ადამი და ევა
ჯადოსნური წვრილმანები
მამაკაცები ამას ძნელად გაიგებენ, სამაგიეროდ, ქალბატონებისთვის სასარგებლო და მისაღებია: არის წვრილმანები, ერთი შეხედვით არც ისე მნიშვნელოვანი, რეალურად კი ქალის „მარჯვენა ხელია“ თვითშეფასების კრიტერიუმის ამაღლების საქმეში. ნებისმიერ ქალს, თუ ის თავს ჭეშმარიტ ქალად გრძნობს, აქვს პატარ-პატარა სიამოვნებანი, მაგალითად, ზოგიერთს ერთი ვარდი უხალისებს ცხოვრებას. თუ ასეთი ქალების კატეგორიას მიეკუთვნებით, ნუ დაელოდებით სხვას – გაინებივრეთ თავი და უყიდეთ საკუთარ თავს თუნდაც ერთი ცალი ვარდი.
კარგი ფოტო: ერთმა კინოვარსკვლავმა თქვა, როცა საკუთარი თავი ულამაზოდ მეჩვენება, მაშინვე ვიწყებ ჩემი კარგი ფოტოსურათების დათვალიერებასო. სცადეთ თქვენც!
გემრიელი, სურნელოვანი ჩაი, რომელსაც განსაკუთრებულად ლამაზი ფინჯნიდან მიირთმევთ, თქვენს განწყობას ერთიორად აამაღლებს. თუ ამ დროს საყვარელ მელოდრამასაც უყურებთ, ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება.
სათვალეც ნამდვილად შეგვიძლია შევიტანოთ იმ წვრილმანების სიაში, რომლებიც ჩვენს პიროვნებას საკუთარ თვალში ერთიორად ამაღლებს. ძვირფასი, გემოვნებიანი აქსესუარი ნებისმიერ ქალს აძლევს ამაყად თავის აწევის საშუალებას.
ჩანთა: ნებისმიერმა ჭეშმარიტმა ქალმა იცის მისი პირდაპირი და არაპირდაპირი დანიშნულება. ეს აქსესუარი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს პიროვნების (ქალის) თვითშეფასებაზე. ახალი, ლამაზი, ძვირფასი ჩანთა ნეგატიური ემოციებისგანაც კი გაგათავისუფლებთ, სიხარულს მოგგვრით და საკუთარი თავის რწმენასაც შეგმატებთ.
გაუშვი, გაატარე...
როცა არ გინდა, გამაღიზიანებელ ფაქტორებზე ნერვები აიშალო, უნდა შეძლო ნეგატიური ემოციის, ინფორმაციის იგნორირება. ყველაზე კარგი საშუალება კი ის არის, საერთოდ მოსცილდე ამ „გამღიზიანებელს“, მაგრამ, ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. შედარებით მარტივია, გამღიზიანებლის ყურადღების მიღმა დატოვება, ანუ, იგნორირება, თუმცა, თავისი წესები ამ მეთოდსაც აქვს: პირველი წესია – ითამაშო და „არ დაინახო“ ის, ვინც აშკარა პროვოკაციაზე მოდის. მისი „განიარაღების“ საუკეთესო საშუალებაა ღიმილი და პატარა ეშმაკობა: დავუშვათ, მან რაღაც არასასიამოვნო გითხრათ, ან გკითხათ. ღიმილით სთხოვეთ, გაიმეოროს ნათქვამი – ვითომ ვერ გაიგონეთ... მერე ისევ ჰკითხეთ ანუ, ვითომ ისევ ვერ გაიგონეთ... დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პროვოკაციის სურვილი აუცილებლად გაუქრება...
გრძნობთ, რომ, სადაც არის, აფეთქდებით? შეეცადეთ, ოპონენტი სასაცილო, სულელურ ან სამარცხვინო პოზიციაში წარმოიდგინოთ; ან, ისეთ მდგომარეობაში, როცა ადამიანი ნატრობს – ნეტავი სადმე დავიმალოო. თუ წარმოსახვის ნიჭი ოდნავ მაინც გაქვთ, მოახერხებთ გამღიზიანებელი ფაქტორების განეიტრალებას და აგრესიის „გატარებას“...
