როგორ გავწმინდოთ საცხოვრებელ ბინაში დაგროვილი დაბინძურებული აურა
მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე. მას შეუძლია, დაგვეხმაროს სულიერი წონასწორობის აღდგენაში, გაგვივითაროს ინტელექტი, განგვკურნოს, მოგვიხსნას ტკივილი და ასე შემდეგ. ეს ძალა მუსიკას ნამდვილად გააჩნია, რაც არაერთი კვლევით არის დადასტურებული.
თუ გსურთ, ნებისმიერი მელოდიისგან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ, წინასწარ უნდა გაარკვიოთ, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე რომელი მუსიკალური ნაწარმოები მოქმედებს უფრო მეტად და, კერძოდ, რა გავლენას ახდენს.
მაგალითად, რესტორანში, ბარში, კაფეში მშვიდი, კლასიკური მუსიკა ან მსუბუქი ჯაზი აჯადოებს სტუმრებს და იქ მეტხანს ყოვნდებიან. შესაბამისად, იმატებს შეკვეთაც, რაც ამ დაწესებულების ფინანსური შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
სავაჭრო ადგილებში სასიამოვნო, ემოციური და წყნარი მუსიკა უნდა ისმოდეს, რომლის ზემოქმედებითაც მყიდველი დაკარგავს დროის შეგრძნებას და ფულს უსარგებლო ნივთებშიც კი არ დაინანებს.
სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ რიტმულ, სწრაფ და თანამედროვე მუსიკას. ასეთი მელოდიის წყალობით, ამ ობიექტებში ხალხის ნაკადი გაორმაგდება.
თუ ადამიანმა იცის, რომელი მუსიკა რა გავლენას ახდენს მასზე, შესაძლოა, ამით საკუთარი ბედიც კი შეცვალოს უკეთესობისკენ.
თუ გსურთ, ზედმეტი წონა მოიშოროთ და იდეალურ ფორმაში ჩადგეთ, ფიზიკური ვარჯიშისა და ჭამის დროსაც კი უსმინეთ მუსიკას.
თუ იცით, რომ მძიმე და დაძაბული სამუშაო დღე გელით, დილიდანვე ჩართეთ სახლში ენერგიული მუსიკა.
თუ ღამით ცუდად გეძინათ და ვერ გამოიძინეთ, მოკალათდით სავარძელში და მშვიდ და წყნარ მელოდიას მოუსმინეთ – ის თქვენს აგზნებულ ნერვულ სისტემას მალამოდ დაედება. მაგრამ, აქ მეორე ფაქტორიც არსებობს, კერძოდ, თუ ასეთ მუსიკას დიდხანს მოუსმენთ, შეიძლება, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.
სტრესის დროს კარგია საგალობლების მოსმენა – ის ორგანიზმისა და ნერვული სისტემის დამშვიდებას უწყობს ხელს.
ბახის, ჰენდელის, ვივალდის წყნარი მელოდიები დაბალ ხმაზე ჩართეთ და უსმინეთ მუშაობის ან სწავლის დროს.
ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და აღქმის უნარს.
შოპენის, ლისტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები კარგია შეყვარებული წყვილებისთვის, რადგან ისინი აღვიძებენ და მკვეთრად აძლიერებენ ურთიერთსიმპათიას, გულწრფელ გრძნობებს.
რაველის მუსიკა აღვივებს სასიამოვნო განცდებს.
ჯაზი, ბლუზი და სხვა აფრიკული მიმდინარეობები მეგობრულ წრეში შეხვედრების დროს მხიარული განწყობის შექმნას უწყობს ხელს.
რაც შეეხება როკის გავლენას, ამაზე არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. რეალურად, ასეთი ჟანრის მუსიკა გვაახლოებს კოსმიურ ძალებთან, აფხიზლებს გრძნობებს, ამაღლებს აქტიურობის უნარს და თავის ტკივილსაც კი აყუჩებს. მაგრამ, თუ გადაჭარბებული დოზით მოუსმენთ, მაშინ კოსმოსიდან დაგიბრუნდებათ უარყოფითი, ნეგატიური ზეგავლენა და, შესაძლოა, ამან დაძაბულობა და სტრესიც კი გამოიწვიოს.
რეპი აღადგენს ენერგიას.
თუ გსურთ, ქვეცნობიერად დაბრუნდეთ წარსულში და კვლავ შეიგრძნოთ მაშინ განცდილი სიამოვნება, მოუსმინეთ იმ მუსიკას, რომელსაც იმ ბედნიერ დღეებში უსმენდით და ეს განცდა კვლავ განმეორდება.
