კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ძერყორაშვილი-ტიკურიშვილი

ტიკურიშვილის გვარის ფუძედ გამოყენებულია სახელი ტიკარა. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი ტიკთან არის დაკავშირებული – ტიკის გამომყვანი, გამკეთებელი, ესე იგი, ხელობა-საქმიანობის გვარი უნდა იყოს. ამავე ფუძითაა წარმოქმნილი ტიკარაძე, ტიკარიძე, ტიკაძე, ტიკიშვილი, ტიკურაშვილი. 

ტიკურიშვილები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩანან დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთში. 1873 წლის აღწერით, მებატონე ანტონ ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხებად მოიხსენიებიან ანდრე, ზურაბ და გაბრიელ ტიკურიშვილები. გოლთეთში მოსვლისას ტიკურიშვილებს გვარი შეუცვლიათ, აქ მოსვლამდე მათი ადრინდელი გვარი ძერყორაშვილი ყოფილა. ძერ-ყორა-შვილები ახალგორის მხარიდან გადმოსულან. 

ძერყორაშვილ-ტიკურიშვილებიდან გაჩენილი გვარებია: ბეკარიშვილი, მახარაშვილი, ხრიკული. მახარაშვილი არის დამოუკიდებლად გაჩენილი გვარიც. 

საქართველოში 48 ძერყორაშვილი ცხოვრობს: ახალგორში – 35, თბილისში – 8, რუსთავში – 5. 

33 ბეკარიშვილი. თეთრიწყაროში 16, თბილისში 14, ახმეტაში 1. არიან სხვაგანაც.

283 ხრიკული: ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24. არიან სხვაგანაც.

ლოლიაშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებულია ქალის საკუთარი სახელი ლოლი, ლოლა. 

„იოვე ლოლიაშვილი დიდ თონეთში მოიხსენიება 1843 წლის აღწერაში“. 

ლოლიაშვილები მოიხსენიებიან სოფელ საღარაშენში. 

საქართველოში 81 ლოლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, ქარელში – 9, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც. 

ლუქუნიძე

გვარის ფუძე, სავარაუდოდ, არის საკუთარი სახელი ლუკა, ლუკიანე, რაც ლათინურად „მანათობელს“, „ბრწყინვალეს“ ნიშნავს. მომდინარეობს სიტყვისგან ლუქსი – „სინათლე“. მასვე უკავშირდება ფრანგულის გზით გავრცელებული სიტყვა „ლუქსი,“ რომელიც აღნიშნავს სასტუმროს საუკეთესო ნომერს. ასევე, სავარაუდოდ, ამ გვარის თავდაპირველი ძირი იყო ლუხუმი, ლუხუმა. 

1700 წელს მოხსენიებულია „პაპუნა სადუნიშვილი-ლუქუნის ძეს ეწერა სამასპინძლო“. 

საქართველოში 125 ლუქუნიძე ცხოვრობს: ქარელში – 91, ბორჯომში – 7, თბილისში – 2. არიან სხვაგანაც.

ამირხანაშვილი-ამირხანოვი

ქართული გვარი ამირხანაშვილი, რომელიც ზოგჯერ რუსული ფორმანტი ოვით გვხვდება გაფორმებული (მაგალითად, ამირხანოვი), ნაწარმოებია მამაკაცის საკუთარი სახელიდან ამირხანა. ეს სახელი გვხვდება 1537-1538 წლებშიც. 1646 წელს კი უკვე მოიხსენიება როგორც გვარი, ისე თიკუნი – ამირხანაანი. 

ამირხანაშვილი და ამირხანოვი ქართული გვარებია, ამირხანიანი კი – სომხური. ქართველებსა და სომხებს საერთო სახელები ბევრი გაგვაჩნია. ყველა ისინი, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, ვისესხეთ უცხო ხალხისგან და, სწორედ ამიტომ გვაქვს მსგავსი ფუძის გვარები. აქ არაფერია უცნაური და დასაძრახისი, ასევე იქცეოდნენ სხვა ერებიც. 

საქართველოში 694 ამირხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, ნინოწმინდაში – 160, ახალქალაქში – 98. არიან სხვაგანაც.

კახიშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კახაბერი. მისი – კნინობით-ალერსობითი ფორმაა კახა. აქედანაა გვარი კახიშვილი. კახაბერიდან არის წარმოქმნილი ქართული გვარები: კახაბერაშვილი, კახაბერიძე, კახაბრიშვილი, კახაია, კახაშვილი, კახაძე, კახაჯორაული, კახიანი, კახიაშვილი, კახიშვილი, კახიძე. 

კახიშვილები თავადები იყვნენ. მათ გვარი ვახვახიშვილიდან მიიღეს. „თოთხმეტი თავადი ვახვახიშვილი, იყვნენ პირველ სამცხის თავადნი, ვახვახად წოდებულნი, მეფობასა დიმიტრისა, წელსა 1294-ისა, ხოლო უკანასკნელ მოვიდნენ კახეთსა შინა თელავს და დასახლდნენ მუნ და იწოდებიან ვახვახისშვილნად, თავადად, აგრეთვე, ბაზიერთ-ხუცისშვილადაც. ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ყორჩიბაშისშვილებად და კახისშვილებად... ყორჩიბაშისულსა გაუთვისდათ სახელისა გამო, რომელ ყორჩიბაში სპარსულად ნიშნავს აბჯართუხუცესობას, ხოლო კახისშვილთ მამულ სახელისა გამო გაუთვისდათ“ (იოანე ბაგრატიონი, შემოკლებითი აღწერა). 

საქართველოში 420 კახიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 192, კასპში – 44, ახალციხეში – 33. არიან სხვაგანაც.

ციმაკურიძე

აზნაური ციმაკურიძეები თავდაპირველად ჩანდნენ ახალციხეში და „მუნიდგან იმერეთს და ამათგანი გარდმოვიდნენ ქართლს და დაეშვნენ და ჩანდნენ ვახტანგ მეფისავე დროსა აზნაურად წელსა 1717 და არიან რომელნიმე სამეფოც და საკათალიკოზოც იმერეთს და ქართლსა შინა მოსახლენი და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინაცა“ (იოანე ბაგრატიონი. „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“). „ციმაკურიძე – სათაქთაქიშვილო აზნაური“. 

აზნაური ციმაკურიძეები თავად თაქთაქიშვილის აზნაურები იყვნენ. აზნაური ციმაკურიძეები შეტანილნი არიან 1783 წლის 24 ივნისს ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატის თანდართულ სიაში. ციმაკურიძე თავად ამილახორისშვილის აზნაურიც არის. 

საქართველოში 529 ციმაკურიძე ცხოვრობს: თბილისში – 255, ბოლნისში – 75, საჩხერეში – 48. არიან სხვაგანაც.

კვეკვესქირი

ამ გვარის ისტორიაზე მომუშავე პირები გვარის შემადგენლობაში მონაწილე ფუძეს – კვეკვეს, მამაკაცის საკუთარ სახელს – კვირიკეს უკავშირებენ. წმიდა კვირიკეს შესატყვისებია ქართულში – უფლისა, აქედანაა გვარი – უფლისაშვილი; ბერძნული კვირა, კვირიოს („უფალი“, „ბატონი“), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უდევს, ასევე, არაერთ სხვა სახელსაც, მაგალითად: კაცის სახელები – კვირიონ (კირიონ), კვირაისი (კიროსი), კირიაკ, კირიან. ამათგან წარმოქმნილია ქალის სახელებიც: კირა, კირიაკა, კირიანა და სხვანი. 

კვირიკედან მომდინარეობს ქართული გვარები: კვირიკაშვილი, კვირიკაძე, კვეკვესქირი, კვეკვესკირი (სუფიქსად გამოყენებული სქირი, სკირი, მეგრულში შვილს ნიშნავს – კვეკვეშვილი). მეგრულში კვირიკეს ვარიანტებია: კვეკე, კვეკვე, კვერკვე. სოფლის სახელწოდებაა წინაკვერკვე – „წმიდა კვირიკე“. 

საქართველოში 20 კვეკესქირი ცხოვრობს: თბილისში – 17, ბორჯომში – 3. 

852 კვეკვესკირი: ზუგდიდში – 293, თბილისში – 228, წალენჯიხაში – 89. არიან სხვაგანაც.

115 კვეკვესქირი; ზუგდიდში – 73, თბილისში – 24, სენაკში – 4. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3