დაიცავი შენი სივრცე!
ყველა ადამიანს აქვს „პირადი სივრცე“, რომლის ხელყოფისთვის შეიძლება ხელმყოფი დაისაჯოს. სულერთია, ვინ იქნება ის – უბრალოდ ნაცნობი თუ თქვენთვის ახლობელი, საყვარელი ადამიანი. არავის არასოდეს მისცეთ უფლება, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს გუნება-განწყობაზე. ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, თუ ამას არ გააკეთებთ, ძალიან მალე იგრძნობთ, როგორ შარში გაყავით თავი... ჯერ გუნება-განწყობას შეგიცვლიან, მერე – ფიქრს და გრძნობებს. ისე გახდებით ამ ადამიანზე დამოკიდებული და ისე შეძლებს ის თქვენს მანიპულირებას, ვერც მიხვდებით. სიყვარული უპირობო მორჩილებას არ ნიშნავს. ერთმანეთში არ აგერიოთ თავისუფალი, ლაღი გრძნობა და მონობა... თუ ამას ვერ შეძლებთ, საკუთარ თავს მორალური განადგურებისთვის გაწირავთ.
როგორც წესი, სხვა ადამიანების კონტროლის სურვილი უჩნდება მას, ვინც საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. ასეთების ცხოვრება არ არის იოლი და ცდილობენ, სხვებიც დაიმსგავსონ. უნდა გიხაროდეთ, რომ ასეთი არ ხართ.
თუ საკუთარ სივრცეს არ დაიცავთ, მოხდება კიდევ ერთი სავალალო ფაქტი: თქვენ დაკარგავთ თქვენი ენერგიის დიდ ნაწილს. შეიძლება, ადამიანს ძალიანაც უყვარდეთ, მაგრამ შეუცნობლად ცდილობდეს თქვენს პირად სივრცეში შეღწევას, მით უმეტეს, თუ ის საპირისპირო სქესისაა. ამ შემთხვევაში, საფრთხე ორმაგდება – სიყვარულით მოსული „აგრესორი“ და ეს აგრესია გაცილებით საშიშია.
წარმატების საიდუმლო
როცა ქალს თვითშეფასების მაღალი კრიტერიუმი აქვს, ის უკვე უზარმაზარ ნაბიჯს დგამს წარმატებისკენ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენს თანამემამულეებს, ანუ ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, ეს კრიტერიუმი შემაშფოთებლად დაბალი გვაქვს. სამაგიეროდ, არსებობს ქვეყნები პლანეტაზე, სადაც წარმატებული და თავდაჯერებული ქალები გაცილებით მეტია.
პირველობას არავის უთმობენ ამერიკელები, ინგლისელები, შვედები და ესპანელები.
რატომ ცხოვრობენ ამერიკელი ქალები კარგად, პატივს სცემენ საკუთარ პიროვნებას და აღწევენ დასახულ მიზნებს? – ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ამერიკელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ფსიქოთერაპიას. ამერიკაში „საკუთარი პიროვნების პატივისცემის ნაციონალური ასოციაციაც“ კი არსებობს.
ამერიკელი ქალისთვის მნიშვნელოვანია: სოციალური სტატუსი, შემოსავალი, კარიერა, ოჯახი, შვილები, მეგობრები, თვითრეალიზაცია შემოქმედებითი კუთხით, იმ ადამიანების პატივისცემის დამსახურება, ვინც მათთვის ძვირფასია.
შვედი ქალი ამბობს, თუ რაღაც არ მოგწონს საკუთარ თავში, შეიცვალე ბიუსჰალტერის მოდელი. ასწიე შენი მკერდი მაღლა და ყველაფერი გამოვაო.
ესპანელი ქალის წარმატების საიდუმლო სექსსა და შოკოლადშია – ყოველ შემთხვევაში, მათ ასე მიაჩნიათ.
მოკლედ, თუ თვითშეფასების კრიტერიუმში მოიკოჭლებთ, მიბაძეთ ამერიკელებს, შვედებს ან ესპანელებს. ერთ-ერთი მეთოდი აუცილებლად გაამართლებს.