილებით აღწერა. მისი თქმით, ის კაცი იყო ხუჭუჭთმიანი, მარცხენა წარბზე იარით, ნიკაპი კი – ჩაჩხვლეტილი. ჯაფარიძემ ისიც გაარკვია, რომ აღნიშნულნომრიანი „მოსკვიჩი“ ჩხიკვაძის მკვლელობის დროს იყო გატაცებული. მოვიდა, აგრეთვე, ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხიც და დადგინდა, რომ „მაკაროვის“ სისტემის იარაღი, რომლიდანაც ჩხიკვაძე მოკლეს, ვინმე ალექსი კოკაიას მკვლელობაშიც ფიგურირებდა. 1972 წელს, კოკაია ქუთაისში მოკლეს და ის საქმეც გაუხსნელი იყო. მოწმეების ჩვენებით, იქაც ვინმე „ცაცია“ ფიგურირებდა, რომლის პიროვნებაც გამოძიებამ ვერ დაადგინა.
კვალი
ქურუმას აღწერილობის მიხედვით, ჯაფარიძემ ფოტორობოტი შეადგინა და ბოროტმოქმედთა კარტოთეკას შეადარა, მაგრამ ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. გამომძიებელი ალექსი კოკაიას მკვლელობის საქმესაც გაეცნო და დაადგინა, რომ მოკლული კოკაია წარსულში სამჯერ ნასამართლევი ყაჩაღი, მეტსახელად „ბრუტო“ იყო. მის საქმეში კი ბრუტოს მკვლელობის არც მიზეზი და არც მოტივი არ იყო დასახელებული. ის, უბრალოდ, საფიჩხიაზე იპოვეს მკვდარი. ცაცია კი იმ კუთხით ფიგურირებდა საქმეში, რომ ბრუტოს მეუღლემ, ცისანა ქარდავამ, გამომძიებელს უთხრა:
– ჩემი მეუღლე სახლიდან გასვლის წინ ჩემთვის უცნობ პიროვნებას ესაუბრა, რომელსაც „ცაციათი“ მიმართავდაო.
ჯაფარიძემ მკვლელობის იარაღის, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის წარმომავლობის დადგენა სცადა და გაარკვია, რომ პისტოლეტი ამ ნომრით 1971 წელს დაიკარგა ქალაქ როსტოვის სამხედრო ნაწილიდან. მაშინ ამ საქმის გამო სამი ადამიანი დასაჯეს და ერთ-ერთ მათგანს – კაპიტან კლიმენკოს, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. კლიმენკო ამ ამბის გამო სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. ის როსტოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
ერთადერთი რეალური ხელჩასაჭიდი ჩხიკვაძის მკვლელობის საქმეში იარაღი იყო და ჯაფარიძე როსტოვში ყოფილ კაპიტანთან, ანატოლი კლიმენკოსთან გაემგზავრა. შერისხული ოფიცერი ქალაქის ცენტრალურ უნივერმაღში მუშად მუშაობდა. ჯაფარიძემ ის შესვენებაზე მოიხელთა და უთხრა:
– „არუჟეიკის“ საქმეზე გაწუხებთ.
– იცით, რას გეტყვით, – თქვა კლიმენკომ, – ამ საქმემ მე კარიერა გამიფუჭა, თუმცა აბსოლუტურად მართალი ვიყავი და მაინც მე დამსაჯეს.
– სწორედ თქვენი კეთილი სახელის აღსადგენად უნდა ითანამშრომლოთ ჩემთან და იქნებ, დადებით შედეგს მივაღწიოთ, – არ მოეშვა ჯაფარიძე კლიმენკოს.
კლიმენკო ჯერ უარზე იდგა. ბოლოს მაინც ჯაფარიძის ნებას დაჰყვა და თქვა:
– სამხედრო ნაწილში მე შეიარაღებასთან არანაირი შეხება არ მქონდა. იმ ღამეს, როცა იქიდან „მაკაროვი“ და ორი ცალი დასაკეცი „აკაესი“ დაიკარგა, ჩემი მეგობრის, ვასკა პოტაპოვის თხოვნით ვმორიგეობდი. სწორედ ვასკა იყო „არუჟეიკის“ (შეიარაღების) უფროსი და ისიც პირობითად დასაჯეს. მორიგეობისას ჩამეძინა და დილას რომ გავიღვიძე, „არუჟეიკა“ უკვე გატეხილი იყო. მე ვამტკიცებდი, რომ წყალში დასაძინებელი ჩამიყვარეს-მეთქი, თუმცა არავინ მომისმინა. არც ჩემი ეჭვი გაიზიარეს, რომ „არუჟეიკა“ თენგიზ ყუფარაძის წაღებული იყო.
– ეგ ვინღაა?
– ჩვენთან „ზავხოზად“ მუშაობდა. არ გეწყინოს, გამომძიებელო, ის შენი თანამემამულეა, მაგრამ ასეთი დამპალი და ამბიციური კაცი ცხოვრებაში არ შემხვედრია.
– რატომ გგონია, რომ იარაღი მან გაიტაცა?
– თუნდაც იმიტომ, რომ იმ ღამეს მისი მათარიდან დავლიე წყალი. ის კი მოწამლული იყო, – თქვა კლიმენკომ.
– ეგ ყუფარაძე ცაცია ხომ არაა?
– შენ რა იცი? – შეცბა კლიმენკო.
– ესაა? – ჰკითხა ჯაფარიძემ და კლიმენკოს ცაციას ფოტორობოტი უჩვენა.
– ეგაა, – თქვა კლიმენკომ.