ასევე, საცხოვრებელი ბინა მოაწყვეთ ისე, რომ ოჯახის თითოეულ წევრს სიმყუდროვისა და ჰარმონიის შეგრძნება ჰქონდეს. ამისთვის კი საჭიროა, დააფიქსიროთ თქვენს სახლში აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები; ასევე, უნდა იცოდეთ, რომელი კუთხე რისი ზონაა, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია, გაედინება უარყოფითი და ასე შემდეგ. მოკლედ, სანამ ბინის მოწყობას დაიწყებთ, ჯერ ზონები უნდა გამოიკვლიოთ, რაშიც კომპასი დაგეხმარებათ. მაგალითად:
* სახლის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი სიყვარულის ზონაა.
* სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი – სიმდიდრის.
* ჩრდილოეთი ნაწილი კი – კარიერის.
ამ ზონების გარკვევის შემდეგ, თავად შეგიძლიათ ყველა ზონის გააქტიურება.
თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, იმ კუთხეში უნდა დააწყოთ შესაბამისი ატრიბუტიკა, კერძოდ, ლოტოსის ყვავილი ან პიონები; ასევე, მინის იხვის სტატუეტი. ლოტოსის ყვავილის გამოსახულებას შესწევს უნარი, ცოლ-ქმრის ჰარმონიულად და სიყვარულით ცხოვრებას შეუწყოს ხელი. ის, ასევე, კარგია საქმიანი ადამიანებისა და ბიზნესმენებისთვის.
სიმდიდრის მოსაზიდად, ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, საფულეში ჩადეთ ჩინური მონეტები, რომლებზეც იეროგლიფებია გამოსახული.
აუცილებელია, შესასვლელში დაკიდოთ ზარები, რადგან, მათი ჟღარუნი ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს და წმენდს დაბინძურებულ აურას, რაც სახლში სწორედ ამ ადგილას გროვდება.
კრისტალი ყველაზე ძლიერი თილისმაა, რომელიც ნებისმიერ ზონას ააქტიურებს, ანეიტრალებს ნებისმიერ უარყოფით ენერგიას. მზის სხივის მოხვედრისთანავე, ის დადებით ენერგიას ასხივებს; ასევე, ებრძვის კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ძალებს. კარგია, თუ სამუშაო მაგიდაზე კრისტალის ბურთს დადებთ – ის გონების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ. თუ ოთახში მზე არ შემოდის, მაშინ კრისტალი ცოტა ხნით მზეზე გაიტანეთ, რომ ის კოსმოსიდან წამოსული პოზიტიური ენერგიით „დაიტენოს“ და შემდეგ შეიტანეთ სახლში – ამით ოჯახში მზისა და კოსმოსის პოზიტიურ ენერგიებს შეიტანთ.
ასევე, კარგია სტატუეტები, რომლებსაც ბაყაყის, სპილოს ან თევზის გამოსახულება აქვს. მაგალითად, ბაყაყი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს, სიმდიდრისა და წარმატების მომტანია. ის სახლის შესასვლელის კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე დადეთ. სპილო ბიზნესის დამცველად მოიაზრება, ამიტომ, მაგიდაზე ისე დადგით, რომ ხორთუმი კარისკენ ჰქონდეს მიმართული. თევზიც ფულს იზიდავს. რაც შეეხება „ფულის ხეს,“ ისიც სიმდიდრეს მოიზიდავს სახლში და სამხრეთ-აღმოსავლეთ, ანუ, სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ. სწორედ ამისთვის არის აუცილებელი კომპასი, რომ გავიგოთ, სად რომელი მხარეა.
აღმოსავლეთი ოჯახის სიძლიერის მხარედ ითვლება, დასავლეთი – ბავშვების მხარეა და, ასევე, კარგი ზონაა შემოქმედებითი ადამიანებისთვის.
ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მიმართულება. სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება, რომელ მხარეს ჯობია დაიძინოთ, ან, თუნდაც, სად დადგათ სამუშაო მაგიდა. ამის გამოთვლა კი დაბადების წლის მიხედვით ხდება. მაგალითად, თუ ოჯახის ორი წევრი ერთ წელიწადშია დაბადებული, მათ ერთნაირი მიმართულება აქვთ. მათთვის კარგია სამხრეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი მხარე, სამუშაო მაგიდა ერთმანეთის პირისპირ უნდა დადგან და ამით დადებითი ენერგიის გაცვლა-გამოცვლა მოხდება. გადაიკითხეთ თქვენი ჰოროსკოპი წლების მიხედვით და მათიც, ვისთანაც გიწევთ ურთიერთობა და, ამის მიხედვით მიხვდებით ყველაფერს. მაგალითად, გველისა და ლომის ნიშნით დაბადებულების გვერდიგვერდ ჯდომა არ არის სასურველი.