ჯაფარიძემ ოფიციალური ჩვენება ჩამოართვა კაპიტანს, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და თენგიზ იასონის ძე ყუფარაძის ძებნას შეუდგა, რომელიც ოფიციალურად წყალტუბოში იყო რეგისტრირებული. ჯაფარიძემ შეგნებულად აირჩია ჩუმი გზა, რათა საკმარისი სამხილები მოეპოვებინა და ცაცია ფაქტებით დაეჭირა. ორკვირიანი კვლევა-ძიების შემდეგ, აგენტურული მონაცემების წყალობით, ჯაფარიძემ დაადგინა, რომ ყუფარაძე სოლოლაკში, ერთ-ერთ ძველ სახლში ქირაობდა ბინას.
ბერლინის ოპერაცია
ნოდარ ჯაფარიძე გამოცდილი თანამშრომელი იყო და ინფორმატორთა კარგად ორგანიზებული ქსელი ჰქონდა. ამიტომ მან სოლოლაკელი „ყურცქვიტა“ დაიბარა და დაადგინა, რომ ცაცია 20-21 წლის ბიჭების „სულიერი მოძღვარი“ გახლდათ და მათგან ორგანიზებულ ბანდას აყალიბებდა.
– უფროსო, – უთხრა ყურცქვიტამ ჯაფარიძეს, – მაგან გვითხრა, რომ რეკეტიორობა უნდა დავიწყოთო და რაღაც მაფიაზე გვიყვებოდა. რა ჯანდაბაა, ნეტავ?
ყურცქვიტას მონათხრობიდან ჯაფარიძე მიხვდა, რომ ცაცია კარგად ორგანიზებულ გამომძალველთა დაჯგუფებას ქმნიდა, რაც იმ პერიოდისთვის სიახლე იყო და გადაწყვიტა, ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო. მან ამ საქმეში 22 წლის გურამ ნებიერიძე ჩართო, რომელსაც მილიციის სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა მოსკოვში. ნებიერიძე სოლოლაკში დაასახლეს, ლეგენდა შეუდგინეს და ერთ მშვენიერ დღეს ის ცაციას ბინაში მოხვდა. ჯაფარიძის ჩანაფიქრით, გამომძალველთა ბანდის პროვოცირება უნდა მომხდარიყო და მთელ გადამალულ არსენალთან ერთად ცაცია უნდა აეყვანათ. ნოდარ ჯაფარიძე ძველი ყაიდის ჩეკისტი იყო და თავისი ახალგაზრდა კოლეგებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სრულყოფილ ოპერაციებს ატარებდა. სანამ ყველაფერს ბოლომდე არ გათვლიდა, ნაბიჯს არ გადადგამდა. მართალია, მას შეეძლო ყუფარაძის დაკავება, დამუშავება და ბინის ჩხრეკა, მაგრამ შედეგისთვის რომ ვერ მიეღწია, მაშინ ცაცია უნდა გაეშვა. ამით კი საშიშ ბოროტმოქმედს სამუდამოდ დაკარგავდა. სწორედ ამიტომ აირჩია ჯაფარიძემ ნებიერიძის ვარიანტი და ორთვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ცაციასთან შეგზავნილმა აგენტმა უფროსს უპატაკა:
– ნოდარ გიორგიევიჩ, ცაციას სრული ნდობა მოვიპოვე. მასთან საუბარში გავარკვიე, ჩხიკვაძე იმის გამო მოკლა, რომ მან 50 ათასი მანეთის გადახდა არ ისურვა. ცაცია მილიონის შოვნას გეგმავს და გრანდიოზული დაჯგუფების შექმნას აპირებს. სულ ალ კაპონე აკერია პირზე და საბჭოთა „შავი სამყაროს“ ამერიკულ ყაიდაზე გადაყვანა უნდა.
– საქმე თუ შესთავაზე?
– თანახმაა. ზეგ ყველანი ერთად წავალთ ამ საქმეზე და აბა, თქვენ იცით, ერთი გასროლის გარეშე უნდა აგვიყვანოთ.
– დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი ისეა ორგანიზებული, როგორც ბერლინის ოპერაციის დროს. მთავარია, ცაციამ არაფერი იყნოსოს და თავის იარაღიანად წამოვიდეს ამ საქმეზე.
ნოდარ ჯაფარიძის ჩანაფიქრმა გაამართლა და ცაცია, რომელიც „მაკაროვით“ და როსტოვის სამხედრო ნაწილიდან გატაცებული „აკაესის“ ავტომატებით, აგრეთვე, ორი „ნაგანით“ იყო შეიარაღებული, თავის თორმეტკაციან ბანდასთან ერთად, დიღომში, ზარაფხანაზე თავდასასხმელად გაემართა. ნებიერიძემ ცაცია დაარწმუნა, რომ იქ 60 კილოგრამი ოქრო და 350 ათასი მანეთი ინახებოდა. როცა ცამეტივე მძარცველი ფაბრიკის ეზოში შევიდა, უეცრად ოთხი მხრიდან მძლავრი პროჟექტორები აინთო და ბანდიტები გაანათა, ნოდარ ჯაფარიძემ კი მეგაფონით გამოაცხადა:
– ალყაში ხართ, ერთი გასროლა და გაუფრთხილებლად გაგიხსნით ცეცხლს!
ყველამ იარაღი დაყარა, როდესაც მილიციელებს ხელბორკილდადებული ცაცია მიჰყავდათ, ჯაფარიძემ ნებიერიძეს უთხრა:
– ბერლინის ოპერაციაში პროჟექტორების ეფექტს ვგულისხმობდი...
ყუფარაძემ, იგივე ცაციამ, ყველა მკვლელობა აღიარა და ის ორთაჭალის ციხეში დახვრიტეს...